საქართველოს მოქალაქეები - თამარ პაპაშვილი და ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/3-1/755 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 19 მაისი 2016 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქეები - თამარ პაპაშვილი და ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს პარლამენტისა და“, „ც“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტის, 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, 1101 მუხლის, 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების, 125-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №755) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა თამარ პაპაშვილმა და ანა ბერიძემ.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციურ ნორმას, ხოლო 28-ე მუხლით დაცულია არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება.
4. სადავო ნორმები აწესრიგებს საქართველოს პარლამენტის არჩევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, კერძოდ, ისინი განსაზღვრავს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის წესს, მანდატების რაოდენობას თითოეულ საარჩევნო ოლქში, აგრეთვე მიღებული მანდატების განაწილების საკითხებს.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და ხმა მისცენ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით, თუმცა მოქმედი საარჩევნო სისტემა არ უზრუნველყოფს მანდატებში მათი ხმების პროპორციულ და ადეკვატურ გარდასახვას.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, მოქმედი საარჩევნო სისტემით, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელსაც მხარს უჭერს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი (50% მეტი), რაც იწვევს დარჩენილ ამომრჩეველთა ხმების დაკარგვას და მათ ერთმევათ საქართველოს პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლის არჩევის უფლება, რაც საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვას იწვევს.
7. კონსტიტუციურ სარჩელის მიხედვით, მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის შედეგად მოპოვებული მანდატები ჯამდება მექანიკურად. აქედან გამომდინარე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატები შეიძლება პროპორციულ არ ასახავდეს მათ მიერ მიღებულ ხმებს. მოსარჩელეთა, აზრით, თეორიულად შესაძლებელია, რომ ძლიერმა საარჩევნო სუბიექტებმა მიიღონ იმაზე ორჯერ (ან მეტჯერ) მეტი საპარლამენტო მანდატი, ვიდრე ეს გამომდინარეობს არჩევნებში მიღებული ხმებისგან, განსხვავებით სუსტი საარჩევნო სუბიექტებისგან.
8. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მაჟორიტარული სისტემა თავისთავში მოიცავს ხმათა გარკვეული ოდენობის დაკარგვის შესაძლებლობას, თუმცა საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, შექმნას ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელშიც ხმები ნაკლებად დაიკარგება. მოსარჩელეთა აზრით, ამგვარი რეგულირება იქნება უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება. ამ თვალსაზრისით კონსტიტუციურ სარჩელში განხილულია რამდენიმე საარჩევნო სისტემა.
9. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით. სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, აგრეთვე სამეცნიერო და ანალიტიკურ პუბლიკაციებს.
10. კონსტიტუციური სარჩელის კოლეგიებს შორის განაწილებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარემ მიიჩნია, რომ განსახილველმა საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, 2016 წლის 17 მაისს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა N755 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმის მიერ განხილვის საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 1 ივნისს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს საპარლამენტო მანდატების განაწილების არსებულ წესთან დაკავშირებით. განსაზღვროს, რამდენად ზღუდავს აღნიშნული წესი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებს. განსახილველი საკითხი განსაკუთრებით პრობლემატური შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ იმ ნორმებთან კავშირში, რომლებიც ადგენს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და მანდატების განაწილების წესს, თუმცა არ არის მოთავსებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე - ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენ თავში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება მოუწიოს საარჩევნო უფლებების განმარტება და დაცული სფეროს განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციაში არსებული არჩევნების მომწესრიგებელი სხვა ნორმების პარალელურად. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ განსახილველმა საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა.
2. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ მართებულია N755 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 212 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს N755 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი