საქართველოს მოქალაქეები - თამარ პაპაშვილი და ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/6/755 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 20 ივლისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ივლისი 2016 21:42 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქეები - თამარ პაპაშვილი და ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს პარლამენტისა და“, „ც“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტის, 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, 1101 მუხლის, 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების, 125-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - ვახტანგ მენაბდე.მოპასუხე მხარის წარმომადგენლები - თამარ მესხია და ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №755) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - თამარ პაპაშვილმა და ანა ბერიძემ.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2016 წლის 17 მაისს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2016 წლის 19 მაისს №3/3-1/755 საოქმო ჩანაწერით №755 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო პლენუმზე განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 1-ელ ივნისს.
4. №755 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციურ ნორმას, ხოლო 28-ე მუხლით დაცულია არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება.
6. სადავო ნორმები აწესრიგებს საქართველოს პარლამენტის არჩევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, კერძოდ, ისინი განსაზღვრავს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის წესს, მანდატების რაოდენობას თითოეულ საარჩევნო ოლქში, აგრეთვე მიღებული მანდატების განაწილების საკითხებს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და ხმა მისცენ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით, თუმცა მოქმედი საარჩევნო სისტემა არ უზრუნველყოფს მათი ხმების პროპორციულ და ადეკვატურ გარდასახვას მანდატებში.
8. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე მაჟორიტარული არჩევნები ტარდება ერთმანდატიან ოლქებში, სადაც გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც კონკრეტულ ოლქში პირველ ან მეორე ტურში ამომრჩევლების 50%+1 ხმას მიიღებს. პროპორციული წესით პარლამენტში ხვდებიან ის პარტიები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლის ხმების 5%-ს მოაგროვებენ.
9. კონსტიტუციურ სარჩელის მიხედვით, მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის შედეგად მოპოვებული მანდატები ჯამდება მექანიკურად. აქედან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატები შეიძლება პროპორციულად არ ასახავდეს მათ მიერ მიღებულ ხმებს. მოსარჩელეთა აზრით, თეორიულად შესაძლებელია, რომ ძლიერმა საარჩევნო სუბიექტებმა მიიღონ იმაზე ორჯერ (ან მეტჯერ) მეტი საპარლამენტო მანდატი, ვიდრე ეს გამომდინარეობს არჩევნებში მიღებული ხმებისგან, განსხვავებით სუსტი საარჩევნო სუბიექტებისგან.
10. მოსარჩელეთა განმარტებით, მოქმედი საარჩევნო სისტემით, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელსაც მხარს უჭერს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი, რაც იწვევს დარჩენილ ამომრჩეველთა ხმების დაკარგვას და მათ ერთმევათ საქართველოს პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლის არჩევის უფლება, რაც საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვას იწვევს.
11. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მაჟორიტარული სისტემა თავისთავში მოიცავს ხმათა გარკვეული ოდენობის დაკარგვის შესაძლებლობას, თუმცა საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, შექმნას ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელშიც ხმები ნაკლებად დაიკარგება. მოსარჩელეთა აზრით, ამგვარი რეგულირება იქნება უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება. ამ თვალსაზრისით კონსტიტუციურ სარჩელში განხილულია რამდენიმე საარჩევნო სისტემა.
12. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით. სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, აგრეთვე სამეცნიერო და ანალიტიკურ პუბლიკაციებს.
13. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები მიეკუთვნება საქართველოს საარჩევნო კოდექსს, რომლითაც მოწესრიგებულია არჩევნების ჩატარების წესი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 36-ე მუხლის თანახმად, არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის, საქართველოს პრეზიდეტისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შეიტანება ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნამდე არაუგვიანეს 30 დღისა. მოპასუხე მიუთითებს, რომ აღნიშნული ვადა არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა ეხება არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, ჩატარდება 2016 წლის 8 ოქტომბერს და სარჩელის მოთხოვნაც არსებითად მიემართება არჩევნების ჩატარებისას ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას. მისი აზრით, არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ მითითებული კომპეტენციის ფარგლებში. ამდენად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არასწორად იდენტიფიცირებული კომპეტენციით, არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და, შესაბამისად, საკანონმდებლო ვადის დარღვევით.
14. მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნორმებიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მანდატების გადანაწილებას ეხება მხოლოდ საარჩევნო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი პუნქტი და 125-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები. ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მანდატების გადანაწილებას - მე-2 მუხლის „ლ“ და „ც“ ქვეპუნქტები, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, 110-ე მუხლის პირველი პუნქტი, 1101 მუხლი და 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება.
15. მოპასუხე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება მანდატების გადანაწილების ზოგად წესს, რომელიც თავისი არსით შეიძლება მოიაზრებოდეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის, 125-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, 1101 მუხლის და 125 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების ნორმატიულ შინაარსში. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მისაღებად აუცილებელია ყველა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება ინდივიდუალურად და შესაბამისი მტკიცებულებების დასახელება. მოპასუხე მხარის განმარტებით, მითითება, რომ სადავო ნორმები ქმნიან ერთიან წესს, რაც მთლიანობაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არ არის საკმარისი სადავოდ გამხდარი ყველა ნორმის არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად და, შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული.
16. ანალოგიურად, მოპასუხე აღნიშნავს, რომ, ასევე, იმ სადავო ნორმებთან მიმართებით, რომლებიც გასაჩივრებულია მოსარჩელეების მიერ და არ ახლავს შესაბამისი დასაბუთება, არ უნდა იქნეს მიღებული. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნოო კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვებს: „საქართველოს პარლამენტისა და ...“, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს, 109-ე მუხლის პირველ პუნქტს და 125-ე მუხლის მე-4 პუნქტს, არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული. ამასთან, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 109-ე მუხლის პირველი პუნქტი და 125-ე მუხლის მე-4 პუნქტი სიტყვასიტყვით იმეორებს საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის და 50-ე მუხლის მეორე პუნქტის ჩანაწერს. კონსტიტუციურ სარჩელში კი მოყვანილი არ არის არგუმენტაცია, რომელიც აღნიშნული ნორმების არსებობის პრობლემატურ ნორმატიულ შინაარსს დაასაბუთებდა.
17. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს, მოპასუხე განმარტავს, რომ ეს ნორმა მითითებითია და რეალურად ადგენს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები იქმნება, მათი საზღვრები და ნორმები განისაზღვრება საარჩევნოს კოდექსის სხვა მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, მითითებული ნორმა გავლენას არ ახდენს მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობაზე.
18. მოპასუხემ მიუთითა, რომ კონსტიტუციური სარჩელით სადავო ნორმები გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით. თუმცა კონსტიტუციის 28-ე მუხლი შედგება ორი პუნქტისგან, მოსარჩელის არგუმენტაცია კი მიემართება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტს. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
19. მოპასუხე მხარის აზრით, საარჩევნო უფლება და თანასწორობა საარჩევნო უფლების რეალიზაციისას „თავისთავად, არ მოითხოვს რომელიმე კონკრეტული საარჩევნო მოდელის ჩამოყალიბებას“, ხოლო მოსარჩელის მთავარი არგუმენტაცია მიმართულია კონკრეტული საარჩევნო მოდელის მოთხოვნისკენ, მაჟორიტარული სისტემის უგულებელყოფით მხოლოდ პროპორციული სისტემის დამკვიდრებისკენ. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობს კონსტიტუციის მიზნებიდან, რომელიც მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობას, რითაც ამკვიდრებს შერეულ საარჩევნო სისტემას.
20. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პირობებში ხალხი უშუალოდ ირჩევს კონკრეტულ სუბიექტს და არა პარტიას, თუნდაც ის ამა თუ იმ პარტიის მიერ იყოს წარდგენილი, რაც გამორიცხავს მაჟორიტარული სისტემის პირობებში დიდი და პატარა პარტიების ამომრჩეველთა შედარებად კატეგორიად მიჩნევას.
21. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ ვადის დარღვევით, მოსარჩელე მხარეს არასწორად ესმის სადავო ნორმების შინაარსი, ამასთან, იგი ვერ ასაბუთებს სადავოდ გამხდარი ნორმების მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის იდენტიფიცირებულ უფლებებთან, შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის N2/2/438 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”). კონსტიტუციურ სარჩელში გამოკვეთილი უნდა იყოს „აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლთან მიმართებით.
4. საქართველოს საარჩევნოო კოდექსის განსახილველი ნორმა წარმოადგენს მითითებით ნორმას, რომელიც მიუთითებს საქართველოს საარჩევნოო კოდექსის 110-ე და 1101 მუხლებით განსაზღვრულ წესზე. საქართველოს საარჩევნოო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი არ ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატების რაოდენობისა თუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების დათვლის წესს.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია მიემართება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე და 1101 მუხლებით დადგენილ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატების განაწილების წესს, თუმცა მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთება, რომელიც წარმოაჩენდა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს უშუალოდ, 110-ე და 1101 მუხლებისგან დამოუკიდებლად, გააჩნია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემური ნორმატიული შინაარსი.
6. ამდენად, №755 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნოო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. მოსარჩელე მხარე ითხოვს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით.
8. საქართველოს საარჩევნოო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „საქართველოს პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე“. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა პრობლემატურია, ვინაიდან იგი ითვალისწინებს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატების მექანიკურად დაჯამების წესს.
9. სადავო ნორმა განსაზღვრავს, მაჟორიტარული და პროპრციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობას საქართველოს პარლამენტში და იგი არ არეგულირებს საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული მანდატების ჯამური რაოდენობის გამოთვლის წესს. ამდენად, სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელისთვის პრობლემური ნორმატიული შინაარსი.
10. აქედან გამომდინარე, №755 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს საარჩევნოო კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით.
12. საქართველოს საარჩევნოო კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა“.
13. მითითებული ნორმა განსაზღვრავს ორ წესს, კერძოდ, ადგენს მინიმალურ სარჩევნო ბარიერს (5%) და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ჩათვლის საკითხს. კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, ცხადია, რომ აღნიშნული რეგულირების კონსტიტუციურობის შემოწმება არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილს. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე არ მოუყვანია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ სადავო ნორმას გააჩნია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული რომელიმე პრობლემური ნორმატიული შინაარსი.
14. აქედან გამომდინარე, №755 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რაც მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზეც დაადასტურა, ის მოითხოვს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „საქართველოს პარლამენტისა და“, „ც“ ქვეპუნქტის, 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, 1101 მუხლის, 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
16. კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის საყოველთაო პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ კანონით დადგენილი მოპყრობა თანასწორი უნდა იყოს არსებითად თანასწორ პირებს შორის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად აუცილებელია, მოსარჩელემ დაანახვოს სასამართლოს, რომ ნორმა ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას, კერძოდ, არსებითად თანასწორ სუბიექტებს ეპყრობა უთანასწოროდ ან პირიქით.
17. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული მანდატების საერთო რაოდენობა გამოითვლება პროპორციული და მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების მექანიკური დაჯამებით. შედეგად, გამარჯვებული საარჩევნო სუბიეტის მიერ მიღებული ხმების ოდენობა უფრო მაღალი პროპორციით გარდაისახება საპარლამენტო მანდატებში იმ სუბიექტთან შედარებით, ვინც ნაკლები ხმათა ოდენობა მოაგროვა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მათ, როგორც ფიზიკურ პირებს, ერღვევათ თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი.
18. მოსარჩელე მხარის მიერ უთანასწორო მოპყრობის კრიტერიუმი უკავშირდება ხმათა გარდასახვის შესაძლო პრობლემას კონკრეტული პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები თანაბრად ვრცელდება და თანაბარ პირობებს ადგენს ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტისთვის, მათი ამომრჩევლებისთვის და მათ გააჩნიათ ნეიტრალური შინაარსი. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ სადავო ნორმები ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის.
19. ამდენად, №755 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „საქართველოს პარლამენტისა და“, „ც“ ქვეპუნქტის, 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, 1101 მუხლის, 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
20. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „საქართველოს პარლამენტისა და“, „ც“ ქვეპუნქტის, 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, 1101 მუხლის, 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
21. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული“.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის „28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ისახავს მკაფიო მიზანს – საარჩევნო უფლების მქონე პირთა წრიდან გამორიცხოს მოქალაქე [მოქალაქეთა განსაზღვრული ნაწილი]... ალოგიკურია ამ ჩანაწერის ფართო გაგება. მას ნათლად ჩამოყალიბებული იმპერატიული, ამკრძალავი ხასიათი აქვს და გამორიცხავს თავისუფალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის N2/1/431 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შალვა რამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
23. ცხადია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ განსაზღვრავს საარჩევნო უფლებას, მასთან დაკავშირებულ რომელიმე უფლებრივ კომპონენტს ანდა აღნიშნული უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის მიზანია, გარკვეული შეზღუდვების დაწესება და მას უფლებააღმჭურველი შინაარსი არ გააჩნია. შესაბამისად, განსახილველი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში უფლების შემზღუდველი საკანონმდებლო რეგულირების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის განსახილველ მუხლთან მიმართებით ვერ შეფასდება.
24. ამდენად, №755 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „საქართველოს პარლამენტისა და“, „ც“ ქვეპუნქტის, 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, 1101 მუხლის, 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
25. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მისი აზრით, განსახილველი კონსტიტუციური სარჩელი თავისი არსით წარმოადგენს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დავას, ხოლო ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ დავაზე კონსტიტუციური სარჩელის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს. საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს უპასუხოს აღნიშნულ არგუმენტაციას.
26. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაწყვეტოს დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ.
27. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს გააჩნიათ უფლებამოსილება, იდავონ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე მსჯელობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა კატეგორიის სუბიექტების მომართვის შედეგად, სხვადასხვა კომპეტენციების ფარგლებში, არ არის გამორიცხული, რომ მათ ჰქონდეთ გარკვეული შემხებლობა. ამავდროულად, თითოეულ საქმეს გააჩნია ინდივიდუალური სამართლებრივი მიზანი/დანიშნულება/შედეგი და მოსარჩელე მხარის სუბიექტუნარიანობის თვალსაზრისით ისინი ერთმანეთზე გავლენას ვერ მოახდენენ. ამდენად, თავისთავად გარემოება, რომ სადავო ნორმებით მოწესრიგებულია არჩევნების ჩატარების წესი, წარმოადგენენ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს და მათი შეფასება შესაძლებელია, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ვერ შეზღუდავს ფიზიკური პირის უფლებას, იდავოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შესაძლოდ დამრღვევი ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
28. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში არაერთხელ უმსჯელია არჩევნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/3/591, N3/2/588, N1/3/54, N1/1/493 გადაწყვეტილებები).
29. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელსა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ ჩამოყალიბებული პოზიციიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობა არ წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №755 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №755 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - თამარ პაპაშვილი და ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „საქართველოს პარლამენტისა და“, „ც“ ქვეპუნქტის, 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, 1101 მუხლის, 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N755 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - თამარ პაპაშვილი და ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა. საქართველოს საარჩევნოო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტის და 125-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით;
ბ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „საქართველოს პარლამენტისა და“, „ც“ ქვეპუნქტის, 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, 1101 მუხლის, 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი