შიო სურმანიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/12/1621 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 10 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 დეკემბერი 2021 15:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: შიო სურმანიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1621) მომართა შიო სურმანიძემ. №1621 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 20 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 10 დეკემბერს.
2. №1621 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე-6 მუხლი ადგენს შეზღუდვებს სოციალური პაკეტის მიღებაზე, კერძოდ, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა. დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სოციალური პაკეტი შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
5. №1621 კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელსაც დანიშნული სოციალური პაკეტის მიღება შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს, ერთი მხრივ, ზომიერად ან მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც საჯარო საქმიანობის განხორციელებისას უწყდებათ სოციალური პაკეტის მიღება და, მეორე მხრივ, კერძო სექტორში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც სოციალური პაკეტის მიღება არ ეკრძალებათ. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს გააჩნიათ იდენტური ინტერესი, სახელმწიფოსგან მიიღონ ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. ამდენად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ დიფერენცირება დისკრიმინაციული ხასიათისაა, არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმურ მიზანს და ვერ პასუხობს თანასწორობის უფლების მოთხოვნებს.
6. ამასთან, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ შრომის ანაზღაურება და ფულადი სოციალური უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი, თავისი დანიშნულებით და მიზნობრიობით სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შესაბამისად, მათი ერთმანეთის ალტერნატივად განხილვა და შრომის ანაზღაურებით სოციალური პაკეტის ჩანაცვლება დაუშვებელია.
7. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფოსგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად აქტიურ მოქმედებას და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს, რაც ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას და ხელშეწყობას პროფესიული განვითარებისა და საჯარო საქმიანობის განხორციელებისას. „განსაკუთრებული პირობების“ შექმნით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზით, მიიღოს ყველა ზომა აღნიშნულ უფლებათა დასაცავად.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, სახელმწიფო ვალდებულია, მაშინაც უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სოციალური გარანტიებით, როდესაც ის დასაქმებულია, რამდენადაც სოციალური პაკეტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სათანადო პირობების შექმნა, რაც შესაძლებლობას მისცემთ, სხვა მოქალაქეთა მსგავსად, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დასაქმების შემთხვევაში, პირს უნარჩუნდება იგივე შეზღუდვები და გააჩნია იგივე საჭიროებები, რაც დასაქმებამდე, შესაბამისად, არ შეიძლება სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა დამოკიდებული იყოს მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი ასევე არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1621 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1621 კონსტიტუციური სარჩელი („შიო სურმანიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. №1604 და №1621 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში