კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/18/1428 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2019 12:49 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით და ამავე კოდექსის 313-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1428) მომართა საქართველოს მოქალაქე კობა თოდუამ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 2 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს.
2. №1428 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის მონაწილეობის გამორიცხვის ცალკეულ შემთხვევებს, კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, „მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლი კი განსაზღვრავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმების წესს, შესაბამისად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში.
4. №1428 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილია განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე. მოსარჩელის განცხადებით, მან, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა ჯერ სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდგომში, სააპელაციო სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში. მოსარჩელის მტკიცებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობდნენ სააპელაციო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლებმაც, თავის დროზე, სააპელაციო სასამართლოში არსებითად განიხილეს იგივე სისხლის სამართლის საქმე და გამოიტანეს შესაბამისი განაჩენი. ანალოგიურად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი განსახილველად გადაეცა უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეს, რომელმაც ერთხელ უკვე განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე.
6. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებს, არასრულყოფილია. კერძოდ, სადავო ნორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა განიხილოს მოსამართლემ, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა იმავე სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში.
7. მოსარჩელის მტკიცებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის იმ მოსამართლის მიერ განხილვა, რომელმაც ერთხელ უკვე განიხილა იგივე სისხლის სამართლის საქმე და გამოთქვა საკუთარი აზრი საქმეში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით, აჩენს ობიექტურ ეჭვს ამ მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან მიმართებით. შესაბამისად, სადავო ნორმა, რომელიც ადგენს ამგვარ წესრიგს, ართმევს პირს უფლებას, მისი საქმე განიხილოს განსჯადმა სასამართლომ. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას, ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, განიხილოს მის მიერ არსებითად განხილული სისხლის სამართლის საქმე.
8. №1428 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლი. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს იმპერატიულად ავალდებულებს, შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა, ხოლო შემდგომში შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილონ ზეპირი მოსმენის გარეშე.
9. მოსარჩელის განმარტებით, შუამდგომლობის დასაშვებობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ფორმალური მოთხოვნების დაცვასთან და სასამართლომ იგი შეამოწმოს ზეპირი მოსმენის გარეშე, მაგრამ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმება, მისი შინაარსობრივი მხარეა და ამისათვის უნდა არსებობდეს ამ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით შემოწმების შესაძლებლობა. ახლად გამოვლენილი გარემოება უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია ახალ ფაქტთან ან/და ახალ მტკიცებულებასთან, რომელთან დაკავშირებითაც, შესაძლოა, კითხვები გაუჩნდეს როგორც მოსამართლეს, ისე მოწინააღმდეგე მხარეს. ამ კითხვებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის მხოლოდ შუამდგომლობის ავტორს შეუძლია შესაბამისი განმარტებების გაკეთების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, საქმის სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად განხილვის მიზნით, შუამდგომლობის ავტორს უნდა ჰქონდეს უფლება, წარდგეს სასამართლოს წინაშე, რათა დააზუსტოს გარკვეული დეტალები და გააკეთოს ზეპირი განმარტებები მის მიერ წარმოდგენილ ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით.
10. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, №1428 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა, ხოლო საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1428 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი არასრულყოფილია. შედეგად, სადავო ნორმიდან გამომდინარე, მოსამართლეს, რომელმაც არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე, აქვს შესაძლებლობა, იმავე საქმეზე განიხილოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა. ხსენებული ობიექტურ ეჭვებს ბადებს ამ მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და არღვევს პირის უფლებას, მისი საქმე განიხილოს მხოლოდ განსჯადმა სასამართლომ.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას აუცილებელია, განისაზღვროს ნორმის რეგულირების ფარგლები და დადგინდეს მისგან მომდინარე შეზღუდვის შინაარსი. ამ პროცესში „მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის მიერ მითითებული შეზღუდვა სადავო ნორმიდან მომდინარეობს, რისთვისაც იგი ეყრდნობა კანონის განმარტების მეთოდებს ან/და საერთო სასამართლოების პრაქტიკას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №1/23/824 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე − გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის მონაწილეობის გამორიცხვის კონკრეტულ შემთხვევებს. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, „მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში“. ამდენად, სადავო ნორმა ადგენს მოსამართლის საქმიდან ჩამოცილების საფუძვლებს და არა მის მიერ საქმის განხილვის უფლებამოსილებას. შესაბამისად, სადავო ნორმას არ უკავშირდება მოსარჩელის არგუმენტაცია, რომლის თანახმადაც, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა არ უნდა განიხილოს ამავე საქმის არსებით განხილვაში მონაწილე მოსამართლემ.
5. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის განხილვა არაგანსჯადი სასამართლოს მიერ ხდება, მან უნდა გაასაჩივროს ნორმა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს უშუალოდ აძლევს უფლებას, განიხილოს იმავე საქმეზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა. ხოლო ასეთი ნორმის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გასაჩივრდეს თავად ის საპროცესო ნორმა (ინსტიტუტი), რომელიც ზოგადად განსაზღვრავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის განმხილველ/განსჯად სასამართლოს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის №2/10/1285 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე − ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, №1428 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. №1428 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება მოსარჩელისათვის პრობლემურია იმდენად, რამდენადაც მას ერთმევა შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს პროცესზე და დაარწმუნოს მოსამართლე მის შუამდგომლობის დასაშვებობასა და დასაბუთებულობაში.
8. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაყენებული და დასაბუთებულია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებს მას, ნიშნავს საქმის არსებითი განხილვის თარიღს და მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად“. აღნიშნული ნორმა აწესრიგებს შემთხვევებს, როდესაც შესაბამისი სუბიექტის მიერ დაყენებული შუამდგომლობა დასაშვები და დასაბუთებულია და სასამართლო დასაშვებად ცნობს მას. მაშასადამე, ამ შემთხვევაში, შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, დგება შუამდგომლობის ავტორისთვის სასურველი შედეგი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სხვა არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი სასამართლოში მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა ასეთ შემთხვევებში და რატომ იზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება სადავო ნორმით. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, არ არის წარმოჩენილი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1428 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. მოსარჩელე, ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მიღებულ განჩინებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს საკასაციო საჩივარი ამ კოდექსით დადგენილი წესით, მისი გამოტანიდან 2 კვირის ვადაში. კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია ხსენებული ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1428 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1428 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1428 („კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის პირველი წინადადების და მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1428 („კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, აგრეთვე ამავე კოდექსის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების და მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი