ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/17/1583 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 დეკემბერი 2022 14:57 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე – ირაკლი მაჭუტაძე; მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – გიორგი გოცირიძე და ვასილ ჟიჟიაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ლევან ღავთაძე და ნინო შარმანაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1583) მომართა ირაკლი მაჭუტაძემ. №1583 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 25 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 3 ნოემბერს.
2. №1583 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი არის 50 წელი.
4. აღსანიშნავია, რომ №1583 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვდა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ იგი აღარ ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში მიიღებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია თანასწორობის უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით განმტკიცებულია საჯარო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება, მათ შორის, თანამდებობიდან უსაფუძვლოდ/დაუსაბუთებლად გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიები.
6. №1583 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს უკავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის თანამდებობა. საქმის განხილვის მომენტისათვის იგი არის 47 წლის, შესაბამისად, განჭვრეტად მომავალში, კერძოდ, სამი წლის გასვლის შემდეგ, 50 წლის ასაკის მიღწევისას, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელე ავტომატურად გათავისუფლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის დაკავებული თანამდებობიდან.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, არ განაპირობებს პირის ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებას, რომ მან ვერ შეძლოს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სრულფასოვნად შესრულება, რაც გამორიცხავს სადავო ნორმით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვის რაციონალურობას და ლოგიკურ კავშირს შესაძლო ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას.
8. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის პოზიციით, რაციონალური კავშირის არარსებობა სადავო ნორმით დადგენილ ბლანკეტურ შეზღუდვასა და პოტენციურ ლეგიტიმურ მიზნებს შორის, იწვევს გაუმართლებელ დიფერენცირებას 50 წელს მიღწეულ/გადაცილებულ და აღნიშნულ ასაკს მიუღწეველ პირებთან მიმართებით. შედეგად, სადავო ნორმა ადგენს ასაკის ნიშნით დისკრიმინაციას და წინააღმდეგობაშია ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებასთან.
9. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს იმ ნორმის ანალოგიური შინაარსის მქონე ნორმას, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის დანაწესი, რომელიც სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრულ ასაკად აცხადებდა 50 წელს.
10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ერთადერთი განსხვავება უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასა და სადავო ნორმას შორის არის ის, რომ 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ადგენდა მუშაობის ზედა ზღვრულ ასაკს საერთო სასამართლოების სისტემაში მომსახურე მანდატურისათვის, ხოლო სადავო ნორმა აწესებს იმავე ზედა ზღვრულ ასაკს საკონსტიტუციო სასამართლოში დასაქმებული მანდატურისთვის. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ აღნიშნული განსხვავება უმნიშვნელო და არაარსებითია, ვინაიდან საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის მიერ შესასრულებელი ფუნქციები ერთმანეთის იდენტურია. მოსარჩელის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურს არ მოეთხოვება იმაზე მეტი ფიზიკური და გონებრივი აქტივობა, ვიდრე საერთო სასამართლოს მანდატურს, რაც, თავის მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ სადავო ნორმა უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის მატარებელია. ამასთან, არ არსებობს რაიმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც მოითხოვდა სადავო ნორმის შეფასებას არსებითი განხილვის ფორმატში.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე ითხოვს, სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებას, საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
13. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცული უფლებების შეზღუდვის კონტექსტში სადავო ნორმის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის დამძლევ ნორმად გამოცხადებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ცნო №1583 კონსტიტუციური სარჩელი.
14. №1583 კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველმა. სასამართლოს მეგობრის პოზიციით, ის ფაქტი, რომ ზოგადად, ასაკის მატების თანამდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური ამტანობის შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად, არ უნდა ხდებოდეს ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესების თვითკმარი საფუძველი. ამგვარი მიდგომა გაუმართლებლად ფართო სივრცეს დატოვებდა ასაკის ნიშნით ადამიანების დიფერენცირებისათვის, რაც, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში არ იყოს განპირობებული რაციონალური და ობიექტური საჭიროებით.
15. სახალხო დამცველი ჩამოთვლის სხვადასხვა შემთხვევებს, სადაც მან დაადგინა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია და განმარტავს, რომ სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებში, ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვები ხშირად პროვოცირებულია ასაკის მატებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენებით. სასამართლოს მეგობრის აზრით, მხოლოდ ასაკი არ უნდა იქნეს მიჩნეული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საკმარისად ზუსტ ინდიკატორად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ასაკი სტატისტიკურად არის დაკავშირებული ავადობის მაღალ მაჩვენებელთან, ადამიანის ინდივიდუალური გარემოებები შესაძლოა იმდენად განსხვავდებოდეს არსებული ტენდენციისაგან, რომ ასაკი ამ ინდივიდზე დასკვნის გასაკეთებლად არასწორი ინდიკატორი აღმოჩნდეს. შესაბამისად, მსგავს სიტუაციაში, რაციონალური და გონივრული იქნება პირის ინდივიდუალური უნარების შემოწმება და არა კონკრეტულ ასაკს მიღწეული პირებისთვის კონკრეტული უფლების ბლანკეტურად შეზღუდვა.
16. სასამართლოს მეგობარი იზიარებს მოსარჩელის პოზიციას სადავო ნორმისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურ შინაარსთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად უნდა ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, არსებითად განხილვის გარეშე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელი სხდომის აქტით მისი ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
3. იმისათვის, რომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი არსებითად განსახილველად მიღების გარეშე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმები არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით და რამდენად შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს დასახელებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსების დადგენისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს „სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს … გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5). გარდა აღნიშნულისა, შინაარსობრივი მსგავსების პირობებშიც კი, აუცილებელია, გამოირკვეს, ხომ არ არსებობს რაიმე ახალი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც არსებითი განხილვის ფორმატში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასების საჭიროებას/საფუძველს შექმნიდა.
5. აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ ცნო №1583 კონსტიტუციური სარჩელი. მოპასუხე მხარის განმარტებით, შესადარებელ შემთხვევებში სახეზეა ფაქტობრივად იდენტური სამართალურთიერთობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა თანაბრად მიემართება წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ ნორმას და იგი ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი საქმის არსებითად განხილვის გარეშე.
6. მოპასუხე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის საკითხი რეგულირდება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს სარჩელი. იმავდროულად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას არ ცვლის.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, როდესაც ასაკობრივი ზღვრის დადგენა კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, დაკავშირებულია ადამიანის შრომითი უნარების დაქვეითებასთან და ემსახურება შრომისუნარიანი კადრების მობილიზებით, საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზანს, იმისათვის, რათა ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის განხორციელებისათვის ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება რაციონალურად იქნეს მიჩნეული, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლოს მიერ დადგენილ ორსაფეხურიან ტესტს. კერძოდ, მსგავს შემთხვევებში „კანონმდებელი, პირველ რიგში, ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაზღვრული ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. უნდა დასაბუთდეს, რომ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევა, როგორც წესი, შემთხვევათა უმრავლესობაში იწვევს ადამიანის იმგვარი უნარების დაქვეითებას, შესუსტებას, რაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად. იმავდროულად, ხსენებული უნარების შესუსტება, დაქვეითება, უნდა იქნეს შეფასებული არა ზოგადად, არამედ საქმიანობის იმ სახესთან მიმართებით, რომელთა განხორციელებაც იზღუდება კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევის შემდგომ. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ გარკვეულ ასაკში მყოფ პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს საქმიანობის სათანადოდ განხორციელებას, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ყველა სხვა პირის ასეთად მიჩნევას. ამდენად, ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება არარაციონალური იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ პირის თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, გონივრულ ფარგლებში არის შესაძლებელი მათი უნარების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ამდენად, ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, კანონმდებელი ასევე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ შეუძლებელია ან/და არაგონივრულია პირთა უნარების ინდივიდუალური შეფასება და თანამდებობის დაკავების საკითხის მის საფუძველზე გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24-25).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება, რომლის თანახმად, სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი შეადგენდა 50 წელს.
9. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააანალიზა განსახილველი ურთიერთობის სპეციფიკა და სასამართლოს მანდატურის ფუნქციები, გამოიკვლია სხვადასხვა მტკიცებულებები, მათ შორის, საქმეზე მოწვეული სპეციალისტის ჩვენება და დაადგინა, რომ 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, არ განაპირობებს პირის ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებას, რომ მან ვერ შეძლოს სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სრულფასოვნად შესრულება, მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა 50 წლის ასაკის ადამიანი უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში იყოს, ვიდრე გაცილებით ახალგაზრდა პირი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვა არ იყო ლოგიკურ კავშირში მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ საჯარო მიზანთან, კერძოდ, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სასამართლოს მანდატურის სამსახურის გამართული და ეფექტური ფუნქციონირების განმტკიცებასთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23-24,29). მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმით დადგენილი ბლანკეტური ასაკობრივი შეზღუდვის არარაციონალურობაზე მსჯელობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, სასამართლოს მანდატურებს გარკვეული პერიოდულობით უტარდებოდათ შიდა შემოწმება, რა დროსაც შესაძლებელი იყო როგორც 50 წელს მიუღწეველი, ისე - 50 წელს მიღწეული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სასამართლოს მანდატურისთვის შესაბამისი უნარების დადგენა და, მაშასადამე, პირის თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მათი უნარებისა და ფიზიკური მონაცემების ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28). ამრიგად, სასამართლოს მანდატურის მიმართ ბლანკეტურად დადგენილი ასაკობრივი შეზღუდვა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია არარაციონალურად, ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ორსაფეხურიანი ტესტის ვერცერთ პირობას.
10. განსახილველ საქმეში სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად სამსახურისათვის ადგენს იმავე ზედა ზღვრულ ასაკს, კერძოდ 50 წელს, რაც დადგენილი იყო საერთო სასამართლოს სისტემაში მომუშავე მანდატურის შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური, მისი ფუნქციების გათვალისწინებით, სასამართლოს მანდატურის მსგავსად ახორციელებს საჯარო საქმიანობას, ხოლო სადავო ნორმა ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის იმ უფლებებს, რომლებსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. უფლებების შეზღუდვა ხდება მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და შეზღუდვის შედეგად დგება არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, 50 წლის ასაკის მიღწევისთანავე საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური ავტომატურად თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა იმეორებს ძალადაკარგული ნორმის შინაარსს, არეგულირებს არსებითად იდენტურ სამართლებრივ ურთიერთობას და ემსახურება იმავე ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. განსხვავებას წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, რომ 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა მუშაობის ზედა ზღვრულ ასაკს ადგენდა საერთო სასამართლოს სისტემაში (საქართველოს საერთო სასამართლოებში ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში) დასაქმებული მანდატურისათვის, ხოლო სადავო ნორმა იმავე ზედა ზღვრულ ასაკს ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად სამსახურისათვის.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა, თუნდაც თვისობრივად და ფუნქციურად ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებული მანდატურების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, სხვადასხვა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოების გათვალისწინებით, უპირველეს ყოვლისა კი, მათი შესასრულებელი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იყოს განსხვავებული და, შესაბამისად, ერთი და იმავე უფლების მსგავსი სამართლებრივი საშუალებით შეზღუდვის შემთხვევაშიც კი წარმოიშვას ამ შეზღუდვის კონსტიტუციურობის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეფასების საჭიროება. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე არ მიეკუთვნება ამგვარ შემთხვევათა რიცხვს, ვინაიდან შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დასაქმებული მანდატურის კომპეტენციაში არ შედის და, შესაბამისად, მას არ მოეთხოვება რაიმე ისეთი თვისობრივად განსხვავებული ფუნქციების შესრულება, რომელიც არ აქვს საერთო სასამართლოების სისტემაში დასაქმებულ მანდატურს (იხ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლი). კერძოდ, ორივე შემთხვევაში, მანდატურის ფუნქციები მოიცავს შესაბამისი სასამართლოს/იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობებში და მის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვას, სამართალდარღვევის აღკვეთას და სამართალდამრღვევი პირის დაკავებას, ასევე, აღნიშნულ არეალში მყოფი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დასახელებული ფუნქციების განსახორციელებლად სასამართლოს/საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, გამოიყენოს ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები. დამატებით, საერთო სასამართლოს მანდატურს კანონით მინიჭებული აქვს იარაღის გამოყენების უფლება.
13. ამდენად, 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის არსებითად იდენტური შინაარსის ნორმით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვის რაციონალურობის შეფასებისას, უკვე განიხილა ამ შეზღუდვის მიმართება ყველა იმ ფუნქციისა და, შესაბამისად, ამ ფუნქციების სრულფასოვნად შესასრულებლად საჭირო უნარებისა და ფიზიკური მონაცემების ჭრილში, რომელთა განხორციელება შესაძლოა დაეკისროს საკონსტიტუციო სასამართლოში დასაქმებულ მანდატურს და შეზღუდვა ცნო არაკონსტიტუციურად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის დასახელებული განსხვავება არ წარმოშობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შემოწმების საჭიროებას არსებითი განხილვის ფორმატში. ამასთან, განსახილველ საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე დამატებითი ინტერესი ანდა ლეგიტიმური მიზანი, რომელიც დღის წესრიგში დააყენებდა, სადავო ნორმის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის საქმიანობის ასაკობრივი შეზღუდვის დამოუკიდებელი შეფასების საჭიროებას.
14. დამატებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემაში, საერთო სასამართლოების მსგავსად, არ არის დანერგილი მანდატურების პერიოდული, ინდივიდუალური შემოწმების მექანიზმი, თუმცა აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ მოახდენს სადავო ნორმის სამართლებრივ ბედზე, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით, სადავო ნორმის მსგავსი შინაარსის ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, უპირველეს ყოვლისა, იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, არ განაპირობებს სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სრულფასოვნად შესრულების შეუძლებლობას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მანდატურის უნარების და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინდივიდუალური შემოწმების მექანიზმის ფუნქციონირების პრეცედენტი საერთო სასამართლოს სისტემაში უკვე არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს მსგავსი მექანიზმის საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემაში დამკვიდრების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ საწინააღმდეგო მოსაზრება საქმის განხილვის ეტაპზე არც მხარეების მიერ ყოფილა გამოთქმული.
15. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმას აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის არსებითად იდენტური შინაარსი და არ გამოკვეთილა რაიმე ახალი გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა №1583 კონსტიტუციური სარჩელის არსებით ფორმატში განხილვის აუცილებლობას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს პრაქტიკის შეცვლის საჭიროება.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1583 („ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ განჩინების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში