ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1320 |
ავტორ(ებ)ი | ელგა მაისურაძე, ირმა გინტური, ლერი თოდაძე |
თარიღი | 28 მაისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სამოქალაქო კოდექსის 11911მუხლის მე-2 ნაწილი | 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტი, მე-14 მუხლი |
სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-3 ნაწილი | 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, მე-14 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი,
,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს:
1. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
2. შემოტანილია უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო;
3. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;
4. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება;
5. აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი;
6. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.
ზ/ა გამომდინარე, არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებების აღწერა და დავის საგანი
2015 წლის 15 ივნისამდე მარტოხელა მშობლის შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერი კანონქვემდებარე აქტით იყო განსაზღვრული, კერძოდ - 1995 წელს მთავრობის 62-ე განკარგულებით, რომელიც ადგენდა მხოლოდ მარტოხელა დედების კატეგორიებს.
მოგვიანებით, განკარგულება გაუქმდა და მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის წესი რეგულირების მიღმა დარჩა. შესაბამისად, არ არსებობდა ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა დედის/მამის სტატუსს განმარტავდა. ამავდროულად, არ მოქმედებდა სოციალური დაცვის ერთიანი სისტემა და მარტოხელა მშობლებს სახელმწიფო სერვისებზეც არ მიუწვდებოდათ ხელი.
2015 წლის 15 ივნისიდან მარტოხელა მშობლის სტატუსი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა[1], კერძოდ - სამოქალაქო კოდექსს დაემატა 11911-ე მუხლი („მარტოხელა მშობელი“). კოდექსის ჩანაწერი სტატუსის მიღების შესაძლებლობას ანიჭებს როგორც მარტოხელა დედას, ისევე მარტოხელა მამას და ადგენს სპეციალურ კრიტერიუმებს, თუ ვის შეუძლია სტატუსის მიღება.
უფრო კონკრეტულად, მარტოხელა მშობელი არის - მარტოხელა დედა/მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები.
სტატუსის მქონე შეიძლება იყოს აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.[2]
სტატუსის კანონის დონეზე განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სტატუსის მიმღებ პირთა წრე რეალურ სურათთან შედარებით ძალიან ვიწროა, სტატუსის მისაღებად დადგენილი კრიტერიუმები კი არ არის ობიექტური და სამიზნე ჯგუფზე ზუსტად მორგებული.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი მარტოხელა მშობლის სტატუსს ანიჭებს როგორც მარტოხელა დედას ასევე მამასაც. კოდექსის 11911-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის მითითებული დედის მონაცემები.
"სამოქალაქო აქტების შესახებ" კანონი გარდა ბავშვის მშობლ(ებ)ისა, პირდაპირ ავალდებულებს სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა პირებს ბავშვის დაბადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინონ მარეგისტირებელ ორგანოს ბავშვის დაბადების ფაქტის შესახებ დაბადების რეგისტრაციისთვის.[3]
ამავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად კი, ქორწინებაში არმყოფი მშობლების შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას, დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის და დედის განცხადების საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები − მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე.
თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები – მამის განცხადების საფუძველზე.[4]
სერვისების განვითარების სააგენტოსგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სააგენტოში შესულია 30 სამედიცინო ცნობა, სადაც არ არის მითითებული დედის მონაცემები. 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით მხოლოდ 1 (იხ. დანართები #1, #2).
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა, დამაზუსტებელი წერილის სახით მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია (იხ. დანართი #3):
არის თუ არა დაფიქსირებული მამის მონაცემები მითითებული ზემოაღნიშნულ 30 სამედიცინო ცნობაში და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბავშვი ითვლება თუ არა ერთი მშობლის - მარტოხელა მამის შვილად და დედისგან მიტოვებულად თუ ცნობაში არ არის მითითებული არც ერთი მშობლის მონაცემები, ბავშვი ითვლება თუ არა მიტოვებულად ორივე მშობლის მიერ სხვა გარემოების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მაგალით(ებ)ით დაკონკრეტება.
სააგენტოს 2018 წლის მარტის წერილის თანახმად კი განგვემარტა, რომ სამედიცინო ცნობებში, სადაც მხოლოდ მამის მონაცემებია დაფიქსირებული, დედის შესახებ ინფორმაცია ვერ ჩაიწერა, ვინაიდან მის მიერ არ იყო წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა, დაბადების რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენისას, დედამ წარმოადგინა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, შესაბამისად, ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას სააქტო ჩანაწერში დაფიქსირდა ორივე მშობლის მონაცემები. (იხ. დანართი #4) [5].
ამასთან, სააგენტოს 2017 წლის სექტემბრის წერილის თანახმად, სააგენტოში დაფიქსირებულია 193 შვილად აყვანის ფაქტი, როდესაც განმცხადებელი არის მამა, ხოლო 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით - 24 განცხადება (იხ. დანართი #5 და #6).
მათ მიერ წარმოდგენილ 103 შემთხვევიდან, არც ერთი ესადაგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ შესაძლებლობას, მშვილებელმა მამამ მიიღოს სტატუსი. დარჩენილ 90 შემთხვევაზე, სააგენტოს მივმართეთ ფაქტების დაკონკრეტების მოთხოვნით (იხ. დანართი #7 და #8).
სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის პასუხის მიხედვით,13 დაბადების აქტის ჩანაწერში არ ფიქსირდება დედის მონაცემები, რაც გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, საქართველოში 13 მარტოხელა მამა არსებობდეს, რომელმაც იშვილა არასრულწლოვანი, თუმცა, დაზუსტებული და დეტალური ინფორმაცია ამ ფაქტებთან მიმართებით არ გვაქვს. ეს კი არ იძლევა იმის საშუალებას, გადაჭრით ვთქვათ, რომ ზემო აღნიშნული 13 მამას ეკუთვნის სტატუსი 11911-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძვლით.
(იხ. დანართი #4 (მესამე აბზაციდან))
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსით, სტატუსი განსაზღვრულია როგორც მარტოხელა მამისთვის ისე დედისთვის, მარტოხელა მამები მოკლებულნი არიან რეალურ შესაძლებლობას მიიღონ სტატუსი.
შესძლებელია არსებობდეს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი, სადაც მხოლოდ დედის მონაცემებია მითითებული და, შესაბამისად, ამ ადამიანს ეძლევა სტატუსის მიღების როგორც ფატობრივი ისე სამართლებრივი შესაძლებლობა. აღნიშნული საფუძვლით, საქართვლოში სტატუსი 2018 წლის მარტის მდგომარეობით 2 272 მარტოხელა დედას აქვს, ხოლო შვილად აყვანის საფუძვლით, ფიქსირდება 4 მშვილებელი მარტოხელა დედა (სულ 2 276 სტატუსის მატარებელი მარტოხელა მშობელია დაფიქსირებული და ყველა მათგანი დედაა) (იხ. დანართი #9)
მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად მამასაც ეკუთვნის სტატუსი იგივე საფუძვლებით, ფაქტობრივი გარემოებები, გამორიცხავს აღნიშნულის შესაძლებლობას. დღეს საქართველოში არ ფიქსირდება არც ერთი სტატუსისი მატარებელი მარტოხელა მამა (იხ. დანართი #9).
სტატუსის მიღმა კი დარჩენილები არიან ის მარტოხელა მამები, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს და ყოფილმა პარტნიორმა მიატოვა შვილებთან ერთად. თუმცა, ვინაიდან ბავშვების სააქტო ჩანაწერში ფიგურირებს მეორე მშობლის (დედის) მონაცემები, ისინი ვერ იღებენ სტატუსს და ვერც შესაბამისი სამართლებრივი თუ სოცილაური გარანტიით სარგებლობენ.
კანონმდებელმა სტატუსის მიღმა დატოვა ისეთი მოწყვლადი ჯგუფებიც, რომელშიც მოიაზრებიან მარტოხელა მშობლები, რომლებსაც არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ შვილები, მაგრამ დაბადების მოწმობებში ფორმალურად არის დაფიქსირებული მამის მონაცემები. მიუხედავად სხვადასხვა ისტორიისა, ყველა მათგანი ერთნაირ მდგომარეობაშია - მარტოს უწევთ ბავშვ(ებ)ის აღზრდა და წარმოადგენენ ერთადერთ მეურვეს არასრულწლოვნ(ებ)ისთვის. ასეთი კატეგორიის მშობლები არიან:
მარტოხელა დედები, რომელთაც ძალიან ბევრი თხოვნის შედეგად დაითანხმეს ბავშვის ბიოლოგიური მამა, მიეცა გვარი შვილისთვის და ამით დაიცვა შვილი საზოგადოების სტიგმისგან და „უკანონობის“ იარლიკისგან. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მამის მონაცემები ფორმალურად დარჩა დაბადების მოწმობაში და ბავშვის აღზრდა-განვითარება მხოლოდ დედის პასუხისმგებლობას და საზრუნავს წარმოადგენს. ის მარტოხელა მშობლები, რომლებიც იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ყოფილ პარტნიორთან დაშორების შემდეგ მარტო ზრდიან ბავშვ(ებ)ს, მათ დაბადების მოწმობებში კი ფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემები. ასევე მნიშვნელოვანია იმ მარტოხელა დედების მაგალითები, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და აქვთ ბავშვის დაბადების მოწმობაში მითითებულ მამაკაცთან, რომელიც მამად არის განსაზღვრული. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც კეთილი ნების საფუძველზე გადაწყვიტეს, უანგაროდ „დახმარებოდნენ“ გვარის მიცემით იმ ქალებს, რომელთაც ბავშვ(ებ)ი რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შეეძინათ, მათმა ბიულოგიურმა მამებმა კი მიატოვეს/უარი თქვეს მათზე. ასეთი “დახმარების” მიზანი კი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულებისა და სტერეოტიპებისგან დედების და ბავშვების დაცვა იყო. რა თქმა უნდა, გვარის მიმცემ პირებს როგორც არაბიოლოგიურ მშობლებს, ალიმენტი ვერ დაეკისრებათ. კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მსგავსი გამოცდილების მარტოხელა დედები მოკლებულნი არიან სტატუსის მიღების შესაძლებლობას.[6]
სტატუსის მიღმა დარჩნენ განქორწინებული ადამიანებიც, რომელთათვისაც ალიმენტის მოთხოვნის უფლება არ აღმოჩნდა ეფექტური სამართლებრივი ბერკეტი მეორე მშობლისთვის ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების სამართლებრივად დასაკისრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა მიმართეს სასამართლოს ალიმენტის მოთხოვნით და მოპასუხე მხარეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ალიმენტდაკისრებული პირი არც თანხას უხდის ბავშვს და ვერც აღსრულების ბიუროს მხრიდან ხდება იძულებითი აღსრულება.
2017 წლის მაისის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ ალიმენტის საქმეთა შორის გადახდა არცერთხელ დაფიქსირებულა 692 საქმეზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ აწარმოებს სტატისტიკას თუ რა მიზეზის გამო ვერ ხერხდება ზემოაღნიშნული საქმეების აღსრულება, ბიურს ასევე არ აქვს საქმეების სტატისტიკა საალიმენტო თანხის ოდენობების მიხედვით
(იხ. დანართები #10 და #11), თუმცა მათი ზეპირსიტყვიერი განმარტებით, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა საალიმენტო საქმეების იძლებითი აღსრულება ვერ ხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას:
ალიმენდაკისრებული პირი სოციალურად დაუცველია ან თვითდასაქმებულია ან კერძო სექტორშია დასაქმებული და შეთანხმებისამებრ, ანაზღაურებას იღებს ხელზე, რათა არ მოხვდეს საბანკო ანგარიშზე თანხის დაფიქსირება ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი ან უცხო ქვეყანაშია წასული
ზემოაღნიშნული საქამეების რაოდენობა, მოწმობს ფაქტს, რომ ალიმენტის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა ყოველთვის არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება მეორე მშობელს აუცილებლად დაეკისრება სათანადო დოზით და აღსრულდება კიდეც. პირველ რიგში იმიტომ, რომ ალიმენტის საქმეებზე ხშირად შემოსავლების დამალვა ან/და მოპასუხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სასამართლომ დააკისროს იმ ოდენობის თანხა მოპასუხეს, რომელიც ბავშვის არსებობისთვისა და მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება საკმარისი.
2018 წლის მარტის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმი არის 176.9 ლარი[7], თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებებით ალიმენტის ოდენობა ბევრად ნაკლებ თანხას ითვალისწინებს მოპასუხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
ორგანიზაციამ მიმართა უზენაესი სასამართლოს წარმოედგინა ინფორმაცია 2015-1017 წლის სტატისტიკის სახით, სასამართლოს მიერ დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილებისა და მორიგებით დასრულებული საქმეების მიხედვით საალიმენტო მოთხოვნის ოდენობების კლასიფიკაცია:
· 50 ლარის ჩათვლით საალიმენტო მოთხოვნაზე
· 51-100 ლარის ჩათვლით
· 101-150 ლარის ჩათვლით
· 151 ლარის და მეტი ოდენობით განსაზღვრული საალიმენტო მოთხოვნაზე
თუმცა, უზენაესმა სასამართლომ გვაცნობა, რომ ალიმენტის თანხის ოდენობებზე სტატისტიკა არ აღირიცხება (იხ. დანართები #12 და #13).
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი ბავშვზე ზრუნვის ტვირთს ორივე მშობელს თანაბრად აკისრებს, თუმცა, პირს, რომელიც მარტო (მეორე მშობლის გარეშე) ზრდის თავის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს, მშობლის უფლებები და ვალდებულებები მხოლოდ საკუთარ თავზე აქვს აღებული, რაშიც არა მხოლოდ ბავშვის მორალური აღზრდა იგულისხმება, არამედ ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფაც.
შვილის აღზრდა–განვითარება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, და ამ ხარჯების გაწევა მხოლოდ იმ მშობლებს უწევთ, ვისთანაც ბავშვი ფაქტობრივად იზრდება. ალიმენტი და ბავშვის საჭიროებების ფინანსურად უზრუნველყოფის საშუალებაა, თუმცა ასობით ბავშვი ამ მხარდაჭერას ვერ იღებს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებები ვერ აღსრულდება სხვადასხვა მიზეზის გამო.
ამასთან, საქართველოს, უცხო ქვეყნების მსგავსად, არ აქვს საალიმენტო ფონდი[8], რაც მიგვითითებს იმაზე, რომ მსგავსი კატეგორიის მარტოხელა მშობლებიც საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან ალტერნატიულ მხარდაჭერას, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების და მასზე მიბმული სოციალური გარანტიების სახით.
კანონით შვილის მიმართ ყველა მშობელს თანაბარი უფლება–მოვალეობები ეკისრებათ. მათი პირადი მოვალეობაა უზრუნველყონ შვილის უფლებების დაცვა, ასევე მშობლები ვალდებულნი არიან დაიცვან შვილის ინტერესები, იზრუნონ მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, რასაც ხშირ შემთხვევაში არ ასრულებს მეორე მშობელი შვილების მიმართ. ზემოაღნიშნული მაგალითებიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს ბავშვ(ებ)ის მეორე მშობლის მხრიდან მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობა ან/და შესრულების ვალდებულების უგულვებელყოფა, თავის არიდება. მათ მიატოვეს შვილები და არასდროს გამოუჩენიათ ინტერესი მათ მიმართ, ბავშვების ინტერესებზე მაღლა დააყენეს თავანთი თავი, რაც ქმნის იმის რწმენას, რომ არასრულწლოვანთან მიმართებაში ასეთ მშობლებს არ გააჩნიათ არც მორალური და არც ფინანსური ვალდებულების განცდა, იზრუნონ შვილ(ებ)ზე.
მოსარჩელე - ირმა გინტური არის ფაქტობრივად მარტოხელა დედა, რომელმაც გამოიყენა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და მოითხოვა მისი შვილისთვის ალიმენტი. სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა, მაგრამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დღემდე აღუსრულებელია და აღსრულების ეროვნული ბიურო ვერაფერს აკეთებს, რადგან ვერ ხერხდება ალიმენტდაკისრებული პირის ფინანსების/ქონების მოძიება. აღნიშნული კი ხელს უშლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამ წლების განმავლობაში კი ზარალდება ბაშვის ინტერესები, საფრთხე ექმნება მის კეთილდღეობასა და ნორმალურ აღზრდა-განვითარებას. სასამართლო გადაწყვეტილების არაღსრულების მიზეზი კი ალიმენტდაკისრებული პირის სოციალურად დაუცველი პირის სტატუსია, რის გამოც ვერ ხერხდება ქონების დაყადაღება (იხ. დანართები #14-22).
მეორე მოსარჩელის - ელგა მაისურაძის საქმე ცხადჰყოფს კანონის ხარვეზს. იგი წლების განმავლობაში იყო მარტოხელა დედა, რომელმაც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი და ბავშვის სააქტო ჩანაწერში არ ფიქსირდებოდა მეორე მშობლის მონაცემები. ელგა და მისი შვილი მუდმივად იყვნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი ყოფილი პარტნიორის მხრიდან, რომელიც მათი თანასოფლელია. იგი მუდმივად ავრცელდება სოფელში ცრუ ინფორმაციას და ლახავდა ელგას პატივსა და ღისებას, თითქოს ბავშვის მამა სხვა ადამიანი იყო. მსგავსი ინფორმაციები ბავშვზეც უარყოფითად აისახებოდა.
ელგა მაისურაძემ გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის და ბიოლოგიური ანალიზის მეშვეობით დაედგინა მამობა. მას შემდეგ, რაც მამომა ოფიციალურად დადგინდა და ბავშის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემები ჩაიწერა, ელგამ შეძლო ყოფილი პარტნიორისთვის დაემტკიცებინა სიმართლე, თუმცა ახლა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს სტატუსი. სასამართლოსთვის მიმართვამდე და ახლაც არაფერი შეცვლილა ელგა მაისურაძისა და მისი შვილის ცხოვრებაში, გარდა სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემების დაფიქსირებისა. ბავშვის მამა არ იღებს მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობას და არც დღემდე აღიარებს შვილად, მიუხედავად ბიოლოგიური ანალიზის შედეგებისა. მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისევ მძიმეა, ელგა მაისურაძეს კი არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ქ. გორის მუნიციპალიტეტში არსებული ფულადი სოციალური დახმარებითა და სხვადასხვა პროგრამით[9], რომელიც განსაზღვრულია მხოლოდ სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლებისთვის (იხ. დანართები #23-28).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და მოსარჩელეების მდგომარეობის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა ელგა მაისურაძისთვის და ირმა გინტურისთვის სტატუსის მიღების მოთხოვნით, მათგან მიღებული უარი გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული წესით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვერ დადგა სასურველი შედეგი. კანონის დონეზე ელგა მაისურაძე და ირმა გინტური შეზღუდულნი არიან მიიღონ მარტოხელა მშობლის სტატუსი, რადგან ბავშვების დაბადების მოწმობაში ფიქსირდება მეორე მშობლის შესახებ მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დე ფაქტო მარტოხელა მშობლები არიან და მათი ყოფილი პარტნიორები არ იღებენ მონაწილეობას შვილების აღზრდის პროცესში, სტატუსის მისაღებად დადგენილი კრიტერიუმების გამო, მოსარჩელეები ვერც მათ მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური გარანტიებით სარგებლობენ, რომელიც ხელს შეუწყობდა მათი შვილების უკეთ აღზრდას (იხ. დანართები #29-37).
სტატუსის გარეშეა დარჩენილი ასევე ფაქტობრივად მარტოხელა მამა, მოსარჩელე - ლერი თოდაძე. იგი იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა 2 შვილი. მოგვიანებით, ლერიც და ბავშებიც მიატოვა ყოფილმა პარტნიორმა და დღეს, ლერის მარტო უწევს ბავშვების აღზრდა. იგი ვერც სოციალურ დახმარებას იღებს, რადგან არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი და პერიოდულად იცვლის საცხოვრებელს ქირის თანხის არქონის გამო. ამდენად, ბავშვების აღზრდისთვისაც არ აქვს შესაბამისი გარემოს შექმნის შესაძლებლობა და სჭირდება მხარდაჭერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების დედას, სასმართლოს მიერ შეზღუდული აქვს მშობლის უფლება (იხ. დანართი #დანართები 38-41).
მიუხედავად იმისა, რომ ლერი თოდაძე ნამდვილად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნას (იგი გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, მუნიციპალიტეტს კი აქვს სპეციალური პროგრამა მარტოხელა მშობლებისთვის[10]), სამოქალაქო კოდექსი ბოჭავს მარტოხელა მამებს მიიღონ სტატუსი და ისარგებლონ მასთან დაკავშირებული სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიებით, რადგან კრიტერიუმები არ არის ობიექტური და სწორად მორგებული მარტოხელა მამებზეც.
ჩვენ მიერ შესწავლილი სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა მოწმობს, რომ ტერმინი "მარტოხელა მშობელი" ზოგადად გამოიყენება ისეთი მშობლის მიმართ, რომელიც მარტო ცხოვრობს მის შვილთან (შვილებთან) ერთად და აქვს ერთადერთი ან ძირითადი მეურვეობა/მზრუნველობა ბავშვზე.
ზოგიერთი მათგანი მარტოხელა მშობლად მიიჩნევს ისეთ მშობელს, რომლის შვილიც (შვილებიც) 18 ან 16 წლამდე არის (არიან), ზოგი კი არ ანიჭებს ბავშვის ასაკს რაიმე უპირატესობას. არის ისეთი ქვეყნებიც, რომელებიც მარტოხელა დედა/მამად ისეთ მშობელსაც აღიარებენ, რომლის შვილიც განცალკავებით ცხოვრობს მისგან. ძირითადად კი, მარტოხელა მშობლად აღიარებულია ისეთი მშობელი, რომელმაც ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი, განქორწინებულია ან ქვრივია და მარტო ზრდის 18 წლამდე ასაკის შვილს[11].
მარტოხელა მშობლის სტატუსით ხშირად სარგებლობენ დედები, ვინაიდან მათ ბავშვზე მეურვეობის/მზრუნველობის მოპოვების შანსი უფრო დიდი აქვთ, ვიდრე მამას განქორწინების ან დაშორების შემთხვევაში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტოხელა მამები მარტოხელას სტატუსით არ სარგებლობენ. ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მარტოხელა მშობლების სტატუსით სარგებლობს 200 მილიონი ადამიანი, აქედან 1 მილიონს წარმოადგენენ მარტოხელა მამები, რაც ევროპული ოჯახების შეადგენს 0.5%[12].
უფრო კონკრეტულად, ჩეხეთის რესპუბლიკაში ტერმინი მარტოხელა მშობლის ოჯახი ნიშნავს ისეთ ოჯახს, სადაც დედა ან მამა მარტო ცხოვრობს შვილთან (შვილებთან) ერთად, ან კიდე ისეთ ოჯახს, სადაც ბავშვს (ბავშვებს) ზრდის მარტოხელა ბებია ან ბაბუა. ამ კონტექსტში, მარტოხელა სტატუსი იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს მეორე მშობელი (ბებია ან ბაბუა)[13].
გერმანიის ფედერაციის საოჯახო, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის სამანისტროს თანახმად (Federal Ministry for Family Affairs, Senior Citizens, Women and Youth of Germany), მარტოხელა მშობელი არის პირი (დედა ან მამა), რომელიც არ იმყოფება ქორწინებაში, არის ქვრივი, განქორწინებული, ან ცხოვრობს განცალკავებით ბავშვის მამისგან თავის 18 წლამდე შვილთან (შვილებთან) ერთად[14].
ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, მარტოხელა მშობელია ისეთი მშობელი, რომელიც მარტო ზრდის მის მიერ შობილ ან შვილად აყვანილ შვილს, და ამავდროეულად წარმოედგენს ოჯახის ერთადერთ მარჩენალს[15].
ნორვეგიის სადაზღვევო აქტის სამართლებრივი ტექსტი (the legal text of the Insurance Act ) კი მარტოხელა მშობელს აღწერს როგორც მშობელს, რომელიც არ ცხოვრობს შვილის (შვილების) მეორე მშობელთან ერთად და არის ბავშვის (ბავშვების) ერთადერთი მეურვე/მზრუნველი.[16]
ლიტვაში მარტოხელა მშობლის დეფენიცია განმარტებულია უზენაესი სასამართლოს მიერ, რომლის თანახმადაც ასეთად უნდა იქნეს მიჩნეული: ისეთი მშობელი, რომელიც ქვრივია და მარტო ზრდის თავის შვილს (შვილებს); ისეთი მშვილებელი მშობელი, რომელიც მარტო ზრდის შვილად აყვანილ შვილს (შვილებს); ისეთი მარტოხელა მშობელი ან მშვილებელი მშობელი რომელიც მარტო ზრდის შვილს (შვილებს) იმის გამო, რომ მეორე მშობელი სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან თუ მისი მშობელთა უფლებები დროებით ან მუდმივად შეზღუდულია; ისეთი მშობელი, რომელთანაც ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცხოვრობს შვილი მაშინ, როდესაც მშობლები განქორწინებულნი არიან ან განცალკევებულად ცხოვრობენ და ა.შ. (აღნიშნული ჩამონათვალი არ არის კუმულატიური).
ესტონეთში ტერმინს "მარტოხელა მშობელი" ვხვდებით „Family Benefits Act“–ის მე -19 მუხლში, რომელიც მოიცავს შემდეგს:
1. ბავშვს, რომლის დაბადების რეგისტრაციის აქტი არ შეიცავს ჩანაწერს მამასთან დაკავშირებით ან რომლის მშობელიც გამოცხადებულია გაქცეულად კანონით დადგენილი წესით, რომელიც აკმაყოფილებს ამ აქტის მე–17 მუხლის (1) და (2) ქვეპუნქტში გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს დახმარება, როგორც მარტოხელა მშობლის შვილს.
2. მარტოხელა მშობლის შვილს აქვს უფლება მიიღოს დახმარება დაბადებისთანავე ან მშობლის გაქცეულად გამოცხადებისთანავე.[17]
პოლონეთში მარტოხელა მშობელია ისეთი მშობელი, რომელიც მარტო ზრდის თავის მოზარდ შვილს და, ამასთან, წარმოადგენს მის ერთადერთ მეურვე/მზრუნველს[18].
ზემოხსენებული ქვეყნების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მარტოხელა მშობლად მიჩნეულ უნდა იქნეს ისეთი მშობელი, რომელიც განქორწინებულია, ქვრივია ან არ ცხოვრობს შვილის მეორე მშობელთან ერთად და მარტო ზრდის და ზრუნავს ბავშვზე (ბავშვებზე).
სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით, მოსარჩელეები უდავოდ უნდა სარგებლობდნენ მარტოხელა მშობლის სტატუსით, რადგან ისინი მარტო ზრდიან და ზრუნავენ საკუთარი შვილების აღზრდა–განვითარებაზე, მათ სულიერ, გონივრულ და ფიზიკურ კეთიდღეობაზე და ამავდროულად სჭირდებათ სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერაც მსგავსად სხვა კანონის დონეზე მარტოხელა მშობლებისა.
სამოტივაციო ნაწილი
სადაო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებთან და მე-14 მუხლთან მიმართებში და არათანაბარ პირობებში აყენებს მარტოხელა მშობლებს. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სტატუსის მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მარტოხელა მშობლების ვიწრო წრეს. სტატუსისთ ვერ სარგებლობს ყველა მარტოხელა მშობელი, რომელიც ფაქტობრივად მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს და აქვთ მსგავსი საჭიროებები (არამხოლოდ ფინანსური), რაც დე იურე მარტოხელა მშობლებს.
მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება დამოკიდებულია მხოლოდ დოკუმენტირებულად დადასტურებული ფაქტების არსებობაზე (დაბადების სააქტო ჩანაწერის/დაბადების მოწმობის მონაცემები). ეს უკანასკნელი კი არათანაბარ პირობებში აყენებს დე ფაქტო მარტოხელა მშობლებს დე იურე მარტოხელა მშობლებთან მიმართებაში და არც დისკრიმანაციულ მოპყრობას არ აქვს რაიმე ობიექტური და გონივრული გამართლება.
კონსტიტუციის პრეამბულასა და პირველ თავში მოხსენიებული კონსტიტუციური პრინციპები ინსტიტუციურ სამართლებრივ გარანტიებს სწორედ მეორე თავში პოულობენ, უზენაესი კანონის სხვა ნაწილები კი ინსტრუმენტებია, რომელიც მათ იმპლემენტაციას და კონკრეტულ ფორმებში გამოხატვას უზრუნველყოფს. კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ სადავო ნორმები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის ისეთ ფუძემდებლურ პრინციპებს, როგორიცაა სოციალური სახელმწიფოსა და სოციალური უზრუნველყოფის პრინციპები და მსჯელობაც უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში.
სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში
ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის ძირითადი უფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით, მათ შორის, თანასწორობის უფლებით, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს მამოძრავებელ ღერძს.
„თანასწორობის პრინციპი კანონშემოქმედებითი საქმიანობის დროს ბოჭავს საქართველოს პარლამენტს და კონსტიტუციურ–სამართლებრივ ღირებულებათა კალაპოტში აქცევს მას. ამ პრინციპებს ეყრდნობა მთლიანად კონსტიტუციური წყობა და კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგი.“[19]
„ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს, მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“[20].
„კანონის წინაშე თანასწორობის გარანტირების გარეშე აზრი დაეკარგება თავად კანონს, მის მნიშვნელობას, რადგან კანონი სამართლებრივი წესრიგისა და სამართლიანობისთვის გვჭირდება, მისი შერჩევით გამოყენება კი ამ იდეის საწინააღმდეგოა“.[21]
საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლი კრძალავს, როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
მუხლის შინაარსიდან კარგად ჩანს, რომ დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც:
· პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას,
· არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ,
· არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი,
· განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.
იგივე პრინციპი გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან. ევროპული სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ საკითხი მოექცეს კონვენციის
მე-14 მუხლით დაცულ სფეროში, აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა არსებობდეს ანალოგიურ ან მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ. განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია თუ მას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ე.ი. არ ისახავს კანონიერ მიზანს და არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის.[22]
„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის 26-ე მუხლი არ მოიცავს დისკრიმინაციის განმარტებას, თუმცა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მე-18 ზოგადი კომენტარის მიხედვით, „დისკრიმინაცია არის რაიმე ნიშნის გამო ნებისმიერი განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება, რაც მიზნად ისახავს ან იწვევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თანასწორობის საწყისების აღიარების, გამოყენების ან რეალიზების უგულებელყოფას ან შელახვას“[23].
1.1. არსებითად თანასწორობის დასაბუთება
შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ ერთი მხრივ ის ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო კოდექსით დადგენილი კრიტერიუმებით მიჩნეულნი არიან მარტოხელა მშობლებად (დე იურე მარტოხელა მშობლები), ხოლო მეორე მხრივ, ის მარტოხელა მშობლები, რომელთაც კანონი სტატუსის მიღმა ტოვებს (დე ფაქტო მარტოხელა მშობლები).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკის მიხედვით, შესადარებელი პირები (პირთა ჯგუფები) არსებითად თანასწორებს რომ წარმოადგენდნენ აუცილებელია, ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში ხვდებოდნენ და არსებითად თანასწორნი იყვნენ კონკრეტული ვითარებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით. სუბიექტთა არსებითად თანასწორად მიჩნევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათ სამართლებრივ სტატუსსა და კატეგორიას, ისევე, როგორც თანასწორ სამართლებრივ ინტერესს.[24]
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა თბილისში, შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი მარტოხელა მშობლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაანალიზება იყო.
კვლევის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სპეციალური კითხვარი, რომელიც სწავლობდა რესპოდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ საჭიროებებს. რესპოდენტები იყვნენ დე იურე და დე ფაქტო მარტოხელა მშობლები.
კვლევის მთავარი მიგნება ის იყო, რომ ყველა მარტოხელა მშობელი - სტატუსიანი, ქვრივი თუ განქორწინებული, ან სხვა სტატუსის მიღმა დარჩენილი პირები ერთნაირი საჭიროების მქონენი იყვნენ; მათ ყოველდღიურად ხვდებათ ერთი და იგივე სირთულეები და ერთნაირად ცდილობენ მარტოები გაუმკლავდნენ მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
კითხვარი შეავსო 78-მა მარტოხელა მშობელმა. რესპოდენტებს შორის მხოლოდ ერთი დე ფაქტო მარტოხელა მამაა, რომელსაც კანონი არ აძლევს შესაძლებლობას მიიღოს სტატუსი.
მაგალითის სახით, წარმოგიდგენთ რამდენიმე დიაგრამას[25]:
დიაგრამაში ასახული ინფორმაცია ამყარებს ეჭვს, რომ დე ფაქტო მარტოხელა მშობლებიც თითქმის მსგავს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან, არ აქვთ შემოსავალი და ისინიც საჭიროებენ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან.
გარდა ამისა, საერთაშორისო პრაქიკით, ყველა მარტოხელა მშობელი იღებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და ეს დამოკიდებულია მხოლოდ ფაქტზე, რომ ისინი ოჯახში ერთადერთი მზრუნველი/მეურვეები არიან არასრულწლოვნებისთვის.
სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს შესადარებელი ჯგუფების მსგავსებას. ისინი თანასწორნი არიან ფაქტის მიმართ, რომ მარტო ზრდიან მათ შვილებს და მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ამძიმებს ის გარემობა, რომ ოჯახში ერთადერთი მზრუნველები არიან და შვილებიც მხოლოდ მასზე არიან ეკონომიკურად დამოკიდებულნი.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლით განმტკიცებული სოციალური უზრუნველყოფის უფლება გულისხმობს მის სამართლიან და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განხორციელებას.[26]
"ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს, მაგრამ სახელმწიფოსაც ავალდებულებს ხელი შეუწყოს მშობელს აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში.
მაშინაც კი, როდესაც ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობელი მითითებულია ფორმალურად, ბავშვის აღზრდა-განვითარება და ცხოვრების სათანადო დონით უზრუნველყოფაც მხოლოდ ერთ, გამზრდელ მშობელზეა დამოკიდებული. დე ფაქტო და დე იურე მარტოხელა მშობლები რეალურად არიან ერთი კატეგორიას - მარტოხელა მშობლებს მიკუთვნებული პირები, არსებითად თანასწორნი კონკრეტული ფაქტის მიმართ - რომ ისინი მარტო ზრდიან არასრულწლოვან ბავშვ(ებ)ს და ყველა მათგანის ინტერესიც ერთია - შეძლონ მათი შვილები აღზარდონ ღირსეულ და ჯანსაღ გარემოსა და პირობებში. თუმცა, კანონი არ აღიქვამს მათ თანასწორად.
ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანისათვის აუცილებელია მათი ფორმულირება იმგვარად, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა იმ მშობელს, რომლებიც არიან თანასწორ მდგომარეობაში - ფაქტობრივად დამოუკიდებლად ზრდიან თავიანთ არასრულწლოვან შვილებს და არიან ერთადერთი მეურვეები/მზრუნველები მათი შვილ(ებ)ისთის.
1.2. ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობა
,,კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს’’[27]
,,დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას’’[28]
„თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება“[29] შესაბამისად, საკანონმდებლო საქმიანობისას, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილ იქნას დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისთვის, რომლებსაც კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვთ ადეკვატური დამოკიდებულება.[30]
ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების შესაძლებლობა აქვს ძალიან ვიწრო წრეს, სტატუსის მატარებელი ადამიანებისთვის შექმნილი სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიებიც მოქმედებს მხოლოდ მათთვის. მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური დახმარებები, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ დე იურე მარტოხელა მშობლებს, დე ფაქტო მარტოხელა მშობლები კი მოკლებულნი არიან სამართლებრივ შესაძლებლობას ისარგებლონ შეღავათებით.
ერთ-ერთი მოსარჩელის, ელგა მაისურაძის შემთხვევა პირდაპირ უსვამს ხაზს, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი წლების განმავლობაში ზრდიდა მის შვილს მარტო, სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ, მისი შვილის დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემების დაფიქსირებამ კი წაართვა შესაძლებლობა მიეღო სტატუსი, თუმცა მისი მდგომარეობა არ შეცვლილა. ელგა მაისურაძე იმყოფება ანალოგიურ მდგომარეობაში, მსგავსად დე იურე მარტოხელა მშობლებისა, მაგრამ სახელმწიფო მის მიმართ ახორციელებს დიფერენცირებულ მოპყრობას. დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემების არსებობის გამო, იგი ვერ იღებს სოციალურ თუ სამართლებრივ გარანტიებს, რაც არსებობს მის მუნიციპალიტეტში, ეს კი არ არის ობიექტურად გამართლებული მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან.
ელგა მაისურაძის მსგავსად არიან დიფერენცირებული მოპყრობის მსხვერპლნი ლერი თოდაძე და ირმა გინტური. მათი მდგომარეობა ბავშვებთან მიმართებაში არ განსხვავდება დე იურე მარტოხელა მშობლებისგან, თუმცა სახელმწიფო მათ დიფერენცირებას სააქტო ჩანაწერზე დაყრდნობით ახდენს. სტატუსის ამოქმედების მიზანი მარტოხელა მშობლების და მათი შვილების მხარდაჭერა და გაძლერება იყო, თუმცა სახელმწიფო ვერ ხედავს დე ფაქტო მარტოხელა მშობლებსა და მათ შვილებს და არც მათ კეთილდღეობაზე იღებს პასუხისმგებლობას. განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.
გარდა ამისა, მარტოხელა მშობლის სტატუსის მოქმედი რედაქციის არალეგიტიმურობაზე მეტყველებს, ფაქტი, რომ დე ფაქტო მარტოხელა მშობლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, კანონის დონეზე განახორციელონ კანონიერი წარმომადგენლის უფლება-მოსილებები მათი ყოფილი პარტნიორის გარეშე.
კერძოდ, დე ფაქტო მარტოხელა მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა მათ არასრულწლოვან შვილ(ებ)ს აუღონ პასპორტი ქვეყნიდან გასაყვანად, ვინაიდან პასპორტის მისაღებად სავალდებულოა ორივე მშობლის თანხმობა. დე ფაქტო მარტოხელა მშობლები შებოჭილები არიან კანონით და ვერ ახერხებენ არასრულწლოვნისთვის პასპორტის დამზადებას, რადგან არ აქვთ კონტაქტი ყოფილ პარტნიორთან და არც მათი ადგილსამყოფელის შესახებ აქვთ რაიმე სახის ცნობები. მიზნის მისაღწევად, ისინი იძულებულნი არიან, მიმართონ სასამართლოს მეორე მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით და მხოლოდ სასამართლოს დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არასრულწლოვანისთვის პასპორტის დამზადების მოთხოვნით.
მათგან განსხვავებით, დე იურე მარტოხელა მშობლებზე, აღნიშნულ დათქმა არ მოქმედებს და მარტოხელა მშობლის ცნობის საფუძველზე, უპრობლემოდ შეუძლიათ არასრულწლოვანს დაუმზადონ პასპორტი და გაიყვანონ ქვეყნიდან. მსგავს წინააღმდეგობას ხვდებიან დე ფაქტო მარტოხელა მშობლები სამედიცინო დაწესებულებებშიც, ცალკეული სამედიცინო ჩარევების შემთხვევაში.
1.3. დისკრიმინაციის ნიშანი
მოცემულ საქმეებში დისკრიმინაციის რამდენიმე ნიშანი შეიძლება იკვეთებოდეს (მაგალითად, პირის არარეგისტირებულ ქორწინებაში ყოფნა და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემების არქონა). დისკრიმინაციის ნიშნები, არ არის პირდაპირ კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოხსენიებული, თუმცა „აღნიშნულ მუხლში კონკრეტული ნიშნის მოუხსენიებლობა დიფერენციაციის დაუსაბუთებლობას ვერ გამორიცხავს“.[31]
მისი შინაარსობრივი დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, რის ნათელ დადასტურებასაც წარმოადგენს „სხვა ნიშნების“ დაუკონკრეტებელი და ამოუწურავი ხასიათი, რაც გამოხატულებას ჰპოვებს, inter alia, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლსა და ამავე კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველ მუხლში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ადასტურებს „სხვა ნიშნების“ ზედმიწევნით, სახელდებით განსაზღვრული კატალოგის არარსებობას (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე Rasmussen v. Denmark, §34)
ამდენად, ზემოაღნიშნული დისკრიმინაციის ნიშანი შესაძლებელია შეფასდეს თანასწორობის ძირითად უფლებასთან მიმართებაში.
1.4. უფლების შეზღუდვა
კანონშემოქმედებითი საქმიანობის დროს, საქართველოს პარლამენტი შებოჭილია თანასწორობის პრინციპით, რათა არ მოხდეს დისკრიმინაციული ნორმების მიღება. „სამართალშემოქმედს აკისრია კონკრეტული საკითხის არადისკრიმინაციულად მოწესრიგების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება თან სდევს სამართალშემოქმედების პროცესს, იმის მიუხედავად, იგი მიმართულია კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეგულირებისკენ და იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ფაქტობრივ გარემოებას ან ნიშანს უკავშირდება დიფერენცირება“.[32]
თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მისაღწევ გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“.[33]
მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება კანონმდებლის ლეგიტიმური ინტერესი, არც შეზღუდვის საჭიროება, რომელიც გაამართლებდა დე იურე მარტოხელა მშობლების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას დე ფაქტო მარტოხელა მშობლებთან (განსაკუთრებით, იმ მარტოხელა მშობლებთან მიმართებით, რომელთაც არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ შვილი და მეორე მშობლის მონაცემები დაფიქსირებულია დაბადების სააქტო ჩანაწერში, ეს უკანასკნელი კი არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდა-განავითრებაში) მიმართებით, ისევე როგორც მხოლოდ ამ ჯგუფისთვის სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნა.
1.5. მკაცრი შეფასების ტესტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს ორგვარ, რაციონალური დიფერენცირებისა და მკაცრი შეფასების თანაზომიერების ტესტს.
საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით - კლასიკურია თუ არაკლასიკურია კონკრეტული ნიშანი.
მოცემულ შემთხვევაში, განსხავებული მოპყრობის საფუძველი არის არაკლასიკური ნიშანი და დიფერენციაციის ინტენსივობაც მაღალია. არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა მშობლები მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცნენ, კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებიდან გამომდინარე. აღნიშნულმა კი გამოიწვია მარტოხელა მშობლებისთვის არსებული სოციალური თუ სამართლებრივი დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფის თანაბარი შესაძლებლობებისგან მკვეთრად დაშორება.
კერძოდ, დიფერენცირების ინტენსივობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დე იურე მარტოხელა მშობლები მუდმივად სარგებლობენ სოციალური/სამართლებრივი გარანტიებით, რის შესაძლებლობასაც მოკლებულნი არიან დე ფაქტო მარტოხელა მშობლები.
ცხადია, პარლამენტს არ შეუსწავლია არსებითად მარტოხელა მშობლების პირთა წრე, მათი საჭიროებები, რათა მოეხდინა შემდგომ დიფერენცირება სოციალური და სამართლებრივი გარანტიების შექმნის ნაწილში. სტატუსი ვრცელდება ვიწრო წრეზე, როდესაც უამრავი ბავშვი იზრდება ერთ მშობელთან, მასზეა ეკონომიკურად, მორალურად და ემოციურად დამოკიდებული და მშობელს უწევს ამ ყველაფრის მარტოს გამკლავება, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე.
გაუმართლებელია პირისთვის სტატუსის მინიჭება და სოციალური სარგებლის განასაზღვრა მხოლოდ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემების არსებობაზე დაყრნობით. თუკი ბავშვის ინტერესებზე ზრუნვა ქვეყნის უპირველეს თუ არა, ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს საერთაშორისო და შინა ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებეის საფუძველზე, მაშინ უნდა იქნას მიღებული შესაბამისი, ობიექტური და ეფექტური ღონისძიებები, რომლებიც მორგებული იქნება ბავშვების საჭიროებებსა და მათ კეთილდღეობაზე. ეს უკანასკნელი ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის ჯანსაღ გარემოში განვითარებას.
სადავო ნორმა საჭიროებს მკაცრი ტესტით შემოწმებას, კერძოდ, იმის გამორკვევას, აქვს თუ არა სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი და შეეძლო თუ არა სხვაგვარად მიეღწია დასახული მიზნისთვის.
2. სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებთან
სადავო ნორმებით კონსტიტუციის მე-14 მუხლთან ერთად ირღვევა 36-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიც.
36-ე მუხლის მესამე პუნქტით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იზრუნოს ყველა დედისა და ბავშვის კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით, კი იმ დედებსა და ბავშვებზე ზრუნვა უნდა განახორციელოს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და არსებობს ლეგიტიმური მიზანი, მათი დიფერენცირებისა, სხვა ეკონომიკურად ძლიერი დედებისგან.
მოსარჩელეები ელგა მაისურაძე და ირმა გინტური წარმოადგენენ იმ მარტოხელა მშობლებს, რომელთაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ. არ არიან დასაქმებულები, იღებენ მხოლოდ სოციალურ შემწეობას და ეს თანხა წარმოადგენს ერთადერთ შემოსავალს მათ ორკაციან ოჯახში. მათი შემწეობა თვეში 110 ლარია, როდესაც მარტის თვის ნომაცემებით, საარსებო მინიმუმის სახით დადგენილია 176.9 ლარი. როდესაც საუბარია ბავშვის საჭიროებებზე, მის კეთილდღეობაზე და ჯანსაღ გარემოში აღზრდა-განვითარებაზე, მხოლოდ შემწეობა არ იძლება იმის საშუალებას მშობელმა შეუქმნას ბავშვს შესაფერისი და ჯანსაღი გარემო აღზრდისთვის. მოსარჩელეები, როგროც მარტოხელა მშობლები ნამდვილად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ზრუნვასა და მხარდაჭერას ბავშვის უკეთ აღზრდისთვის. ამ უფლებაში მოიაზრება მათი შრომითი უფლებაც და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს მათ, სხვადასხვა გადამზადების პროგრამითა თუ ღონისძებებით, რათა შეძლონ დასაქმება და ჰქონდეთ შემოსავალი იმ ფონზე, რომ წამროადგენენ მათი შვილების ერთადერთ აღმზრდელებს.
თუმცა, კანონით ისინი არ არიან მოქცეულნი მარტოხელა მშობლების რიცხვში, შესაბამისად, არც სოციალური დახმარების მიღება და სხვა სამართლებრივი გარანტიებით სარგებლობა შეუძლიათ და განიცდიან დისკრიმინაციას დე იურე მარტოხელა მშობლებთან მიმართებაში. პრატიკამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, რითაც გამართლდებოდა განსხვავებული მოპყრობა და მიზანშეწონილად ჩაითვლებოდა სტატუსის და მასზე მიბმული სოციალური თუ სამართელბრივი გარანტიების შექმნა მხოლოდ დე იურე მარტოხელა მშობლებისთვის.
ამდენად, 11911-ე მუხლის მეორე ნაწილით ირღვევა კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტები.
სადავო ნორმრით ირღვევა კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე პუნქტიც მოსარჩელე ლერი თოდაძის შემთხვევაში. 11911-ე მუხლის მესამე ნაწილით, სტატუსის მიღების საშუალება აქვს მარტოხელა მამასაც, თუმცა დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, არ არსებობს არც ერთი სტატუსის მატარებელი მარტოხელა მამა. მაგრამ ფაქტობრივი მდგომრეობიდან გამომდინარე, მოსარჩელე ლერი თოდაძის მდგომარეობაში ბევრი მარტოხელა მამაა, ისევე როგორც ქვრივი მარტოხელა მამები. მათ რეალურად უწევთ შვილ(ებ)ის აღზრდის პასუხისმგებლობის გაკმლავება და ხშირ შემთხვევაში, მათი ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმეა. ლერი თოდაძეს არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, შესაბამისად, არც შემწეობას იღებს. მას ორი მოზარდი შვილი ჰყავს, არ აქვს სახლი და ვერ უზრუნვეყოფს მისი შვილების საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას. ის არის მარტოხელა მშობელი და იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვთ კანონით უკვე აღიარებულ მარტოხელა მშობლებს.
კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე პუნქტით, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მშობელს არ აქვს სათანადო შესაძლებლობა მისი შვილ(ებ)ის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვისაც კი, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ღონისძება, რათა მხარში დაუდგეს მშობელს და გააძლიეროს იგი. მოსარჩელეების შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ისინი საჭიროებენ ამ თანადგომას და საქართველო როგორც სოციალური სახელმწიფო, ვალდებულია შეასრულოს და დაიცვლას კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის უფლებები და, მათ შორის, მათი სოციალურ უფლება.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25–ე მეხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი იჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
„ბავშის უფლებათა შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მიმართავენ საჭირო ზომებს, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატერიალურ დახმარებას უწევენ და ხელს უწყობენ პროგრამებს, განსაკუთრებით კვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშრებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია ფართოდ განიხილოს მარტოხელა მშობლების პირთა წრე, შეისწავლოს მათი საჭიროებები და შექმნას სათანადო სოციალური და სამართლებრივი გარანტიები, რომლითაც მარტოხელა მშობლებს დაეხმარება ბავშების ყოველდღიური და აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში მაინც.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დებულებები სახელმწიფოს აკისრებს მუდმივ ვალდებულებებს, იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობაზე და შეუქმნას მშობელსა და ბავშვებს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები. სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით კი ირღვევა კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე პუნქტი.
3. დასკვნა
ზემოაღნიშნული საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა, პრაქტიკის ანალიზი და სასამართლო გადაწყვეტილებები, ნათლად მოწმობს, რომ სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებთან და მე-14 მუხლთან მიმართებაში.
კანონი არ უნდა ქმნიდეს განსხვავებულ პირობებს ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის. სტატუსის მისაღებად დადგენილი კრიტერიუმები არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო კონვენციის ნორმებთან. საკითხი საჭიროებს კარგად გააზრებას და ისეთი კრიტერიუმების დადგენას, რომელიც სამართლებრივი მოწესრიგების მიღმა არ დატოვებს არც ერთ მარტოხელა მშობლის შვილ(ებ)ს. მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიექცეს არა მარტო დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების არსებობას (დაბადების სააქტო ჩანაწერში), არამედ რეალურ ფაქტსა და მდგომარეობას, რომელიც ადასტურებს, რომ მშობელი მარტო ზრუნავს ბავშვზე. არ აქვს მნიშვნელობა მშობელი იქნება ქვრივი, განქორწინებული, დე იურე მარტოხელა მშობელი თუ სხვა, სტატუსის მიღმა დარჩენილი პირი. ასევე გასათვალისწინებელია ბებიიის/ბაბუის ან სხვა ახლო ნათესავის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მარტო ზრდის არასრულწლოვანს, როცა მშობლები გარდაცვლილნი არიან ან ბავშვი მიტოვებულია. ასეთ დროს ისინი ბავშვ(ებ)ის ერთადერთი მეურვეები არიან და მარტო ცდილობენ აღზარდონ არასრულწლოვნები.
მნიშვნელოვანია, სტატუსის მიმღებ პირთა წრე განისაზღვროს ისე, რომ მასში მოხვდეს ყველა ფაქტობრივად მარტოხელა მშობელი, რომელიც ყველასგან დამოუკიდებლად ზრდის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს და სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ დღევანდელი რეგულაციით მარტოხელა მშობლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არაფრით განსხვავდება ქვრივებისგან, განქორწინებულებისგან, რომელთათვისაც ალიმენტი არ წარმოადგენს სამართლებრივ ბერკეტს, ან ადამიანებისგან, რომელთაც სტატუსი მხოლოდ იმიტომ არ აქვთ, რომ ბავშვის დაბადების მოწმობაში მეორე მშობლის მონაცემებია დაფიქსირებული და არც კი იციან მისი ადგილსამყოფელი. ამიტომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება ყველა მათგანს უნდა შეეძლოს.
საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა და შედარება საქართველოს მდგომარეობასთან მკაფიოდ აჩვენებს იმ სისტემურ გაუგებრობას, რომლებსაც სადავო ნორმა ქმნის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწინებით მიგვაჩნია რომ ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უნდა გაუქმდეს და ხელახლა დარეგულირდეს მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრე.
შესაბამისად, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან და 36-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მეორე და მესამე ნაწილი
[1] საქართველოს კანონი (2892-Iს) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
იხ. აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2629299#DOCUMENT:1;
[2] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 11911-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილი
იხ. აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702
[3] საქართელოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“, 23-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები
იხ. აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1541247
[4] აქვე. სქოლიო 3. მუხლი 26
[5] წერილში მითითებულ 3 ცნობასთან დაკავშირებით, განმარტების სახით უნდა ითქვას, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ორჯერ მოხვდა ინფორმაციის გამოგზავნა ბავშვის დაბადების ფაქტის შესახებ, ერთხელ დედის მონაცემების გარეშე, მეორეჯერ კი - ორივე მშობლის მონაცემებით.
[6] ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის კვლევა „მარტოხელა მშობლის სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, 2017
იხ. აქ: https://goo.gl/ghLti8
[7] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები საარსებო მინიმუმზე.
იხ. აქ: http://geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo
[8] პოლონეთში ალიმენტის ფონდის დახმარება ენიშნება ბავშვს მაშინ, თუ სასამართლოთი დადგენილია ალიმენტი, მაგრამ მას არ იხდის მშობელი და თუ მისი ყოველთვიური რაოდენობა არ აღემატება 725 პოლონურ ზლოტს (164 ევრო), დარიცხულს თითო ადამიანზე. ალიმენტის ფონდის დახმარება ენიშნებათ დაუქორწინებელ მარტოხელა მშობლებს ან მეურვეებს და დაქორწინებულ ადამიანს, რომელიც განქორწინებულია და ვერ იღებს ალიმენტს. ალიმენტის ფონდის დახმარება უნდა აანაზღაუროს იმ პირმა, რომელიც ვალდებულია იზრუნოს ბავშვზე (ზრუნვის მოვალე). რაოდენობა: სასამართლოს მიერ დაწესებული ალიმენტის ოდენობის იდენტური, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 500 ზლოტს (113 ევრო) ბავშვზე.
იხ. აქ: http://www.missoc.org/MISSOC/INFORMATIONBASE/COMPARATIVETABLES/MISSOCDATABASE/comparativeTablesSearchResultTree.jsp
[9] გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 15
იხ. აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3948881
[10] აქვე სქოლიო 8.
[11] ხელმისაწვდომია აქ http://www.healthofchildren.com/S/Single-Parent-Families.html
[12] EUROSTAT, 'Communiqué de presse: Les Femmes et les Hommes dans l'UE vus a travers les chiffres', 36/2011, 4 mars 2011
[13] სოციალური კვლევების ეროვნული ცენტრი (საზოგადოებრივად სასარგებლო ორგანიზაცია), მცირეწლოვანი შვილების მქონე მარტოხელა მშობლების ოჯახების სოციო-დემოგრაფიული ანალიზი ჩეხეთის რესპუბილკაში, გვ 6 იხილეთ აქ: http://www.mpsv.cz/files/clanky/4732/analyza_neuplnych_rodin_en.pdf
[14] „სუპერდედის“ კვლევის ანგარიში, იხილეთ აქ:
http://www.supermom-kick-off.eu/assets/plugindata/poolr/supermom-research-report_eng_final.pdf
[15] სოციალური უსაფრთხოების კანონი ესპანეთში, 2015 წ, მუხლი 257(2), იხილეთ აქ
http://www.seg-social.es/prdi00/groups/public/documents/normativa/095093.pdf
[16] ნორვეგიის სადაზღვევო აქტი. მუხლი 15. ხელმისაწვდომია აქ:
https://www.nav.no/rettskildene/Rundskriv/15-5-enslig-mor-eller-far
[17] ესტონეთის ოჯახური სარგებლის აქტი, მუხლი 19
იხილეთ აქ: https://www.riigiteataja.ee/en/eli/523092016001/consolide
[18] დამატებით, დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ (დეფინიცია, სტატისტიკა, სოციალური და სამართლებრივი გარანტიები) იხილეთ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის კვლევაში „მარტოხელა მშობლის სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, 2017
იხ. აქ: https://goo.gl/ghLti8
[19] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
იხ. აქ: http://constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/saqartvelos-axalgazrda-iuristta-asociacia-da-saqartvelos-moqalaqe-ekaterine-lomtatidze-saqartvelos-parlamentis-winaagmdeg-429.page
[20] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
იხ. აქ: http://constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/saqartvelos-moqalaqe-tristan-mamagulashvili-saqartvelos-parlamentis-winaagmdeg-801.page
[21] ქეთევან ერემაძე „დემოკრატიული გამოწვევები და საკონსტიტუციო სასამართლოს როლი დემოკრატიის ძიების პროცესში“, კანონის წინაშე თანასწორობა, როგორც თავისუფლების გარანტია, თბილისი, 2015, 20.
[22] ECtHR, Eweida and others v. United Kingdom, no: 48420/10, 59842/10, 51671/10, 36516/10, 15/01/2013, § 87-88; Burden v. United Kingdom, no: 13378/05, 29/04/2008, 29/04/2008, § 60
[23] General Comment #18: Non-discrimination, Thirty-seventh session (1989), para.7
[24] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის #1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
იხ. აქ: http://constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/saqartvelos-saxalxo-damcveli-saqartvelos-parlamentis-winaagmdeg-677.page
[25] ვრცლად იხილეთ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის კვლევა. გვ. 30-36
იხ: https://goo.gl/ghLti8
[26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქეები - ტრისტან ხანიშვილი, თედორე ნინიძე, ნოდარ ჭითანავა, ანდრია აფაქიძე, ლეო ჩიქავა, მინდია სალუქვაძე, ლევან ალექსიძე და გიორგი ქავთრაძე - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
იხ. აქ: https://goo.gl/TzwAVK
[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვეტილება ,,საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”
იხ. აქ: https://goo.gl/hGnDDC
[28] 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/1/493 საქმეზე ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები’’ და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია’’ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
იხ. აქ: https://goo.gl/CqRnp2
[29] აქვე. სქოლიო 27
[30] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თოდრია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
[31] აქვე, სქოლიო 27.
[32] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება #2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
იხ. აქ: https://goo.gl/vD6bAm
[33] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
იხ. აქ: https://goo.gl/bhRjJ5
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა