კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/2/1428 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 ივლისი 2021 19:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის პირველი წინადადების და მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე ‒ კობა თოდუა; მოსარჩელე მხარის, კობა თოდუას წარმომადგენელი ‒ ირაკლი ნარმანია; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ‒ რუსუდან მუმლაური და ბაჩანა სურმავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1428) მომართა საქართველოს მოქალაქე კობა თოდუამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/18/1428 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1428 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 3 თებერვალს.
2. №1428 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობასა და დასაბუთებულობას სააპელაციო სასამართლო ამოწმებს ზეპირი მოსმენის გარეშე, შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარს. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციური უფლება.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე. მოსარჩელის განცხადებით, მან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და მიიღო განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ. აღნიშნული განჩინება მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის სადავო ნორმები იმგვარად არის ფორმულირებული, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს იმპერატიულად ავალდებულებს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმება, ხოლო შემდგომში, შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვა განახორციელონ ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. მოსარჩელის განმარტებით, შუამდგომლობის დასაშვებობა შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ფორმალური მოთხოვნების დაცვასთან და სასამართლომ იგი შეამოწმოს ზეპირი მოსმენის გარეშე, მაგრამ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმება, მისი შინაარსობრივი მხარეა და ამისათვის უნდა არსებობდეს ამ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობა. ახლად გამოვლენილი გარემოება, უმრავლეს შემთხვევაში, დაკავშირებულია ახალ ფაქტთან ან/და ახალ მტკიცებულებასთან, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა, კითხვები გაუჩნდეს როგორც მოსამართლეს, ისე მოწინააღმდეგე მხარეს. ამ კითხვებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის მხოლოდ შუამდგომლობის ავტორს შეუძლია შესაბამისი განმარტებების გაკეთების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, საქმის სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად განხილვის მიზნით, შუამდგომლობის ავტორს უნდა ჰქონდეს უფლება, ზეპირი მოსმენის ფარგლებში, წარდგეს სასამართლოს წინაშე, რათა დააზუსტოს გარკვეული დეტალები და გააკეთოს განმარტებები მის მიერ წარმოდგენილ ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით.
8. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმები, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციაში გამორიცხავს ზეპირი მოსმენის გამართვის შესაძლებლობას, რითაც, ერთი მხრივ, შუამდგომლობის ავტორს ერთმევა შუამდგომლობის სრულყოფილად დასაბუთების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, თავად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარეებს დაუსვას დამაზუსტებელი კითხვები ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნულმა ფაქტორებმა, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, არსებითი გავლენა იქონიოს სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.
9. №1428 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განცხადებით, სადავო ნორმები იმგვარად უნდა იქნეს ფორმულირებული, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი საფუძვლით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმება სააპელაციო სასამართლოში განხორციელდეს ზეპირი მოსმენის ფორმატში, ხოლო საკასაციო საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გამართვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ზეპირი მოსმენის ფორმატში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმება არა მხოლოდ უზრუნველყოფს მხარეთა არგუმენტების სრულფასოვან წარმოჩენას სასამართლოს წინაშე, არამედ, იმავდროულად, იგი არის ახლად გამოვლენილი მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევის და მისი მოპოვების კანონიერების შემოწმების უალტერნატივო საშუალება.
11. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
12. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო კონსტიტუციური სარჩელი. კერძოდ, მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ აღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო ყოველ ჯერზე ვალდებულია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაბუთებულობა, ისევე როგორც საკასაციო საჩივარი, შეამოწმოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საკითხის ამგვარი ბლანკეტური მოწესრიგება ვრცელდება, მათ შორის, ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისას შესაფასებელია ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოსამართლეს მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის გამართვა.
13. მოპასუხე მხარის პოზიციით, იმისთვის, რომ სადავო ნორმები შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ დისკრეციული უფლებამოსილება, თავად გადაწყვიტონ ზეპირი მოსმენის ჩატარების საკითხი. სამართლებრივი ურთიერთობის ამგვარი რეგულირება, ერთი მხრივ, საქმის განმხილველ მოსამართლეს მისცემს შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად განსაზღვროს შესაფასებელი მოცემულობის სირთულე და სერიოზულობა და, აქედან გამომდინარე, დაადგინოს ზეპირი მოსმენის ჩატარების საჭიროება, ხოლო, მეორე მხრივ, დააზღვევს სასამართლოების ხელოვნურ გადატვირთულობას იმგვარი შუამდგომლობებისა და საკასაციო საჩივრებისაგან, რომელთა გადაწყვეტისათვის, მოსამართლის შეფასებით, არ არის მიზანშეწონილი ზეპირი მოსმენის გამართვა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის სადავო ნორმებით მოწესრიგებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობის, დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის შემოწმების წესი, შესაბამისად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში.
2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის წესი მის მიმართ არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსთვის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართვისას, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ზეპირი მოსმენის ფორმატში წარუდგინოს მოსაზრებები სასამართლოს.
3. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო კონსტიტუციური სარჩელი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს კონსტიტუციური სარჩელი. იმავდროულად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ავტომატურად დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, ... საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, გააგრძელოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება და გადაწყვიტოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/505 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული დავის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასთან მიმართებით საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების ფარგლები და დაადგინოს, ხდება თუ არა სადავო ნორმებით უფლებაში ჩარევა. უფლების შეზღუდვის დადასტურების შემთხვევაში კი, შეაფასოს შეზღუდვის შესაბამისობა კონსტიტუციის მოთხოვნებთან.
1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცული სფერო
5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
7. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს. „საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61).
9. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება ხელს უწყობს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, აძლიერებს მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და ამცირებს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საფუძვლების დაუსაბუთებლობის ან/და უკანონობის არსებობას/არსებობის ალბათობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41).
10. ამდენად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტია. იგი ხელს უწყობს საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას და, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურად განხორციელებას.
2. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობის და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
11. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით მოწესრიგებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმების წესი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი აწესრიგებს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვის პროცედურას საკასაციო სასამართლოში. გასაჩივრებული დებულებები მიუთითებს, რომ, როგორც შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმება, ისე საკასაციო საჩივრის განხილვა სასამართლოს მიერ ხდება ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე. ნორმების ამგვარი ფორმულირება თავისთავად გამორიცხავს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ საკითხის ზეპირი მოსმენის გზით განხილვის შესაძლებლობას.
12. ზემოაღნიშნულ მსჯელობას ადასტურებს აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაც. კერძოდ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობასა და დასაბუთებულობას სააპელაციო სასამართლოები ყოველთვის ამოწმებენ ზეპირი მოსმენის გარეშე. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული. თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნობს მას“ (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის №1/აგ-53-2019წ. განჩინება). ანალოგიური მოწესრიგებაა საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაშიც, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის №25აგ-17 განჩინება).
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების ანალიზის საფუძველზე, ისევე, როგორც საერთო სასამართლოების რელევანტურ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ცხადი ხდება, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის/საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების არსებული მოდელი უფლებამოსილ საერთო სასამართლოებს არ აძლევს შესაძლებლობას, საკითხი განიხილონ ზეპირი მოსმენის ფორმატში. ამგვარად, სააპელაციო სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმებისას, ხოლო საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განხილვისას, ვალდებულია, ყოველ ჯერზე, შუამდგომლობა/საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
14. როგორც №1428 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელემ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმართა სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის წარდგენისას მოსარჩელე წარმოადგენდა მსჯავრდებულს. სააპელაციო სასამართლომ, სადავო ნორმების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა და განჩინებით დაუშვებლად ცნო იგი. მოსარჩელე მხარემ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით, თუმცა სადავო ნორმები საკასაციო საჩივრის განხილვას ითვალისწინებს ასევე ზეპირი მოსმენის გარეშე.
15. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მის საქმეზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა განაპირობა სწორედ ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის განხილვამ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში შუამდგომლობის დასაბუთებულობის ზეპირი მოსმენის გზით შემოწმების ან საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში, დადგებოდა არსებულისგან განსხვავებული შედეგი. კერძოდ, ზეპირი მოსმენის გამართვის შემთხვევაში, სხდომაზე მსჯავრდებული/მისი ადვოკატი მოახერხებდა სასამართლოს დარწმუნებას, რომ სახეზე იყო ახლად გამოვლენილი გარემოება, კერძოდ, ახალი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა მოწმის ჩვენების სიყალბე და, შესაბამისად, მსჯავრდებულის უდანაშაულობა.
16. ამდენად, მოსარჩელე მხარეს, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შეუსაბამოდ მიაჩნია მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ სააპელაციო/საკასაციო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმება/საკასაციო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს და შუამდგომლობას დასაშვებად არ ცნობს.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს სწორედ იმ შემთხვევასთან მიმართებით, როდესაც შუამდგომლობის/საკასაციო საჩივრის ავტორს წარმოადგენს მსჯავრდებული/მისი ადვოკატი, ხოლო სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე, უარს ეუბნება მას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაშვების თაობაზე.
18. როგორც აღინიშნა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სადავო ნორმები კი გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, ისარგებლოს აღნიშნული უფლებრივი კომპონენტით. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას.
3. უფლების შეზღუდვის გამართლება
3.1. ზოგადი პრინციპები/შეფასების ტესტი
19. მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 15).
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვას ექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი უფლებრივი კომპონენტიც, როგორიცაა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით. „მიუხედავად იმისა, რომ საქმის ზეპირი განხილვა ... სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია, ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის განხილვა/გადაწყვეტა თავისთავად და ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65). მაშასადამე, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გზითაც.
21. ამასთან, უფლების შეზღუდვის დროს აუცილებელია, დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60).
3.2. ლეგიტიმური მიზანი
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რათა გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15). შესაბამისად, წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმებით განსაზღვრული რეგულირება.
23. №1428 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, როგორც აღინიშნა, მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო კონსტიტუციური სარჩელი და განმარტა, რომ გასაჩივრებულ ნორმებს კონსტიტუციურობის პრობლემა აქვთ, მათ შორის, ლეგიტიმური მიზნის არსებობის თვალსაზრისითაც, შესაბამისად, მოპასუხე მხარემ, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არ დაასახელა.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების ფარგლებში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის შებოჭილი მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნებით, ისევე როგორც მოპასუხე მხარის მიერ ლეგიტიმური მიზნის დასახელებისგან თავის შეკავება, თავისთავად, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ვერ განაპირობებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო თავად დაადგენს სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს.
25. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის ლეგიტიმური მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17-21; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68-69; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20-24).
26. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ფარგლებში, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს ავალდებულებს მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის, ხოლო შემდგომში, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმება განახორციელონ ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე.
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვა, როგორც მინიმუმ, თავის თავში გულისხმობს სასამართლოში სხდომის ჩატარებას და სასამართლო პროცესზე მხარის/მხარეების მოწვევას. აღნიშნული, თავის მხრივ, დაკავშირებულია მოსამართლის საქმის განხილვის პროცესში უშუალო მონაწილეობასთან, აგრეთვე, ორგანიზაციული თვალსაზრისით, სასამართლოში სხდომის დარბაზის გამოყოფასთან და როგორც უშუალოდ პროცესის მონაწილეების, ისე ამ პროცესის კანონით განსაზღვრულ მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი შესაბამისი პირების მობილიზებასთან. ეს ყოველივე, ერთი მხრივ, ზრდის სასამართლოს/მოსამართლის დატვირთვას, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს, დამატებითი ორგანიზაციული, ადამიანური და მატერიალური რესურსის გამოყოფას, შესაბამისად, ნორმა, რომელიც გამორიცხავს მსჯავრდებულის ანდა მისი ადვოკატის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის, ხოლო შემდგომში საკასაციო საჩივრის შემოწმების ზეპირი მოსმენით განხილვას, ემსახურება, ერთი მხრივ, სასამართლო სისტემის განტვირთვას/გადატვირთვისგან დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, ზეპირი მოსმენის გამართვისთვის საჭირო ორგანიზაციული, ადამიანური თუ მატერიალური რესურსის დაზოგვას.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის/საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, სასამართლოს გადატვირთვის პრევენციას.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მხოლოდ ეფექტური მართლმსაჯულების მეშვეობით არის შესაძლებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამდენად, სამართალწარმოების ეფექტიანად განხორციელების მიზნის მისაღწევად, სახელმწიფომ შესაძლოა, შესაბამისი პროცედურების მომწესრიგებელი ნორმებით შეზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები, მათ შორის, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის უფლება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც ამცირებს სასამართლოს მიერ დახარჯულ დროსა და რესურსს, ემსახურება პროცესის ეკონომიურობას, რაც, საბოლოო ჯამში, იცავს სასამართლოს გადატვირთულობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
30. ამდენად, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილებას მიიჩნევს იმ ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზნად, რომლის უზრუნველსაყოფადაც შესაძლოა, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის უფლება.
3.3. გამოსადეგობა და აუცილებლობა
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს.
32. ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). აუცილებელია, სადავო რეგულაციით, შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უფლების მზღუდავი ნორმატიული რეგულირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება, რაც გამოიწვევს ამ რეგულირების მიჩნევას აღნიშნული უფლების გაუმართლებელ, თვითნებურ შეზღუდვად.
33. იმავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდ მიმართული საშუალება. საჭიროა, არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
34. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეში სადავო ნორმები სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს ავალდებულებს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმება, ხოლო, შემდგომში, საკასაციო საჩივრის განხილვა განახორციელონ ზეპირი მოსმენის გარეშე.
35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ამარტივებს სამართალწარმოების პროცედურას, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა კი პირიქით, მოითხოვს მეტ დროსა და რესურსს. „სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის ეფექტურად განხორციელება დაკავშირებულია სასამართლოს დროისა და რესურსების ხარჯვასთან. საქმის ზეპირი განხილვა, მხარეების მტკიცებულებების შესწავლა და მათი პოზიციის მოსმენა, შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესის ჩატარება, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებების განხორციელება სასამართლოში მოითხოვს გარკვეულ დროის დათმობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
36. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა მიემართება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ყველა საფუძველს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, მათ შორის, ერთსა და იმავე საფუძველზე მითითებით განუსაზღვრელი რაოდენობითა და სიხშირით მიმართონ სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, ლოგიკურია იმის დაშვება, რომ კანონმდებლის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმების, ისევე როგორც შემდგომში საკასაციო საჩივრის განხილვის შერჩეული მოდელი წარმოადგენს სასამართლოებში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვების რაოდენობის შემცირების და, ამგვარად, ამ ტიპის შუამდგომლობებისა და საკასაციო საჩივრებისაგან სასამართლოს განტვირთვის ეფექტურ მექანიზმს.
37. ამდენად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობისა და საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთი მხრივ, გულისხმობს ნაკლები ადამიანური თუ მატერიალური რესურსის გამოყენების გზით საკითხის გადაწყვეტას, ხოლო, მეორე მხრივ, სრულად აზღვევს ზეპირი მოსმენების გამართვის გზით გამოწვეულ სასამართლოს გადატვირთვის შესაძლო რისკებს.
38. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. ამასთანავე, არ იკვეთება უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი სხვა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფდა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორც ეს სასამართლოს მიერ შუამდგომლობისა და საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისას ზეპირი მოსმენის გამართვის ბლანკეტური შეზღუდვითაა შესაძლებელი. ამდენად, სადავო რეგულირება, გამოსადეგობასთან ერთად, ასევე აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის კრიტერიუმსაც.
3.4. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
39. ვინაიდან სადავო ნორმები აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით. პროპორციულობა ვიწრო გაგებით, მოითხოვს, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „პროცესის ეკონომიურობა, ისევე, როგორც არდაშვება სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისა, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურ გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე, უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზნებია, ვინაიდან თითოეული მათგანის დაცვა ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას ემსახურება. თუმცა, ამ ინტერესების დაცვის აუცილებლობა ვერ გაამართლებს ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეთა განხილვას, თუ ამის შედეგი იქნება კონკრეტული პირების უფლებების დარღვევა, უფლებების დაცვის შეუძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-90).
41. ამასთანავე, „სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა არ წარმოადგენს თვითმიზანს, ის არის მხოლოდ შესაძლებლობა სხვა უფლებების დაცვისა. შესაბამისად, მისი უფლებრივი კომპონენტებიც იმ შემთხვევაში და იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისთვის/დარღვევის თავიდან აცილებისთვის. მაშასადამე, თითოეული უფლებრივი კომპონენტით სარგებლობა, საბოლოო ჯამში, ემსახურება რა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას და, შესაბამისად, კონკრეტული უფლებების დაცვას, ამ უფლებრივი კომპონენტების გამოყენებაც არ უნდა იყოს თვითმიზანი. მათი უზრუნველყოფა საჭიროა მაშინ, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-66).
42. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ზეპირი მოსმენის ჩატარების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როდესაც საქმის გადაწყვეტა საჭიროებს ფაქტების გამოკვლევას და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. „უმთავრესი საკითხი, რომელიც მხედველობაში მიიღება ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის უფლების შეზღუდვისას, არის - როგორია კონკრეტული საკითხის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია იმ მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ კი, თვისობრივად რა საკითხების შესწავლა/შეფასება/გამოკვლევა უწევს სასამართლოს. ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტია, სასამართლო იხილავს მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, თუ, იმავდროულად, ახდენს ფაქტების (ფაქტობრივი გარემოებების) შეფასება/შესწავლასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74). „ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი “jura novit curia” („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებს, ასევე აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).
43. გარდა ამისა, სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის შეფასებისას, „მხედველობაშია მისაღები იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული. ცხადია, შეფასების სტანდარტები განსხვავებული იქნება განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი ინტერესების შემთხვევაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვისას სასამართლო ახდენს მხოლოდ სამართლებრივი ასპექტების შეფასებას, თუ ასევე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას. ამასთან, რამდენად მნიშვნელოვანია ის უფლება თუ სამართლებრივი ინტერესი, რომლის დაცვის შესაძლებლობასაც შესაძლებელია ზღუდავდეს სადავო ნორმა.
44. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის პირველი წინადადება მიემართება სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმების წესს, ხოლო, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობაზე გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრის საკასაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის მექანიზმს. შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე საკითხის განსახილველად, თავდაპირველად, წარედგინება სააპელაციო სასამართლოს და იგი, ამ შემთხვევაში, მოქმედებს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო საკასაციო სასამართლოს განსახილველად წარედგინება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, შესაბამისად, იგი მოქმედებს, როგორც აპელაციის განმხილველი ორგანო. შესაბამისად, განსხვავებული შესაძლოა იყოს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს როლი და შეფასების ფარგლები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საკითხის განხილვის პროცესში.
45. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის ვიწრო პროპორციულობის ეტაპზე შემოწმების დროს საკითხის განმხილველი სასამართლოების კომპეტენციათა განსხვავებულობამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს შეზღუდვის კონსტიტუციურობის დადგენის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას, ვიწრო პროპორციულობის ეტაპზე, ცალ-ცალკე შეაფასებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
46. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის პირველი წინადადება ადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შეტანილი შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმების წესს. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში და სადავო ნორმები თითოეულ მათგანზე თანაბრად ვრცელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ გასაჩივრებული ნორმები ბლანკეტურად ზღუდავს ზეპირი მოსმენის გზით შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შესაძლებლობას იმისდა მიუხედავად, თუ რომელ საფუძველზე მითითებით შუამდგომლობს მსჯავრდებული/მისი ადვოკატი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სადავო ნორმები ჩაითვალოს კონსტიტუციასთან შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისას, ზეპირი მოსმენის გამართვის ბლანკეტური შეზღუდვა გამართლებულია, ანუ არ არსებობს შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლით, მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის დროს, შუამდგომლობის დასაბუთებულობის ზეპირი მოსმენის გამართვის გზით შემოწმების ინტერესი გადაწონის პროცესის ეკონომიურობისა და სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვის ლეგიტიმურ ინტერესს. სხვაგვარად, ვინაიდან სადავო ნორმები ბლანკეტურად ზღუდავს შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით შემოწმებას, მათი არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად საკმარისია დადგინდეს, რომ, თუნდაც ერთი რომელიმე საფუძვლით, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისას საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა წარმოადგენს კონსტიტუციის მოთხოვნას.
48. აღსანიშნავია, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისას განსხვავებულია სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციაც გამოსაკვლევ საკითხებთან მიმართებით. განაჩენის გადასინჯვის საფუძველთაგან უმეტესობა მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სააპელაციო სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალურსამართლებრივ საკითხებზე მსჯელობით ან კომპეტენტური ორგანოს მიერ უკვე დადგენილი ფაქტებისა და შუამდგომლობაში განვითარებული მსჯელობის ურთიერთმიმართების დადგენით. ასეთი მოცემულობა იქმნება, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოსათვის განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში.
49. თუმცა, ამავდროულად, სადავო ნორმა მიემართება ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც სასამართლოს კომპეტენცია არ ამოიწურება მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობით და გულისხმობს, აგრეთვე ფაქტობრივი გარემოებების სასამართლოს მიერ გამოკვლევასა და დადგენას. ასეთია, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოსათვის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევა. აღნიშნული დებულების თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
50. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის განმარტებისას, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკას.
51. საქართველოს საერთო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი „აგებულია იმ პრინციპზე, რომ სასამართლოს უნდა წარედგინოს ისეთი ახალი მტკიცებულება ან ფაქტი, რომელიც სამართალწარმოების განხორციელებისა და გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ობიექტურად არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, ასევე მხარემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო სამართალწარმოების დროს ამ მტკიცებულების ან ფაქტის სასამართლოსათვის წარდგენა“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის №1აგ/168-19წ. განჩინება).
52. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკითხება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით სააპელაციო სასამართლოსათვის განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმება, იმთავითვე მოითხოვს სასამართლოსგან ახლად გამოვლენილი ფაქტის ან მტკიცებულების გამოკვლევასა და შეფასებას. კერძოდ, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ახლად გამოვლენილი ფაქტის ან/და მტკიცებულების მნიშვნელობა, მისი როლი და გავლენაუნარიანობა განაჩენის საბოლოო შედეგზე. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, იმ შემთხვევაში, თუ ახლად გამოვლენილი ფაქტი ან/და მტკიცებულება წარმოდგენილი იქნებოდა საქმის განხილვის დროს, სხვა მტკიცებულებებთან და გარემოებებთან ერთობლიობაში განაპირობებდა თუ არა არსებულისგან განსხვავებული განაჩენის დადგომას. გარდა ამისა, სასამართლომ უნდა შეაფასოს, წარმოდგენილი მტკიცებულება ცნობილი იყო თუ არა მხარისათვის საქმის განხილვის ეტაპზე. მაშასადამე, ნათელია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმება მოითხოვს როგორც საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას, ისე ახალი ფაქტობრივი გარემოების/გარემოებების დადგენას.
53. ასევე მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როგორ აისახება სადავო რეგულაციის საფუძველზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება პირის უფლებრივ მდგომარეობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას აფასებს მხოლოდ იმ შემთხვევასთან მიმართებით, როდესაც სააპელაციო სასამართლო, მსჯავრდებულის ანდა მისი ადვოკატის მიერ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ წარდგენილ შუამდგომლობას დაუშვებლად ცნობს.
54. მსჯავრდებული/მისი ადვოკატი, როგორც წესი, სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს იმ შემთხვევაში, როდესაც მიაჩნია, რომ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო შუამდგომლობას დაუშვებლად ცნობს, იგი, შედეგობრივად, მსჯავრდებულ პირს უარს ეუბნება უფლებრივი მდგომარეობის შესაძლო გაუმჯობესებაზე, რომლის აუცილებელი წინაპირობაა შუამდგომლობის დაშვება საკითხის არსებითად განსახილველად. პირის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლოა, განსხვავებულ შედეგებში გამოიხატოს, როგორიცაა სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით, სასჯელის ვადის შემცირება ან სულაც მსჯავრდებული პირის გათავისუფლება, ამავდროულად, შესაძლოა, სამართალწარმოება ისე დასრულდეს, რომ მსჯავრდებული პირის უფლებრივი მდგომარეობა დარჩეს უცვლელი, თუმცა, ვინაიდან სადავო ნორმა აწესრიგებს შუამდგომლობის განხილვის იმ ეტაპს, რა დროსაც მსჯავრდებულისათვის/მისი ადვოკატისათვის უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდება სამართალწარმოება, უდავოა, რომ მათ, სადავო ნორმით მოწესრიგებული პროცესის მიმართ ყოველთვის ექნებათ განსაკუთრებული სამართლებრივი ინტერესი. ამ ეტაპზე მათი მიზანია საქმის არსებითი განხილვის ფორმატში გადატანა და სასამართლოს დარწმუნება მსჯავრდებულის მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის მისსავე სასიკეთოდ შეცვლაში, რასაც ავტომატურად გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა.
55. გარდა ამისა, მომეტებულ ინტერესზე საუბრისას გასათვალისწინებელია აგრეთვე, ზოგადად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მექანიზმის განსაკუთრებული მნიშვნელობა არასწორად განხორციელებული მართლმსაჯულებისა და კონკრეტული სისხლისსამართლებრივი საქმის განხილვასთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომების აღმოფხვრის და, ამ გზით, სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
56. მაშასადამე, ზემოთ განხილული შემთხვევის მაგალითზე ნათელია, რომ არსებობს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევები (მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვა), როდესაც შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმება ყოველთვის საჭიროებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ფაქტების დადგენას. მეორე მხრივ, უდავოა ისიც, რომ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობას ყოველთვის აქვს მსჯავრდებულის უფლებებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის პოტენციალი და, შესაბამისად, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მხრიდან ყველა ასეთ შემთხვევაში არსებობს შუამდგომლობის დასაბუთებულობის ზეპირი მოსმენის გზით შემოწმების მომეტებული ინტერესი.
57. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია ზოგადი საპროცესოსამართლებრივი სტანდარტი ამა თუ იმ სამართლებრივი საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით. დასახელებული სტანდარტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მხრიდან მოითხოვს ფაქტების გამოკვლევასა და დადგენას და, ამასთან ერთად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე, რის გამოც განსაკუთრებით დიდია ამ პირის მხრიდან საკითხის ზეპირი მოსმენის გზით განხილვის ინტერესი, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში, კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს საკითხის განხილვას ზეპირი მოსმენის გამართვის გზით. შესაბამისად, საკითხის იმგვარად მოწესრიგება, რომელიც მსგავს შემთხვევაში უშვებს, დაინტერესებული პირის ნების საწინააღმდეგოდ, საკითხის განხილვას ზეპირი მოსმენის გარეშე, მათ შორის, მოსამართლისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების გზით, არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლება ზღუდავს მისი ინტერესების წინააღმდეგ გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების შესაძლებლობას. ცხადია, ხსენებული არ გამორიცხავს სადავო ნორმის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დასაშვებად ცნობს მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, თუმცა ხსენებული ვერ გაამართლებს ზეპირი მოსმენის გამართვის გამორიცხვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32-33).
58. სადავო ნორმის კონსტიტუციურობას ვერ უზრუნველყოფს ვერც ის გარემოება, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ზემოხსენებული შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შედეგად მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. „ზოგადად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გასაჩივრების მექანიზმი ემსახურება პირველ ინსტანციაში დაშვებული შეცდომების, კანონის არასწორად გამოყენების გამოსწორებას და ამ გზით უფლების დარღვევის საფრთხის თავიდან აცილებას. რაც, თავისთავად, არ ნიშნავს პირველ ინსტანციაში უფლების დარღვევის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობის დაშვებას და, მით უფრო, გამართლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-91).
59. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის ნების საწინააღმდეგოდ უშვებს სააპელაციო სასამართლოს მიერ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმება საჭიროებს სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას და დადგენას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
60. ამავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველთაგან უმრავლესობა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს კომპეტენცია ამოიწურება მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი “jura novit curia” („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). შესაბამისად, ასეთ დროს, როგორც წესი, ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესზე პრევალირებს პროცესის ეკონომიურობისა და სასამართლოს გადატვირთვის პრევენციის საჯარო ინტერესები და კონსტიტუციის მოთხოვნაც კანონმდებლის მიმართ ნაკლებად მკაცრია. კერძოდ, კანონმდებელს მოეთხოვება, დაუშვას ზეპირი მოსმენის გამართვის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დოზით, რაც ობიექტურად საჭიროა სასამართლოსათვის, რათა მან სრულყოფილად შეძლოს მის წინაშე არსებული საკითხის შესწავლა/გამოკვლევა.
61. სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი მიზანია .სათანადო წესით დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელება, შესაბამისად, კანონმდებელმა ყველა საპროცესოსამართლებრივი მექანიზმი ამ მიზნის მიღწევაზე ორიენტირებით უნდა განსაზღვროს, რათა არ დაუშვას დამნაშავე პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და პირიქით, უდანაშაულო პირის მსჯავრდება. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის წარდგენის ინსტიტუტი სისხლისსამართლებრივ საქმეზეჭეშმარიტების დადგენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. შუამდგომლობის შემოწმებისას, მიუხედავად შესაფასებელ საკითხთა ბუნებისა, კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, კითხვების არსებობის შემთხვევაში, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამართოს სხდომა ზეპირი მოსმენით და მხარეთა მონაწილეობით, რათა შეძლოს მათთან იმ საკითხების დაზუსტება, რომლებიც, სასამართლოს აზრით, საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ გამოკვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, როდესაც სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დასაბუთებულობის სრულყოფილად შესამოწმებლად მას სჭირდება საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა, რათა საბოლოოდ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც პასუხობს პირის უფლებას სამართლიან სასამართლოზე, ასეთ დროს უკან იხევს პროცესის ეკონომიურობისა და სასამართლოს გადატვირთვის პრევენციის საჯარო ინტერესები, ზეპირი მოსმენით საკითხის განხილვის ინტერესთან მიმართებით. ზოგადად, სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვის უმთავრესი მიზანია მისი ეფექტურობის უზრუნველყოფა. ამა თუ იმ საქმეზე სასამართლოს რესურსი იზოგება, რათა სასამართლომ შეძლოს სხვა საქმეებისათვის საკმარისი დროის დათმობა და, მთლიანობაში, ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. პროცესის ეკონომიურობა, ისევე როგორც სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვა, აზრს და დანიშნულებას კარგავს იმ შეთხვევაში, როდესაც, შედეგად, სასამართლო საქმის სრულყოფილად გამოკვლევას ვერ ახორციელებს, ვერ ატარებს იმ ღონისძიებებს, რომლებიც საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიაჩნია. ამდენად, ბუნებრივია, პროცესის ეკონომიურობის ინტერესი ვერ გაამართლებს სასამართლოს შეზღუდვას, ჩაატაროს ზეპირი მოსმენა, როდესაც იგი ამის აუცილებლობას ხედავს.
62. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმები იმგვარად არის ფორმულირებული, რომ ბლანკეტურად გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას, საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენით მაშინაც კი, თუ იგი შუამდგომლობის დასაბუთებულობის სრულყოფილად შემოწმებისთვის ზეპირი მოსმენის გამართვას საჭიროდ მიიჩნევს. შესაბამისად, სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შეამოწმოს შუამდგომლობის დასაბუთებულობა ზეპირი მოსმენით, ასევე არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
63. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილი არეგულირებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობაზე გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის წესს. იმისათვის, რომ დადგინდეს, რა ვალდებულებებს უწესებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი კანონმდებელს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაშიც, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს საკასაციო სასამართლოს კომპეტენცია აღნიშნული საკითხის განხილვის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რომელი ინსტანციის სასამართლო იხილავს საქმეს, არამედ რა საკითხებს წყვეტს კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-76).
64. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმას იღებს და აფასებს იმ შინაარსით, რომლითაც მას იყენებენ საერთო სასამართლოები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, საკასაციო საჩივრის განხილვის დროს „საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ ... საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამართლებრივად შეაფასოს დამატებით საკასაციო საჩივარში მითითებული ის საკითხი, რომელზეც სააპელაციო პალატას თავის გადაწყვეტილებაში კანონის შესაბამისად არ უმსჯელია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის №174აგ.-2016 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის №533აგ.-2015 განჩინება). შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გადამწყვეტია იმის გარკვევა, თუ რა ფარგლებში ამოწმებს საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებას. მნიშვნელოვანია დადგინდეს, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ეჭვქვეშ დააყენოს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ შემოიფარგლება მხოლოდ კანონის განმარტებისა და გამოყენების სისწორის შემოწმებით.
65. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების დადგენა, მათ შორის, გულისხმობს იმის გამოკვლევას, თუ რამდენად სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები. მაგალითად, 2021 წლის 4 იანვრის №12აგ.-2019 განჩინებაში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „კასატორის მოსაზრებით, [ექსპერტიზის] დასკვნით დგინდება, რომ [მსჯავრდებულმა] გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე აღიარებითი ჩვენება მისცა პოლიციელთა ფიზიკური ზეწოლის შედეგად, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას, კერძოდ: ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის, თუ კონკრეტულად როდის და რა საშუალებით მიადგა დაზიანებები [მსჯავრდებულს] მართალია, დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ნაწიბურები, რომლებიც ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს წარმოადგენს, მაგრამ ეს დაზიანებები მსჯავრდებულს როდის, სად ან რის შედეგად მიადგა, ექსპერტიზა მითითებულ დასკვნაში ვერ საზღვრავს, რისი გათვალისწინებითაც, სრულიად გაურკვეველია, თუ რა გარემოებაზე დაყრდნობით აპელირებს დაცვის მხარე, რომ დაზიანებები [მსჯავრდებულმა] სწორედ 2012 წლის 2 ივლისის მსჯავრდების საქმეზე პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ზეწოლის შედეგად მიიღო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ... შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 იანვრის №12აგ.-2019 განჩინება).
66. ამდენად, ნათელია, რომ მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ ახალ ფაქტზე ან მტკიცებულებაზე მითითების შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საკასაციო საჩივრის განხილვისას, იმავე მოცულობით უხდება საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, როგორც სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, სადავო ნორმასთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებული სხვაგვარი განმარტება. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კანონიერების შემოწმებისას, საკასაციო პალატის კომპეტენცია არ შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობით და მას უხდება, აგრეთვე, ფაქტობრივი გარემოებების შეფასება.
67. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობის დასაბუთებულობის ზეპირი მოსმენის გზით შემოწმების მნიშვნელობაზე და დაადგინა, რომ მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობისას, თუ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმება საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, ზეპირი მოსმენის გამართვა აუცილებელია (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების II-46-59 პარაგრაფები).
68. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, საკასაციო სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას განახორციელებს იმ პირობებში, როდესაც ისინი უკვე გამოკვლეული და შეფასებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისას.
69. ის ფაქტი, რომ პირს ერთხელ უკვე ჰქონდა სასამართლოს წინაშე წარდგომისა და მისი მონაწილეობით ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შესაძლებლობა, ამცირებს ზემდგომ ინსტანციაში იმავე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გამართვის მომეტებულ ინტერესს. პირის უფლება, განმეორებით მოითხოვოს იმ ფაქტებზე ზეპირი მოსმენის ფორმატში მსჯელობა, რომელიც ერთხელ უკვე შეფასებულია, თუნდაც ქვემდგომი სასამართლო ინსტანციის მიერ, სადაც უზრუნველყოფილი იყო მხარეებისათვის პოზიციების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა, კონსტიტუციით ვერ იქნება იმ ხარისხის სიმკაცრით დაცული, როგორც ეს იქნებოდა ფაქტობრივი გარემოებების პირველ ჯერზე შეფასებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისას ზეპირი მოსმენის ფორმატში გამოკვლეულია მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის მიერ წარდგენილი და საქმეში არსებული ყველა რელევანტური ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იმავე ფაქტობრივი გარემოებების განმეორებით, ზეპირი მოსმენის გზით შემოწმების ინტერესს გადაწონის პროცესის ეკონომიურობის, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისაგან დაცვის საჯარო ინტერესი.
70. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ამავე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მსგავსად, ბლანკეტურად ზღუდავს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობას და ავალდებულებს საკასაციო სასამართლოს, საკასაციო საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, მათ შორის, ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქმის ყოველმხრივ შესწავლის მიზნით, აუცილებელია ზეპირი მოსმენის გამართვა.
71. წინამდებარე გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებებზე მსჯელობისას, მიუხედავად შესაფასებელ საკითხთა ბუნებისა, კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, კითხვების არსებობის შემთხვევაში, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამართოს სხდომა ზეპირი მოსმენით და მხარეთა მონაწილეობით, რათა შეძლოს მათთან იმ საკითხების დაზუსტება, რომლებიც, სასამართლოს აზრით, საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ გამოკვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად არის მნიშვნელოვანი. პროცესის ეკონომიურობა, ისევე როგორც სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვა, აზრს და დანიშნულებას კარგავს იმ შეთხვევაში, როდესაც, შედეგად, სასამართლო საქმის სრულყოფილად გამოკვლევას ვერ ახორციელებს, ვერ ატარებს იმ ღონისძიებებს, რომლებიც საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიაჩნია (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების II-60-62 პარაგრაფები).
72. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურია, აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე განიხილოს საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1428 („კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც:
ა.ა) უშვებს მსჯავრდებულის/მისი ადვოკატის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნობას იმ შემთხვევაში, როდესაც შუამდგომლობის შემოწმება საჭიროებს სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას და დადგენას;
ა.ბ) გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, შეამოწმოს შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა ზეპირი მოსმენით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენით.
2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი