ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1583 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი მაჭუტაძე |
თარიღი | 24 მარტი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი. |
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება. | საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, 31-ე, 311 და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი:
1. ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვინაიდან სადავო ნორმა ზღუდავს მის კონსტიტუციურ უფლებას. კერძოდ, მოსარჩელეს (დაბ. თარიღი: 04.06.1975) სარჩელის რეგისტრაციის მომენტში, უკავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის თანამდებობა და სადავო ნორმით დადგენილ ზღვრულ ასაკს - 50 წლის მიღწევისას ის ავტომატურად გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. მართალია, სარჩელის რეგისტრაციის წელს მოსარჩელეს 46 წელი უსრულდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და გადაწყვეტას შესაძლებელია წლები დაჭირდეს (მაგ. იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (საქმის გადაწყვეტას ჯამში დაჭირდა თითქმის 5 წელი); ან იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის N1/5/860 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ოკუჯავა, ელენე სხირტლაძე, გიორგი ღლონტი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი რეგისტრირებულია 2016 წლის 2 დეკემბერს და ის ჯერ კიდევ გადაწყვეტილების გამოტანის მოლოდინშია)), მოსარჩელე უნდა ჩაითვალოს სადავო ნორმის პოტენციურ მსხვერპლად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის. ამას გარდა, მოსარჩელის ასაკსა და სადავო ნორმით გათვალისწინებულ ზღვრულ ასაკს შორის არ არის ისეთი არსებითი სხვაობა, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ მოსარჩელე ვერ ჩაითვლებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ სუბიექტად. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა უშუალოდ ეხება და ზღუდავს მოსარჩელის სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებებს.
3. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს;
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დადგინდა, რომ საერთო სასამართლოების მანდატურისთვის ასაკის ზედა ზღვრად 50 წლის დაწესება არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება თანასწორობისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებებს. იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი კანონდებლობით, საერთო სასამართლოების და საკონსტიტუტციო სასამართლოს მანდატურების ფუნქციები არსებითად იგივეა (N.B. ფუნქციათა მსგავსებაზე არგუმენტაცია წარმოდგენილი იქნება ქვემოთ), მოსარჩელე მხარე, მიიჩნევს, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სადავო ნორმა უნდა ჩაითვალოს საკონსტიტუტიცო სასამართლოს გადაწყვეტილების ე.წ. „დამძლევ ნორმად“ და საქმის არსებითი განხილვის გარეშე უნდა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად.
5. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ მიჩნეული ნორმა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 25-ე მუხლის პირველ პუნქტს.
6. კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა;
7. არ არსებობს ზემდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის შესწავლის გარეშეც შეუძლებელია სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი არის 50 წელი“. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მითითებული ნორმა არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება მის საჯარო თანამდებობის დაკავების და თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებებს. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არსებითად იმავე შინაარსის მქონეა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად 2018 წლის 14 დეკემბრის N3/2/767,1272 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე შუამდგომლობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, არსებითად განხილვის გარეშე.
იქიდან გამომდინარე, რომ იგივე შინაარსის საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია შესაბამისი გადაწყვეტილებისა და ე.წ. დამძლევი ნორმის კონტექსტში წარიმართება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად ... გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი არსებითად განსახილველად მიღების გარეშე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, „აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N3/10/1267,1268 განჩინება საქმეზე საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის არსებობას. „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამასთან, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). შინაარსობრივი მსგავსება, თავის მხრივ, სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო ნორმით დადგენილი სამართლებრივი მოწესრიგების არაკონსტიტუციურობა უკვე დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და არ არსებობს სხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახლა შეფასების საჭიროებას/საფუძველს შექმნიდა. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N3/10/1267,1268 განჩინება საქმეზე საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 14 დეკემბრის N3/2/767,1272 გადაწყვეტილებაში იმსჯელა საერთო სასამართლოს მანდატურად საქმიანობისთვის დაწესებული ზედა ზღვრის კონსტიტუციურობის თაობაზე. კერძოდ, აღნიშნულ საქმეზე, მოსარჩელეები სადავოდ მიიჩნევდნენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას, რომლის მიხედვითაც საერთო სასამართლოებში მანდატურის თანამდებობაზე ყოფნის ზედა ზღვარი 50 წელი იყო. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საქმეზეც მოსარჩელეები სადავო ნორმას ასაჩივრებდნენ თანასწორობის და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს მანდატურის თანამდებობაზე ყოფნის ზედა ზღვრის (50 წელი) დაწესებით ხდება ჩარევა პირის სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების კონსტიტუციურ უფლებაში. (იხ. ხსენებული გადაწყვეტილების 2-9 პარაგრაფები). აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაშიც, ეჭვს არ იწვევს ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ასაკის ზედა ზღვრის დადგენით ჩარევა ხდება 25-ე მუხლის პირველ პუნქტში. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას დაიკავოს და ახორციელებდეს სახელმწიფო თანამდებობას, რაც თავის მხრივ, მოიცავს მოქალაქის უფლებას დაცული იყოს სახელმწიფო თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისგან (იხ. e.g. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13, 14). „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე. ამავე დროს, ხსენებული აქტის 321 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში შედის საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის სამსახური. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ამოცანაა სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას სახელმწიფო, სასამართლო ხელისუფლების ორგანოში და უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. შესაბამისად, უდავოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიზნებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის თანამდებობა მიეკუთვნება „სახელმწიფო თანამდებობას“, სადავო ნორმა ასაკობრივი ბარიერის დაწესებით ზღუდავს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების/განხორციელების უფლებას და საჭიროებს შესაბამის გამართლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 14 დეკემბრის N3/2/767,1272 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „იმისათვის, რათა ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის განხორციელებისათვის ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება რაციონალურად იქნეს მიჩნეული, კანონმდებელი, პირველ რიგში, ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაზღვრული ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
ცხადაძის საქმეზე, მოპასუხე მხარე განმარტავდა, რომ მანდატურის ზედა ასაკობრივი ზღვარი ემსახურებოდა სასამართლოს შენობასა და ტერიტორიაზე მყოფ პირთა უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფას, თუმცა საქმეზე მოწვეული სპეციალისტის მოსაზრების თანახმად, 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, არ განაპირობებდა პირის ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებას, რომ პირი ვერ შეძლებდა მანდატურის უფლება-მოვალეობების ჯეროვნად განხორციელებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმით დადგენილი ასაკობრივი შეზღუდვა არ იყო ლოგიკურ კავშირში სასამართლოს მანდატურის სამსახურის გამართული და ეფექტური ფუნქციონირების, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებთან. საკონსტიტუციო სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ მართალია, სასამართლოს მანდატურებს სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელებისას უწევთ როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენა, თუმცა ამის შემოწმება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გამოცდების ჩატარების გზით. ხოლო, 50 წელს მიღწეული პირის თანამდებობიდან გათავისუფლება ან თანამდებობაზე არ დანიშვნა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ირაციონალურ საშუალებას წარმოადგენდა.
მოცემულ შემთხვევაშიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ N3/2/767,1272 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, სადავო ნორმა კრძალავს პირის მიერ მანდატურის თანამდებობის დაკავებას/განხორციელებას 50 წლის ასაკში და ზემოთ, იმ განსხვავებით, რომ გასაჩივრებული ნორმის სუბიექტია საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოს მანდატურის ფუნქციები ერთმანეთისგან ფაქტობრივად არ განსხვავდება. უფრო კონკრეტულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ამოცანაა სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ა) უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებას. ბ) იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასა და ტერიტორიას. გ) უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას; დ) ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით; ე) აღკვეთს სამართალდარღვევას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე, გამოავლენს სამართალდამრღვევს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მას პოლიციისთვის გადაცემის მიზნით და ადგენს დაკავების ოქმს. აღსანიშნავია, რომ „საერთო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებულია საერთო სასამართლოს მანდატურის ანალოგიური უფლება-მოვალეობანი. კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად, საერთო სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოებას; ახორციელებს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წესრიგის დაცვას; ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით; იცავს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობებს; ამოწმებს სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნას, მოსამართლის მითითებით უზრუნველყოფს სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანას და დაცვას; აღკვეთს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამართალდარღვევას, ავლენს სამართალდამრღვევს, აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მას პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს ამის თაობაზე დაკავების ოქმს; ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ფუნქციურად საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მანდატური პრაქტიკულად იდენტური უფლება-მოვალეობებით არის აღჭურვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურს არ მოეთხოვება იმაზე მეტი ფიზიკური და გონებრივი აქტივობა, ვიდრე საერთო სასამართლოს მანდატურს. ამდენად, სადავო ნორმა შინაარსობრივად იგივეა იმ ნორმისა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ N3/2/767,1272 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მანდატურის ფუნქციები იდენტურია, არ არსებობს სხვა რაიმე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელიც განსახილველი საქმის არსებითად განხილვას მოითხოვდა.
განსახილველ შემთხვევაშიც, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა რაციონალურ კავშირში არაა იმ ლეგიტიმურ მიზნებთან, როგორიცაა სასამართლოს შენობაში მყოფ პირთა და შენობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხდომაზე წესრიგის დაცვა და ა.შ. მოსარჩელე სრულად ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N3/2/767,1272 გადაწყვეტილებაში არსებულ დასკვნას, რომ 50 წლის ასაკს მიღწევა არ მიუთითებს იმაზე, რომ პირს დაქვეითებული აქვს სასამართლოს მანდატურისათვის საჭირო ფიზიკური მონაცემები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 50 წლის ასაკშიც, იგივე წარმატებით, შესაძლებელია მანდატურზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება, როგორც ამას ასრულებს ადამიანი მაგ. 40 ან 45 წლის ასაკში. ამასთან, მოსარჩელის აზრით, საკითხი შეძლებს თუ არა ესა თუ ის პირი მანდატურის უფლებამოსილებების წარმატებით განხორციელებას დამოკიდებულია არა ასაკზე, არამედ ამ უკანასკნელის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე. ხოლო, ამის შემოწმება შესაძლებელია მოხდეს რეალურად ეფექტური და ნაკლებად ხისტი ღონისძიებების გამოყენებით, როგორიცაა დამსაქმებლის მიერ პირისთვის ფიზიკური და ინტელექტუალური გამოცდების პერიოდული ჩატარება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა რაციონალურ კავშირში არაა სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს და ასევე წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N3/2/767,1272 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას.
ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ მის თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას. სადავო ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ მის საფუძველზე 50 წელს მიღწეული და 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმი არის დადგენილი იმ პირებთან შედარებით, ვისაც ჯერ არ მიუღწევია ზღვრულ ასაკს. ამდენად, 50 წლის ასაკის მიღწეული პირები, ერთი მხრივ, კარგავენ უფლებას, რომ დაიკავონ მანდატურის თანამდებობა, ხოლო მეორე მხრივ, მათ მიმართ არსებობს თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. ამგვარი, ასაკზე მიბმული საფუძველი არ არსებობს 50 წელს მიუღწეველ პირებთან მიმართებით. შესაბამისად, სახეზეა შესადარებელ ჯგუფებს შორის დიფერენცირებული მოპყრობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, უთანასწორო მოპყრობის არსებობა არ არის საკმარისი კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დასადგენად. ამისათვის აგრეთვე აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა ხორციელდებოდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ. საჯარო სამსახური - სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა, გარკვეულწილად სახელმწიფო რესურსია, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს. 50 წელს მიუღწეველ და მიღწეულ მოქალაქეებს აქვთ თანაბარი ინტერესი, სურვილის შემთხვევაში ჰქონდეთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ სახელმწიფო სამსახურში და დაიკავონ სასამართლოს მანდატურის თანამდებობა. ამ თვალსაზრისით 50 წლის ასაკის მიღწევა ვერ ჩაითვლება იმგვარ გარემოებად, რომელიც გამოიწვევდა შესადარებელი ჯგუფების ერთმანეთის არსებითად უთანასწოროდ განხილვას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმით გათვალისწინებულია არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა და სახეზეა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა და საჭიროებს კონსტიტუციურ გამართლებას.
იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის არგუმენტაცია არსებითად იგივე იქნება რაც 25-ე მუხლთან მიმართებით, მათ შორის და უპირატესად, სადავო ნორმის ე.წ. დამძლევ ნორმად ცნობის კონტექსტში, მოსარჩელე მხარე დამატებით არგუმენტაციას აღარ წარმოადგენს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი