საქართველოს მოქალაქეები - მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/2/717 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 აპრილი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 აპრილი 2017 12:50 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – გიორგი გოცირიძე და არჩილ ჩოფიკაშვილი; მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლი – ქრისტინე კუპრავა; მოწმე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს კონსულტანტი - ხატია შეყილაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №717) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - მთვარისა კევლიშვილმა, ნაზი დოთიაშვილმა და მარინა გლოველმა.
2. №717 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ №717 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი და იმსჯელოს მოსამართლეთა თანამდებობის დაკავების წესის კონსტიტუციურობაზე, შესაბამისად, 2016 წლის 26 თებერვლის №3/2-1/717 საოქმო ჩანაწერით საქმე მიღებულ იქნა პლენუმზე განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 13 აპრილს. №717 კონსტიტუციური სარჩელი 2016 წლის პირველი ივნისის №3/2/717 საოქმო ჩანაწერით მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2016 წლის 9 ნოემბერს.
4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვები განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, თანამდებობაზე დანიშნოს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები. 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეებს სხვადასხვა დროს ეკავათ მოსამართლის თანამდებობა და ირიცხებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა რეზერვში. მათ მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეთა შესარჩევ არაერთ კონკურსში, თუმცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ დაინიშნენ თანამდებობაზე.
7. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი სრულად აკმაყოფილებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრული მოსამართლის თანამდებობის დაკავების ფორმალურ წინაპირობებს, თუმცა მათ ვერ შეძლეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხმათა საკმარისი ოდენობის მიღება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად. ამასთან, მოსარჩელე მხარის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბჭომ არ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ გაიმარჯვეს მოსარჩელეებმა კონკურსში და ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, მოსარჩელეებს არ აქვთ შესაძლებლობა, სასამართლო წესით დაიცვან თავიანთი დარღვეული უფლება.
8. მოსარჩელეთა აღნიშვნით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის არც ერთი ნორმა და მათ შორის სადავო ნორმები სიტყვასიტყვით არ გამორიცხავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების არდანიშვნაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლს, მაგრამ არსებული საკანონმდებლო რეგულირების პირობებში სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა, რომ მოსარჩელეებს კონსტიტუციაზე, როგორც უშუალოდ მოქმედ სამართალზე დაყრდნობით, შეუძლიათ სასამართლო წესით დაიცვან თავიანთი უფლებები, ვინაიდან გაურკვეველია, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართონ და რა პროცედურებით უნდა იხელმძღვანელოს საქმის განმხილველმა სასამართლომ.
9. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა, თავისთავად გამორიცხავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, რაც აზრს უკარგავს საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას. მათი აზრით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ილუზორული გახდება, თუ პირს მხოლოდ ფორმალურად შეეძლება მიმართოს სასამართლოს და სასამართლო ვერ შეძლებს შეაფასოს უფლების შეზღუდვის მართლზომიერება, ვინაიდან კანონმდებლობით გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს არ მოეთხოვება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება.
10. მოსარჩელეთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესი კონსტიტუციის 861-ე მუხლით წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, ეს თავისთავად არ გამორიცხავს აღნიშნულ პროცესზე სასამართლო კონტროლს.
11. მოსარჩელეთა მტკიცებით, იმის გამო, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა შემდგომში გამოასწორონ ის მიზეზები, რომლებიც საფუძვლად დაედო საბჭოს მიერ მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებას. მოსარჩელეთა განმარტებით, თუკი არ იარსებებს უფლების დარღვევის თავიდან აცილების, ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, თავად უფლებით სარგებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების არარსებობა იწვევს ნდობის დაკარგვას იუსტიციის საბჭოს მიმართ.
12. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საჯარო ხელისუფლების განხორციელებისას შემზღუდველი აქტის დასაბუთების ვალდებულება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს, იგი, ერთი მხრივ, ხელს უწყობს მოქალაქეებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას, ხოლო, მეორე მხრივ, იძლევა საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების თვითკონტროლის და საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.
13. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში არც ერთი სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, არც ადმინისტრაციული სასამართლო. საბჭო ახორციელებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე კი არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (გარდა მე-3 თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
14. მოსარჩელეთა განცხადებით, „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს კრიტერიუმებს, რომელთაც საბჭო კანდიდატების შერჩევისას უნდა დაეყრდნოს, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მივიჩნიოთ, საბჭოს მოეთხოვება კრიტერიუმთან შესაბამისი კანდიდატების არჩევა ანუ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, რადგან რეალურად არავინ იცის ითვალისწინებენ თუ არა საბჭოს წევრები ამ კრიტერიუმებს.
15. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის ინიცირებულ ორგანული კანონის პროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/363; 02.07.15). პროექტით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს ემატება 354 მუხლი, რომლის თანახმადაც მოსამართლეობის კანდიდატს უფლება ეძლევა მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.
16. მოპასუხის განცხადებით, ის კრიტერიუმები, რომლებიც „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით არის გაწერილი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პირმა შეძლოს მისი კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული უფლებით სარგებლობა. თუმცა, საქართველოს პარლამენტი იმ პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, რომლებსაც სურთ გახდნენ მოსამართლეები, ცდილობს ეს კრიტერიუმები უფრო მაღალი ლეგიტიმურობის მქონე აქტით, ორგანული კანონით გაწეროს.
17. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზანს სასამართლოს შემადგენლობის სწრაფი და სამართლიანი დაკომპლექტება წარმოადგენს, რაც მიმართულია პირების მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების ხელშეწყობისკენ. ამასთანავე, აღნიშნული ხელს არ უშლის პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან თუკი მხარე სასამართლოში გაასაჩივრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, მას აქვს შესაძლებლობა მტკიცებულებად გამოიყენოს საბჭოს მიერ ორგანიზებული მისი ინტერვიუს სხდომის ჩანაწერი.
18. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის მიღწევა შესაძლოა როგორც ღია, ასევე ფარული კენჭისყრით. ამასთანავე, ფარულობა გამორიცხავს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.
19. მოპასუხე მხარემ საქმის განხილვის არსებით სხდომაზე ასევე განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 42-ე მუხლის მიზნებისთვის თავისთავად ცალკე აღებული დასაბუთებების კრიტერიუმი არ არის კონსტიტუციური ვალდებულება. აღნიშნული მუხლების მიზნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია პირმა ერთი მხრივ იცოდეს როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ დაინიშნოს და მეორეს მხრივ, სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაში, ჰქონდეს შესაბამისი ბერკეტი იმისთვის, რომ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება შეცვალოს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად.
20. მოწმის სტატუსით მოწვეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს კონსულტანტის, ხატია შეყილაძის განმარტებით, არსებული რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ფარულ კენჭისყრას, ხელს უშლის გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, თუმცა ღია კენჭისყრის შემთხვევაშიც დასაბუთებულობის სტანდარტის არსებობა შეუძლებლად მიაჩნია, რადგან იმ პირობებში, როდესაც კანდიდატი ფასდება კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით, პრაქტიკულად განუხორციელებადია დასაბუთდეს გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა კანდიდატი აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, თუმცა უპირატესობა მიენიჭოს სხვას.
21. მოწმის განმარტებით, საბჭო არის ადმინისტრაციული ორგანო, მიუხედავად იმისა, რომ მის საქმიანობაზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება. შესაბამისად, რაიმე სახის სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ ხელმძღვანელობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეს არ შეუძლია გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ცნებები და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი არ ჩათვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელეები ითხოვენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, ასევე 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმების შესაბამისობის დადგენას არსებითად სხვადასხვა შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით ცალ–ცალკე შეაფასებს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N2/3/406 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედი კანონმდებლობა.
3. 2017 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N255-IIს). აღნიშნული კანონით ახლებურად მოწესრიგდა სადავო ნორმებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართალურთიერთობები. სადავო ნორმების შინაარსის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებულ ნორმატიულ რეალობას.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის ეს ნორმები განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, თავისი არსით შრომითი ურთიერთობების სპეციფიკური გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის შესაძლებლობას, უშუალოდ, სხვადასხვა ფორმითა თუ გამოვლინებით, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობის პროცესში”( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
6. ამგვარად, „კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „„სახელმწიფო თანამდებობა“ არის კონსტიტუციური ტერმინი, რომელიც უნდა განიმარტოს მისი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მისი ბუნებისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვის გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „მოსამართლის თანამდებობა კონსტიტუციის მიზნებისთვის განხილულ უნდა იქნეს იმ სახელმწიფო თანამდებობად, რომლის დაკავებისა და საქმიანობის განხორციელების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის N3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობის დაკავების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ უფლებასთან დაკავშირებით დადგენილი სტანდარტები (მოსამართლის სახელმწიფო თანამდებობის კონსტიტუციური სტატუსისა და სპეციფიკის გათვალისწინებით).
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების, მისი განხორციელების პირობების თუ თანამდებობიდან გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების კონსტიტუციურობა ფასდება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან ერთობლივად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის № 2/1/572 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს განიხილავს და აფასებს ერთიან კონტექსტში. „კონსტიტუციის ეს ნორმები განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირების და ერთმანეთისაგან გამიჯვნის მნიშვნელობას საქართველოს კონსტიტუციის ჯეროვანი განმარტებისათვის. სასამართლოს მითითებით „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გამიჯნოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული სფეროები.
12. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებაზე, შესაბამისად, აღნიშნული დანაწესით გარანტირებულია ყველა მოქალაქის უფლება, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო თანამდებობებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შეზღუდვის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
13. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. აღნიშნული დანაწესი მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
15. განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმები შეეხება მოსამართლის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმების კონსტიტუციურობა შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
16. სახელმწიფო თანამდებობის დაკავება კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით მიმდინარეობს, რაც ემსახურება მიზანს - ამა თუ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნოს თანამდებობის შესაფერისი კანდიდატი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფოს ფუნქციებისა და საჯარო ინტერესების დივერსიფიცირებული ბუნებიდან გამომდინარე, მრავალგვარია სახელმწიფო თანამდებობა და, შესაბამისად, შეიძლება განსხვავებული იყოს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების და თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები და წესი. ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის სტატუსს განაპირობებს შესაბამისი საქმიანობის ბუნება, მისი არსი. კერძოდ, მნიშვნელოვანია, დადგინდეს მოცემული თანამდებობა განეკუთვნება საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებას, წარმოადგენს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, თუ არ გააჩნია პირდაპირ განსაზღვრული კონსტიტუციური სტატუსი. სახელმწიფო თანამდებობების სტატუსის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ასევე განსახორციელებელი ფუნქციების ხასიათი. ბუნებრივია, განსხვავებულია სხვადასხვა სტატუსის მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიმართ წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის კონსტიტუციური გარანტიები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8,9).
17. სახელმწიფო თანამდებობების თავისებურებების გათვალისწინებით უფლების დაცვის სხვადასხვა მასშტაბების და სტანდარტების გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, თანამდებობები, რომელთა დაკავება სრულად პოლიტიკური პროცესის ნაწილს წარმოადგენს (მაგალითად, მთავრობის წევრების შერჩევა) და, მეორე მხრივ, თანამდებობები, რომლებზეც შერჩევა მხოლოდ პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება და მათი არჩევისას უფლებამოსილი ორგანო არ ხელმძღვანელობს კონკრეტული პირის შერჩევის პოლიტიკური მიზანშეწონილობით. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის არსის საწინააღმდეგო იქნება, რიგ პოლიტიკურ თანამდებობებზე პოლიტიკური მიზანშეწონილობის გარეშე ამა თუ იმ პირის განწესების მოთხოვნა და პირიქით, ცალკეულ თანამდებობებზე პოლიტიკური მიზანშეწონილობით პირის განწესების დაშვება.
18. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. უდავოა, რომ საქალაქო და სააპელაციო მოსამართლის თანამდებობა, თავისი არსით არ არის პოლიტიკური. მოსამართლეები იღებენ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად ახორციელებენ მართლმსაჯულებას. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების პროცესი არც კანონმდებლობით და არც კონსტიტუციით არ არის დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასთან. მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების უზრუნველსაყოფად საქართველოს კონსტიტუციის 861 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილია კონსტიტუციური ორგანო - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელმაც უნდა შეარჩიოს და თანამდებობაზე განამწესოს მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მოსამართლის თანამდებობრივ სტატუსს.
19. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.
20. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული გარანტიების ერთ-ერთ გამოვლინებას სწორედ მოქალაქის მიერ კონკრეტული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა და, ასევე, ამ თანამდებობაზე მისი თვითნებური არდანიშვნისგან დაცვა წარმოადგენს. ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობაზე არდანიშვნის თაობაზე თვითნებური, მიკერძოებული და არაზუსტი გადაწყვეტილებების თავიდან აცილების ერთ-ერთი ინსტრუმენტია ამ გადაწყვეტილების დასაბუთებულობის მოთხოვნა. დასაბუთებულობის მოთხოვნა ავალდებულებს გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტს, დაასაბუთოს, თუ რატომ შეესაბამება ან არ შეესაბამება კონკრეტულ საკვალიფიკაციო კრიტერიუმს ესა თუ ის კანდიდატი. დასაბუთებულობის მოთხოვნით, იზრდება თანამდებობაზე განწესებაზე უფლებამოსილი სუბიექტების ანგარიშვალდებულება და თავად პროცესის გამჭვირვალობა. ამავე დროს, დასაბუთებულობის მოთხოვნის გარეშე უკიდურესად გართულებულია თვითნებური და არაზუსტი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. იმ პირობებში, როდესაც უფლებამოსილ სუბიექტს არ ევალება გადაწყვეტილების დასაბუთება, რთულია მიღებული გადაწყვეტილების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და შესაძლო დარღვევებისა და გადაცდომების გამოსწორება, არსებობს უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების საფრთხე.
21. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია საბჭოს წევრების მიერ უკანონო, თვითნებური ან/და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების პრევენციისათვის. პირის პროფესიული დანიშვნისას, როდესაც გადაწყვეტილება თანამდებობაზე განწესების შესახებ არ წარმოადგენს პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილს, გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების არარსებობა ქმნის უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების საფრთხეს, მოსამართლეობის კანდიდატს ართმევს სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობას, ართულებს და ცალკეულ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას სასამართლოს მიერ. გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი წინაპირობის ცოდნის გარეშე კანდიდატისათვის რთულია შეარჩიოს სათანადო სტრატეგია საკუთარი უფლების დასაცავად. ამასთანავე, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, კანდიდატი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოასწოროს საკუთარი ხარვეზები, რადგან არ იცის, რის გამო ეთქვა უარი მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე და რა უნდა მოიმოქმედოს შემდგომ კონკურსზე წარმატების მისაღწევად.
22. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს მოსამართლეთა განწესებაზე უფლებამოსილ კონსტიტუციურ ორგანოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა დანიშვნის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას საკმაოდ ფართო მიხედულება გააჩნია.
23. მოსამართლის თანამდებობაზე განწესების პროცესში შესაბამისი კრიტერიუმების თავისებურებების გათვალისწინებით მიხედულების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, ზოგადად, ემყარება რიგ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტურ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენა, ამ გადაწყვეტილების დასაბუთება და გადამოწმება სირთულეებს არ უკავშირდება და გადაწყვეტილების მართებულობის ობიექტური გადამოწმება შესაძლებელი ხდება. მაგალითად, ობიექტური გარემოებაა, აქვს თუ არა მოსამართლეობის კანდიდატს უმაღლესი იურიდიული განათლება, გააჩნია თუ არა შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, კანონმდებლობის ცოდნა და ა.შ. გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლებელია, მიეთითოს ნებისმიერ იმ ობიექტურ გარემოებაზე, რომელსაც დაეყრდნო გადაწყვეტილების მიმღები პირი და დასაბუთდეს როგორ განაპირობა ამ გარემოებებმა გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, არ არსებობს რაიმე გონივრული ახსნა, თუ რატომ არ შეიძლება დასაბუთდეს მოსამართლეობის კანდიდატის ობიექტურ კრიტერიუმთან შესაბამისობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
24. რიგ სუბიექტურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხის დასაბუთება და შემდგომში ამ დასაბუთების გადამოწმება რთულ ამოცანას წარმოადგენს. რთულია ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ობიექტური ახსნა, დასაბუთება, ამ დასაბუთების გადამოწმება, ასევე სწორი ან არასწორი გადაწყვეტის დადგენა/გადამოწმება. ამიტომ, ამ ნაწილში განსაკუთრებით მაღალია გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის დისკრეცია და იკლებს დასაბუთებულობის მოთხოვნაც.
25. მოსამართლეობის კანდიდატის პიროვნული მახასიათებლების შეფასება მეტწილად სუბიექტურია და, შესაძლებელია, ერთი და იმავე კანდიდატთან დაკავშირებით სხვადასხვა ობიექტურ შემფასებელს სხვადასხვა შეფასება ჰქონდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტა ემყარება გარკვეულ ობიექტურ, ახსნად დასკვნებს, ობიექტურ ფაქტორებს, რამაც ესა თუ ის სუბიექტური შეფასება განაპირობა. დისკრეციული უფლებამოსილების მართებული გამოყენების შემოწმებისთვის დასაბუთებული უნდა იყოს (შესაძლებლობის ფარგლებში) თუ როგორ მივიდა შესაბამისი ორგანო ამა თუ იმ გადაწყვეტამდე. ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილების დასაბუთებულობა გულისხმობს, იმგვარი დასაბუთების მოთხოვნას, რომელიც შესაძლებელს გახდის იმ გზის სისწორის შეფასებას, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღები პირი მივიდა ამ გადაწყვეტამდე.
26. იმ შემთხვევებში, როდესაც უშუალოდ გადაწყვეტილება სუბიექტურ ასპექტებს შეეხება, თავად გადაწყვეტის სისწორე, როგორც წესი, ობიექტურად გადამოწმებას არ ექვემდებარება. ამავდროულად, ობიექტურად გადამოწმებადია ის გზა, რა გზითაც გადაწყვეტილების მიმღები ამ გადაწყვეტამდე მივიდა. არსებობს შემთხვევები, როდესაც გადაწყვეტა აშკარად დაუსაბუთებელია და აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა არასწორად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება (მაგალითად, მოსამართლის პიროვნული მახასიათებლის დასადგენად გადაწყვეტილების მიმღები ორგანო/პირი უთითებს აშკარად არარელევანტურ გარემოებებზე). აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულობა მოითხოვება მოსამართლის შერჩევის შესახებ ნებისმიერი ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა, შესაძლებელია, ეს მოთხოვნა კრიტერიუმის ბუნების მიხედვით განსხვავებული ხარისხის იყოს.
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება არ არის კონსტიტუციური მოთხოვნა და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნების უზრუნველსაყოფად საკმარისია, პირმა ზოგადად იცოდეს რა უნდა გააკეთოს თანამდებობაზე დასანიშნად. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი დასაბუთების მოთხოვნა უნდა გავრცელდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების ან განწესებაზე უარის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც.
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების, მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18). „სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კონსტიტუციურობის თვალსაზრისით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
29. სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აბსტრაქტული გარანტიების შექმნა არ არის საკმარისი უფლების სრულყოფილად დასაცავად. „სამართლებრივი წესრიგი უნდა ქმნიდეს უფლების პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისცემს თანაბარ შესაძლებლობას, დაიკავოს ესა თუ ის სახელმწიფო თანამდებობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). კანონი, რომელიც განსაზღვრავს მოსამართლის თანამდებობის დაკავებას და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას თანამდებობაზე დანიშნოს მოსამართლე - ფორმალური და მატერიალური შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მოთხოვნებს.
30. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე, მათ შორის, მოსამართლის თანამდებობაზე განწესება განხორციელდეს ობიექტურად. მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესი უნდა აჩენდეს რაც შეიძლება ნაკლებ კითხვის ნიშნებს განწესებული პირის კვალიფიციურობასთან და მიღებული გადაწყვეტილების სისწორესთან დაკავშირებით. პროცესმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური, თანამდებობის შესაბამისი პირების დაუსაბუთებლად არდანიშვნის გამორიცხვა. მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირების განწესების მოთხოვნა უკავშირდება არა მხოლოდ პირის უფლებას, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, არამედ - საზოგადოებრივ ინტერესს - მართლმსაჯულება განახორციელონ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობასთან შესაფერისმა პირებმა, რომლებიც საკუთარი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებით აკმაყოფილებენ ამ საპატიო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ სტანდარტებს. ამასთანავე, მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესის გამჭვირვალობა და კვალიფიციური მოსამართლეების განწესების მყარი გარანტიები ემსახურება საზოგადოებაში მართლმსაჯულებისადმი ნდობის განმტკიცებას. ცხადია, ნდობა მართლმსაჯულების სისტემისადმი გაიზრდება, თუ საზოგადოებამ იცის, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესი იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს კვალიფიციური, პიროვნული და პროფესიული ნიშნით შესაბამისი კანდიდატების მოსამართლის თანამდებობაზე განწესებას.
31. გადაწყვეტილების დასაბუთება არ შემოიფარგლება მხოლოდ თანამდებობაზე განწესების თაობაზე მიღებული აქტის დასაბუთების მოთხოვნით. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია დასაბუთების მოთხოვნა არა მხოლოდ ფორმალურად განწესების აქტთან დაკავშირებით, არამედ - დასაბუთებულობა უკავშირდება თანამდებობის განწესების მთელ პროცესს (როგორ წარიმართა ეს პროცესი და რამ განაპირობა ამა თუ იმ კანდიდატის დანიშვნა ან დანიშვნაზე უარის თქმა). ეს კი პირველ რიგში გულისხმობს შეფასების როგორც კრიტერიუმების, ასევე მთლიანად შეფასების სისტემის ობიექტურ კრიტერიუმებზე მაქსიმალურად აგებას და სუბიექტური კრიტერიუმების მინიმუმამდე დაყვანას. სწორედ ამ პროცესმა უნდა განაპირობოს საბოლოო აქტში შესაბამისი წინაპირობების არსებობისა თუ არარსებობის ობიექტური დასაბუთება, რათა ნათლად იყოს ასახული კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები. აღნიშნული მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც თავად პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის სტანდარტებს. მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადამოწმება არის შესაძლებელი, და არა ფორმალურად შედგენილი „შაბლონურად“ დასაბუთებული აქტის.
32. სახელმწიფო თანამდებობაზე განწესების თაობაზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია, გადაწყვეტილება ემყარებოდეს წინასწარგანსაზღვრულ, შეძლებისდაგვარად ობიექტურ და გადამოწმებად კრიტერიუმებს. ასეთ პირობებში შესაძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიმღები პირების თვითნებობის, მიკერძოებულობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხეების მაქსიმალურად გამორიცხვა. აუცილებელია, მკაფიოდ განისაზღვროს არა მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, არამედ - ობიექტური და წინასწარგანსაზღვრული, გადამოწმებას დაქვემდებარებადი კრიტერიუმები. აგრეთვე, წინასწარ იყოს დადგენილი თითოეული კრიტერიუმის შეფასების, მათ შორის, ქულათა რანჟირების წესი.
33. კანდიდატების შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთ სახელმწიფო თანამდებობებზე განწესებასთან დაკავშირებით, როგორიცაა მოსამართლე. კანდიდატების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ შეფასების კრიტერიუმები არ არის მკაფიო და იძლევა დამნიშნავი სუბიექტების თვითნებობის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მკაფიო და მაქსიმალურად გადამოწმებადი უნდა იყოს, როგორც ობიექტური, ასევე, სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე კანდიდატის შეფასების სტანდარტებიც. ნათლად უნდა იყოს ასახული, რა გავლენას ახდენს/უნდა ახდენდეს კანდიდატების შეფასებაზე ობიექტური მახასიათებლები ( მაგალითად, კანდიდატის განათლება, აკადემიური თუ პროფესიული გამოცდილება და ა.შ.), შეძლებისდაგვარად მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული სუბიექტური მახასიათებლების შეფასების სისტემაც, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს როგორც ობიექტური, ასევე, სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და მართებულობის შემოწმების შესაძლებლობას.
34. ნებისმიერი ობიექტური კრიტერიუმის შეფასებაც კი შესაძლებელია, მოხდეს თვითნებურად, თუ მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ამ კრიტერიუმების გამოყენების წესი.
35. ამა თუ იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე მსჯელობისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც შესაფასებელი გადაწყვეტილების ბუნება, ასევე - სასამართლოს კომპეტენცია. მოსამართლის თანამდებობაზე განწესების გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს ობიექტურად არ აქვს და ვერ ექნება შესაძლებლობა სრულყოფილად შეაფასოს კანდიდატის შესაბამისობა, ან გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის შეფასება ცალკეულ სუბიექტურ კრიტერიუმთან დაკავშირებით. აღნიშნული ერთ შემთხვევაში შეიძლება უკავშირდებოდეს სუბიექტურად შეფასებად კრიტერიუმს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში თავად შესაფასებელი საკითხის სპეციფიკას. როდესაც მკაფიოდ არ არის განსაზღვრული თითოეული კრიტერიუმის შეფასების წესი და შესაფასებელი კომპონენტები, მოსამართლისათვის განსაკუთრებით რთულია იმის გადამოწმება, რამდენად სწორად ან/და სამართლიანად განხორციელდა შესაბამისი კომპონენტის შეფასება.
36. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 8 თებერვალს მიღებული საქართველოს ორგანული კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N255-IIს) ახლებურად მოწესრიგდა სადავო ნორმებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართალურთიერთობები. კერძოდ, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა მოსამართლეთა განწესების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა.
37. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს. კონკურსი ობიექტურობისა და თანასწორობის პრინციპების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს. კონკურსის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსამართლეობის კანდიდატთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა და სხვა გარემოებებისა.
38. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება იმ მოსამართლეობის კანდიდატთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, რომელთა დოკუმენტებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასება ხდება გასაუბრებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მოძიებული ინფორმაციის მიხედვით. მოსამართლეობის კანდიდატი შეირჩევა ორი ძირითადი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე.
39. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ასევე განსაზღვრავს, როგორ და რა პროცედურების დაცვით ხდება კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შეფასება. სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატების (გარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრისა) შეფასებისას დამატებით ხდება მათ მიერ განხილული საქმეების გათვალისწინებაც. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლით პირის შეფასების საფუძველზე, შესაძლოა, მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) პირი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; ბ) პირი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; გ) პირი სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. კომპეტენტურობის კრიტერიუმის შეფასება ხდება ქულების მიხედვით. კერძოდ, კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა: ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 25 ქულა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 25 ქულა; გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 20 ქულა; დ) პროფესიული თვისებები – 15 ქულა; ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 10 ქულა; ვ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა.
40. გასაუბრების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი ავსებს თითოეული მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფურცელს, რომელშიც შეიტანება მოსამართლეობის კანდიდატის ზემოაღნიშნული კრიტერიუმებით შეფასების შედეგები. მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების ფურცლებში შეტანილ ინფორმაციას აჯამებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და შეჯამების შედეგებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შეჯამების შედეგების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მოსამართლეობის კანდიდატს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განწესებისთვის.
41. მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განწესებისთვის კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია. მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შემთხვევაში მისი შეფასების ფურცელი და მასში შეტანილი ინფორმაციის შეჯამების შედეგები საჯარო ინფორმაციაა. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს მათი ასლები კანონით დადგენილი წესით.
42. მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო; ბ) კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა მოსამართლეობის კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას; დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, არსებითად მცდარია, რის დასადასტურებლადაც მოსამართლეობის კანდიდატმა შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა; ე) კონკურსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.
43. ამგვარად, მოსამართლის თანამდებობაზე განწესების პროცესის ფარგლებში კანდიდატების შეფასება ხორციელდება კომპლექსური პროცედურის მიხედვით, რომელიც მოიცავს კანდიდატის პროფესიული და პიროვნული კვალიფიკაციის შემოწმებას შეფასების ფურცლების გამოყენებით და კენჭისყრას.
44. მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება რამდენიმე ეტაპად. სადავო აქტი კანდიდატის შეფასების მიზნით ადგენს როგორც კანდიდატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების წესს, ასევე ამ ინფორმაციის გაცნობის ვალდებულებას კანდიდატისათვის გასაუბრებამდე არა ნაკლებ 5 დღით ადრე და შესაძლებლობას აძლევს კანდიდატს არა მხოლოდ წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია, არამედ გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მტკიცებულება და მოგვიანებით გაასაჩივროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტი, თუ ის დაეყრდნო არსებითად მცდარ ინფორმაციას.
45. კანდიდატის შეფასების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ შეფასების ფურცლების შევსება და აღნიშნული შეფასების ფურცლების დაჯამება. შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევდეს, რომ კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმის ნაწილში მის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70%-ია. მოსამართლედ დანიშნვისათვის კონკურსანტის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარი უნდა დაუჭიროს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-მა.
46. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ანალიზი ცხადყოფს, რომ თანამდებობაზე განწესების მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს საკმარის პროცედურულ გარანტიებს თვითნებობის გამოსარიცხად და შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთების ერთგვარი ფორმაა კანდიდატების შეფასების ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საბჭოს თითოეული წევრი წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ავსებს შეფასების ფურცელს. შეფასების ფურცლის მეშვეობით ხდება კანდიდატის ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა. სუბიექტურ, კეთილსინდისიერების კრიტერიუმთან შეფასების ფარგლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ავსებს შეფასების ფურცელს და უთითებს სამი შესაძლო შეფასებიდან ერთ-ერთს - „არ აკმაყოფილებს“; „აკმაყოფილებს“, „სრულად აკმაყოფილებს“ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. კანონმდებლობა ითვალისწინებს კეთილსინდისიერების კომპონენტის დაყოფას მახასიათებლებად და კეთილსინდისიერების კომპონენტის ფარგლებში თითოეული მახასიათებლის შეფასებისას გასათვალისწინებელ საკითხებს ადგენს ობიექტური კატეგორიების სახით. სადავო აქტის 351 მუხლი ითვალისწინებს თითოეული კომპონენტით შეფასების წესსაც. კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანდიდატს აფასებს შესაბამისი ქულებით, რომელთა მინიჭების სტანდარტები წინასწარ არის დადგენილი. კერძოდ, კანონმდებლობა განსაზღვრავს თითოეული მახასიათებლისთვის მაქსიმალურ ქულათა ოდენობას.
47. კანდიდატის შეფასება ზემოაღნიშნული ეტაპის ფარგლებში ხდება გამჭვირვალე კრიტერიუმების გამოყენებით და ითვალისწინებს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მახასიათებლების არსებობის დეტალურ დასაბუთებას. გადაწყვეტილების მიმღები კოლეგიური ორგანოს თითოეული წევრი შესაბამის შეფასების ფურცელში ასახავს ყველა იმ ფაქტობრივ წინაპირობას, რამაც მის მიერ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. ამასთანავე, გამოსაყენებელი კრიტერიუმების ბუნების კვალდაკვალ განსხვავებულია დასაბუთების ხარისხი და დეტალურობა.
48. სადავო აქტის მოქმედი რედაქცია ადგენს კანდიდატთა შეფასების ორგვარ წესს მათი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე. კერძოდ, კანდიდატებისთვის, რომელთაც გააჩნიათ სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება, კანონმდებლობა ითვალისწინებს დამატებით კრიტერიუმს - შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე მათ მიერ განხილული 5 საქმის შეფასებას. აღნიშნულის ფარგლებში ფასდება კანდიდატის მიერ კანონმდებლობის ცოდნის დონე, მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში შესაბამისი სამართლებრივი ნორმების გამოყენების სისწორე, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარი, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი, გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომის ხასიათი და სერიოზულობა.
49. კანდიდატის შეფასების შემდეგი ეტაპია კენჭისყრა. აღნიშნული ეტაპი კვლავ ფარული კენჭისყრის ფორმით ხორციელდება და ამ ნაწილში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ მიუთითებენ იმ ფაქტობრივ წინაპირობებს, რამაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაპირობა.
50. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფარულობის ელემენტის შემოტანა ემსახურება გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების ნების თავისუფლების უზრუნველყოფას და დაცვას გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიღება არ წარმოადგენდა მოსარჩელეთათვის თავისთავად პრობლემას. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა გადაწყვეტილების ფარულად მიღებას იმ პირობებში, როდესაც არ იყო დაცული დასაბუთების მოთხოვნა.
51. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრის შედეგების დასაბუთებას, კონკურსის პროცედურა მთლიანობაში იძლევა საბოლოო გადაწყვეტილების ფაქტობრივი წინაპირობების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. კენჭისყრის გზით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირი დასაბუთების გარეშეც, კონკურსის მთელი პროცესის გათვალისწინებით გასაგები ხდება, თუ როგორ მივიდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებამდე. მართალია, თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე ყველაზე მაღალი შეფასებების მქონე კონკურსანტმა ფარულ კენჭისყრაში ვერ მოიპოვოს ხმათა საკმარისი რაოდენობა თანამდებობაზე დასანიშნად, კანონმდებლობა აღნიშნული საფრთხეების დაბალანსებისათვის ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.
52. ამდენად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დისკრეციული უფლებით მანიპულირებისგან დაცვის გარანტიას წარმოადგენს ერთი მხრივ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა და გასაჩივრების საფუძვლები და მეორე მხრივ, შეფასების ფურცლები. შეფასების ფურცლების მეშვეობით განხორციელებული ეტაპის ბუნებიდან გამომდინარე, კანდიდატისათვის ხელმისაწვდომი ხდება საბჭოს წევრთა დისკრიმინაციული, თვითნებური და მიკერძოებული გადაწყვეტილებების პრევენცია ეფექტური გასაჩივრების შესაძლებლობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული თანამდებობაზე განწესების წესი ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების ისეთ პროცედურას, როდესაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ინდივიდუალურად უნდა დაასაბუთონ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები და ნათლად მიუთითონ ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც ეყრდნობა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთანავე, ნათლად ჩანს, თუ რა გზით მივიდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო შესაბამის გადაწყვეტამდე, რაც მის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართებულობის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა.
53. კანონმდებლობა დეტალურად არეგულირებს მოსამართლე კანდიდატის საქმიანობის შეფასების პროცედურას (კრიტერიუმებს, კრიტერიუმების მიხედვით ქულათა განაწილების წესს, შეფასების ანგარიშს და სხვა).
54. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვები „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
55. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან.
56. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობა. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1).
57. სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველესი მოთხოვნაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
58. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
59. „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-9).
60. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომელიც მოსამართლის დანიშვნისას ახორციელებს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს ამ პროცესზე სასამართლო კონტროლის განხორციელების კონსტიტუციურსამართლებრივ უფლებამოსილებას. „სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ამ თვალსაზრისით, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის არსს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
61. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა, ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი აქტის სასამართლოში კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად გასაჩივრების უზრუნველყოფა. კონსტიტუციის აღნიშნული მოთხოვნა, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება სახელმწიფო თანამდებობაზე განწესებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. სახელმწიფო თანამდებობაზე განწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი ემსახურება თვითნებური, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული გადაწყვეტილებების პრევენციას.
62. სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გადასასინჯი უფლებაშემზღუდველი აქტისა თუ ქმედების კონსტიტუციურსამართლებრივი ბუნება. კერძოდ, როგორც აღინიშნა, პირის თანამდებობაზე განწესებისა და განწესებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება რიგ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ხოლო, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი სარგებლობს გარკვეული ხარისხის მიხედულებით. სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი სტანდარტების განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ობიექტური, გადამოწმებადი კრიტერიუმების ფარგლებში გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლოს მიერ გადახედვას უფრო მკაცრი სტანდარტებით. სასამართლო კონტროლის სტანდარტი, ცხადია, ასეთივე მკაცრი ვერ იქნება ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება გადაწყვეტილებების გადახედვას სუბიექტური კრიტერიუმების ფარგლებში. როგორც უკვე აღინიშნა, სუბიექტური კრიტერიუმების ნაწილში, განსაკუთრებით ფართოა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიხედულება და იკლებს გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გადასინჯვის ფარგლები.
63. პირის თანამდებობაზე განწესებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების გადასინჯვა სასამართლოს მიერ როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმების ფარგლებში უნდა მოხდეს იმ ხარისხით, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების ეფექტური დაცვა. სასამართლო კონტროლმა უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღება. ცხადია, სასამართლო უფლებამოსილი არ არის, ჩაანაცვლოს გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი, მის ნაცვლად განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება და მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა, სასამართლომ უნდა შეამოწმოს აღნიშნული სუბიექტის მიერ საკუთარი მიხედულების გამოყენების მართებულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვქვეშ დადგება არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს, არამედ - სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლების გარანტიები.
64. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის არცერთი ნორმა და მათ შორის სადავო ნორმები სიტყვასიტყვით არ გამორიცხავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების არდანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლს. ამავე დროს, კანონმდებლობა არ აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის კანდიდატურის არდანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს. მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, სასამართლო კონტროლის საგანს უნდა წარმოადგენდეს, როგორც პროცედურული, ასევე მატერიალური საკითხები. კერძოდ, კანდიდატთან მიმართებაში ხომ არ ჰქონია ადგილი დისკრიმინაციას და ხომ არ იყო სახეზე თვითნებობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, გადაწყვეტილება ხომ არ დაეფუძნა იმ კრიტერიუმს, რომელიც არ არის წინასწარ დადგენილი.
65. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია) პირდაპირ ადგენს პირის მოსამართლედ განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, საჩივრის განმხილველ სასამართლო სტრუქტურას, საჩივრის განხილვის პროცედურას და წესს, მათ შორის ითვალისწინებს გასაჩივრებას მოსარჩელის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას მითითებული საფუძვლებითაც (დისკრიმინაცია, უფლებამოსილების გადამეტება). კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 354 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო; ბ) კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა მოსამართლეობის კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას; დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, არსებითად მცდარია, რის დასადასტურებლადაც მოსამართლეობის კანდიდატმა შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა; ე) კონკურსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.
66. ამდენად, პირის მოსამართლედ განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლო კონტროლს მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლებით. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 354 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი იძლევა გასაჩივრების შესაძლებლობას პროცედურული დარღვევების შემთხვევაში. დისკრიმინაციასთან დაკავშირებით დავის შესაძლებლობას იძლევა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ხოლო ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
67. ამდენად, აშკარაა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია შეიცავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას იმ საფუძვლებით, რომლებიც მოსარჩელისათვის იყო პრობლემატური საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას.
68. სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ მოსამართლის განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები დამოუკიდებლად დაექვემდებაროს კონსტიტუციურსამართლებრივ შემოწმებას.
69. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვები „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 44-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №717 (საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლეების ირინე იმერლიშვილის, მაია კოპალეიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და მაია კოპალეიშვილის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილებაზე
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილებაზე.
2. წინამდებარე განსხვავებული აზრი ეთმობა იმის დასაბუთებას, რომ №717 კონსტიტუციური სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, ემყარება სამართლებრივი ნორმების მცდარ ინტერპრეტაციას და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილების როგორც ფორმალური, ისე მატერიალური საფუძველი.
3. დიგესტებში ვკითხულობთ, „სამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება“ (Ius est ars boni et aequi). სასამართლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულად უნდა ემსახურებოდეს სამართლებრივი საკითხების სამართლიან გადაწყვეტას. სწორედ სამართლიანი გადაწყვეტილება ქმნის იმ მნიშვნელოვან პრეცედენტს სამოსამართლეო სამართალში, რომელიც შემდეგ საფუძვლად ედება სხვა გადაწყვეტილებებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლიანობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლის ნორმების ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში.
2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილების მიღებისა და დავის გადაწყვეტის ფორმალური საფუძვლები
4. N717 კონსტიტუციურ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. წინამდებარე სარჩელზე ორჯერ გაიმართა საქმის არსებითი განხილვა, თავდაპირველად 2016 წლის 14 ივნისს და საქმის ხელმეორედ არსებითად განსახილველად გახსნის შემდეგ, 2016 წლის 9 ნოემბერს. ამასთან, გადაწყვეტილების გამოტანის პროცესის გახანგრძლივების პირობებში, კანონმდებლის მიერ ე.წ. „მესამე ტალღის“ ფარგლებში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2017 წლის 8 თებერვლის კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N255-IIს) შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლის ანალიზი და ინტერპრეტაცია საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის მიერ მიღებულ 2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილებას.
6. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე დავის სამართლიანი გადაწყვეტა მოიცავს ასევე საკითხსაც, სასამართლომ გონივრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება და არ შექმნას იმის ეჭვი, თითქოს ელოდება კონსტიტუციურ დავაზე, მოპასუხის მხრიდან, სადავო აქტში იმ ცვლილებათა პაკეტის მიღებას, რომელიც, ერთი მხრივ, „კომფორტულ“ მდგომარეობაში ჩააყენებს სასამართლოს, თავი აარიდოს ამა თუ იმ ინტერესებისთვის არასასურველი გადაწყვეტილებების მიღებას და, მეორე მხრივ, აზიანებს მოსარჩელეთა უფლებების დაცვის დროულობას და ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ ნდობის დაკარგვას, ამცირებს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანობას. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმდენად გვიან, რომ ფაქტობრივად კანონმდებელს მიეცა შესაძლებლობა, ცვლილებები შეეტანა მოქმედ კანონმდებლობაში. აღნიშნული გარემოება შემდგომ სასამართლომ გამოიყენა კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილებისათვის.
7. 2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი N717 (საქართველოს მოქალაქეები - მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდა, რაც, ფორმალური თვალსაზრისით, არის მცდარი. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება სრულად ეყრდნობა ე.წ. „მესამე ტალღის“ ფარგლებში მიღებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების ანალიზსა და ინტერპრეტაციას. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა სადავო ნორმებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართალურთიერთობები, განისაზღვრა მოსამართლეთა განწესების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა. გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სწორედ „მესამე ტალღით“ სადავო საკითხების ახლებური მოწესრიგების დასაბუთებას.
8. მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა კონკრეტული საკანონმდებლო ნორმების ნორმატიული შინაარსი. სასამართლოს უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ძირითად გარემოებას, რომ ე.წ. „მესამე ტალღის“ რეფორმის შემდგომ საკანონმდებლო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი აღმოიფხვრა და აღარ არსებობს. გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ დავის საგანმა დაკარგა ის ნორმატიული შინაარსი, რაც მას საქმის არსებითად განხილვისა და სასამართლოს სათათბირო ოთახში გასვლის ეტაპებზე გააჩნდა. ანუ, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, გარემოებათა შეცვლის შედეგად, სადავო ნორმებს გამოეცალა ნორმატიული შინაარსი, ძალა დაკარგეს, ადრესატების მიმართ იგივე ზემოქმედების რესურსი არ დარჩათ, ისინი იმავე მატერიალურ-ნორმატიული და ფაქტობრივი შინაარსით ვეღარ აგრძელებენ მოქმედებას. რაც მიუთითებს, რომ დავის საგანი არ არსებობს. აღნიშნული, პროცესუალური თვალსაზრისით, იწვევს არა სარჩელის არდაკმაყოფილებას, არამედ საქმეზე სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძველს ქმნის.
9. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. სასამართლოს უნდა შეეფასებინა, გადაწყვეტილებაში მითითებული საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილი რეგულაციები რამდენად უთანაბრდებოდა სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსის გაუქმებას ან ძალადაკარგულობას, ან რამდენად არსებობდა კონსტიტუციური დავის არსებითად გადაწყვეტის საფუძველი. კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზით არ დააკმაყოფილა (არსებითად გადაწყვიტა) კონსტიტუციური სარჩელი, თუმცა, იმავდროულად, იმ პირობებში, როდესაც სადავო ნომები იმავე მატერიალურ-ნორმატიული და ფაქტობრივი შინაარსით ვეღარ აგრძელებენ მოქმედებას, არ იმსჯელა, რამდენად არსებობდა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქცევის წესის გამოყენების საფუძველი. დასახელებული ნორმის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ისე იქნა გამოტანილი საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება (სარჩელი არ დაკმაყოფილდა), რომ არ იქნა გათვალისწინებული კონსტიტუციური მართლმსაჯულების ფორმალური პროცედურები.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ N717 კონსტიტუციურ სარჩელზე ფორმალური თვალსაზრისით არსებობს საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი.
2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის მატერიალური საფუძვლები
11. როგორც აღვნიშნეთ, ფორმალური თვალსაზრისით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმისწარმოება უნდა შეეწყვიტა. შესაბამისად, არ იარსებებდა კონსტიტუციური დავის არსებითად გადაწყვეტის საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს უმრავლესობამ არსებითად გადაწყვიტა სადავო საკითხი (არ დააკმაყოფილა), შესაბამისად, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, გამოვთქვათ განსხვავებული აზრი გადაწყვეტილების დასაბუთების მატერიალური საფუძვლების მიმართ.
12. სადავოდ არ ვხდით იმ გარემოებას, რომ მოსამართლის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თაობაზე სადავო ნორმების კონსტიტუციურობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ კანონი, რომელიც განსაზღვრავს მოსამართლის თანამდებობის დაკავებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თანამდებობაზე დანიშნოს მოსამართლე - ფორმალური და მატერიალური შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ დასაბუთებულობის მოთხოვნით იზრდება თანამდებობაზე განსაწესებლად უფლებამოსილი სუბიექტების ანგარიშვალდებულება და თავად პროცესის გამჭვირვალობა. ამავე დროს, დასაბუთებულობის მოთხოვნის გარეშე უკიდურესად გართულებულია თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია საბჭოს წევრების მიერ უკანონო, თვითნებური ანდა მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების პრევენციისათვის.
14. ამასთან, ვერ გავიზიარებთ გადაწყვეტილებაში გატარებულ მოსაზრებას, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 8 თებერვალს მიღებული (ე.წ. „მესამე ტალღა“) საქართველოს ორგანული კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N255-IIს) სრულად მოწესრიგდა მოსამართლის თანამდებობაზე განწესების თაობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და მისი სასამართლოში გასაჩივრების საკითხები.
15. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ძირითადად ეყრდნობა ე.წ. „მესამე ტალღის“ ფარგლებში მიღებული სამართლებრივი ნორმების აღწერას, ანალიზს და ინტერპრეტაციას. ნორმათა ინტერპრეტაციისა და განვრცობის შედეგად გადაწყვეტილებაში მცდარი დასკვნებია გაკეთებული. ყურადღებას გავამახვილებთ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის (შემდგომში ორგანული კანონი) იმ ნორმებზე, რომლებიც გადაწყვეტილებაში მოშველიებულია როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის უზრუნველმყოფი რეგულირება.
16. გადაწყვეტილებაში გაანალიზებულია და ინტერპრეტირებულია მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის ორი ძირითადი კრიტერიუმი - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მიხედვით შეფასება. ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განსაწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებული ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.
17. ორგანული კანონის 35¹ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში ჩამოთვლილია კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების მახასიათებლები. 35¹ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებში მითითებულია, თუ რა გაითვალისწინება კეთილსინდისიერების კრიტერიუმის ამა თუ იმ მახასიათებელში. ასევე, ამავე მუხლის მე-9-მე-14 პუნქტებში მითითებულია, თუ რა გაითვალისწინება კომპეტენტურობის კრიტერიუმის ამა თუ იმ მახასიათებელში. მე-15 პუნქტის თანახმად, კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება ამ მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლები. ამ მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას: ა) მოსამართლეობის კანდიდატი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; ბ) მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; გ) მოსამართლეობის კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.
18. როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მიხედვით შეფასების სხვადასხვა მახასიათებლებს ჩამოთვლის, საბოლოოდ, მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება მარტოოდენ მშრალი სიტყვების მითითებით - არ აკმაყოფილებს, აკმაყოფილებს, სრულად აკმაყოფილებს. აღნიშნული რეგულირება ბადებს ბუნდოვანობისა და სამართლებრივი განუჭვრეტლობის განცდას, რადგან სრულიად გაურკვეველია, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის რომელი მახასიათებლის შეფასების შედეგად მივიდა იუსტიციის საბჭო კონკრეტულ დასკვნამდე. მშრალად, ყოველგვარი წერილობითი დასაბუთების გარეშე მითითება სიტყვებისა - არ აკმაყოფილებს, აკმაყოფილებს, სრულად აკმაყოფილებს, გამორიცხავს შესალებლობას, გადამოწმდეს ამა თუ იმ კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები. აღსანიშნავია, რომ „შაბლონური“ გადაწყვეტილებები აზიანებს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს, არ იძლევა იმის გადამოწმების შესაძლებლობას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად გამოიყენა იუსტიციის საბჭომ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. კიდევ უფრო საფრთხის მატარებელია მსგავსი რეგულირება ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტის კონტექსტში. მე-12 პუნქტის თანახმად, კენჭისყრაზე არ დგება მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც „არ აკმაყოფილებს“ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის პირობებში, როდესაც არ ხდება გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება, შეუძლებელია იმის გადამოწმება, თუ რას დაეყრდნო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როდესაც კანდიდატს დაუწერა შეფასება - არ აკმაყოფილებს.
19. ანალოგიური ვითარებაა როდესაც მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება კომპეტენტურობის კრიტერიუმების მახასიათებლების საფუძველზე. ორგანული კანონის 35¹ მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება მხოლოდ ქულებით. განსაზღვრულია თითოეული მახასიათებლის ქულათა მაქსიმალური ოდენობა. ამასთან, ობიექტური დამკვირვებლის თვალში ბუნდოვანია, თუ რა გარემოებათა გამო მოხდა ამა თუ იმ ქულით შეფასება ან მაქსიმალურ ქულაზე ნაკლები (ან ბევრად ნაკლები) ქულის დაწერა. ორგანული კანონი ამის სავალდებულო დასაბუთების მოთხოვნას არ შეიცავს. იმავდროულად, მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა განსაზღვრული რაოდენობის ჯამია საჭირო იმისათვის, რომ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად მოსამართლეობის კანდიდატს კენჭი ეყაროს. კენჭი ეყრება მხოლოდ იმ კანდიდატს, რომლის მიერ მოპოვებული ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.
20. ვერ დავეთანხმებით სასამართლოს პლენუმის უმრავლესობის მოსაზრებას, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ თითოეულ კანდიდატზე შეფასების ფურცლის შევსება, იმავდროულად, განაპირობებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შეფასების ფურცელში საბჭოს წევრის მიერ შეიტანება მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შედეგი და, შესაბამისად, არ ხდება იმის წერილობითი დასაბუთება, რა კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით მივიდა საბჭოს წევრი შესაბამის შედეგამდე.
21. მხოლოდ კრიტერიუმების, მახასიათებლების და ქულების საკანონმდებლო გაწერა ვერ ჩაითვლება მოსარჩელის უფლების დაცვის გარანტად, რადგან შეუძლებელი ხდება გადამოწმება, თუ რამდენად გაითვალისწინა ესა თუ ის კრიტერიუმი საბჭოს წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან საბჭოს წევრს ორგანული კანონით არ ეკისრება გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.
22. შესაბამისად, ვერ დავეთანხმებით პლენუმის უმრავლესობის მოსაზრებას, რომ ორგანული კანონი ითვალისწინებს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მახასიათებლების არსებობის საკმაოდ დეტალურ დასაბუთებას. ასეთი მიზანი კანონმდებელს, როგორც ჩანს, არ აქვს. ორგანული კანონი ასახავს კრიტერიუმებს და ქულებს იმგვარად, რომ, იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ მოეთხოვება იმის წერილობითი დასაბუთება, თუ როგორ მივიდა კონკრეტულ შეფასებამდე. ზემოთ მითითებულმა ანალიზმა აჩვენა, პლენუმის უმრავლესობის გადაწყვეტილება ემყარება ნორმათა იმგვარ ინტერპრეტირებას და განვრცობას, რაც აზარალებს მთლიანად მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს და საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას.
23. დაუშვებელია ნორმათა ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას, ნორმის ცალსახად გამოხატული მიზნის შესახებ. ასეთი ინტერპრეტაციით სამართალგამომყენებელი ხელს უწყობს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია საკუთარი შეხედულებით შეცვალოს. ინტერპრეტაციისას ნორმას არ უნდა დაეკარგოს მისი მთავარი მიზანი. სასამართლო არ უნდა შეეცადოს ნორმათა გაკეთილშობილებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საზიანოდ. ნორმათა ინტერპრეტაცია უკავშირდება სამართლებრივი უსაფრთხოების საკითხს, რომელიც მოითხოვს, რომ კანონების განმარტებით არ დაზიანდეს პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტა.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციური სარჩელზე N717 (საქართველოს მოქალაქეები - მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დარღვეულია დავის გადაწყვეტის ფორმალური საფუძველი და მიღებული გადაწყვეტილება მატერიალურად დაუსაბუთებელია.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრები
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
7 აპრილი, 2017 წელი.