საქართველოს მოქალაქეები - რუსუდან ქარჩავა, ქეთევან ბაშელეიშვილი, მარიამ მჭედლიძე, ხათუნა ციხისელი, ნინო ახვლედიანი, გიორგი ძიძიგური, ნინო გოგოლიძე, დიანა ვართანოვი, პაატა კაპანაძე, დალი გოგიძე, ია პაიჭაძე, ბესიკი შენგელია, ბექა კვინიკაძე, ბექა ონიანი, ლაშა ხუსკივაძე, ლიანა ენუქიძე, ანნა მაჭავარიანი და კესო ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1-3/6/832, 833, 834, 835, 836, 837, 838, 839, 840, 841, 842, 843, 844, 845, 846, 847, 848, 849 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 11 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ნოემბერი 2016 18:56 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა) საქართველოს მოქალაქე რუსუდან ქარჩავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №832);
ბ) საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბაშელეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №833);
გ) საქართველოს მოქალაქე მარიამ მჭედლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №834);
დ) საქართველოს მოქალაქე ხათუნა ციხისელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №835);
ე) საქართველოს მოქალაქე ნინო ახვლედიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №836);
ვ) საქართველოს მოქალაქე გიორგი ძიძიგური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №837);
ზ) საქართველოს მოქალაქე ნინო გოგოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №838);
თ) საქართველოს მოქალაქე დიანა ვართანოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №839);
ი) საქართველოს მოქალაქე პაატა კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №840);
კ) საქართველოს მოქალაქე დალი გოგიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №841);
ლ) საქართველოს მოქალაქე ია პაიჭაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №842);
მ) საქართველოს მოქალაქე ბესიკი შენგელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №843);
ნ) საქართველოს მოქალაქე ბექა კვინიკაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №844);
ო) საქართველოს მოქალაქე ბექა ონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №845);
პ) საქართველოს მოქალაქე ლაშა ხუსკივაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №846);
ჟ) საქართველოს მოქალაქე ლიანა ენუქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №847);
რ) საქართველოს მოქალაქე ანნა მაჭავარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №848);
ს) საქართველოს მოქალაქე კესო ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №849).
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბერს მთელი რიგი კონსტიტუციური სარჩელებით (№832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848, №849) მიმართეს შემდეგმა პირებმა (შემდეგში მოსარჩელეებმა) - რუსუდან ქარჩავამ, ქეთევან ბაშელეიშვილმა, მარიამ მჭედლიძემ, ხათუნა ციხისელმა, ნინო ახვლედიანმა, გიორგი ძიძიგურმა, ნინო გოგოლიძემ, დიანა ვართანოვმა, პაატა კაპანაძემ, დალი გოგიძემ, ია პაიჭაძემ, ბესიკი შენგელიამ, ბექა კვინიკაძემ, ბექა ონიანმა, ლაშა ხუსკივაძემ, ლიანა ენუქიძემ, ანნა მაჭავარიანმა, კესო ლომიძემ.
2. ზემოაღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 20 სექტემბერს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ) 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
5. სადავო ნორმა განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მითვისებად ან გაფლანგვად. კერძოდ, სსკ-ის 182-ე მუხლი ადგენს - „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში“.
6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას , უკუძალა არა აქვს“.
7. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანია და მისგან არ იკვეთება, თუ რა იგულისხმება სიტყვა „გაფლანგვაში“. ასევე, მათთვის გაურკვეველია, თუ რას გულისხმობს დანაშაულის შემადგენლობის სხვა ნიშნები - „მართლზომიერი მფლობელობა ან გამგებლობა“ და რა განსხვავებაა მათ შორის. ასევე, რა სხვაობაა „გაფლანგვასა“ და „მითვისებას შორის.
8. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სასამართლოების პრაქტიკაში სადავო ნორმის განმარტების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გვხვდება, რაც განაპირობებს იმას, რომ სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რეალურ კანონმდებლებად იქცევიან. ამის მიზეზად კი კანონმდებლის მიერ სადავო ნორმის ბუნდოვანი შინაარსის შექმნა სახელდება.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა, მფლობელობის საკითხის გაურკვევლად, ნორმის შემფარდებელს შესაძლებლობას აძლევს, შეფასების მიღმა დატოვოს გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მიღებული სარგებელი და ისე მოახდინოს ქმედების გაფლანგვად კვალიფიკაცია. ამავდროულად, პროკურატურა და სასამართლო სადავო ნორმით აღჭურვილი არიან უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვრონ, თუ რა სახის ხარჯის გაწევაა ამა თუ იმ ორგანოსთვის მისაღები და დასაშვები და რა არა.
10. ამის გარდა, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ პირის პასუხისმგბელობა მოხდეს კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რაც ასევე გაუმართლებლად უნდა ჩაითვალოს.
11. სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობის და განჭვრეტადობის პრინციპებს, რადგან ის მინიმალურ დონეზეც კი არ შეიცავს დასჯადი ქმედების აღწერას და ნორმის შინარსის შექმნას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას ნორმის შემფარდებელს მიანდობს. შესაბამისად, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს.
12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელეები იშველიებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას.
13. ამის გარდა, მოსარჩელეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენეს შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ლალი ფაფიაშვილის და მერაბ ტურავას აცილების თაობაზე.
14. მოსარჩელეთა აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის დედის მიმართ, რომელიც ნოტარიუსად არის განმწესებული, მიმდინარეობს გამიძიება სწორედ, მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ამდენად, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნული საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ ამ საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ლალი ფაფიაშვილის აცილების საჭიროება დადგეს.
15. შუამდგომლობაში აღნიშნულია, საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავას აცილების საჭიროებაც დგას. მოსარჩელეების მტკიცებით, მოსამართლე მერაბ ტურავა ცდილობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 15 სექტემბრის N3/2/646 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გამოცხადების შეფერხებას, რაც მოპასუხის მიმართ მიკერძოებულობაში უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, შუამდგომლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ მერაბ ტურავას მიერ მასობრივი ინფორმაციის წყაროთათვის მიცემული ინტერვიუები მიუთითებს მის წინასწარ ნეგატიურ განწყობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეებზე, რის გამოც მოსარჩელეები მოითხოვენ, რომ განსახილველ საქმეზე მოსამართლე მერაბ ტურავას აცილება მოხდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელებში (№832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848, №849), მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეების აზრით, სადავო ნორმა ბუნდოვანია და შესაბამის ორგანოებს, მათ შორის სასამართლოს, აძლევს მისი არაერთგვაროვანი განმარტების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს, რომელიც დაცულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით.
2. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან უკვე წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის №1/9/740 და 2016 წლის 6 ივნისის №1/10/764 საოქმო ჩანაწერებით სასამართლომ მიიღო არსებითად განსახილველად N740 და N764 კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის №1/10/764 საოქმო ჩანაწერითვე მოხდა ამ საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება.
3. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679, 720, 721, 740,764 საოქმო ჩანაწერით, სხვა კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთად, მოხდა №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელების საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად მიღება იმ საფუძვლით, რომ განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტთან სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება წარმოშობდა კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
4. უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, “მოსარჩელის არგუმენტები სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის შესახებ თანაბრად რელევანტურია მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მრავალი ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. შესაბამისად, დანაშაულის შემადგენლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობის კონსტიტუციურმა სტანდარტმა, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლო, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს სისხლის სამართლის კოდექსის მრავალი ნორმის კონსტიტუციურობაზე და ეჭვქვეშ დააყენოს მისი მნიშვნელოვანი ნაწილის ლეგიტიმურობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განსაზღვრულობის ის სტანდარტები, რომლებიც რელევანტური იქნება ზოგადად, მთელი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისათვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის დამდგენ ნორმებთან მიმართებით განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტის მოთხოვნების განსაზღვრა, ამ სტანდარტთან სადავო ნორმების შესაბამისობის შეფასება კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას წარმოშობს”. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679, 720, 721, 740,764 საოქმო ჩანაწერი, II - 11).
5. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებში გასაჩივრებულია ზუსტად იგივე სადავო ნორმა ზუსტად იმავე კონსტიტუციურ დებულებასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას არ აქვს მიზეზი დაასკვნას საწინააღმდეგო და მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმე განიხილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
6. გარდა ამისა, ყველა კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულია შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ლალი ფაფიაშვილის და მერაბ ტურავას აცილების თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საკითხის განხილვა უმჯობესი იქნება მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელები - №832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848, №849 განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
მაია კოპალეიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა