საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილებაზე
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/2/717 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მაია კოპალეიშვილი |
თარიღი | 7 აპრილი 2017 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილებაზე.
2. წინამდებარე განსხვავებული აზრი ეთმობა იმის დასაბუთებას, რომ №717 კონსტიტუციური სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, ემყარება სამართლებრივი ნორმების მცდარ ინტერპრეტაციას და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილების როგორც ფორმალური, ისე მატერიალური საფუძველი.
3. დიგესტებში ვკითხულობთ, „სამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება“ (Ius est ars boni et aequi). სასამართლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულად უნდა ემსახურებოდეს სამართლებრივი საკითხების სამართლიან გადაწყვეტას. სწორედ სამართლიანი გადაწყვეტილება ქმნის იმ მნიშვნელოვან პრეცედენტს სამოსამართლეო სამართალში, რომელიც შემდეგ საფუძვლად ედება სხვა გადაწყვეტილებებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლიანობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლის ნორმების ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში.
2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილების მიღებისა და დავის გადაწყვეტის ფორმალური საფუძვლები
4. N717 კონსტიტუციურ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. წინამდებარე სარჩელზე ორჯერ გაიმართა საქმის არსებითი განხილვა, თავდაპირველად 2016 წლის 14 ივნისს და საქმის ხელმეორედ არსებითად განსახილველად გახსნის შემდეგ, 2016 წლის 9 ნოემბერს. ამასთან, გადაწყვეტილების გამოტანის პროცესის გახანგრძლივების პირობებში, კანონმდებლის მიერ ე.წ. „მესამე ტალღის“ ფარგლებში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2017 წლის 8 თებერვლის კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N255-IIს) შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლის ანალიზი და ინტერპრეტაცია საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის მიერ მიღებულ 2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილებას.
6. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე დავის სამართლიანი გადაწყვეტა მოიცავს ასევე საკითხსაც, სასამართლომ გონივრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება და არ შექმნას იმის ეჭვი, თითქოს ელოდება კონსტიტუციურ დავაზე, მოპასუხის მხრიდან, სადავო აქტში იმ ცვლილებათა პაკეტის მიღებას, რომელიც, ერთი მხრივ, „კომფორტულ“ მდგომარეობაში ჩააყენებს სასამართლოს, თავი აარიდოს ამა თუ იმ ინტერესებისთვის არასასურველი გადაწყვეტილებების მიღებას და, მეორე მხრივ, აზიანებს მოსარჩელეთა უფლებების დაცვის დროულობას და ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ ნდობის დაკარგვას, ამცირებს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანობას. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმდენად გვიან, რომ ფაქტობრივად კანონმდებელს მიეცა შესაძლებლობა, ცვლილებები შეეტანა მოქმედ კანონმდებლობაში. აღნიშნული გარემოება შემდგომ სასამართლომ გამოიყენა კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილებისათვის.
7. 2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი N717 (საქართველოს მოქალაქეები - მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდა, რაც, ფორმალური თვალსაზრისით, არის მცდარი. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება სრულად ეყრდნობა ე.წ. „მესამე ტალღის“ ფარგლებში მიღებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების ანალიზსა და ინტერპრეტაციას. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა სადავო ნორმებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართალურთიერთობები, განისაზღვრა მოსამართლეთა განწესების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა. გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სწორედ „მესამე ტალღით“ სადავო საკითხების ახლებური მოწესრიგების დასაბუთებას.
8. მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა კონკრეტული საკანონმდებლო ნორმების ნორმატიული შინაარსი. სასამართლოს უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ძირითად გარემოებას, რომ ე.წ. „მესამე ტალღის“ რეფორმის შემდგომ საკანონმდებლო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი აღმოიფხვრა და აღარ არსებობს. გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ დავის საგანმა დაკარგა ის ნორმატიული შინაარსი, რაც მას საქმის არსებითად განხილვისა და სასამართლოს სათათბირო ოთახში გასვლის ეტაპებზე გააჩნდა. ანუ, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, გარემოებათა შეცვლის შედეგად, სადავო ნორმებს გამოეცალა ნორმატიული შინაარსი, ძალა დაკარგეს, ადრესატების მიმართ იგივე ზემოქმედების რესურსი არ დარჩათ, ისინი იმავე მატერიალურ-ნორმატიული და ფაქტობრივი შინაარსით ვეღარ აგრძელებენ მოქმედებას. რაც მიუთითებს, რომ დავის საგანი არ არსებობს. აღნიშნული, პროცესუალური თვალსაზრისით, იწვევს არა სარჩელის არდაკმაყოფილებას, არამედ საქმეზე სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძველს ქმნის.
9. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. სასამართლოს უნდა შეეფასებინა, გადაწყვეტილებაში მითითებული საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილი რეგულაციები რამდენად უთანაბრდებოდა სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსის გაუქმებას ან ძალადაკარგულობას, ან რამდენად არსებობდა კონსტიტუციური დავის არსებითად გადაწყვეტის საფუძველი. კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზით არ დააკმაყოფილა (არსებითად გადაწყვიტა) კონსტიტუციური სარჩელი, თუმცა, იმავდროულად, იმ პირობებში, როდესაც სადავო ნომები იმავე მატერიალურ-ნორმატიული და ფაქტობრივი შინაარსით ვეღარ აგრძელებენ მოქმედებას, არ იმსჯელა, რამდენად არსებობდა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქცევის წესის გამოყენების საფუძველი. დასახელებული ნორმის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ისე იქნა გამოტანილი საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება (სარჩელი არ დაკმაყოფილდა), რომ არ იქნა გათვალისწინებული კონსტიტუციური მართლმსაჯულების ფორმალური პროცედურები.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ N717 კონსტიტუციურ სარჩელზე ფორმალური თვალსაზრისით არსებობს საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი.
2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის მატერიალური საფუძვლები
11. როგორც აღვნიშნეთ, ფორმალური თვალსაზრისით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმისწარმოება უნდა შეეწყვიტა. შესაბამისად, არ იარსებებდა კონსტიტუციური დავის არსებითად გადაწყვეტის საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს უმრავლესობამ არსებითად გადაწყვიტა სადავო საკითხი (არ დააკმაყოფილა), შესაბამისად, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, გამოვთქვათ განსხვავებული აზრი გადაწყვეტილების დასაბუთების მატერიალური საფუძვლების მიმართ.
12. სადავოდ არ ვხდით იმ გარემოებას, რომ მოსამართლის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თაობაზე სადავო ნორმების კონსტიტუციურობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ კანონი, რომელიც განსაზღვრავს მოსამართლის თანამდებობის დაკავებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თანამდებობაზე დანიშნოს მოსამართლე - ფორმალური და მატერიალური შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ დასაბუთებულობის მოთხოვნით იზრდება თანამდებობაზე განსაწესებლად უფლებამოსილი სუბიექტების ანგარიშვალდებულება და თავად პროცესის გამჭვირვალობა. ამავე დროს, დასაბუთებულობის მოთხოვნის გარეშე უკიდურესად გართულებულია თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია საბჭოს წევრების მიერ უკანონო, თვითნებური ანდა მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების პრევენციისათვის.
14. ამასთან, ვერ გავიზიარებთ გადაწყვეტილებაში გატარებულ მოსაზრებას, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 8 თებერვალს მიღებული (ე.წ. „მესამე ტალღა“) საქართველოს ორგანული კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N255-IIს) სრულად მოწესრიგდა მოსამართლის თანამდებობაზე განწესების თაობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და მისი სასამართლოში გასაჩივრების საკითხები.
15. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ძირითადად ეყრდნობა ე.წ. „მესამე ტალღის“ ფარგლებში მიღებული სამართლებრივი ნორმების აღწერას, ანალიზს და ინტერპრეტაციას. ნორმათა ინტერპრეტაციისა და განვრცობის შედეგად გადაწყვეტილებაში მცდარი დასკვნებია გაკეთებული. ყურადღებას გავამახვილებთ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის (შემდგომში ორგანული კანონი) იმ ნორმებზე, რომლებიც გადაწყვეტილებაში მოშველიებულია როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის უზრუნველმყოფი რეგულირება.
16. გადაწყვეტილებაში გაანალიზებულია და ინტერპრეტირებულია მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის ორი ძირითადი კრიტერიუმი - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მიხედვით შეფასება. ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განსაწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებული ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.
17. ორგანული კანონის 35¹ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში ჩამოთვლილია კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების მახასიათებლები. 35¹ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებში მითითებულია, თუ რა გაითვალისწინება კეთილსინდისიერების კრიტერიუმის ამა თუ იმ მახასიათებელში. ასევე, ამავე მუხლის მე-9-მე-14 პუნქტებში მითითებულია, თუ რა გაითვალისწინება კომპეტენტურობის კრიტერიუმის ამა თუ იმ მახასიათებელში. მე-15 პუნქტის თანახმად, კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება ამ მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლები. ამ მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას: ა) მოსამართლეობის კანდიდატი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; ბ) მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; გ) მოსამართლეობის კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.
18. როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მიხედვით შეფასების სხვადასხვა მახასიათებლებს ჩამოთვლის, საბოლოოდ, მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება მარტოოდენ მშრალი სიტყვების მითითებით - არ აკმაყოფილებს, აკმაყოფილებს, სრულად აკმაყოფილებს. აღნიშნული რეგულირება ბადებს ბუნდოვანობისა და სამართლებრივი განუჭვრეტლობის განცდას, რადგან სრულიად გაურკვეველია, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის რომელი მახასიათებლის შეფასების შედეგად მივიდა იუსტიციის საბჭო კონკრეტულ დასკვნამდე. მშრალად, ყოველგვარი წერილობითი დასაბუთების გარეშე მითითება სიტყვებისა - არ აკმაყოფილებს, აკმაყოფილებს, სრულად აკმაყოფილებს, გამორიცხავს შესალებლობას, გადამოწმდეს ამა თუ იმ კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები. აღსანიშნავია, რომ „შაბლონური“ გადაწყვეტილებები აზიანებს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს, არ იძლევა იმის გადამოწმების შესაძლებლობას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად გამოიყენა იუსტიციის საბჭომ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. კიდევ უფრო საფრთხის მატარებელია მსგავსი რეგულირება ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტის კონტექსტში. მე-12 პუნქტის თანახმად, კენჭისყრაზე არ დგება მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც „არ აკმაყოფილებს“ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის პირობებში, როდესაც არ ხდება გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება, შეუძლებელია იმის გადამოწმება, თუ რას დაეყრდნო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როდესაც კანდიდატს დაუწერა შეფასება - არ აკმაყოფილებს.
19. ანალოგიური ვითარებაა როდესაც მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება კომპეტენტურობის კრიტერიუმების მახასიათებლების საფუძველზე. ორგანული კანონის 35¹ მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება მხოლოდ ქულებით. განსაზღვრულია თითოეული მახასიათებლის ქულათა მაქსიმალური ოდენობა. ამასთან, ობიექტური დამკვირვებლის თვალში ბუნდოვანია, თუ რა გარემოებათა გამო მოხდა ამა თუ იმ ქულით შეფასება ან მაქსიმალურ ქულაზე ნაკლები (ან ბევრად ნაკლები) ქულის დაწერა. ორგანული კანონი ამის სავალდებულო დასაბუთების მოთხოვნას არ შეიცავს. იმავდროულად, მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა განსაზღვრული რაოდენობის ჯამია საჭირო იმისათვის, რომ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად მოსამართლეობის კანდიდატს კენჭი ეყაროს. კენჭი ეყრება მხოლოდ იმ კანდიდატს, რომლის მიერ მოპოვებული ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.
20. ვერ დავეთანხმებით სასამართლოს პლენუმის უმრავლესობის მოსაზრებას, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ თითოეულ კანდიდატზე შეფასების ფურცლის შევსება, იმავდროულად, განაპირობებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შეფასების ფურცელში საბჭოს წევრის მიერ შეიტანება მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შედეგი და, შესაბამისად, არ ხდება იმის წერილობითი დასაბუთება, რა კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით მივიდა საბჭოს წევრი შესაბამის შედეგამდე.
21. მხოლოდ კრიტერიუმების, მახასიათებლების და ქულების საკანონმდებლო გაწერა ვერ ჩაითვლება მოსარჩელის უფლების დაცვის გარანტად, რადგან შეუძლებელი ხდება გადამოწმება, თუ რამდენად გაითვალისწინა ესა თუ ის კრიტერიუმი საბჭოს წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან საბჭოს წევრს ორგანული კანონით არ ეკისრება გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.
22. შესაბამისად, ვერ დავეთანხმებით პლენუმის უმრავლესობის მოსაზრებას, რომ ორგანული კანონი ითვალისწინებს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მახასიათებლების არსებობის საკმაოდ დეტალურ დასაბუთებას. ასეთი მიზანი კანონმდებელს, როგორც ჩანს, არ აქვს. ორგანული კანონი ასახავს კრიტერიუმებს და ქულებს იმგვარად, რომ, იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ მოეთხოვება იმის წერილობითი დასაბუთება, თუ როგორ მივიდა კონკრეტულ შეფასებამდე. ზემოთ მითითებულმა ანალიზმა აჩვენა, პლენუმის უმრავლესობის გადაწყვეტილება ემყარება ნორმათა იმგვარ ინტერპრეტირებას და განვრცობას, რაც აზარალებს მთლიანად მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს და საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას.
23. დაუშვებელია ნორმათა ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას, ნორმის ცალსახად გამოხატული მიზნის შესახებ. ასეთი ინტერპრეტაციით სამართალგამომყენებელი ხელს უწყობს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია საკუთარი შეხედულებით შეცვალოს. ინტერპრეტაციისას ნორმას არ უნდა დაეკარგოს მისი მთავარი მიზანი. სასამართლო არ უნდა შეეცადოს ნორმათა გაკეთილშობილებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საზიანოდ. ნორმათა ინტერპრეტაცია უკავშირდება სამართლებრივი უსაფრთხოების საკითხს, რომელიც მოითხოვს, რომ კანონების განმარტებით არ დაზიანდეს პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტა.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციური სარჩელზე N717 (საქართველოს მოქალაქეები - მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დარღვეულია დავის გადაწყვეტის ფორმალური საფუძველი და მიღებული გადაწყვეტილება მატერიალურად დაუსაბუთებელია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი