სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N750 |
ავტორ(ებ)ი | სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო |
თარიღი | 5 მაისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
სარჩელს თან ერთვის 2014 წლის 10 ოქტომბრის შეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების პრეამბულაში აღნიშნულია: ,,საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის, ყურანის, შარიათის და ისლამის ჭეშმარიტების დაცვის, საქართველოში მცხოვრები შიიტი და სუნიტი მოსახლეობის ერთობისა და რელიგიური ცხოვრების ორგანიზების, ასევე საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთაღიარების პრინციპზე დამყარებული თანამშრომლობის, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117 დადგენილების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლები აფორმებენ წინამდებარე შეთანხმებას.“
შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2014 წლის 27 იანვრის მდგომარეობით საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულია საქართველოს მუსლიმური თემის ოთხი რელიგიური გაერთიანება:
ა) სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო (15.07.2011/სკ 401960794)
ბ) სსიპ - საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება (09.11.2012/სკ406079719)
გ) სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო (13.062013/ სკ426521436); (მომჩივანი იურიდიული პირი)
დ) სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება (17.06.2013/სკ 434161177).
შეთანხმების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია: ,,წინამდებარე შეთანხმების მხარეები არიან სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება, ხოლო სსიპ - საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება და სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო უარს აცხადებენ წინამდებარე შეთანხმებაში მონაწილეობაზე“
შეთანხმების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნიან საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია თავისი აღმსარებლობის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან აწარმოოს ურთიერთობა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების მიერ, მუსლიმთა წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის ფაქტს სამართლებრივი მნიშვნელობა მიანიჭა თავად რელიგიის საკითხთა სააგენტომაც. ამ ადმინისტრაციული ორგანოს 2014 წლის 31 ოქტომბრის #1/531 წერილით ირკვევა (იხილეთ დანართი) : ,,საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117 დადგენილების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ და სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანებამ შექმნეს წარმომადგენლობითი საბჭო.“ ამავე წერილში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოსარჩელე სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს მიმართავს: ,,გთხოვთ, წერილობით დაგვიდასტუროთ თქვენი პოზიცია აღნიშნულ წარმომადგენლობით საბჭოში თქვენი მონაწილეობის ან მონაწილეობაზე უარის შესახებ არა უგვიანეს ა/წ (2014 წელი) 5 ნოემბრისა. აღნიშნულ ვადაში შეუტყობინებლობა ჩაითვლება საბჭოში თქვენ მონაწილეობაზე უარის თქმად.“
მოსარჩელე ორგანიზაცია - სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული წესდების (იხილეთ დანართი) მე-2 მუხლის პირველი თანახმად: ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმთა რელიგიური ინსტიტუტების (მეჩეთების, ჰუსეინეების, საშუალო, უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრების, მედრესეების, რელიგიური დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობების და ისლამური რელიგიური დაწესებულებების) გამაერთიანებელ ადგილობრივ დამოუკიდებელ უმაღლეს სასულიერო ცენტრს...“ ამავე წესდების 2.1 მუხლის თანახმად: ,,სამმართველოს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში შიიტური ისლამური გაერთიანებების, ცენტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედრესეების საქმიანობას.“ წესდების 2.2. მუხლის თანახმად, სამმართველოს მიზანია: ,,განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ისლამის შიიტური ფრთის წარმომადგენელების ინტერესების დაცვა და ადვოკატირება.“ წესდების 2.3. მუხლის თანახმად, სამმართველო მიზნად ისახავს ყურანის მოთხოვნებსა და დებულებებზე, წმინდა წინასწარმეტყველისა და 12 იმამის საქმეებზე დაყრდნობით მთელი საშარიათო და აგრეთვე თავიანთი იურისდიქციის ქვეშ რელიგიური საზოგადოებების საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტას.
ამგვარად, მომჩივანი ორგანიზაცია გამოხატავს მუსლიმთა შიიტური თემის ინტერესებს. სადავო ნორმა სთხოვდა როგორც მოსარჩელე ორგანიზაციას ანაზღაურების მისაღებად ან სხვა მუსლიმურ, მათ შორის სუნიტურ ორგანიზაციასთან, გაერთიანებას ან სუნიტებთან საერთო წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი ფორმატით მოიცავს თანამშრომლობას შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის, თანხის გადანაწილებას, მათ შორის, როგორც სადავო ნორმაშია აღნიშნული სოლიდარული პასუხისმგებლობას თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობაზე. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა. სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო დავობს იმის თაობაზე, რომ წარმომადგენლობით საბჭოში გაწევრიანების თაობაზე მას უარი არ განუცხადებია. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე ორგანიზაციას მოუწევს, გაწევრიანდება წარმომადგენლობით საბჭოში, სადაც იძულებით იქნება ასოცირებული სუნიტ მუსლიმებთან. ამგვარი იძულებითი გაერთიანების გამო სადავო ნორმა ლახავს მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებას.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მე-19 მუხლით, 26-ე მუხლის პირველი პუნქტით ;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) დავის საგანს წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. არც ერთი საკანონმდებლო აქტით არ არის განსაზღვრული საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა სხვა რელიგიური გაერთიანებისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. ამიტომ მთავრობის სადავო ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა საკმარისია ზემდგომი ნორმატიული აქტისაგან იზოლირებულად |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) სადავო ნორმების არსი სადავო ნორმები როგორც შიიტი, ისე სუნიტი მუსლიმებისაგან ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას, რომლებშიც გაერთიანდებიან როგორც შიიტი, ისე სუნიტი სასულიერო პირები. მუსლიმთა ამ ორ ჯგუფს შორის არსებობს საკმაოდ ხანგრძლივი და ღრმა რელიგიური ხასიათის აზრთა სხვადასხვაობა (სქიზმა). ამ ორი ჯგუფის იძულება, მათი რელიგიური შეხედულებების საწინააღმდეგოდ, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, წარმოადგენს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული რელიგიის თავისუფლების დარღვევას. ის გარემოება, რომ შიიტებს არა აქვთ სუნიტებისაგან განცალკევებული გაერთიანების შექმნის უფლება, რომელიც მიიღებს ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას, ამით ირღვევა კონსტიტუციის 26 მუხლის პირველი პუნქტი. სადავო ნორმა არ სთხოვს რომაულ კათოლიკურ ეკლესიას და სომხურ ეკლესიას ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას, მაშინ როდესაც ამ ორ ქრისტიანულ ეკლესიას შორის არსებობს ისეთივე სქიზმა, როგორც შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის. ამ გარემოების გათვალისწინებით სადავო ნორმა არსებითად თანასწორებს ეპყრობა უთანასწოროდ, რასაც არავითარი გამართლება არ გააჩნია და სახეზეა კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევა. 2) საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 73-ე პარაგრაფში განაცხადა: ,,რელიგიის თავისუფლება უპირველესად ინდივიდუალური ცნობიერების საკითხია. ეს უფლება ადამიანს აძლევს შესაძლებლობას მარტო, პირადად ან სხვებთან საჯაროდ, საერთო რწმენით გაერთიანებულ პირთა წრეში გამოხატოს რელიგიური მრწამსი. რელიგიური თემის ცხოვრებაში მონაწილეობა შეიძლება იყოს ადამიანის რელიგიის გამოხატვა, რაც დაცულია კონვენციის მე-9 მუხლით. კონვენციის მე-9 მუხლით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების განმარტება უნდა ხდებოდეს კონვენციის მე-11 მუხლთან კავშირში. ეს უკანასკნელი დებულება იცავს გაერთიანებას სახელმწიფოს დაუსაბუთებელი ჩარევისაგან. გაერთიანების თავისუფლება მოიცავს მოლოდინებს, რომ თემს შესაძლებლობა ექნება, იარსებოს მშვიდ გარემოში, თავისუფლად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.“ ამ საქმის რელიგიის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების ჭრილში განხილვის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობდა ერთი ლიდერის გარშემო გაეერთიანებინა მუსლიმური თემი. ბულგარეთში მაცხოვრებელი მუსლიმები ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილი, ერთი ნაწილი ექვემდებარებოდა ბატონ გუნჟევს, რომლის ორგანიზაციამაც იჩივლა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ხოლო მუსლიმთა მეორე ჯგუფი ექვემდებარებოდა ბატონ ჰასანს, რომელსაც მხარს უჭერდა ბულგარეთის პოლიტიკური ხელისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევად შეაფასა სახელმწიფოს ძალისხმევა, რაც გამოიხატებოდა მუსლიმთა ერთი ხელმძღვანელობის გამოსავლენად არჩევნების ორგანიზებაში, მაშინ, როცა მუსლიმთა თემის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი გუნჟევი თემის გაერთიანებისა და ამ მიზნით ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგ გამოდიოდა. ის გარემოება, რომ სახელმწიფო მუსლიმი თემისაგან ითხოვდა ჰყოლოდა ერთი ორგანიზაცია და არ იყო შესაძლებელი ის, რომ სახელმწიფოს ეღიარებინა მუსლიმი თემის სხვა ორგანიზაცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭოს საქმეზე მიიჩნია კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევად, თუმცა რელიგიის თავისუფლების კუთხით მსჯელობა ამ საქმეში წარიმართა კონვენციის მე-11 მუხლის (გაერთიანების თავისუფლება) ჭრილში (იხილეთ გადაწყვეტილების 81-ე პარაგრაფი http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67795). საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 15 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-2 თავის მე-9 პუნქტში შემდეგნაირად განმარტა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პუნქტით დაცული სფერო: ,,საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ არ ახსენებს უფლებას, არ დაექვემდებარო იძულებას გაერთიანებისას. თუმცა, გაერთიანების ნეგატიური თავისუფლება გამომდინარეობს თავად თავისუფლების არსიდან. თავისუფლება ნიშნავს აკეთო ის, რაც გსურს და არ აკეთო ის, რაც არ გსურს. ე.ი. თავისუფლებას ყოველთვის აქვს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კომპონენტი. ეს არის ერთი და იგივე მონეტის ორი აუცილებელი მხარე. თავისთავად ის ფაქტი, რომ პირს ენიჭება უფლება შევიდეს საზოგადოებრივ გაერთიანებაში, ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია თავად მას მიიჩნევს გაერთიანების წევრობის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტად. შესაბამისად, გქონდეს გაერთიანების უფლება, იმავდროულად, გულისხმობს თანმდევ უფლებას, თავი აარიდო რომელიმე გაერთიანებაში შესვლას ან თავისუფლად მიიღო გადაწყვეტილება გაერთიანების დატოვების თაობაზე.“ სწორედ გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტი - იძულებით არ გაერთიანდე საწინააღმდეგო რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანთა ჯგუფთან, - წარმოადგენს ამ დავის ცენტრალურ საკითხს. სადავო ნორმით სახელმწიფო მუსლიმთა ორ თემს სთხოვს რწმენაზე დაფუძნებული განსხვავების მიუხედავად, გაერთიანდნენ ერთ ორგანიზაციაში ან ითანამშრომლონ წარმომადგენლობითი საბჭოს ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მუსლიმები დაკარგავენ საბჭოთა პერიოდში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმთა ორგანიზაციების გაერთიანების მოთხოვნა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტის დარღვევას - არ იყო ასოცირებული ადამიანთან ან ადამიანების ჯგუფთან, რომლის იდეოლოგია, მსოფლმხედველობა, რწმენა ან იდენტობა არის შენთვის მიუღებელი. იძულებითი წევრობისაგან კონსტიტუციურ დაცვაზე განსაკუთრებით საინტერესოა ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. გაერთიანების თავისუფლება პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამერიკის კონსტიტუციით, მიუხედავად ამისა, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ეს უფლება ამოიკითხა აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების სიტყვებში ,,სიტყვის და შეკრების თავისუფლება.“ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ალაბამა ექს რელ პატერსონის საქმეში აღნიშნა (https://supreme.justia.com/cases/federal/us/357/449/case.html): ,,ადამიანის მოსაზრებების ადვოკატირება, განსაკუთრებით კი არაპოპულარული იდეების ადვოკატირება, მნიშვნელოვნად ძლიერდება მაშინ, როცა ამ იდეების გავრცელებას ახდენს ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანების ჯგუფი. ერვინ ჩემერინსკი თავის კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელოში შენიშნავს, რომ ადამიანთა ჯგუფს უკეთ შეუძლია კონკრეტული მოსაზრების გავრცელება ვიდრე ერთ ადამიანს, ამის მიზეზად ჩემერინსკი მიუთითებს იმას რომ: ადამიანთა ჯგუფს აქვს ის, რასაც ცალკე აღებული ინდივიდი მოკლებულია - ადამიანური კაპიტალი და ფული (Erwin Chemerinsky Constitutional Law third edition Wolters Kluwer page 1603). ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ვინაიდან გაერთიანების (ასოცირების) თავისუფლება მომდინარეობს გამოხატვის თავისუფლებიდან, სასამართლო იცავს იდეოლოგიურ, ექსპრესიულ (expressive) გაერთიანებებს. მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი და ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი იცავს ადამიანს იძულებითი გაერთიანებისაგან, ყოველგვარ იდეოლოგიურ წინააღმდეგობაზე მითითების გარეშე, აშშ-ს კონსტიტუციური დაცვისათვის მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ პირის იძულებითი წევრობა ხელს შეუშლის ორგანიზაციას იმაში, რომ გაავრცელოს თავისი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა. სხვაგვარად ამერიკის უზენაესი სასამართლო ვერ გამოიყენებს სიტყვის თავისუფლების მუხლს გაერთიანების დასაცავად, თუკი დაცვის ობიექტი არ იქნება გაერთიანების მრწამსი, იდეოლოგია და მოსაზრებები. ამგვარად, კონსტიტუციური დაცვისათვის ამერიკის უზენაესი სასამართლოსათვის წინა პლანზე გამოდის ორგანიზაციები, რომელთა მიზანია განსაზღვრული იდეოლოგიის ქადაგება, მათი განსხვავებული მესიჯის საზოგადოებამდე მიტანა. თუკი კონკრეტული პირის გაერთიანებაში წევრობა, ხელს შეუშლის იდეოლოგიურ ასოციაციას, თავისი მესიჯი მიიტანოს საზოგადოებამდე, გაერთიანებას აქვს კონსტიტუციური უფლება, გარიცხოს ეს პირი ასოციაციიდან ან არ დაუშვას ამ პირის გაწევრიანება. ამგვარად, გაერთიანების თავისუფლება შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს თანასწორობის უფლებასთან. ეს კოლიზია ამ ორ ინტერესს შორის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ამერიკის ბოი სკაუტები დეილის წინააღმდეგ საქმეზე (https://www.law.cornell.edu/supct/html/99-699.ZO.html) სკაუტმასტერმა არა მხოლოდ საჯარო განაცხადა საკუთარი ჰომოსექსუალობის თაობაზე, არამედ დაიკავა ლგბტ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ბოი სკაუტების უფლება არ ყოფილიყო ასოცირებული ჰომოსექსუალ პირთან, გადაწონა დეილის უფლება, დაცული ყოფილიყო დისკრიმინაციისაგან. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს აზრით, მაშინ როდესაც ბოი სკაუტების წესდება უარყოფითად იყო განწყობილი ლგბტ პირების მიმართ, ღიად ლგბტ ადამიანის წევრობა, საზოგადოებას დააბნევდა ორგანიზაციის იდეოლოგიასთან დაკავშირებით. ამიტომ სასამართლომ გამორიცხა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მოქმედება იდეოლოგიური ორგანიზაციის მიმართ, მაშინ როდესაც მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვა სასამართლომ ძალაში დატოვა. ბოი სკაუტების საქმეში აშშ-ს უზენაესი სასამართლო შეეხო გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციურ საფუძველს: ,,სიტყვის თავისუფლებით დაცული საქმიანობაში იგულისხმება სხვებთან გაერთიანების უფლება, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული მიზნების მიღწევას. ეს უფლება (გაერთიანების თავისუფლება) ხელს უშლის უმრავლესობას, თავისი აზრები მოახვიოს ჯგუფს, რომლებსაც მეინსტრიმული აზრების ნაცვლად სურს, სხვა არაპოპულარული იდეების გამოხატვა. კონსტიტუცია იცავს განსაზღვრული იდეოლოგიის მქონე გაერთიანებას (,,ექსპრესიულ ასოციაციას“ - expressive association) იმ მიზნით, რომ შენარჩუნებული იქნას კულტურულად და პოლიტიკურად განსხვავებული საზოგადოება და დისიდენტები დაცულნი იყვნენ უმრავლესობის მხრიდან ზეწოლისაგან. ხელისუფლების მხრიდან გაერთიანების თავისუფლებაზე არაკონსტიტუციურ ტვირთის დაკისრება შეიძლება ნებისმიერი ფორმით გამოიხატოს. ერთ-ერთ ასეთ ფორმას წარმოადგენს ასოციაციის შიდა სტრუქტურაში და საქმეებში ჩარევა. სახელმწიფოს მხრიდან ისეთი რეგულაციის დადგენა, რაც ჯგუფს აიძულებს ორგანიზაციაში ისეთი პირის გაწევრიანებას, რომელიც მიუღებელია ჯგუფისათვის, უარყოფით გავლენას ახდენს ჯგუფის შესაძლებლობაზე გამოხატონ ის მოსაზრებები, რომელთა გამოხატვასაც ისახავდა ეს ჯგუფი. გაერთიანების თავისუფლება თავის თავში მოიცავს თავისუფლებას არ იყო ვინმესთან ასოცირებული.
ბოი სკაუტების საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: ,,არასასურველი პირის ჯგუფში იძულებითი გაწევრიანება არღვევს იდეოლოგიური გაერთიანების თავისუფლებას, ვინაიდან ასოციაციაში იმ ადამიანის ყოფნა, რომელიც არ იზიარებს გაერთიანების იდეოლოგიას, მნიშვნელოვნად აფერხებს ამ იდეების გავრცელებას. მართალია, იდეოლოგიური გაერთიანების თავისუფლება, ისევე როგორც სხვა თავისუფლება, არ არის აბსოლუტური. ამის მიუხედავად, სასამართლომ აღნიშნა, რომ გაერთიანების თავისუფლება შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი რეგულაციით, რომელიც ემსახურება მწვავე სახელმწიფოებრივი ინტერესების მიღწევას, მაგრამ, იმავდროულად, ეს ინტერესები მიზნად არ უნდა ისახავდეს გაერთიანების იდეოლოგიის ჩახშობას. გაერთიანების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა უნდა იყოს ნაკლებად მზღუდავი საშუალება.“ დეილის საქმეზე სასამართლოს თქმით, ,,იმისათვის, რომ დადგინდეს, რამდენად არის დაცული ჯგუფი იდეოლოგიური გაერთიანების უფლებით, უნდა განისაზღვროს, რამდენად ეწევა ჯგუფი იდეოლოგიურ საქმიანობას. კონსტიტუციით გარანტირებული დაცვა არ ვრცელდება ყველა ინტერესთა ჯგუფზე, მაგრამ კონსტიტუციური დაცულ სფეროში მოსახვედრად აუცილებელია ჯგუფი დაკავებული იყოს საჯაროდ ან კერძოდ იდეების ქადაგებით.“ ეჭვგარეშეა, რომ რელიგიური ორგანიზაცია წარმოადგენს იდეოლოგიურ ორგანიზაციას, რომელიც ეწევა სხვისგან განსხვავებული იდეების ქადაგებას ღმერთთან დაკავშირებით. ზემოხსენებულ საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ასევე განაცხადა: ,,სახელმწიფოს ფუნქციას არ წარმოადგენს ის, რომ იგნორირება გაუკეთოს ჯგუფის ღირებულებებს ან მიიჩნიოს ისინი ურთიერთსაწინააღმდეგოდ. ყველა სახის განცხადებას, რაც გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული, აერთიანებს ის, რომ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, შეზღუდოს რაიმე ტიპის მოსაზრება იმ საფუძვლით, რომ ეს მოსაზრება არაგონივრულად ან არარაციონალურად მიაჩნია სახელმწიფოს. იმისათვის, რომ რელიგიურმა მოსაზრებებმა მოიპოვონ კონსტიტუციური დაცვა არ არის აუცილებელი რელიგიური მოსაზრებები იყოს მისაღები, ლოგიკური, თანმიმდევრული და გასაგები.“ დეილის საქმეზე სასამართლომ ასევე აღნიშნა: ,,სახელმწიფო გაერთიანებას ანიჭებს თავისუფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი იდეოლოგია, იმავდროულად, გაერთიანება სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად განსაზღვრავს, რა გარემოება მოდის წინააღმდეგობაში გაერთიანების მრწამსთან. თუკი გაერთიანების კავშირი პირთან, გაერთიანების აზრით, ლახავს ამ ჯგუფის იდეოლოგიას და მრწამსს, სახელმწიფომ განსაკუთრებული სიმკაცრით არ უნდა შეაფასოს ამ მოსაზრების მართებულობა. გაერთიანებაში იდეოლოგიასთან შეუთავსებელი პირის მიღებამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს იმ იდეოლოგიის გავრცელებას, რისთვისაც შექმნილია გაერთიანება.“ შიიტი და სუნიტი სასულიერო პირების საქმიანობამ ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფარგლებში ან თანამშრომლობამ ერთ წარმომადგენლობით საბჭოში შესაძლოა ზიანი მიაყენოს ამ ორი მუსლიმური ჯგუფის რწმენაზე დაფუძნებულ განსხვავებას. ორგანიზაციულმა ერთიანობამ შესაძლოა საზოგადოებას არასწორი მესიჯი გაუგზავნოს ორ რელიგიურ ჯგუფს შორის არსებული სქიზმის აღმოფხვრის თაობაზე. იძულებითი ასოცირება აზიანებს რწმენაზე დაფუძნებული განსხვავების ქადაგების შესაძლებლობას. დეილის საქმეში ასევე აღნიშნულია: ,, თუკი ორგანიზაცია თავის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი აარიდონ იმ საკითხებზე საუბრისაგან, რაც განსხვავებას იწვევს, ეს გარემოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ზემოხსენებული მრწამსის კეთილსინდისიერებას.“ შესაძლოა ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მმართველ ორგანოებში ან წარმომადგენლობით საბჭოში არ საუბრობენ რელიგიურ განსხვავებაზე, მაგრამ ეს გარემოება არავითარ გავლენას არ ახდენს, რელიგიური თემის კეთილსინდისიერ წინააღმდეგობაზე, არანაირი ფორმით არ ითანამშრომლოს ჯგუფთან, რომელთანაც რელიგიურ შეხედულებებზე დაფუძნებული განსხვავება გააჩნია. დეილის საქმეზე აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა: ,,კონსტიტუცია არ ითხოვს იმას, რომ ჯგუფის ყველა წევრი თანხმდებოდეს ყველა საკითხზე, იმისათვის, რომ ჯგუფმა ისარგებლოს გაერთიანების თავისუფლებით.“ შეიძლება ცალკეული შიიტი და სუნიტი სასულიერო პირი ივიწყებს მათ შორის არსებულ განსხვავებას და ერთიანდება ერთ წარმომადგენლობით საბჭოში, მაგრამ ეს გარემოება არ ართმევს სხვა შიიტ ლიდერებს გაერთიანების თავისუფლებას, იძულებით არ ითანამშრომლონ სუნიტებთან და პირიქით. ის, რომ შიიტ სასულიერო პირებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა სუნიტებთან თანამშრომლობის საკითხში, ეს გარემოება არ გამორიცხავს რელიგიური თემის ნაწილის ნეგატიური გაერთიანების თავისუფლებას. როგორც დეილის საქმეში, სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე რეინქვესტმა განაცხადა: ,,ის, ფაქტი, რომ ორგანიზაცია სახლის სახურავიდან ხმის გამაძლიერებლით არ გაჰყვირის ორგანიზაციის იდეოლოგიას ან ორგანიზაცია თავის რიგებში შეიწყნარებს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციის იდეოლოგია არ იმსახურებს კონსტიტუციურ დაცვას.“ აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ იდეოლოგიური ორგანიზაცია განასხვავა საჯარო სივრცეში ან ნახევრად საჯარო სივრცეში არსებული საქონლის ან სერვისის მიწოდებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისაგან, რომელიც არ იქმნებიან რაიმე იდეოლოგიის გასავრცელებლად და არც ერთი ადამიანის წევრობა არავითარ საფრთხეს არ უქმნის ამ ორგანიზაციას, რაიმე იდეოლოგიის გასავრცელებლად. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა: ,,ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა შეიქმნა იმ მიზნით, რომ აღმოფხვრას დისკრიმინაცია საჯარო თავშეყრის ადგილებში - კაფეებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შემდგომ იმ საჯარო სივრცეების რაოდენობა, სადაც დისკრიმინაცია აკრძალული იყო, გაიზარდა. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ფარგლები გაიზარდა იმისთვის, რომ მოცული ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი ჯგუფები. ამ ჯგუფების დიფერენცირება შედარებით მკაცრად ხდებოდა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. ადგილობრივი თვითმმართველობის აქტებით გაიზარდა დიფერენცირების კრიტერიუმები, როგორიცაა ნასამართლობა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის ფაქტი, სამხედრო სტატუსი, გარეგნობა, შემოსავლის წყარო, საცხოვრებელი ადგილი და პოლიტიკური იდეოლოგია. საზოგადოებრივი სივრცეები, სადაც დისკრიმინაცია აკრძალულია, არის საკმაოდ დიდი. ეს ტერმინი მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება 50 ადგილით. სიაში მყოფი ძალიან ბევრი ადგილი არის ისეთი, სადაც ფართო საზოგადოებას მოელიან: ტავერნები, რესტორანები, საცალო მაღაზიები, საზოგადოებრივი ბიბლიოთეკები, მაგრამ არსებობს საჯარო სივრცე, რაც ასე ღიად არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის: საზაფხულო ბანაკები და სახურავზე მოწყობილი ბაღები. ამის გამო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა გავრცელდა კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე და ამ კანონის მოქმედებისათვის მნიშვნელობა არა აქვს სივრცის ფიზიკურ მდებარეობას. საჯარო სივრცის დეფინიციაში მოექცა როგორც კომერციული ორგანიზაციები, ისეთები როგორიცაა რესტორნები, ბარები და სასტუმროები, ასევე წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები. ამის გამო ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და გაერთიანების თავისუფლებას შორის კონფლიქტის ალბათობა გაიზარდა. კერძო ორგანიზაციებზე დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა ემსახურებოდეს საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის აღმოფხვრის მწვავე სახელმწიფო ინტერესს, მაგრამ ამგვარი რეგულაციების აღსრულებით არ უნდა ხდებოდეს იმ იდეოლოგიის ხელყოფა, რომლის ქადაგებაც სურს ორგანიზაციას.“ რელიგიური ორგანიზაცია არ შეიძლება ჩაითვალოს საჯარო სივრცედ. ეს უკანასკნელი ხასიათდება ექსკლუზიურებით და არ არის გახსნილი ფართო საზოგადოებისათვის. რელიგიური წეს-ჩვეულებების აღსრულება დაკავშირებულია დიფერენცირებასთან, მაგალითად, ქალს არ შეიძლება ეკავოს სასულიერო იერარქის პოზიცია, ქალებისა და მამაკაცების ჩაცმულობა და ადგილი შეიძლება იყოს განსხვავებული, სხვა მრწამსის ადამიანს შესაძლოა დაუწესდეს შეზღუდვა რელიგიური თემის კუთვნილი საკულტო ნაგებობებით სარგებლობისას. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რელიგიური გაერთიანებისათვის რელიგიის თავისუფლებიდან გამომდინარე უფლებების (მათ შორის, რელიგიური მსახურების უფლების) შეზღუდვას. ამგვარად, რელიგიური ორგანიზაციის შიდა საქმიანობა, რაც არ არის შეხებაში საჯარო წესრიგთან, სარგებლობს იმუნიტეტით ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისაგან. დეილის საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: ,, სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციისათვის წაყენებული მოთხოვნა ასოცირებული იყოს ადამიანთან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ამ ორგანიზაციის მრწამსთან, სერიოზულ ტვირთს აკისრებს ორგანიზაციის კონსტიტუციურ უფლებას. სახელმწიფოს ინტერესი, რაც დადგენილია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით, არ ამართლებს მძიმე ჩარევას ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლებაში. გაერთიანების თავისუფლება უკრძალავს სახელმწიფოს დააკისროს კერძო ორგანიზაციას ამგვარი ვალდებულებები ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მეშვეობით.“ არ შეიძლება გამართლებულ არგუმენტად მივიჩნიოთ ის, რომ განსხვავებულ ჯგუფებს შორის ერთმანეთის მიმღებლობა იმდენად გაიზარდა, რომ გამართლებულია ერთ ორგანიზაციაში მათი იძულებითი არსებობა. ის, რომ ჯგუფის ერთი ნაწილი თანახმაა განსხვავებული მრწამსის ადამიანებთან თანამშრომლობაზე, არ გამოდგება არგუმენტად ჯგუფის სხვა წევრებისათვის, რომლებიც განსხვავებულ ადამიანებთან ასოცირებას ეწინააღმდეგებიან. გამოხატვის თავისუფლება იცავს ნებისმიერ მოსაზრებას იმის მიუხედავად, რამდენად პოპულარულია ის. იდეა, რასაც მხარს უჭერს და რისკენაც მიისწრაფვის უფრო მეტი ადამიანი, არ იმსახურებს საწინააღმდეგო იდეაზე უფრო მეტ კონსტიტუციურ დაცვას. როგორც დეილის საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: ,, ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ და არც უნდა ვიხელმძღვანელოთ, ჩვენი მოსაზრებებით, რამდენად სწორია ან არასწორია კერძო ორგანიზაციის სწავლება. საზოგადოების ან სასამართლოს უკმაყოფილება ორგანიზაციის იდეოლოგიასთან დაკავშირებით არ ამართლებს ორგანიზაციის იძულებას, წევრად მიიღოს ადამიანი, რომელიც უარყოფს ორგანიზაციის იდეოლოგიურ მესიჯს. მაშინ როდესაც კანონი ახალისებს ყველანაირ ქმედებას, გარდა საზიანო ქმედებისა, კანონი არ იძლევა აზრის გაკონტროლების შესაძლებლობას, იმ მიზეზით რომ წაახალისოს ერთი მოსაზრება ან არახელსაყრელად მოექცეს სხვა მოსაზრებას, რამდენად კეთილშობილი მიზნებიც არ შეიძლება ამოძრავებდეს სახელმწიფოს.“ 3) შიიტებსა და სუნიტებს შორის განსხვავება, რაც მათ იცავს ერთ ორგანიზაციაში იძულებითი წევრობისაგან შიიტებსა და სუნიტებს შორის მრწამსში, შარიათში, გადმოცემებში, ისტორიაში გარკვეული უთანხმოებები არსებობს: 1. ძირითადი შეუთანხმებლობა ეხება იმას თუ წინასწარმეტყველი მუჰამედის შემდეგ ვინ არის ისლამური ხალიფატისა და რელიგიის ლიდერი. სუნიტებს მიაჩნიათ, რომ იმამი არის საზოგადოების საერო ხელმძღვანელი და არა რელიგიური მეთაური. ამიტომ მათი აზრით, აბუბაქრი, ომარი და ოსმანი ისლამური თემის პოლიტიკური ხელმძღვანელები იყვნენ. სუნიტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელი არ არის იმამი და ხალიფა იყოს უცოდველი. შიიტები, სუნიტებისაგან განსხვავებით, იმამებს უცოდველებად მიიჩნევენ და აბუბაქრის, ომარის, ოსმანის ხალიფობასა და იმამობას არ აღიარებენ. შიიზმში იმამობა თითქმის წინასწარმეტყველობის საზრისს ატარებს, უფრო სწორად მის გაგრძელებას წარმოადგენს. ამიტომაც იმამები წინასწარმეტყველობასთან ერთად რელიგიის საყრდენსა და საფუძველს წარმოადგენენ (1. თოუჰიდი (ღვთის ერთარსობა), 2.სამართლიანობა ( ღვთის სამართლიანობა), 3. წინასწარმეტყველება 4. იმამობა და 5. მეადი (სიკვდილისშემდგომი სიცოცხლის არსებობის რწმენა). სუნიტები კი შიიტებისაგან განსხვავებით იმამობას რწმენის საფუძველად კი არა, მის განტოტებად მიიჩნევენ. ეს კი ამ ორ მიმდინარეობას შორის უამრავ უთანხმოებებს ბადებს. შიიტები იმამი ალის (წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის ფატიმას ქმარი) მიმდევრები არიან და მუჰამედ წინასწარმეტყველის შემდგომ წინასწარმეტყველის საქმეთა უშუალო გამგრძელებლად ალის მიიჩნევენ. ამის დასამტკიცებლად ისინი შიიტურ და სუნიტურ წყაროებში აღნუსხულ “გადირ -ხუმის” ფაქტს ასახელებენ. ეს ფაქტი კი შემდეგში მდგომარეობს: წინასწარმეტყველი მუჰამადი თავისი სიცოცხლის ბოლო წელს ქააბის მოლოცვის შემდეგ ქალაქ მედინაში დაბრუნებისას “ხუმ”-ად წოდებულ ველზე ქარავანი შეაყენა. ხალხს სიტყვით მიმართა და ბრძანა: … მე ვისი უხუცესიც ვარ, ალიც მისი უხუცესია. ღმერთო! შეიყვარე ის ვინც ალის შეიყვარებს და შეიძულე იგი ვინც მას უმტრობს. ვინც დაეხმარება შემწედ ეყავ, ხოლო ვინც მის დამცირებას შეეცდება, დააკნინე იგი ამ საკითხს კი მაიდეს სურის 67-ე აიის გარდამოცემა ესაბაბა: “მოციქულო! იქადაგე ის, რაც შენი უფლისგან გარდამოგეცემა! თუკი (ასე) არ იზამ, მის მითითებას აცდები. ღმერთი დაგიცავს შენ ადამიანთაგან. ჭეშმარიტად, რომ ღმერთი ურწმუნოთ არ უწინამძღვრებს. შიიტების რწმენით, წინასწარმეტყველ მუჰამედის სიცოცხლის უკანასკნელ წელს ღმერთმა იმამი ალი მის მაგიერ მუსლიმთა წინამძღოლად აირჩია და ამის გაცხადება თავად მოციქულს დააკისრა. შიიტების რწმენით იმამი ალის იმამობა და ნაცვალობა თვით ყურანშია დადასტურებული. მაიდეს სურის 55 აიისა და მრავალი სხვა აიების ალის შესახებ მოღაღადეობისა სწამთ. შიიტებს იმამი ალის შემდეგ 11 იმამს წინასწარმეტყველის მონაცვლედ (ვალი) მიიჩნევენ. მათთვის იმამები ყურანისა და ღვთიურ განგებათა გამცხადებელი პიროვნებები არიან და ღვთისგან გამოცხადებათა მიღების გამოკლებით წინასწარმეტყველისთვის დამახასიათებელი სხვა ყველა უპირატესობა გააჩნიათ. ამიტომაც შიიტები მუსლიმურ სწავლებებსა და შარიათის კანონებს მათგან ითვისებენ, ხოლო საკუთარ თავს მათი სკოლის (აჰლ ალ ბეითის) გამგრძელებლებად მიიჩნევენ. შიიტებს აგრეთვე სწამთ რომ მუსლიმთა იმამი სამართლიანი, ბრძენი და უცოდველი უნდა იყოს, რომელსაც ღმერთი თვითონ აირჩევს (როგორც ღმერთმა წინასწარმეტყველის მეშვეობით იმამი ალი და მისი 11 შთამომავალი აირჩია). ხოლო არაწმინდა (ცოდვილი) ადამიანი მუსლიმთა იმამობას, წინამძღოლობას ვერ იტვირთავს. აჰლ ალ ბეითის წმინდანობის დასადასტურებლად შიიტები ყურანის “აჰზაბის” სურის 33-ე აიას მიმართავენ: “ო, თქვენ აჰლ ალ ბაითო! ღმერთს თქვენი ყოველგვარი სიბილწისგან ( ცოდვისგან) განწმენდა და განსპეტაკება ჰნებავს”. სუნიტებს ამისგან განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. ისინი ისლამის წინასწარმეტყველის ნაცვალის ღვთისგან შერჩევას კი არა, მუსლიმთა ერთი ჯგუფის მიერ ვინმეს ხალიფად არჩევას ან წინამორბედი ხალიფას მიერ თავისი მემკვიდრის დანიშვნას აღიარებენ. სუნიტებს სწამთ, რომ მუსლიმთა წინამძღოლობისა და ხალიფობისთვის უცოდველობა აუცილებელი პირობა არაა. ხალხი ვისაც აირჩევს, სამართლიანი პიროვნებაც რომ არ იყოს, არა აქვს მნიშვნელობა, შესაძლებელია ასეთი ადამიანი ხალიფა იყოს. წინასწარმეტყველის გარდაცვალების შემდეგ მათ ერთიმეორის მიყოლებით აბუბაქრის, ომარის, ოსმანისა და ბოლოს ალის ხალიფობისა სწამთ. ისინი შიიტების რწმენას იმამობასთან დაკავშირებით არ იზიარებენ და მუსლიმურ სწავლებებს, შარიათს, აგრეთვე თავიანთი 4 იმამის ფეტვას და ქუთუბ ალ სითაჰის მსგავსი გადმოცემათა წიგნებში თავმოყრილ ხდომილებებს ემორჩილებიან. შიიტები ისლამურ მოძღვრებებში და შარიათის დებულებებში “საგალეინად” (არაბ. ორი ძვირფასი საგანი) წოდებულ გადმოცემებზე დაყრდნობით (წინასწარმეტყველი სასიკვდილო სარეცელზე ბრძანებს: “მე თქვენ შორის ორ ღირებულ რამეს ვტოვებ. ამათგან ერთი ღვთის წიგნია, ხოლო მეორე ჩემი აჰლ ალ ბეითი (სახლეული -მთარგმნ.) ამ ორს თუ ჩაეჭიდებით არასოდეს აცდებით გზას”) აჰლ ალ ბეითის სკოლის გამგრძელებლები არიან. მაგრამ სუნიტები ამ სკოლას არ აღიარებენ და შესაბამისად, მათ და შიიტებს შორის ისლამურ სწავლებებში, მცირე გაბანვის თუ ლოცვის საკითხებში აზრთასხვადასხვაობა ჩნდება. რასაც ორივე მხრიდან უამრავი წიგნი მიეძღვნა 661 წელს მოკლული იქნა ხალიფა, იმამი ალი. ხალიფა გახდა აჯანყებული მუავია. ამავე წელს ალის უფროსმა შვილმა, წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილმა ჰასანმა, შიიტების მიერ აღიარებულმა მეორე იმამმა ომის თავიდან ასაცილებლად მუავიას შემდეგი პირობებით დაუზავდა: 1. შიიტების სისხლისღვრა შეჩერდებოდა და შიიტთა უფლებები დაცული იქნებოდა 2. წმინდა ალისა და შიიტების ლანძღვა შეჩერდებოდა 3. მუავია აღასრულებდა ღვთის წიგნის მოთხოვნებსა და წინასწარმეტყველის ადათებს 4. იმამის მეგობრები და მიმდევრები, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, მუავიას მომხრეთა საფრთხისაგან დაცულნი უნდა ყოფილიყვნენ 5. იმამი მუავიას ამირულმომუნინად (მართლმორწმუნეთა წინამძღოლად) არ აღიარებდა და ხუთბებში მის სახელს არ მოიხსენებდა. 6. მუავია ხალიფობას იმამი ჰასანის გარდა სხვას არ გადასცემდა. მუავია ამ პირობებს დათანხმდა, თუმცა გახალიფების შემდეგ ყველა პუნქტი დაარღვია. თავად იმამი ჰასანი მოაწამვლინა და მისი მიმდევრებიც სიცოცხლეს გამოასალმა. ბოლოს კი ხალიფობა თავის შვილს უანდერძა. ეს უკანასკნელი კი მუსლიმური თემისთვის უპრეცენდენტო იყო, რადგან მანამდე ხალიფობა მამიდან შვილზე არ გადადიოდა. 680 წელს მუავიას შემდეგ ხალიფას თანამდებობის დაკავება სცადა მუავიას შვილმა იაზიდმა. ალის უმცროსმა შვილმა შიიტების მესამე იმამმა ალ ჰუსეინმა წინააღმდეგობა გაუწია იაზიდს. იაზიდმა ჰუსეინი და მისი 72 მხარდამჭერი ქალაქ ქარბალასთან 10 დღიანი ალყის შემდეგ მოაკვლევინა.[1] ამ შემთხვევამ საბოლოოდ გათიშა მუსლიმები ორ ჯგუფად შიიტებად და სუნიტებად. “აშურად” წოდებული სამგლოვიარო დღის აღნიშვნის ტრადიცია მკვეთრად განსხვავებს შიიტებსა და სუნიტებს. შიიტებისათვის აშურა მუჰამედის შვილიშვილის ჰუსეინის გლოვის დღეა. და იგი მხოლოდ შიიტი მუსლიმებისათვის არის დამახასიათებელი.[2] 2. სუნიტებსა და შიიტებს შორის უთანხმოების მეორე ასპექტი ე.წ. საჰაბებს ანუ წინასწარმეტყველის თანამოაზრეებს ეხება (საჰაბი ასევე წინასწარმეტყველის სიცოცხლეში ისლამზე მოქცეულებსაც ეწოდებათ) . სუნიტების მიხედვით ყოველი საჰაბი სამართლიანია, მაგრამ შიიტები ამას არ ეთანხმებიან და დასძენენ, რომ: საჰაბითა შორისაც იყვნენ უსამართლონი და ფლიდნი.და ამის დასტურად სურა "ნურის" 12-ე აიას უხმობენ. მე-3 საკითხი რომელსაც შიიტები და სუნიტები განსხვავებულად ეკიდებიან შარიათის დებულებათა სხვადასხვაგვარი აღქმაა. სუნიტები ყურანსა და სუნას (ისლამურ წყაროებში სუნა წინასწარმეტყველის დანატოვარ ადათებს ეწოდება), ასევე იჯმას (საჰაბების ერთ რომელი საკითხზე ერთსულოვნება სხვა სიტყვებით მიდგომათა ერთიანობა) და ყიასს (ორი საკითხის ერთგვაროვანებიდან გამომდინარე პირველის საზრისის მეორესთვისაც მიკუთვნება), ისთიჰსანს (მუჯთაჰიდის (რჯულისმეცნიერის-მთარგმ) გონებაში არსებული მაგრამ სიტყვით ვერუთქმელი არგუმენტი და სხვ.), საჰაბეს იჯთიჰადს(საჰაბეს პირადი აზრის მიყოლა) შარიათის დებულებების აღსაქმელ და განმსაზღვრავ მთავარ წყაროდ მიიჩნევენ. შიიტებისთვის კი მთავარ წყაროდ მხოლოდ ყურანი და სუნა მიიჩნევა და არა ყიასი თუ საჰაბიათა. ყიასი თუ საჰაბიათა შიიტებისათვის კერძო მოსაზრებებია. 4. შიიტი წინასწარმეტყველის შემდეგ რელიგიურ მოძღვრებას უცოდველად აღიარებული და წინასწარმეტყველის შთამომავალი 12 იმამისაგან იღებს. სუნიტები კი მათ წინასწარმეტყველის გარდაცვალებიდან ქვეყნად ერთი საუკუნის შემდეგ მოვლენილი აბუ ჰანიფათი, აჰმად იბნ ჰამბალით, მალიქითა და შაფეით ანაცვლებენ, რომლებსაც იმამების რანგში განიხილავენ. ამ ორ მიმდინარეობას შორის ეს ფაქტორიც თამაშობს თავის გამთიშავ როლს რწმენით თუ საშარიათო საკითხებში. მაგალითად ღმერთის ატრიბუტები, წინასწარმეტყველობის პირობები და მახასიათებლები, რაჯათი (მკვდრეთით აღდგომა), თაკია (საფრთხის წინაშე რწმენის მიჩქმალვა), შაფაატი (წმინდანთაგან შემწეობის თხოვნა), დროებითი ქორწინება, ლოცვისა და მარხვის რაობა ორივე თემში განსხვავებულია. მაგალითად შიიტებისთვის ღმერთის ხილვა არც ამქვეყნადაა შესაძლებელი და არც გარდაცვალების შემდეგ. სუნიტები კი გარდაცვალების შემდეგ ამას შესაძლებლად მიიჩნევენ. სუნიტებთან ღმერთის არსი და ატრიბუტი ერთმანეთისაგან განსხვავდება, შიიტებთან კი ერთმანეთის იდენტურია. სუნიტური შეხედულებით, ორი ნამაზის (სარიტუალო ლოცვის) დროის გაერთიანება დაუშვებელია. სუნიტებში მკლავებდაშვებით ნამაზის აღსრულება დაუშვებელია, შიიტებთან დაშვებულია. სუნიტური შიდა განშტოებების მიხედვით საფლავებზე გასვლა ღვთისთვის ზიარის ჩანაცვლებაა (მკრეხელობაა), მაგრამ შიიტებთან საფლავებისა და განსაკუთრებით კი წმინდა იმამების საფლავთა მოლოცვა პირიქით დიდი მადლის მომნიჭებელია და ღვთის ერთადერთობას ადასტურებს. ამ სხვადასხვაობათა გამო ისლამის ისტორიის გარიჟრაჟიდან მოყოლებული დღემდე ორივე თემის მიმდევრებს შორის შუღლი და სისხლისღვრები გამართულა. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. 5. კიდევ ერთი უთანხმოება წინასწარმეტყველის ასულის წმინდა ფატიმას საკუთრებაში არსებული ფადაკის ბაღია. შიიტების მიხედვით წინასწარმეტყველის გარდაცვალების შემდეგ იგი პირველმა ხალიფამ აბუბაქრმა უკანონოდ წაართვა ფატიმას. ბოლო მე-12 იმამი უხილავი გახდა მე-9 საუკუნეში, 878 წელს. შიიტების რწმენით, მე-12 იმამი დღემდე ცოცხალია.[3] მე-12 იმამი, შიიტების რწმენით, არის მაჰდი, რომელიც დაბრუნდება ბოროტების დასამარცხებლად და იესოსთან ერთად მეორედ მოვა.[4] მაჰდის არსებობა სწამთ სუნიტებსაც. მაგრამ შიიტებისაგან განსხვავებით, სუნიტების აზრით მაჰდი ჯერ არ დაბადებულა. [5] სუნიტები შეადგენენ მსოფლიო მუსლიმური საზოგადოების 70%-ს[6] (940 მილიონი), ხოლო დანარჩენი 30 % არის შიიტი. ჯამში მუსლიმური მოსახლეობა არის 1 მილიარდი.[7] ოთხ ქვეყანაში; ირანში, აზერბაიჯანში, ბაჰრეინში და ერაყში შიიტი მუსლიმები ქმნიან მთელი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. [8] სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის მირგატ ასადოვისათვის სსიპ რელიგიის საკითხთა სააგენტოს 2015 წლის 7 დეკემბერს გაგზავნილი #1/560 წერილიდან ირკვევა: 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზამდე, ოფიციალური მიზნებისათვის შესაძლებელია მხოლოდ 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებით სარგებლობა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მუსლიმი თემის რაოდენობა შეადგენს 433 784 (ოთხას ოცდაცამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაოთხ) ადამიანს. ამასთან სტატისტიკა არ ყოფს შიიტურ და სუნიტურ მიმდინარეობად.“ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის თანახმად, მუსლიმი მოსახლეობა შეადგენს მთელი მოსახლეობის 9,9% (http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/census/2002/I%20tomi%20-%20saqarTvelos%20mosaxleobis%202002%20wlis%20pirveli%20erovnuli%20sayovelTao%20aRweris%20Sedegebi.pdf 42-ე გვერდი). 2002 წლის აღწერა ერთმანეთისაგან არ განასხვავებს შიიტ და სუნიტ მოსახლეობას. ამის მიუხედავად, ეთნიკური და რელიგიური განსხვავება ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, აზერბაიჯანული თემი არის ყველაზე დიდ თემი ეთნიკური ქართველების შემდეგ. ეთნიკური აზერბაიჯანელების რაოდენობა შეადგენს 284 761 - მოსახლეობის 6,5%-ს) (http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/census/2002/I%20tomi%20-%20saqarTvelos%20mosaxleobis%202002%20wlis%20pirveli%20erovnuli%20sayovelTao%20aRweris%20Sedegebi.pdf 110 გვერდი). აქვე მოცემულია ქისტების რაოდენობა - 7110 ადამიანი, ასევე ინფორმაცია 455 თათარის და 441 თურქის თაობაზე (იქვე). აღწერაში ცალკე არ არის გამოყოფილი ინფორმაცია კახეთის რეგიონში მაცხოვრებელი ლეკების, ასევე ეთნიკური ქართველი მუსლიმების თაობაზე, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთის, გურიის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში. ვინაიდან შიიტებსა და სუნიტებს შორის დაყოფა ძირითადად ემთხვევა ეთნიკურ განსხვავებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მუსლიმი მოსახლეობის 9,9 პროცენტიდან შიიტი მოსახლეობის უმრავლესობა ძირითადად აზერბაიჯანულ მოსახლეობაზე მოდის, ხოლო ეთნიკური ქართველები (აჭარლები), თურქები, ქისტები, ლეკები, მაჰმადიანი მესხები არიან სუნიტები. მუსლიმურ თემში სქიზმა არსებობს მე-7 საუკუნიდან. შიიტურ და სუნიტურ თემის მრწამსსა და დოგმატიკას შორის რელიგიური განსხვავება ატარებს ნათელ, მწყობრი, სერიოზულ, თანმიმდევრულ ხასიათს. სუნიტური და შიიტური თემისათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან პირობა დადებული იქნა საერთო ორგანიზაციის შექმნით ან ერთ ორგანიზაციულ სტრუქტურაში სასულიერო პირების თანამშრომლობით. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში თემის ნაწილი კარგავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაც წარმოადგენს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლების დარღვევას. სადავო ნორმით ორივე თემისათვის დაკისრებული ვალდებულება, გაერთიანდნენ ერთ ორგანიზაციულ სტრუქტურაში, არ არის გამართლებული რაიმე ინტერესით, მათ შორის დისკრიმინაციის თავიდან აცილების ინტერესითაც. რელიგიური თემი არის ღრმად იდეოლოგიური, საერთო მრწამსის გარშემო ადამიანების ერთობა. ერთი მრწამსის აღიარება და მეორის უარყოფა თავის თავში მოიცავს, გაერთიანებაში პირველი მრწამსის მიმდევარი პირების დაშვებას და მეორე მრწამსის მატარებელი პირების გარიცხვას. ამგვარად, იდეოლოგიურ გაერთიანებები, სადაც კონკრეტული მსოფლმხედველობის გავრცელებას ცენტრალური ადგილი უკავია, თავის თავში მოიცავს იმ ადამიანებისაგან დისტანცირების შესაძლებლობას, რომლებიც გაერთიანების იდეოლოგიას და მრწამსს ეწინააღმდეგებიან. ამგვარი გამიჯვნის გარეშე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა განსხვავებული შეხედულებების, იდეოლოგიისა და მრწამსის არსებობა. ჩვენს საზოგადოებაში არ არის გასაკვირი იდეოლოგიური გაერთიანებების მხრიდან იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო წევრის გარიცხვის სამართლებრივი შესაძლებლობები. ყველა პარტიის ან საპარლამენტო ფრაქციას შეუძლია იდეოლოგიური წინააღმდეგობის გამო თავისი რიგები დაატოვებინოს იმ წევრს, რომელიც ეწინააღმდეგება ფრაქციის ან პარტიის წესდებას და არ იზიარებს პარტიის ან საპარლამენტო ფრაქციის იდეოლოგიას. მაგალითად, ,,საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ,, ფრაქციის ამოცანებია: გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის საგარეო და საშინაო საკითხებთან დაკავშირებით;“ ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფრაქციას შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის მითითებით გარიცხოს წევრი. ბუნებრივია, ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ფრაქციის იდეოლოგიასთან წინააღმდეგობა. ამ გარემოების საილუსტრაციოდ გვსურს მოვიყვანოთ, უმცირესობაში შემავალი ერთ-ერთი დიდი საპარლამენტო ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წესდება (http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/fraqciebi-6/saparlamento-umciresobashi-shemavali-fraqciebi/ertiani-nacionaluri-modzraoba/wesdeba-1949) . ამ ფრაქციის წესდების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფრაქციას უფლება აქვს სრული შემადგელობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება თავისი შემადგენლობიდან ფრაქციის წევრის გარიცხვის შესახებ, თუ: მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმას; განსხვავებული შეხედულებების მქონე წევრის ფრაქციიდან გარიცხვა არ ითვლება კონსტიტუციის მე-14 მუხლის ან ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის დარღვევად, იმის მიუხედავად რომ პოლიტიკური შეხედულებები და გამოხატვა, კანონით პირდაპირი აკრძალული დისკრიმინაციის ნიშანია. ამგვარად, ის, რაც სხვა იურიდიული პირის - მაგალითად, ბინათმესაკუთრეთა ამხანოგობისათვის, ადვოკატთა ასოციაციისათვის, რესტორანი მაკდონალდსისათვის შესაძლოა ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის დარღვევად (პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციად) ჩათვლილიყო, იდეოლოგიური ორგანიზაციის შემთხვევაში ადამიანის შეხედულებების გამო სელექცია ამ გაერთიანების თავისუფლების არსებითი შემადგენელი ნაწილია. თუკი დემოკრატიულ საზოგადოებაში ვუშვებთ იდეოლოგიური გაერთიანების არსებობას, ამას გარდაუვლად თან მოჰყვება წევრების დიფერენცირება პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა შეხედულებების ნიშნით. სხვაგვარად, იდეოლოგიური გაერთიანებები დემოკრატიულ საზოგადოებაში ვერ იარსებებს და ვერც დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ატრიბუტი - განსხვავებულობა და პლურალიზმი გვექნება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სერვისის უზრუნველსაყოფად შექმნილი გაერთიანებაა, ადვოკატთა ასოციაცია პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შექმნილი გაერთიანება, ხოლო მაკდონალდსი საქონლის- კვების პროდუქტების საცალო მოხმარებისათვის შექმნილი იურიდიული პირი. განსხვავებული იდეოლოგიის გავრცელება არც ერთი ზემოხსენებული იურიდიული პირის შექმნის აუცილებელი წინაპირობა არ არის. ეს მაშინ როცა იდეოლოგიის გარეშე, არ არსებობს იდეოლოგიური ორგანიზაცია (რელიგიური ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, იდეოლოგიური არასამეწარმეო იურიდიული პირები და არარეგისტრირებული კავშირები). მაშინ როდესაც სახელმწიფომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით უნდა აკონტროლოს საქონლის, სერვისის მიწოდებაზე ორიენტირებული გაერთიანებების მიერ წევრებთან, ბენეფიციარებთან ურთიერთობის საკითხი, იდეოლოგიური ორგანიზაციები საჭიროებენ სახელმწიფოსაგან განსაზღვრულ ავტონომიას და განსაზღვრულ ფარგლებში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მოქმედებისაგან იმუნიტეტს. იმ ადამიანთან ასოცირების იძულებით, რომელიც ეწინააღმდეგება იდეოლოგიური ორგანიზაციის მრწამსს, სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებები წინააღმდეგობაში მოვიდოდა იმ მიზნებთან - რის გამოც იქმნება დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები. ეს მიზანია უზრუნველყოს დემოკრატიული წესწყობილების არსებობა, რომელიც თავის თავში მოიცავს ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად, ორგანიზაციულ განზომილებაში სხვებისაგან განსხვავებული რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა ტიპის შეხედულებების გამოხატვას.
ამგვარად, არავითარი ლეგიტიმური მიზანი არ ამართლებს, სახელმწიფოს მხრიდან, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე შიიტებისა და სუნიტების იძულებას, ფინანსური სახსრების შეთავაზებით მათ დაყოლიებას, ერთ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაში გაერთიანდნენ იდეოლოგიური წინააღმდეგობის მიუხედავად. სადავო ნორმით სახელმწიფო გაუმართლებლად ერევა, გაერთიანების თავისუფლებით რელიგიური თემისათვის გარანტირებულ უფლებაში, არ იყოს ასოცირებული ისეთ ადამიანთან ან ადამიანების ჯგუფთან, რომლის რწმენაც წინააღმდეგობაში მოდის რელიგიური თემის მრწამსთან. 4) კონსტიტუციის მე-19 მუხლი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 76-ე პარაგრაფში აღნიშნა: (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-67795): ,,ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, როცა სახელმწიფო დაყოფილ რელიგიურ თემზე ... ზემოქმედებს, რათა მთლინად თემს ჰყავდეს ერთი ხელმძღვანელობა, თემის წევრების სურვილის წინააღმდეგ, წარმოადგენს რელიგიის თავისუფლების დარღვევას, თუკი ამ ზემოქმედებას არ გააჩნია სათანადო გამართლება.“ ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ უზრუნველეყო ორად გაყოფილი მუსლიმური თემის გაერთიანება. ხელისუფლებამ მოახდინა მუსლიმთა კრების ორგანიზება. ამ კრებაზე მონაწილე დელეგატის არჩევის ფაქტს ადასტურებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. კრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიურ საკითხთა დირექტორატის ხელმძღვანელმა. ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლები ისლამური თემის გასაერთიანებლად სახელმწიფოს მიერ გაწეულ ძალისხმევას უწოდებდნენ არა გაერთიანებისათვის იძულებას, არამედ გაერთიანების მიზნით მედიაციას. მთავრობა მიუთითებს, რომ ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობდა მედიაციას დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის გაერთიანების პროცესში, ვინაიდან ბულგარეთის მთავრობას ეკისრება კონსტიტუციური მოვალეობა უზრუნველყოს რელიგიური შემწყნარებლობა და მორწმუნეებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 78-ე პარაგრაფი). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ,,სხვადასხვა ჯგუფებს შორის მედიაცია პრინციპულად არ უთანაბრდება კონვენციის მე-9 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ორგანოები ფრთხილად უნდა იყვნენ ასეთ დელიკატურ სფეროში მოქმედებისას (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მე-80 პარაგრაფი). სასამართლომ არა მედიაციად, არამედ რელიგიის თავისუფლებაში ჩარევად შეაფასა ორ ნაწილად გახლეჩილი თემისათვის გაერთიანების, ერთი ხელმძღვანელობის არჩევის ვალდებულების კანონით დაკისრება, მხოლოდ ერთ ორგანიზაციის მიერ მთელი რელიგიური თემის ქონების მართვის შესაძლებლობა: ,,ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონი პრაქტიკაში გამოიყენებოდა იმგვარად, რომ ითხოვდა - და დღესაც ითხოვს - იმას, რომ ყველა მორწმუნე, რომელიც მიეკუთვნება კონკრეტულ რელიგიას და სურს, მონაწილეობა მიიღოს თემის ორგანიზებაში, უნდა შექმნას ერთი სტრუქტურა, რომელსაც ეყოლება ერთი ლიდერი, იმის მიუხედავად, რომ თემი შეიძლება იყოს რამდენიმე ნაწილად დაყოფილი. ამ შემთხვევაში გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ თემში იყოს სხვა რელიგიური ლიდერი, რომელსაც ექნება დამოუკიდებელი ორგანიზაცია და გააკონტროლებს რელიგიური თემის ქონების მეორე ნაწილს. კანონი არ უტოვებს რელიგიურ ლიდერებს სხვა შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ ებრძოლონ ერთმანეთს იმისათვის, რომ მთავრობამ სწორედ მათი ორგანიზაცია აღიაროს თემის წარმომადგენლად. ხელისუფლება კი სთავაზობს მორწმუნეების ერთი ხელმძღვანელობის ქვეშ გაერთიანებას (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 81-ე პარაგრაფი). ევროპულმა სასამართლომ მედიაციად არ მიიჩნია შემთხვევა, როდესაც ერთმა მუსლიმურმა თემმა უარი განაცხადა მეორე მუსლიმურ თემთან გაერთიანების პროცესში შემდგომ მონაწილეობაზე, ამის მიუხედავად, რელიგიურ საკითხთა დირექტორატი, ბულგარეთის მთავრობის უფლებამოსილი ორგანო, დაჟინებით ითხოვდა პროცესიდან გათიშულ მხარისაგან რელიგიური ორგანიზაციების გაერთიანების პროცესში დაბრუნებას: ,,სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ იყო ის, ბატონი გუნჟევს (ეს იყო მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, რომელმაც ბოლო მომენტში გადაიფიქრა ბატონი ჰასანის ხელმძღვანელობით მოქმედ კონკურენტ მუსლიმურ ორგანიზაციასთან გაერთიანება და მუსლიმების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ერთი ორგანიზაციის შექმნა) და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაციას უნდა გაეგრძელებინა თუ არა სხვა მუსლიმურ ორგანიზაციასთან გაერთიანების პროცესში მონაწილეობა. ამ დროს დირექტორატს შეეძლო იმაზე მითითება რომ, მედიაციის მიუხედავად, სახელმწიფოს ძალისხმევამ მუსლიმთა გასაერთიანებლად შედეგი არ გამოიღო. ამის შემდეგ სახელმწიფოს უნდა გამოეხატა მზადყოფნა, მომავალში დახმარებოდა მხარეებს გაერთიანებაში და პროცესიდან უნდა გასულიყო. ამის ნაცვლად სახელმწიფომ, მხოლოდ ბატონი გუნჟევის მოწინააღმდეგე ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით უზრუნველყო ყრილობის ჩატარება. კონფერენციაზე არჩეულმა პირებმა მოიპოვეს მუსლიმური საზოგადოების ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერების სტატუსი. ამის შედეგად, მომჩივანი რელიგიური ორგანიზაცია (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო) ვეღარ წარმოადგენდა რელიგიური თემის მეორე ნაწილს, ვერ უძღვებოდა ამ ნაწილის საქმეებს და ვერ განკარგავდა მათ საკუთრებას (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 84-ე პარაგრაფი). ამის გამო, სასამართლო თვლის, რომ მოხდა მომჩივანი ორგანიზაციის კონვენციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევა მოქმედი სამართლით, მისი განხორციელების პრაქტიკით და ხელისუფლების მოქმედებით. შედეგი იყო ის, რომ ორად გახლეჩილ თემს იძულებით დაუნიშნეს ერთი ლიდერი, მაშინ როცა ერთ-ერთ ჯგუფს ეს არ სურდა (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 85-ე პარაგრაფი). ამგვარი ჩარევა წარმოადგენს დარღვევას, თუკი ეს ჩარევა არ არის გათვალისწინებული კანონით და დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ 86-ე პარაგრაფი). რამდენად აუცილებელი იყო ეს ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში? ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ,,სასამართლო იმეორებს, რომ რელიგიური თემის ავტონომიური არსებობა განუყოფელია დემოკრატიულ საზოგადოებაში პლურალიზმისგან. მაშინ, როდესაც შესაძლოა, აუცილებელი გახდეს სახელმწიფოსაგან სათანადო ნაბიჯის გადადგმა სხვადასხვა რელიგიების და რელიგიური ინტერესების თანაარსებობის უზრუნველსაყოფად, თავისი მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელებისას სახელმწიფო უნდა დარჩეს ნეიტრალური და მიუკერძოებელი სხვადასხვა რელიგიებთან, დენომინაციებთან და რწმენასთან მიმართებაში. რაც მნიშვნელოვანია, ეს არის პლურალიზმის შენარჩუნება და დემოკრატიის სრულფასოვანი ფუნქციონირება. დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპული მახასიათებელია, შესთავაზო ქვეყანის პრობლემების დიალოგის გზით გადაწყვეტა, მაშინაც კი, როცა ეს მოსაწყენია (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 93-ე პარაგრაფი). ,,აღნიშნულ საქმეში რელევანტური კანონმდებლობა, პრაქტიკა და ხელისუფლების ქმედებები აიძულებდა გაყოფილ რელიგიურ ჯგუფს ჰყოლოდა ერთი ლიდერი დაპირისპირებული ჯგუფებიდან ერთ-ერთის სურვილის საწინააღმდეგოდ (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 94-ე პარაგრაფი). ამის შედეგად, ერთი დაპირისპირებული ჯგუფის ლიდერი ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებოდა, ხოლო მეორეს, უფლება წაერთმეოდა ავტონომიურად ემართა რელიგიური თემის ნაწილის საქმეები და ქონება (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 95-ე პუნქტი). სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით, ისეთ დელიკატურ სფეროში, როგორიცაა რელიგიურ თემთან ურთიერთობა. ამის მიუხედავად, სასამართლო იმეორებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო არ დგას იმგვარი საჭიროების წინაშე, რომ გაატაროს ზომები რელიგიური თემების შესანარჩუნებლად ან მათი ერთი ხელმძღვანელობის ქვეშ გაერთიანებისათვის. რელიგიური თემებს შორის ან თავად თემის შიგნით კონფლიქტისას სახელმწიფოს ფუნქცია არ მდგომარეობს იმაში, რომ კრიზისის მიზეზის აღმოფხვრის მიზნით უარი თქვას პლურალიზმზე. სახელმწიფოს მოვალეობას წარმოადგენს ის, რომ დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულად იყვნენ განწყობილი. როგორც ზემოთ სასამართლომ უკვე განაცხადა, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიება, რომლითაც ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს შუაზე გახლეჩილი რელიგიური თემის ერთ კონკრეტულ ლიდერს ან თუ სახელმწიფო მიისწრაფვის იმისკენ, რომ აიძულოს მთელი თემი ან მისი რომელიმე ნაწილი, თემის სურვილის საწინააღმდეგოდ იყოლიოს ერთი ხელმძღვანელობა, ჩაითვლება რელიგიის თავისუფლების უფლებაში ჩარევად (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ 96-ე პარაგრაფი).(see Serif v. Greece, cited above, §§ 49, 52 and 53, and Hasan and Chaush v. Bulgaria, cited above, § 78) სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია, კანონიერების და წარსულში მომხდარი უსამართლობის აღსადგენად, რატომ იყო აუცილებელი ორად გაყოფილი თემის იძულება, გაერთიანებულიყო ერთი ხელმძღვანელობის გარშემო (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ 97-ე პარაგრაფი). ამ გარემოების გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო თვლის, რომ ბულგარეთის მთავრობა გასცდა კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეფასების ზღვარის ფარგლებს (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ 98-ე პარაგრაფი). აქედან გამომდინარე, მომჩივანი ორგანიზაციის კონვენციის მე-9 მუხლით დაცული უფლებაში ჩარევა არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში... ამგვარად, მომჩივანი ორგანიზაციის უფლებაში ჩარევა წარმოადგენს კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას (მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ 99-ე პარაგრაფი). ნორმატიული აქტით ერთმანეთთან განსხვავებული კონფესიების მოთხოვნა გაერთიანდნენ ერთ ორგანიზაციაში, მაშინ როცა ერთ-ერთ რელიგიურ გაერთიანებას არ სურს განსხვავებული მრწამსის მქონე რელიგიურ ჯგუფთან გაერთიანება, წარმოადგენს სახელმწიფოს ჩარევას რელიგიური თემის შიდა ორგანიზაციულ საქმეებში. მოპასუხე მხარეს მოეთხოვება, დაასაბუთოს წარსულში არსებული უსამართლობის - საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად- რატომ არის აუცილებელი განსხვავებული მრწამსის მქონე ჯგუფის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება. ამგვარი გამართლებისათვის ხელისუფლებამ უნდა მიუთითოს ვისი უფლების დაცვას ისახავდა ამგვარი რეგულირების შემოღებისას. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ სადავო ნორმით დადგენილი რწმენის თავისუფლების შემზღუდველი ღონისძიება გამოსადეგი და ნაკლებად მზღუდავი საშუალება, ამასთან დაცულია ბალანსი შიიტური თემის რწმენის თავისუფლებასა და იმ სხვათა უფლებებს შორის, რომელთა დასაცავადაც იქნა შემოღებული სადავო ნორმები. სხვაგვარად სახეზე გვექნება კონსტიტუციის მე-19 მუხლის დარღვევა. 5) ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების პირობა რამდენად არის სახელმწიფოს მხრიდან იძულება სადავო ნორმის შემთხვევაში, სახელმწიფო ნორმატიული აქტით ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას იმ მიზნით, რომ განსაზღვრულმა რელიგიურმა თემმა სიმბოლური ანაზღაურების სახით მიიღოს საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულია საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება მოიცავს შესაძლებლობას კრედიტორმა მოსთხოვოს მოვალეს ქონებრივი ვალდებულების შესრულება, მათ შორის, ფულადი სახსრების გადახდა. საკუთრების უფლების არსებობისათვის მნიშვნელოვანია მოთხოვნის სუბიექტს ჰქონდეს სამართლის ნორმებით გამყარებული გონივრული მოლოდინი, რომ მოვალე განახორციელებს ფულად ვალდებულებას. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს გარანტიას იმასთან დაკავშირებით, რომ პირს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ზიანი, რომლის ნაწილობრივი ანაზღაურებაც სადავო ნორმით არის გათვალისწინებული, მიყენებულია საბჭოთა ხელისუფლების მიერ და ამ ზიანის ანაზღაურება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან არ გამომდინარეობს. ამის მიუხედავად, სახელმწიფომ ნებაყოფლობით იკისრა ვალდებულება, ფულადი სახით ნაწილობრივ აუნაზღაუროს სომხურ, რომის კათოლიკურ და მუსლიმურ (როგორც შიიტებს, ისე სუნიტებს) თემს საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანი. სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულმა აქტმა ამ თემის წარმომადგენლებს ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების კანონიერი მოლოდინი გაუჩინა. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძე საქართველოს წინააღმდეგ (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-139089). ამ საქმეში მომჩივნებს წარმოადგენენ პირები, რომლთა მშობლებიც დაექვემდებარნენ საბჭოთა რეპრესიებს (იხილეთ გადაწყვეტილების მე-7 და მე-8). თავად მომჩივნებმა ბავშვობა მძიმე პირობებში უდედმამო ბავშვთა სახლში გაატარეს (გადაწყვეტილების მე-9 პარაგრაფი). ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ“ 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ვალდებულებას იღებდა 1921 წლიდან 1990 წლამდე რეპრესირებული საქართველოს მოქალაქის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის გადაეხადა ფულადი კომპენსაცია. ამ ნორმის თანახმად ფულადი კომპენსაციის ოდენობა და გაცემის წესი უნდა განსაზღვრულიყო კანონით (გადაწყვეტილების 25-ე პარაგრაფი). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მომჩივანთა საკასაციო საჩივრის საფუძველზე დადასტურა კლაუს და იური კილაძეების მიერ ფულადი ანაზღაურების მიღების უფლება, თუმცა უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივნები აღნიშნულ ანაზღაურებას ვერ მიიღებდნენ ვინაიდან ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ“ 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 თანახმად, კანონი, რომელსაც რეპრესიის მსხვერპლთა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის წესი უნდა დაედგინა, არ იყო მიღებული (21-ე პარაგრაფი) აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობის არგუმენტი იყო ის, რომ თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე. აქედან გამომდინარე, არც მომჩივანთათვის განცდილი ფულადი კომპენსაციის გადახდა უნდა დაკისრებოდა საქართველოს (გადაწყვეტილების 45-ე პარაგრაფი). მთავრობის აზრით, იმ კანონის მიღებამდე, რომელიც განსაზღვრავდა კომპენსაციის ოდენობას, მომჩივანთა მოთხოვნა ვერ მოექცეოდა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) ფარგლებში (გადაწყვეტილების 46-ე პარაგრაფი). სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კლაუს და იური კილაძე საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 53-ე პარაგრაფში განაცხადა: ,,კონვენცია ხელმომწერ სახელმწიფოებს არ აკისრებს არავითარ განსაკუთრებულ ვალდებულებას, აღმოფხვრან მათი წინამორბედების მიერ დაშვებული უსამართლობა ან მათ მიერ მიყენებული ზიანი.” ამის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ 75-ე პარაგრაფში განაცხადა: ,,სასამართლოს თვალში, ... ქართულმა სახელმწიფომ გააკეთა მორალური და ფინანსური არჩევანი საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი მისი მოქალაქეების სასარგებლოდ.“ ამგვარად, სახელმწიფომ წინა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ნებაყოფლობით იკისრა კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. ვინაიდან მუსლიმებისათვის ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების უფლება გარანტირებულია სადავოდ ქცეული დადგენილებით, კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 54-ე პარაგრაფის თანახმად, ფულადი თანხის მოთხოვნის უფლება არის საკმარისად კარგად ჩამოყალიბებული ეროვნული სამართლით. ეროვნული კანონმდებლობით მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების ნებაყოფლობითი აღიარების გარდა, კილაძეების საქმეში მიღებული გადაწყვეტილების 54-ე პარაგრაფში სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა სხვა კრიტერიუმებზეც, როდესაც საკითხი ექცევა საკუთრების უფლებით დაცული სფერო. სასამართლოს თქმით: ,,ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.“ ამგვარად, ერთი მხრივ, ადამიანის მოთხოვნა და მეორე მხრივ, ამ მოთხოვნის შესაბამისი სახელმწიფოს ვალდებულება, მომავალში გადაუხადოს მოთხოვნის სუბიექტს კანონით გათვალისწინებული ფულადი თანხა, როცა ადამიანს ამ ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური მოლოდინი აქვს, არის საკუთრების უფლებით დაცული სფერო. ამგვარად, თუკი შიიტური თემის წარმომადგენლები იმოქმედებენ საკუთარი რელიგიური მრწამსის შესაბამისად და არ გაერთიანდებიან სუნიტებთან ერთ ორგანიზაციაში, სახელმწიფო უარს აცხადებდეს ასეთი შიიტური ჯგუფისათვის საკუთრების უფლებიდან გამომდინარე, ლეგიტიმურ მოლოდინს დაფუძნებული, ფულადი ვალდებულების შესრულებაზე. სადავო ნორმა მოსარჩელე იურიდიული პირის მრევლს აყენებს არჩევანის წინაშე: საკუთრების უფლების სანაცვლოდ დათმონ რწმენისა და გაერთიანების თავისუფლება ან ისარგებლონ რწმენის თავისუფლებით და ამის სანაცვლოდ საფასური საკუთრების უფლების დათმობით გადაიხადონ. როცა რწმენის თავისუფლების სანაცვლოდ ადამიანს ისეთი მძიმე საფასურის გადახდა უწევს, როგორც ქონების დათმობაა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რწმენის თავისუფლების დარღვევაზე. ზემოთ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ რწმენის თავისუფლების დარღვევა დაადგინა იმის გამო, რომ ერთი რელიგიური ჯგუფი არ ერთიანდება დაპირისპირებულ ჯგუფთან და ამის გამო კარგავს თავისი მრევლის კუთვნილი ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის შესაძლებლობას. მსგავსი პერსპექტივის არსებობის გამო სადავო ნორმა არღვევს მოსარჩელის რწმენის თავისუფლებას. 6) კონსტიტუციის მე-14 მუხლი საქართველოს მთავრობის #117 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოთვლის იმ კონფესიებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიიღონ საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება. ეს კონფესიებია: ისლამური (ორივე შიიტური და სუნიტური ჯგუფი ერთად), იუდეური, რომანულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია. საქართველოს ავტოკეფალურ მართლამდიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნაზღაურებს საბჭოთა პერიოდში მიყენებულ ზიანს. საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზიანის ანაზღაურების მიზნით დაფინანსებას იღებს სამი აბრამიანული რელიგია: ქრისტიანები, იუდეველები და მუსლიმები. ორ ქრისტიანულ სქიზმას სომხურ სამოციქულო ეკლესიას და რომანულ კათოლიკურ ეკლესიას სადავო ნორმა არ სთხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას იმისათვის რომ ნაწილობრივ აინაზღაურონ საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანი. სამაგიეროდ, დაფინანსების მისაღებად გაერთიანება ან თანამშრომლობა აუცილებელი პირობაა მუსლიმთა ორი თემისთვის - შიიტებისა და სუნიტებისათვის. ამგვარად, სადავო ნორმა დაფინანსების მისაღებად კათოლიკეებს არ ავალდებულებს განსხვავებული მრწამსის მქონე სხვა ქრისტიანულ თემთან - სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან გაერთიანებას. რელიგიური განსხვავების დავიწყებას და საერთო ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნას სადავო ნორმა ქრისტიანებისაგან არ მოითხოვს. ამგვარი ტვირთი მუსლიმებს ეკისრებათ. შიიტებსა და სუნიტებს, ორ მუსლიმურ ჯგუფს, ისეთივე სქიზმა (განხეთქილება) აქვს ერთმანეთთან, როგორც ორ ქრისტიანულ თემს - კათოლიკეებსა და სომხებს. ამგვარად, მუსლიმები - შიიტები და სუნიტები, არსებითად თანასწორნი არიან ქრისტიანებთან - კათოლიკეებთან და სომხებთან, ამის მიუხედავად, სადავო ნორმები მუსლიმებსა და ქრისტიანებს არათანაბრად ეპყრობა: შიიტებისაგან და სუნიტებისაგან ერთი ორგანიზაციის შექმნას ითხოვს, ხოლო სომხებს და კათოლიკეებს ამგვარი მოთხოვნა არ წაყენება. დიფერენცირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ხდება რელიგიური ნიშნით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით რელიგია არის პირდაპირ გათვალისწინებული კლასიკური ნიშანი. დიფერენცირების ინტენსივობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ მე-14 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა უნდა შეაფასოს მკაცრი შეფასების ტესტით. მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებისას დიფერენცირება უნდა ემსახურებოდეს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესის დაკმაყოფილებას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-6 პარაგრაფი). აქვე მხედველობაში უნდა მივიღოთ დიფერენცირების სფერო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიფერენცირება ხდება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაშიც, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ექცევა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა პრეცედენტული სამართალი კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან (დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა) დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში რიჟეკ ჟივოტა და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 104-ე პარაგრაფში განსაზღვრა მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცული სფერო (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-96491): ,,მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი გამოიყენება იმ საქმეებთან მიმართებაში, როდესაც ადამიანის დისკრიმინაცია ხდება: ეროვნული სამართლით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას; ეროვნული სამართლით საჯარო ხელისუფლებისათვის დაკისრებული ვალდებულების განხორციელებისას; საჯარო ხელისუფლების მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას (მაგალითად, სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის გაცემისას); საჯარო ხელისუფლების მიერ განსაზღვრული მოქმედების ან უმოქმედობის განხორციელებისას (მაგალითად, სახელმწიფოს მიერ აქციის დაშლისას). ამგვარად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილებით ადგილი აქვს არა საკუთრების უფლებაში ჩარევას, არამედ სუბსიდიის გაცემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებას, ამის მიუხედავად, სახელმწიფო არ თავისუფლდება თანასწორობის უფლებით დაკისრებული ვალდებულებისაგან. დიფერენცირების მიზეზების გასარკვევად უნდა მივმართოთ სსიპ რელიგიის საკითხთა სააგენტოს 2015 წლის 7 დეკემბრის #1/560 წერილს. ამ უკანასკნელში მითითებულია: ,,საქართველოს სახელმწიფო, სეკულარიზმის პრინციპიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას არსებით განხილვაში შევიდეს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საქართველოს მუსლიმ თემში შიიტურ და სუნიტურ ან სხვა მიმდინარეობებს შორის არსებული ,,რადიკალური განსხვავება.“ ...საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #177 დადგენილება ,,ისლამური აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებების“ დეფინიციის ქვეშ, თავისთავად მოიცავს შიიტურ და სუნიტურ რელიგიურ მიმდინარეობებს, ხოლო ამ რელიგიურ გაერთიანებებს შორის, საკუთარი რელიგიური დოქტრინების გათვალისწინებით, თანამშრომლობის მოქნილ ფორმატად განსაზღვრავს რელიგიური გაერთიანებების მიერ ,,წარმომადგენლობითი საბჭოს“ შექმნას. შესაბამისად, ამ დადგენილების რეგულაციის ქვეშ მოქცეულ შიიტურ და სუნიტურ ისლამურ მიმდინარეობათა რელიგიურ გაერთიანებებს, სრულად აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარ რელიგიურ-დოქტრინალურ სივრცეში ჩარევის გარეშე, თანაბრად ისარგებლონ დადგენილებით განსაზღვრული უფლებებით. მნიშვნელოვანია, ასევე ის გარემოება, რომ საქართველოში როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვე პერიოდში შიიტური და სუნიტური მუსლიმური თემები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, მათ შორის ერთ მეჩეთში ასრულებენ ღვთისმსახურებას, რითაც სამართლიანად ამაყოფს ქართული სახელმწიფო და საქართველოს მუსლიმი თემი. ასევე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოში მოქმედი უდიდესი მუსლიმური რელიგიური გაერთიანება - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, საკუთარი მმართველობის ქვეშ მოიცავს შიიტ და სუნიტ სასულიერო პირებს.“ ზემოთ უკვე პასუხი გავეცით იმ არგუმენტს, რომ თუნდაც შიიტებისა და სუნიტების ერთი ნაწილი თანახმა იყოს, შექმნას საერთო ორგანიზაცია ან ითანამშრომლოს წარმომადგენლობითი საბჭოს ფორმატში, ეს გარემოება არ ართმევს შიიტებისა და სუნიტების მეორე ნაწილს რწმენისა და გაერთიანების თავისუფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჰქონდეთ რწმენაზე დაფუძნებული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა ამგვარი გაერთიანების მიმართ. ამ სარჩელის ავტორი სწორედ ის იურიდიული პირია, რომელსაც რწმენის თავისუფლებიდან გამომდინარე, შეუძლებლად მიაჩნია სუნიტებთან როგორც საერთო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა, ასევე წარმომადგენლობით საბჭოში თანამშრომლობა. რაც შეეხება დიფერენციაციის გამამართლებელ სხვა არგუმენტებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მიუთითებს სეკულარიზმის პრინციპზე და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ, ამ პრინციპზე დაყრდნობით, თავი შეიკავა შიიტურ და სუნიტურ მიმდინარეობების გამიჯვნისგან. მეორეს მხრივ, სეკულარიზმის პრინციპი არ გამხდარა ხელის შემშლელი იმისაგან, რომ ერთმანეთისაგან გაემიჯნა ორი ქრისტიანული მიმდინარეობა - რომანული კათოლიციზმი და სომხური სამოციქულო ეკლესია. დიფერენცირების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საქსტატი საყოველთაო აღწერისას შიიტურ და სუნიტურ მრევლს ცალ-ცალკე არ აღრიცხავს. ამის მიუხედავად, თავად სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არ უარყოფს როგორც შიიტური, ისე სუნიტრი თემის წარმომადგენელთა საქართველოში ცხოვრების ფაქტს. საქსტატის მხრიდან მუსლიმური თემის ამ ორი ძირითადი განშტოების მიმდევართა გამოვლენა არ იქნება მნიშვნელოვან ადმინისტრაციული ტვირთის ტარებასთან დაკავშირებული. ეს ტვირთი მით უმეტეს ვერ გამოდგება დიფერენცირების გამართლებისათვის. ცალკე აღებული, ადმინისტრაციული ხასიათის სირთულეები არ შეიძლება ადამიანის უფლებების შეზღუდვის საფუძველი გახდეს. ადმინისტრაციული სირთულეების არსებობა ვერ გამოდგება მკაცრი შეფასების ტესტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ზოგადი ადმინისტრაციული სირთულე არ არის დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, რაც რელიგიის ნიშნით დიფერენცირებას შეიძლება ამართლებდეს. ამგვარად, არ არსებობს დიფერენცირების რაიმე გამართლება. ამიტომ ორი ქრისტიანული თემის - რომანული კათოლიციზმისა და სომხური ეკლესიის გამიჯვნა, მეორე მხრივ, სუნიტური და შიიტური თემის გაუმიჯნაობა საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნებისათვის წარმოადგენს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას. 7) დასკვნა გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტს, მე-19 მუხლს და მე-14 მუხლს. ამიტომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი.
[1] http://www.britannica.com/topic/Shiite [2] http://www.religionfacts.com/ashura [3] http://www.religionfacts.com/shia [4] http://www.encyclopedia.com/article-1G2-3424502840/shiism-ithn-asharyah.html [5] http://www.livescience.com/33071-whats-the-difference-between-shiite-and-sunni-muslims.html [6] http://www.pewforum.org/2011/01/27/future-of-the-global-muslim-population-sunni-and-shia/ [7] http://www.religionfacts.com/sunni [8]http://www.pewforum.org/2009/10/07/mapping-the-global-muslim-population/ |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა