სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/5/750 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 მარტი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 მარტი 2017 14:42 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით; ბ) „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №750) მომართა სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 6 მაისს. №750 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 15 მარტს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ (შემდგომში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების თანდართული წესი) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე“. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ დადგენილებით განსაზღვრული ზიანის მიმღები რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციაში არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურების მისაღებად ისინი უნდა გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ან შექმნან წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლების დაკარგვას.
4. მოსარჩელე განმარტავს, რომ წარმოადგენს შიიტური თემის ინტერესებს. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2014 წლის 27 იანვრის მდგომარეობით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულია საქართველოს მუსლიმური თემის ოთხი რელიგიური გაერთიანება: თავად მოსარჩელე, სსიპ „საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ და სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება“.
5. №750 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის (კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმდნენ სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ და სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება“, ხოლო მოსარჩელემ და სსიპ „საქართველოს მუსლიმთა გაერთიანებამ“ უარი განაცხადეს შეთანხმების წევრობაზე). შეთანხმების ერთ-ერთ მიზანს სწორედ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მოთხოვნათა უზრუნველყოფა წარმოადგენდა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მონაწილე მხარენი ქმნიან საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია, თავისი აღმსარებლობის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან აწარმოოს ურთიერთობა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6. ზემოაღნიშნული შეთანხმებით შექმნილი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობა, მისი ფორმატიდან გამომდინარე, გულისხმობს თანამშრომლობას შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის, მათ შორის თანხის გადანაწილებას, სადავო ნორმებით გათვალისწინებული თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობის გადაწყვეტის ჩათვლით. მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავობს იმაზე, რომ მას უარი არ განუცხადებია შეთანხმების მხარედ ჩართვაზე. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას მოუწევს გაერთიანდეს წარმომადგენლობით საბჭოში, რითაც იძულებით იქნება ასოცირებული სუნიტ მუსლიმთა თემთან.
7. №750 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მუსლიმთა ამ ორ განშტოებას შორის აზრთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში წარმოიშვა და მათ მრწამსსა და დოგმატიკას შორის რელიგიური განსხვავება ატარებს ნათელ, მწყობრ, სერიოზულ, თანმიმდევრულ ხასიათს, ამიტომ მათი იძულება, საკუთარი რელიგიური შეხედულებების საწინააღმდეგოდ წარმომადგენლობითი საბჭოს ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან, კონსტიტუციის მე-19 მუხლის დარღვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ერთი სსიპ-ის სახელით მოღვაწეობამ ან წარმომადგენლობით საბჭოში მათმა თანამშრომლობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მოსარჩელეს, რადგან ამგვარმა ქმედებამ შესაძლოა მუსლიმ თემს არასწორი შეტყობინება გაუგზავნოს შიიტებისა და სუნიტების ე.წ. „სქიზმის“ აღმოფხვრის შესახებ. სარჩელის ავტორის განმარტებით, ის გარემოება, რომ შიიტებს არ აქვთ სუნიტებისგან განცალკევებული გაერთიანების უფლება, რომელიც სახელმწიფოსგან მიიღებს ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას, ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილება ვრცელდება ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე, სადავო ნორმები მხოლოდ მუსლიმ თემს ავალდებულებს, გაერთიანდნენ/ითანამშრომლონ, მაშინ, როდესაც დაფინანსების მიმღებები არიან ქრისტიანებიც, რომელთაც, კერძოდ, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას, ამგვარ ვალდებულებას არ აკისრებს. აღნიშნული კი წარმოადგენს თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას, შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას რელიგიური ნიშნით.
9. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების თანდართული წესის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რადგან მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები აიძულებენ მას, იმოქმედოს საკუთარი რწმენის წინააღმდეგ.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული რწმენის თავისუფლება, თავისი ყველაზე საწყისი გაგებით, გულისხმობს, სახელმწიფოსგან ჩარევის გარეშე, ამა თუ იმ რწმენის გაზიარებას, არჩევას, საკუთარი თავის მისდამი მიკუთვნებას (პოზიტიური თავისუფლება) ან უარყოფას, შეცვლას (ნეგატიური თავისუფლება), ანუ ადამიანის აზროვნების შინაგანი სფეროს დაცვას. ამ დონეზე რწმენის თავისუფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება გამოიხატოს ადამიანზე იდეოლოგიური, ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედებით, დაშინებით, იძულებით უარი თქვას კონკრეტულ რწმენაზე, შეიცვალოს ის (და გაიზიაროს რომელიმე სხვა რწმენა). [ამასთანავე] რწმენის თავისუფლება მოიცავს მისი გამოვლენის – რწმენის შესაბამისად ცხოვრების წარმართვის უფლებასაც (მოქმედების სფერო)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის N1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12,13). ამდენად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებით დადგენილი წესი იწვევს რწმენის თავისუფლების ზემოთ მითითებული რომელიმე ასპექტების შეზღუდვას.
3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების თანდართული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიღებისთვის საჭიროა ერთერთი წინაპირობის არსებობა. კერძოდ, ასეთი რელიგიური გაერთიანებები რეორგანიზაციის გზით უნდა გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს ანაზღაურება ან შექმნან წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი, რომელიც იქნება უფლებამოსილი, აწარმოოს სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით ურთიერთობა, მიიღოს ანაზღაურება და იყოს სოლიდარულად პასუხისმგებელი მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე. მოსარჩლე აღნიშნულ წესს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 26-ე მუხლების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს იმდენად, რამდენადაც მისი აზრით, სწორედ ეს ნორმა ახდენს მის იძულებას საკუთარი რელიგიური შეხედულებების საწინააღმდეგოდ გაერთიანდეს სხვა რელიგიურ გაერთიანებასთან.
4. სადავო ნორმების თანახმად, პირის მიერ კომპენსაციის მიღება, ისევე როგორც სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, დამოკიდებულია მის არჩევანზე. სადავო ნორმები არ ადგენს პირების მიმართ რაიმე სახის ვალდებულებას და არ ზღუდავს მათ თავისუფლებას, გაიზიარონ ან არ გაიზიარონ კონკრეტული რწმენა, იმოქმედონ საკუთარი სურვილისა თუ რწმენის შესაბამისად. მათ ფარგლებში არ იზღუდება პირის შესაძლებლობა, ჰქონდეს და გამოავლინოს თავისი რელიგიური ან არარელიგიური მრწამსი, ანდა ისარგებლოს აღმსარებლობის თავისუფლებით. სადავო ნორმით დადგენილი წინა პირობები უკავშირდება არა საკუთარი რწმენისა და აღმსარებლობის რეალიზებას, არამედ საბჭოთა რეჟიმის დროს სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღებას. შესაბამისად, თუკი მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომპენსაციის მიღებაზე ზემოთ ხსენებული წინა პირობა არ უნდა იყოს დადგენილი, მან უნდა მიუთითოს იმ კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე, რომელიც მის მიერ კომპენსაციის მიღების გარანტიას ადგენს. N750 კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნა არ არის ამ კუთხით დაყენებული, მოსარჩელის არგუმენტაცია არ არის მიმართული კომპენსაციის მიღების უფლების არსებობისა და კონსტიტუციის შესაბამის დებულებასთან სადავო ნორმების მიმართების ამ თვალსაზრისით წარმოჩენისკენ.
5. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებითაც მოსარჩელის არგუმენტაცია ეფუძნება გარკვეული ორგანიზაციის წევრობის სავალდებულოობაზე მითითებას. როგორც უკვე აღინიშნა სადავო ნორმები რომელიმე ორგანიზაციაში იძულებით წევრობას არ ადგენს, შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში როგორც კონსტიტუციის მე-19 მუხლთან, ასევე 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №750 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების „თანდართული საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №750 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №750 („სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №750 („სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი