სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს სახალხო დამცველი
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1583 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 14 მაისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. #1583-ე კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით - „ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.
სასამართლო მეგობრის მოსაზრება შეეხება კონსტიტუციურ სარჩელს (რეგისტრაციის №1583), რომლის მიხედვითაც დავის საგანია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
სადავო ნორმა განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად მუშაობის ზღვრულ ასაკს. კერძოდ, პირს რომელსაც შეუსრულდება 50 წლის ასაკი, აღარ აქვს უფლება დასაქმდეს ან მუშაობა გააგრძელოს საკონსტიტუციო სასამართლოში მანდატურის თანამდებობაზე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს უკავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის თანამდებობა და სადავო ნორმით დადგენილი ზღვრული ასაკის - 50 წლის მიღწევისას ის ავტომატურად გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. ამგვარად, სადავო ნორმით ირღვევა მოსარჩელის სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და თანასწორობის კონსტიტუციური უფლებები.
სახალხო დამცველი ეთანხმება კონსტიტუციურ სარჩლში დაყენებულ მოთხოვნას და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის დასაბუთებას. ამასთან, საჭიროდ მიიჩნევს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გაამახვილოს საკუთარი კომპეტენციის[1] ფარგლებში, ასაკის ნიშნით უთანასწორო მოპყრობასთან დაკავშირებით განხილულ არაერთ საქმეში გამოკვეთილ მსგავს პრობლემებსა და ტენდენციებზე.
საქართველოს სახალხო დამცველმა ასაკის ნიშნით უთანასწორო მოპყრობასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება განიხილა და დისკრიმინაცია დაადგინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განცხადებები სხვადასხვა სფეროში არსებულ სამართლებრივ ურთიერობებს უკავშირდება, ყველა საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა განპირობებული იყო ბლანკეტური მიდგომით. აღნიშნულს, საფუძვლად ედო ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებები, რაც თავის მხრივ ინდივიდუალურ მიდგომებს გამორიცხავს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული განცხადებები:
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი წესის მსგავსი რეგულირება დადგენილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დასაქმებულ კონკრეტულ პირთა წრის მიმართ. კერძოდ, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოსამსახურეს, რომელსაც უმცროსი სპეციალური წოდება აქვს, შეუძლია სამსახურში 60 წლის ჩათვლით იმსახუროს. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა აღნიშნულ საკითხზე მოქალაქის განცხადება, რომელიც მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს N15 განყოფილების ინსპექტორი იუსტიციის ზემდეგის პოზიციაზე და იგი სამსახურიდან გათავისუფლდა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი განმარტებით, ნორმა, რომელიც საფუძვლად დაედო განმცხადებლის გათავისუფლებას, ემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების საჯარო ინტერესს.
უნდა აღინიშნოს, რომ ასაკის მატება ზეგავლენას ახდენს ადამიანის შრომით უნარებზე, განსაკუთრებით მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად, ზოგიერთი საქმიანობის განხორციელება რთულდება, გარკვეულ შემთხვევებში კი შეუძლებელიც ხდება. ბუნებრივია, არსებობს ინტერესი, რომ ესა თუ ის სახელმწიფო ფუნქცია სათანადოდ განხორციელდეს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია, გონივრული იყოს გარკვეული პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის ასაკით შემოფარგვლა. თუმცა, ამა თუ იმ დაწესებულების ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ასაკოვანი პირების დაცვა დისკრიმინაციისა და სტიგმატიზებისგან. ის ფაქტი, რომ ზოგადად ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური ამტანობის შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი ბლანკეტური შეზღუდვის დაწესების თვითკმარი საფუძველი. ამგვარი მიდგომა გაუმართლებლად ფართო სივრცეს დატოვებდა ასაკის ნიშნით ადამიანების დიფერენცირებისთვის, რაც, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში არ იყოს განპირობებული რაციონალური და ობიექტური საჭიროებით და, შედეგად, მოახდინოს გარკვეულ ზღვრულ ასაკს მიღწეული ადამიანების თვითმიზნური დისკრიმინაცია. შესაბამისად, კანონმდებელმა ხსენებული ურთიერთობები იმგვარად უნდა დაარეგულიროს, რომ დაცული იყოს გონივრული ბალანსი ასაკოვან თანამდებობის პირთა უფლებებსა და კონკრეტული პოზიციის მახასიათებლებით განპირობებულ საჯარო ინტერესებს შორის.[2]
სახალხო დამცველი ხსენებულ წესთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ადამიანის ფიზიკური უნარები ინდივიდუალურია და, 60 წლის ასაკს მიღწეულ პირებს შორის, შესაძლოა, მართლაც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მონაცემები არ შეესატყვისება უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფუნქციებს. თუმცა, ფიზიკური მონაცემების დაქვეითება და ჯანმრთელობის გაუარესება არ არის 60 წლის ასაკის მიღწევით გამოწვეული და პირდაპირ არ უკავშირდება ამ ასაკობრივ ჯგუფში მოხვედრას. შესაბამისად, ამ ასაკობრივი ზღვრის დაწესება არ არის ასაკიდან გამომდინარე ფიზიკური მონაცემების დაქვეითებისა თუ ჯანმრთელობის გაუარესების განსაზღვრის რაციონალური კრიტერიუმი.
სახალხო დამცველის პოზიციით, ამგვარი ბლანკეტური შეზღუდვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას, რადგან ნორმა თავისთავად გამორიცხავს განსხვავებული შემთხვევის არსებობის შესაძლებლობას და უმცროსი წოდების მქონე მოსამსახურე ზღვრული ასაკის მიღწევისთანავე კარგავს სამსახურს. შესაბამისად, ამგვარი შეზღუდვა არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი და რაციონალური საშუალება. (აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით).
სახალხო დამცველმა ზღვრული ასაკის დადგენა ბლანკეტურად და დისკრიმინაციულად მიიჩნია ასევე, ხანდაზმულთა სოციალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით განხილულ საქმეზე. განცხადება შეეხებოდა 70 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის სამოგზაურო დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.[3] კერძოდ, ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის სამოგზაურო დაზღვევასთან დაკავშირებული პოლიტიკა, გარდა იმისა, რომ ბუნდოვნად აყალიბებდა ხანდაზმულთა დაზღვევის შესაძლებლობას, პრაქტიკაში, საერთოდ გამორიცხავდა 70 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების სამოგზაურო დაზღვევით უზრუნველყოფას. განმცხადებლის მოსაზრებით, სამოგზაურო დაზღვევის პოლიტიკით დადგენილი პირობების შედეგად, ხანდაზმული ადამიანები იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ აქტიურ ცხოვრებაზე და მოგზაურობაზე. მისი განმარტებით, ამგვარი დამოკიდებულება ხანდაზმულ ადამიანებს უზღუდავდა შესაძლებლობას, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ.
მიზეზი, ამგვარი სადაზღვეო პოლიტიკის შემუშავების, ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას იმით, რომ კომპანიები სეგმენტაციის ტექნიკას იყენებენ, რაც ავტომატურად დისკრიმინაციას არ ნიშნავს, თუკი მზღვეველს მისი დასაბუთება შეუძლია.
სეგმენტაციის ტექნიკის გამოყენების დროს:
· უნდა არსებობდეს ზუსტი, ახალი და რელევანტური მონაცემები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ასაკი მომატებულ რისკთან არის დაკავშირებული;
· აპლიკანტის მდგომარეობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და შესაძლო უარი არ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ასაკს;
· განსხვავებულ მოპყრობას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და მისი მიღწევისთვის საჭირო ზომები სათანადო და აუცილებელი უნდა იყოს.[4]
ამდენად, მხოლოდ ასაკი არ უნდა იქნას მიჩნეული ჯანმრთელობის მდგომარეობის საკმარისად ზუსტ ინდიკატორად. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ასაკი სტატისტიკურად არის დაკავშირებული ავადობის მაღალ მაჩვენებელთან, ადამიანის ინდივიდუალური გარემოებები შესაძლოა იმდენად განსხვავდებოდეს არსებული ტენდენციისგან, რომ ასაკი ამ ინდივიდზე დასკვნის გასაკეთებლად არასწორი ინდიკატორი აღმოჩნდეს.[5]
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან სამოგზაურო დაზღვევის ხელშეკრულების დადებაზე უარი ეფუძნებოდა მხოლოდ განმცხადებლების ასაკს. მსგავსი მიდგომა ასაკოვანი ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება და სადაზღვევო კომპანიების მსგავსმა ბლანკეტურმა მიდგომამ, შესაძლოა, მიუწვდომელი გახადოს ხანდაზმული ადამიანებისთვის სამოგზაურო დაზღვევა, რაც, თავის მხრივ, მიმოსვლის თავისუფლების უფლებაში ჩარევასაც გულისხმობს. შესაბამისად, სახალხო დამცველმა დაადგინა სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, რასაც საფუძვლად დაედო სამოგზაურო დაზღვევის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის დასაბუთება მხოლოდ განმცხადებლების ასაკზე მითითებას შეიცავდა.
სახალხო დამცველმა ბლანკეტური აკრძალვის გამო, ბარში შესვლისთვის დადგენილი ასაკობრივი ზღვარიც დისკრიმინაციად მიიჩნია.[6]კერძოდ, ერთ-ერთ დაწესებულებაში სრულწლოვან პირთა გარკვეულ ჯგუფს (18-21 წლამდე მამაკაცებს) გაუმართლებლად ეზღუდებოდა საჯაროდ შეთავაზებულ სერვისზე ხელმისაწვდომობა მათი სქესისა და ასაკის გამო. დაწესებულების მიდგომა იყო სუბიექტური მოსაზრებებით განპირობებული და არ ჰქონდა არანაირი ობიექტურად დადგენილი საფუძველი, გარდა კონკრეტული ასაკის ადამიანების განვითარებას, ჩამოყალიბებასა და ქცევებთან დაკავშირებული სტერეოტიპული და მცდარი შეხედულებებისა. შესაბამისად, შეზღუდვა არ იქნა მიჩნეული დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და კონფლიქტის პრევენციის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.
ზემოთ განხილული შემთხვევების მსგავსად, №1583 კონსტიტუციური სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ზღვრული ასაკის დადგენის გზით ბლანკეტური აკრძალვის დაწესება. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე პირს, 50 წლის შესრულების შემდგომ, მიუხედავად მისი ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ერთი მხრივ, კანონმდებლობით ეკრძალება საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ასაკის მიღწევა არის მანდატურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 14 დეკემბრის N3/2/767,1272 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ანალოგიური შინაარსის ნორმა, რომელიც საერთო სასამართლოებში მანდატურის თანამდებობაზე მუშაობისთვის განსაზღვრავდა ზღვრულ ასაკს - 50 წელს. სადავო ნორმა, ისე რომ არ ხდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ავტომატურად ითვალისწინებდა პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.
აღნიშნულ საქმეზე, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა სასამართლოს მანდატურის სამსახურის ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვან საჯარო ინტერესად მიიჩნია.
როგორც საერთო სასამართლოებში, ისე საკონსტიტუციო სასამართლოში მანდატურის უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელება, მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პირის ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.[7] თუმცა, სასამართლოს განმარტებით, 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, არ განაპირობებს პირის ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებას, რომ მან ვერ შეძლოს სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სრულფასოვნად შესრულება.[8]
აღნიშნულიდან გამომდინარე, 50 წლის ასაკის მიღწევა თავისთავად არ მიუთითებს იმაზე, რომ პირს დაქვეითებული აქვს სასამართლოს მანდატურისათვის საჭირო ფიზიკური მონაცემები. სასამართლოს განმარტებით, 50 წლის ასაკის მიღწევა არ არის ის თავისთავადი გარემოება, რომელიც დააქვეითებს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეასუსტებს ფიზიკურ მონაცემებს და შეუძლებელს გახდის მის მიერ მანდატურის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 50 წელს მიღწეულ და მიუღწეველ მოქალაქეებს შორის დადგენილი დიფერენცირება არ იყო რაციონალურ კავშირში დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან. ამგვარად, არ არსებობდა ასაკობრივი ნიშნით დაწესებული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება და ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.
ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, შესაძლოა, რაციონალურ ფაქტორებსაც ემყარებოდეს და სოციალურ, ეკონომიკურ მიზნებს ემსახურებოდეს. თუმცა, ასევე შესაძლოა, ასეთი მიდგომა განზოგადებულ დასკვნებს და სტერეოტიპებს ეფუძნებოდეს. ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვერპლი შესაძლოა გახდნენ როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმული ადამიანები. ეს ვარაუდები და დასკვნები ხშირად შეცდომაში შემყვანია და ვერ ასახავს ადამიანების ინდივიდუალურ მრავალფეროვნებას. ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია ნეგატიურ სოციალურ შედეგებსაც იწვევს, როგორიცაა საზოგადოებისგან გარკვეული ასაკის ადამიანების გარიყვა და საბაზისო სერვისებსა და პროდუქტებზე მიუწვდომლობა.[9]
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ როგორც საერთო სასამართლოების, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში, დადგენილი მზღუდავი ნორმა და მანდატურის უფლება-მოვალეობები არსებითად ერთნაირი შინაარსს ატარებს, მიგვაჩნია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად უნდა ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, არსებითად განხილვის გარეშე.
[1] „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-9 მუხლების შესაბამისად, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახალხო დამცველი შეისწავლის და განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება, II-22;
[3] საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 2 სექტემბერის რეკომენდაცია (იხ.: https://www.ombudsman.ge/geo/191127024245skhva-nishani/sakhalkho-damtsvelma-samogzauro-dazghvevaze-khelmisatsvdomobis-shezghudva-khandazmuli-adamianebis-mimart-diskriminatsiad-miichnia );
[4] Equinet European network of equality bodies, “Fighting Discrimination on the Ground of Age”, p.g. 35-36;
[5] European Commission, age discrimination and european law - Employment & social affairs, Fundamental rights and anti-discrimination; 2005, p.g. 35- 37;
[6] საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 22 იანვრის რეკომენდაცია, იხ.: https://www.ombudsman.ge/geo/191127024245skhva-nishani/sakhalkho-damtsvelma-barshi-shesvlistvis-dadgenili-asakobrivi-zghvari-diskriminatsiad-miichnia
[7] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლით და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321-ე მუხლით დადგენილი მანდატურის უფლება-მოსილებები არსებითად ერთნაირი შინაარსი არის;
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 14 დეკემბრის N3/2/767,1272 გადაწყვეტილება, II-24;
[9] European Commission, age discrimination and european law - Employment & social affairs, Fundamental rights and anti-discrimination; 2005, p.g. 12;