საქართველოს სახალხო დამცველი და შიო სურმანიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/11/1604,1621 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2022 15:49 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი და შიო სურმანიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა (2022 წლის 14 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1604) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1604 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 24 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1621) მომართა შიო სურმანიძემ. №1621 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 20 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის №2/11/1604 და №2/12/1621 საოქმო ჩანაწერებით, №1604 და №1621 კონსტიტუციური სარჩელები მიღებული იქნა არსებითად განსახილველად. №2/12/1621 საოქმო ჩანაწერით დასახელებული ორი კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდა ერთ საქმედ.
2. №1604 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. №1621 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე-6 მუხლი ადგენს შეზღუდვებს სოციალური პაკეტის მიღებაზე, კერძოდ, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის (2022 წლის 14 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სოციალური პაკეტი შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
6. №1604 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გასცემს სოციალურ დახმარებას ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის - სოციალური პაკეტის სახით. ამასთან, სახელმწიფო სოციალური დახმარების გაცემას წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები განახორციელებენ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში. თუმცა სოციალური დახმარება უნარჩუნდებათ პირებს, რომლებიც შრომით საქმიანობას ახორციელებენ კერძო სექტორში და ასევე საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ მკვეთრად და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
7. №1604 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ სადავო ნორმები დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს პირებს, რომლებსაც უნარჩუნდებათ სოციალური პაკეტის მიღების უფლება და რომლებსაც უწყდებათ აღნიშნული უფლება შრომითი საქმიანობის განხორციელების ადგილის ან კანონმდებლობით მინიჭებული ქმედუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განმსაზღვრელი სტატუსის მიხედვით. კერძოდ, ერთი მხრივ, შესადარებელი პირები არიან ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც შრომით საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში და ამავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც შრომით საქმიანობას ახორციელებენ კერძო სექტორში. მეორე მხრივ კი, შესადარებელი პირები არიან საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი მკვეთრად და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
8. №1604 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის არგუმენტაციით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს გააჩნიათ იდენტური საჭიროებები. შესაბამისად, მათი ინტერესი, მიიღონ სოციალური პაკეტი, არის თანაბარი. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ, ზოგადად, სოციალური პაკეტით გათვალისწინებული ყოველთვიური სარგებლის (ფულადი და არაფულადი სარგებელი) მოცულობა, შესაძლოა, განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის შეზღუდვა აქვს დასაქმებულ პირს. თუმცა როგორც საჯარო საქმიანობის განხორციელებამდე, ისე საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდშიც პირთა ინტერესი, უზრუნველყოფილი იყვნენ მათი შეზღუდვის შესაბამისი მოცულობის სოციალური პაკეტით, არის თანაბარი. იმავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურება და ფულადი სოციალური უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი, თავისი დანიშნულებით და მიზნობრიობით სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შესაბამისად, მათი ერთმანეთის ალტერნატივად განხილვა და შრომის ანაზღაურებით სოციალური პაკეტის ჩანაცვლება დაუშვებელია.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ცალკეული პირების შესაბამისი სოციალური პაკეტით უზრუნველყოფისგან სრულად გამორიცხვა არის უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევა და, შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეფასდეს შეფასების მკაცრი ტესტის გამოყენებით. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, მათი სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრიდან გამორიცხვა ვერ იქონიებს არსებით გავლენას საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ინტერესზე. შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი არ გამოდგება სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის მიზნებისთვის დაუძლეველ საჯარო ინტერესად. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დიფერენცირებას არ გააჩნია რაიმე ლოგიკური ახსნა, სადავო ნორმები დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ასევე ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულებას, ეფექტიანი და შესაბამისი ზომების მიღებით, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების რეალიზებას, ასევე მათ სრულ ინკლუზიასა და მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოსარჩელის აზრით, სახელმწიფო, განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, მათ შორის, ხელს უნდა უწყობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებასა და მათი პროფესიული შესაძლებლობების რეალიზებას. ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირის დასაქმების შემდგომ სოციალური გარანტიების წართმევა კი, ნეგატიურ გავლენას ახდენს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესზე. იმავდროულად, სოციალური პაკეტის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სათანადო პირობების შექმნა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, სხვა მოქალაქეთა მსგავსად, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამდენად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სოციალური გარანტიებით, როდესაც ის დასაქმებულია, რაც, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან მიმართებით სრულდება.
11. №1421 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელსაც დანიშნული სოციალური პაკეტის მიღება შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს, ერთი მხრივ, ზომიერად ან მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც საჯარო საქმიანობის განხორციელებისას უწყდებათ სოციალური პაკეტის მიღება და, მეორე მხრივ, კერძო სექტორში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ ეზღუდებათ. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს გააჩნიათ იდენტური ინტერესი, სახელმწიფოსგან მიიღონ ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ დიფერენცირება დისკრიმინაციული ხასიათისაა, არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმურ მიზანს და ვერ პასუხობს თანასწორობის უფლების მოთხოვნებს.
12. №1421 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფოსგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად აქტიურ მოქმედებას და, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს, რაც ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას და ხელშეწყობას პროფესიული განვითარებისა და საჯარო საქმიანობის განხორციელებისას. „განსაკუთრებული პირობების“ შექმნით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზით, მიიღოს ყველა ზომა აღნიშნულ უფლებათა დასაცავად.
13. №1421 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, სახელმწიფომ მაშინაც უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სოციალური გარანტიებით, როდესაც ის დასაქმებულია, რამდენადაც სოციალური პაკეტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სათანადო პირობების შექმნა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ, სხვა მოქალაქეთა მსგავსად, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დასაქმების შემთხვევაში კი, პირს უნარჩუნდება იგივე შეზღუდვები და გააჩნია იგივე საჭიროებები, რაც დასაქმებამდე, შესაბამისად, არ შეიძლება სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა დამოკიდებული იყოს მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი ასევე არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1604 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველი. 2022 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1604 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. №1621 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა (2022 წლის 14 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმებით განსაზღვრული იყო, რომ სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობოდა და წარმოშობილი წყდებოდა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა ან მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა.
6. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 ივნისის №310 დადგენილების შესაბამისად, ცვლილება შევიდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში და ახლებურად ჩამოყალიბდა იგი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, №1621 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ გამხდარი ზემოაღნიშნული ნორმა ძალადაკარგულია.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობამ ყველა შემთხვევაში შეიძლება არ გამოიწვიოს სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის გაუქმება. ნორმის გაუქმების შემდეგ იგი შეიძლება ჩანაცვლებულ იქნეს სხვა ისეთი დებულებით, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ შეინარჩუნებს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-3). განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმის ცვლილება მოხდა საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ საქმეზე სამართალწარმოების გაგრძელების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რომლის მიზანია „არ მისცეს სამართალშემოქმედს შესაძლებლობა, ბოროტად ისარგებლოს სამართალშემოქმედებითი პროცესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის №1/1/386 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-4).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის ცვლილებების შემდეგ მიღებული რეგულაცია არსებითად აღარ იმეორებს ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს. კერძოდ, ახლებურად ჩამოყალიბებული ნორმის თანახმად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა. მითითებული დადგენილებით, დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი კი ჩამოთვლის, მათ შორის, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრეს, რომელშიც შედიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. შედეგად, №1621 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული თანასწორობის უფლების შესაძლო დარღვევის რისკი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, რადგან მოსარჩელეთა მიერ იდენტიფიცირებულ შესადარებელ პირთა მიმართ არსებული დიფერენცირებული სამართლებრივი რეჟიმი, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ერთგვაროვანი გახდა. ამდენად, საქმის განხილვის გაგრძელების და მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობის სამართლებრივი ინტერესი აღარ არსებობს.
9. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის თანახმად, სოციალური პაკეტი წყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელე პრობლემურად თვლის მხოლოდ იმ დიფერენცირებულ წესს, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს ქმნიდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობის ზემოთ მითითებული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი უშუალოდ უთითებს იმ ნორმაზე, რომლის ფარგლებშიც დიფერენცირებული მოპყრობა, ცვლილებების შედეგად, როგორც უკვე აღინიშნა, აღარ არსებობს. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, ამ ნაწილშიც აღარ არის მიზანშეწონილი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის განსაკუთრებული ინტერესი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1621 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1604 და №1621 კონსტიტუციურ სარჩელებზე („საქართველოს სახალხო დამცველი და შიო სურმანიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში