კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1428 |
ავტორ(ებ)ი | კობა თოდუა |
თარიღი | 19 ივნისი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი: „მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში“. |
31-ე მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლი (პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილი): 1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული. 2. თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას. განჩინებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს საკასაციო საჩივარი ამ კოდექსით დადგენილი წესით, მისი გამოტანიდან 2 კვირის ვადაში. 3. საკასაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ ამოწმებს მის დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა. 4. თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაყენებული და დასაბუთებულია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებს მას, ნიშნავს საქმის არსებითი განხილვის თარიღს და მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად. |
31-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. კერძოდ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით არის სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცალკეული ნორმების შესაბამისობას;
ვ) კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარსადგენად ;
ზ) სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას ახლად გამოვლენილ გარემოების შემთხვევაში განიხილოს მის მიერ არსებითად განხილული სისხლის სამართლის საქმე.
II. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას ახლად გამოვლენილ გარემოების გამო შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო საკასაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას საჩივარი განიხილოს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გარეშე.
I.
საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებს, მაგრამ მისი შინაარსი არასრულყოფილია და არ მოდის შესაბამისობაში კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებთან და სისხლის სამართლის პროცესის პრინციპებთან. კერძოდ, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ მას მონაწილეობა აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში. თუმცა, პირიქით აკრძალვას არ აწესებს ანუ თუ მოსამართლეს მონაწილეობა მიღებული აქვს სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
კანონმდებელს ორივე შემთხვევის მიმართ უნდა ჰქონდეს თანაბარი მიდგომა და იგი ერთ შემთხვევაში კრძალავს მოსამართლის მონაწილეობას საქმის განხილვაში, ანალოგიურად უნდა აიკრძალოს მოსამართლის მონაწილეობა იმავე საქმის განხილვაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით უშუალოდ ირღვევა ჩემი უფლებები. ჩემს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის # 089150613002 საქმეში, 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენის (საქმე #1ბ/320-14)დადგენაში მონაწილეობდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართის საქმეთა პალატის მოსამართლეები: გერონტი კახეთელიძე, კახაბერ მაჭავარიანი და მზია ლომთათიძე, ხოლო 2018 წლის 31 ივლისის განაჩენის (საქმე #58აპ-18) დადგენაში უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართის საქმეთა პალატის მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე და გიორგი შავლიაშვილი.
2019 წლის 25 მარტს შუამდგომლობით მივმართე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატასახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. ჩემი შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობა მიღებული აქვს 2 მოსამართლეს (მზია ლომთათიძე და გერონტი კახეთელიძე), რომლებიც მონაწილეობდნენ სააპელაციო სასამართლოში იმავე სისხლის სამართლის საქმის განხილვაში და 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენის დადგენაში. მათ მიერ 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ჩემი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინება გავასაჩივრე უზენაეს სასამართლოში და ჩემი საკასაციო საჩივარი დაეწერა მოსამართლე გიორგი შავლიაშვილს, რომელსაც ასევე მონაწილეობა მიღებული აქვს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენის დადგენაში. საკასაციო საჩივარი ჯერ-ჯერობით არ არის განხილული.
მოსამართლეები, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, მათ აზრი აქვთ გამოთქმული სისხლის სამართლის საქმეზე და დაუშვებელია მათი მონაწილეობით იმავე საქმის განხილვა. აქედან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი შესაბამისობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომელიც ადგენს რომ „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი უზრუნველყოფს საქმის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ განხილვას, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს საპროცესო ნორმაც. საპროცესო კოდექსის სადავო ნორმამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით დადგენილი პირის უფლება, მისი საქმე განიხილოს იმ მოსამართლემ, რომლის განსჯადიც არის იგი. ამ სტანდარტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი სრულად ვერ უზრუნველყოფს, რადგანაც მოსამართლეს აძლევს უფლებას მონაწილეობა მიიღოს მის მიერ არსებითად განხილული სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განახლებისას.
თითოეული მოსამართლე სისხლის სამართლის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე აქტიურ როლს ასრულებს სისხლის სამართლის პროცესის მიზნის მიღწევისათვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მკაცრად იყოს დაცული სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და სისხლის სამართლის საქმე გადასინჯოს მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმა სასამართლო შემადგენლობამ.
II.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს; ხოლო იმავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, „ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა წერილობით შეაქვთ სააპელაციო სასამართლოში განსჯადობის მიხედვით“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილი, სააპელაციო სასამართლოს ავალდებულებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოების გამო შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილის მოქმედი რედაქციით, უშუალოდ დაირღვა ჩემი უფლებები. კერძოდ, 2019 წლის 25 მარტს მე შუამდგომლობით მივმართე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. ჩემი შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს პალატამ განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით დაუშვებლად ცნო იგი.
საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილი ითვალისწინებს ერთდროულად შუამდგომლობის შემოწმებას, როგორც დასაშვებობის, ისე დასაბუთებულობის კუთხით. მითითებული ნორმები არ აძლევს შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დანიშნოს ზეპირი მოსმენა და შეამოწმოს შუამდგომლობის დასაშვებობა თუ დასაბუთებულობა. აქედან გამომდინარე, მისი ნორმატიული შინაარსის კონსტუტუციურობა სადავოა.
შუამდგომლობის დასაშვებობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ფორმალური მოთხოვნების დაცვასთან და სასამართლომ იგი შეამოწმოს ზეპირი მოსმენის გარეშე, მაგრამ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმება, მისი შინაარსობრივი მხარეა და ამისათვის უნდა არსებობდეს მისი ზეპირი მოსმენით შემოწმების შესაძლებლობა. შუამდგომლობის ავტორს და პროცესის სხვა მხარეებს, ზეპირი მოსმენის დროს შეუძლია სასამართლოს მიაწოდონ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შუამდგომლობის დასაშვებობისა თუ დასაბუთებულობის ან დაუშვებლად დატოვების საკითხზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დასაშვებობის შემოწმება მოხდეს ზეპირი განხილვის გზით, რათა დაცვისა და ბრალდების მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი პოზიციები, გამოთქვან მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და გააბათილონ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების ნაწილში. საპროცესო კოდექსის სადავო ნორმები კი, იმდენად შემბოჭავია, რომ სააპელაციო სასამართლოს რომ სურდეს და სჭირდებოდეს საქმის გარკვეული დეტალების დაზუსტება და ამ მიზნით ზეპირი მოსმენის გამართვა, იგი ვერ მოახდენს შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვას.
ახლად გამოვლენილი გარემოება უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია ახალ ფაქტთან ან/და ახალ მტკიცებულებასთან, რომლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია გააჩნია თვითონ მხარეს (შუამდგომლობის ავტორს). ასეთ დროს შეიძლება მოსამართლეს ან/და მოწინააღმდეგე მხარეს კითხვა გაუჩნდეს მისი მოპოვების წესთან დაკავშირებით, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლით, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია სისხლის სამართლის პროცესში. ამ ინფორმაციის მატარებელი კი, მხოლოდ შუამდგომლობის ავტორია და მხოლოდ მას შეუძლია სრულყოფილი განმარტების გაკეთება.
გარდა აღნიშნულისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საკასაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მითითებული ნორმა ზღუდავს საკასაციო სასამართლოსაც და არ აძლევს შესაძლებლობას, საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით, თუ ამისი საჭიროება არსებობს.
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით, ვერ მიიღწევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორს არცერთ სასამართლო ინსტანციაზე არ ეძლევა მისი საქმის ზეპირის მოსმენის შესაძლებლობა. კერძოდ, სადავო ნორმით სააპელაციო სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო საკასაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ასევე ზეპირი მოსმენის გარეშე. სამართლიანი სასამართლოს უფლება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაცულად ჩაითვალოს, როცა პირს უფლება აქვს წარსდგეს სასამართლო წინაშე და გააკეთოს ზეპირი განმარტებებიც.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლი დაუსაბუთებელ შეზღუდვას აწესებს როგორც შეამდგომლობის ავტორისათვის, ისე სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე სხვა მხარეებისა და სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებისათვის.
სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს ვერც საქმის სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად განხილვის შესაძლებლობას, რისი მიღწევის ერთ-ერთი შესაძლებლობა საქმის ზეპირის მოსმენით განხილვაა.
საქართველოს კონტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ვერ მიიღწევა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა