შიო სურმანიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1621 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | შიო სურმანიძე |
თარიღი | 16 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირების მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი:„სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.“ |
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლად განსაზღვრავს, ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირების მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი: „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის„ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოგახსენებთ, რომ 1998 წლიდან ვსარგებლობდი სოციალური პაკეტის მიღების უფლებით, შეზღუდული შესაძლებლობის გამო, მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით, თუმცა 2020 წლის იანვრიდან შემიწყდა დასახელებული უფლებით სარგებლობა, რომლის მიზეზად დასახელდა საჯარო სამსახურში დასაქმება. ამდენად სასამართლოს ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, გადავწყვიტე მომემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები“ არაკონსტიტუციურ და დისკრიმინაციული ხასიათის ნორმებად მიჩნევის გამო.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა. ხოლო, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი სოციალური პაკეტის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრავს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდს, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირებისთვის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის შექმნას განსაკუთრებული პირობები. აღნიშნული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, სახელმწიფო ვალდებულია, მაშინაც უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სოციალური გარანტიებით, როდესაც ის დასაქმებულია. რაც, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან მიმართებით სრულდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილ შეზღუდვებს პირდაპირი მიმართება გააჩნა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან.
სარჩელის დასაშვებობის ერთ–ერთი საფუძველი არის ასევე ის, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - ფიზიკური პირის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
თ)გადახდილი არის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
როგორც უკვე აღვნიშნე, 1998 წლიდან ვსარგებლობდი სოციალური პაკეტის მიღების უფლებით, შეზღუდული შესაძლებლობის გამო, მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით, თუმცა 2020 წლის იანვრიდან შემიწყდა დასახელებული უფლებით სარგებლობა, რომლის მიზეზად დასახელდა საჯარო სამსახურში დასაქმება. ამდენად სასამართლოს ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, გადავწყვიტე მომემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები“ არაკონტიტუციურ და დისკრიმინაციული ხასიათის ნორმებად მიჩნევის გამო
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სოციალური დახმარება არის ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის. ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სოციალური პაკეტი. კანონის მე-121 მუხლის შესაბამისად კი, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლებია: ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; ბ) მარჩენალის გარდაცვალება. თავის მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სტატუსი ენიჭება „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები“ (შემდეგში - დებულებით დამტკიცებული წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს. დადგენილების მე-6 მუხლი კი, ადგენს შეზღუდვებს სოციალური პაკეტის მიღებაზე და დაუშვებლად მიიჩნევს ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღებას - სოციალურ პაკეტთან ერთად, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის (გარდა გამონაკლისებისა) ან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ერთ-ერთ შეზღუდვას წარმოადგენს, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა, რომლის თანახმადაც სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშულ ნორმას აქვს მეორე პუნქტი, რომელიც საჯარო საქმიანობის განხორციელებისას სოციალური პაკეტის მიღებაზე შეზღუდვას არ ავრცელებს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე ჩანს, სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური დახმარებას გასცემს, ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის - სოციალური პაკეტის სახით. თუმცა ამასთან, სახელმწიფო სოციალური დახმარების გაცემას წყვეტს, იმ შემთხვევაში თუ ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები განახორციელებენ შრომითი ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს.
კონსტიტუციური ნორმით აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ცალკე გამოყოფს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებულ პირობების შექმნის კუთხით.
სადაო ნორმები ზღუდავს თანასწორობის უფლებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური პაკეტით სარგებლობა ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შეფასების სამედიცინო მოდელის მიხედვით დადგენილ სტატუსს. აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური პაკეტით უზრუნველყოფის ეფექტურობასაც, რადგან დახმარება და სტატუსის მინიჭება, უნდა ეფუძნებოდეს არ მხოლოდ შეზღუდვის სამედიცინო ხარისხს, არამედ ამ პირთა რეალურ სოციალურ საჭიროებებს, ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით. შესაბამისად, საჯარო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნაწილისთვის სოციალური პაკეტის შენარჩუნების საკითხის გადაწყვეტა, მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შედეგად მინიჭებული სტატუსის საფუძველზე, კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის უფლების დარღვევას.
ერთნაირია, ასევე საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებები. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც მათი ინტერესი, მიიღონ გათვალისწინებული სოციალური პაკეტი არის თანაბარი. სრულიად გაუმართლებელია, რომ სახელმწიფო/საჯარო სამსახურის შემთხვევაში ხელფასი ითვლებოდეს სოციალური ბენეფიტის ალტერნატივად, ხოლო კერძო დამსაქმებლის შემთხვევაში ამგვარ სოციალურ პაკეტს გააჩნდეს განსხვავებული ბუნება. ამასთან, საჯარო და კერძო დასაქმების სფეროში ანაზღაურების ოდენობა შეიძლება იყოს თანაბარი ან რომელიმე მათგანი მცირედით ან მნიშვნელოვნადაც ჩამოუვარდებოდეს მეორეს.
შრომის ანაზღაურება და ფულადი სოციალური უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი, თავისი დანიშნულებით და მიზნობრიობით სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, მათი ერთმანეთის ალტერნატივად განხილვა და შრომის ანაზღაურებით სოციალური პაკეტის ჩანაცვლება დაუშვებელია. მითუმეტეს, კანონმდებლობა ისედაც ადგენს შეზღუდვებს სოციალური პაკეტის მიღებაზე და დაუშვებლად მიიჩნევს ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღებას, სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის (გარდა გამონაკლისებისა) ან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებას. რაც გამორიცხავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი და იმავე მიზნისა და დანიშნულების ბენეფიტის ორმაგად მიღებას.
ამდენად ყოველგვარი დამატებითი მსჯელობის გარეშე, თავისთავად ცხადია, რომ მსგავს დიფერენცირებას არ გააჩნია რაიმე ლოგიკური ახსნა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულების დარღვევას,სახელმწიფომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით პოზიტიური ვალდებულება იკისრა, რომ ეფექტიან და შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების რეალიზებას, ასევე, მათ სრულ ინკლუზიასა და მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „განსაკუთრებული პირობების“ შექმნით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისა და საჭიროების შესაბამისად, მიიღოს ყველა ზომა აღნიშნულ უფლებათა სრული დაცვის სისტემატური, პროგრესირებადი უზრუნველყოფისათვის.
განსხვავებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს არ შელახოს თანასწორობის პრინციპი, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის შექმნას განსაკუთრებულ პირობები - გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცულობის უზრუნველსაყოფად.
კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფოსგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად აქტიურ მოქმედებას და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.აღნიშნული ვალდებულება, არ უნდა იქნეს გაგებული მხოლოდ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება, წვდომა ჰქონდეთ შესაფერის საკვებზე, საცხოვრებელსა თუ სხვა ძირითად მატერიალურ მოთხოვნილებებზე, არამედ ის ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას და ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებისა და საჯარო საქმიანობის განხორციელებისას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერის „განსაკუთრებული პირობები“, შინაარსის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია ასევე, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის უფლებების დაცვის კონვენციის დებულებების გათვალისწინება. კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. კონვენციის 27-ე მუხლი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომისა და დასაქმების უფლებას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას შრომაზე, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე.
სოციალური პაკეტი არ წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმუშევრობის დახმარებას. სოციალური პაკეტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სათანადო პირობების შექმნა, რათა მათ გადალახონ ქმედუნარიანობის შეზღუდვა, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ სხვა მოქალაქეთა მსგავსად მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დასაქმების შემთხვევაში, პირს უნარჩუნდება იგივე შეზღუდვები და გააჩნია იგივე საჭიროებები, რაც დასაქმებამდე, შესაბამისად არ შეიძლება სოციალურ პაკეტით უზრუნველყოფა დამოკიდებული იყოს მის მიერ, შრომითი საქმიანობის განხორციელებაზე. სადავო ნორმებით, კი სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი დახმარების გარეშე ტოვებს. ამდენად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, სახელმწიფო ვალდებულია, მაშინაც უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სოციალური გარანტიებით, როდესაც ის დასაქმებულია. რაც, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან მიმართებით სრულდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილი წესი ეწინააღმდეგება ასევე, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვალდებულებას და უნდა იცნონ არაკონსტიტუციურ ნორმებად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა