ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/7/1320 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 5 ივნისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ივნისი 2020 18:09 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) ელგა მაისურაძისა და ირმა გინტურის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) ლერი თოდაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – სალომე მეზურნიშვილი და ნინო ანდრიაშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1320) მომართეს ელგა მაისურაძემ, ირმა გინტურმა და ლერი თოდაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის პირველ ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 11 თებერვალს.
2. №1320 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში“.
4. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ნორმებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარეს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული უფლების შესატყვისად მიაჩნია მოქმედი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განმტკიცებული უფლებები, ხოლო 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის მსგავს მოწესრიგებად მიიჩნევს მოქმედი კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
5. გარდა აღნიშნულისა, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია დედათა და ბავშვთა უფლებების კანონით დაცვის გარანტია.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ირმა გინტური არის ფაქტობრივად მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი რეგისტრირებული ქორწინებიდან. დღეს არსებული მდგომარეობით მოსარჩელე განქორწინებულია და დამოუკიდებლად ზრდის საკუთარ არასრულწლოვან შვილს, თუმცა ის ვერ იღებს მარტოხელა დედის სტატუსს სადავო ნორმაში არსებული ორი წინაპირობის გამო - მისი შვილი დაიბადა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და, ამავე დროს, ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილია ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ. აღნიშნული წინაპირობებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაშიც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს მარტოხელა დედის სტატუსი.
8. მოსარჩელე ელგა მაისურაძე ასევე წარმოადგენს ფაქტობრივად მარტოხელა დედას. მასაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც გაუჩნდა რეგისტრირებული ქორწინების გარეშე, თუმცა მისი შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში ასევე შეტანილია ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მარტოხელა დედის სტატუსის მიღებას. მოსარჩელე ლერი თოდაძე ფაქტობრივად მარტოხელა მამაა, რომელსაც არარეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძინა ორი შვილი. მოგვიანებით იგი მიატოვა ყოფილმა პარტნიორმა, რომელსაც შეზღუდული აქვს მშობლის უფლება და მას შემდეგ ლერი თოდაძე დამოუკიდებლად ზრდის ორ არასრულწლოვან შვილს, თუმცა იმის გამო, რომ მისი შვილების დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილია ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, სადავო ნორმა ართმევს მას შესაძლებლობას, მიიღოს მარტოხელა მამის სტატუსი.
9. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმებით დადგენილი მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების წინაპირობები არ პასუხობს შესაბამის პირთა რეალურ საჭიროებებს და გაუმართლებლად ზღუდავს მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის უფლებას. დამატებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 ნაწილი ასევე ეწინააღმდეგება მოსარჩელეების - ელგა მაისურაძისა და ირმა გინტურის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებას.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრისას სადავო ნორმები არ ეყრდნობა აღნიშნულ პირთა რეალურ საჭიროებებს და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე ადგენს, მარტოხელა მშობელი იმსახურებს თუ არა შესაბამის სტატუსს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა მარტოხელა მამებთან მიმართებით, რადგან ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში თითქმის ყოველთვის მიეთითება დედის შესახებ ჩანაწერი, რაც მარტოხელა მამას სრულად ართმევს მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების შესაძლებლობას. გარდა ამისა, რეგულირება პრობლემურია მარტოხელა დედებთან მიმართებითაც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებთან შედარებით მათ უფრო მეტად აქვთ სტატუსის მიღების შესაძლებლობა, ამგვარი კრიტერიუმის არსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ყველა შემთხვევაში. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის შესახებ ბავშვის დაბადების აქტში ჩანაწერის არსებობა ატარებს ფორმალურ ხასიათს და რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს აწმყოში ბავშვისა და მისი მშობლების რეალური მდგომარეობის აღწერასთან, რადგან შეუძლებელია აღნიშნული კრიტერიუმის საშუალებით შეფასდეს მშობლის მარტოხელად ყოფნის რეალურობა.
11. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მარტოხელა დედის სტატუსის განსაზღვრის სადავო ნორმით გათვალისწინებულ კიდევ ერთ კრიტერიუმს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა წინაპირობების დაკმაყოფილებასთან ერთად, მას ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას შვილი შეეძინა რეგისტრირებული ქორწინებიდან, თუმცა განქორწინების შემდგომ ის დამოუკიდებლად ზრდის საკუთარ შვილს და მის მიმართაც მოქმედებს ყველა ის საჭიროება, რომელიც მარტოხელა მშობლებს გააჩნიათ. შესაბამისად, გაუგებარია, კანონმდებლობა რატომ უნდა უკავშირებდეს ბავშვის დაბადების მომენტში რეგისტრირებული ქორწინების არსებობის ფაქტს აწმყოში მშობლისა და მისი შვილის რეალურ მდგომარეობასა და მათ საჭიროებებს.
12. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო რეგულირება რეალურად მარტოხელა მშობლებს ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლონ აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებული შეღავათებით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მოსარჩელეები ვერ იღებენ გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულ სოციალურ დახმარებას მარტოხელა მშობლებისათვის. მსგავს პირობებში კი ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს განსაკუთრებით ურთულდებათ საკუთარი შვილების სრულფასოვანი განვითარებისათვის საჭირო სახსრების მოძიება. ამასთან, სოციალური დახმარების ალტერნატივად ვერ ჩაითვლება ალიმენტის დაკისრება მეორე მშობლისათვის, რადგან აღნიშნული პირების ადგილსამყოფელი ხშირ შემთხვევაში დაუდგენელია ან მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. გარდა ამისა, საალიმენტო თანხა, როგორც წესი, მნიშვნელოვნად ნაკლებია მარტოხელა მშობლისათვის გაცემულ სოციალურ დახმარებაზე.
13. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსი, გარდა სოციალური დახმარებებისა, დაკავშირებულია ბევრ სხვა შესაძლებლობასთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ასევე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით არასრულწლოვანი პირის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება მხოლოდ მისი ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
14. სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით წინააღმდეგობის დასაბუთებისას მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მარტოხელა მშობლები, რომელთაც სადავო ნორმების საფუძველზე მიენიჭათ აღნიშნული სტატუსი, ხოლო, მეორე მხრივ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომელთაც ვერ შეძლეს შესაბამისი სტატუსის მიღება კანონმდებლობით დადგენილი სადავო კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო. მოსარჩელეთა მითითებით, დასახელებული შესადარებელი პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს, რადგან არც ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში ერთ-ერთი მშობლის შესახებ ჩანაწერის არსებობა და არც ბავშვის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენა არ განსაზღვრავს იმას, დღეს არსებული მდგომარეობით, რეალურად წარმოადგენენ თუ არა ისინი მარტოხელა მშობლებს. შესადარებელ პირებს შესაძლოა, სრულიად იდენტური ფაქტობრივი ოჯახური მდგომარეობა ჰქონდეთ, შესაბამისად, გაუმართლებელია შესადარებელ პირთა დიფერენცირება ხელოვნური და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე.
15. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შვილის ყოლა და, მეორე მხრივ, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემების არარსებობა. ამასთან, სახეზე არ არის დიფერენცირების ლეგიტიმური ინტერესი, რაც თავისთავად მიუთითებს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სასამართლომ განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობა უნდა შეაფასოს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით, რადგან უფლებაში ჩარევა ხორციელდება მაღალი ინტენსივობით - ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმების მოთხოვნებს, სრულად ერთმევათ აღნიშნული სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა.
16. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე ასევე ხორციელდება დისკრიმინაცია სქესის ნიშნით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმები იდენტურ მოთხოვნებს ადგენს მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსის მოსაპოვებლად, მარტოხელა მამებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ სტატუსის მიღების შესაძლებლობა, რადგან ბავშვის დაბადებისას მისი დაბადების აქტის ჩანაწერში ყოველთვის მიეთითება ინფორმაცია დედის შესახებ, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის მამის მიერ მარტოხელა მამის სტატუსის მიღების შესაძლებლობას მომავალში. ამდენად, ადგილი აქვს სქესის ნიშნით უთანასწორო მოპყრობას და ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მულის პირველი და მე-3 პუნქტები.
17. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს აკისრებს დედათა და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის ვალდებულებას, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. სახელმწიფოს მიერ ზრუნვა უნდა გამოიხატებოდეს მარტოხელა მშობლების დასაქმებაში ხელშეწყობასა და აუცილებელი სოციალური დახმარების მიღებაში. სახელმწიფო უარს ამბობს აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ვერ უზრუნველყოფს იმ პირთათვის სოციალური გარანტიების შექმნას, რომელთაც ამის რეალური საჭიროება გააჩნიათ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება ზემოთ დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებას.
18. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრულ პირთა წრეში უნდა მოექცეს ყველა ფაქტობრივად მარტოხელა მშობელი. პირისათვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს იმ გარემოების შეფასება, რეალურად და ფაქტობრივად რამდენად დამოუკიდებლად ზრდის პირი საკუთარ არასრულწლოვან შვილს.
19. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმების მიზანია იმ პირთა კატეგორიის განსაზღვრა, რომლებიც როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად მარტოხელა მშობლები არიან და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ სახელმწიფოსთვის არის მინდობილი. მოსარჩელის მიერ დასახელებული შესადარებელი პირები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, რადგან ისეთ შემთხვევაში, როდესაც ერთი მშობელი იღებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, მაგრამ სახეზეა მეორე მშობელიც, ამ უკანასკნელს სამართლებრივად გააჩნია ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება და თუნდაც ფაქტობრივად ვერ სრულდებოდეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების აღსრულება, ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია, აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგალითად, ალიმენტის დაკისრების კუთხით. ხოლო სადავო ნორმების მიერ განსაზღვრული სტატუსის მქონე პირები მოკლებულნი არიან როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ შესაძლებლობას, ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მეორე მშობელმა.
20. მოპასუხე მხარის მითითებით, ის ფაქტი, რომ ბავშვის მეორე მშობელი სახეზეა და მას დაკისრებული აქვს ბავშვზე მზრუნველობის სამართლებრივი ვალდებულება, თუნდაც ფაქტობრივად ბავშვის აღზრდაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესადარებელ პირებს ამყოფებს არსებითად განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში, რაც მიუთითებს მათ უთანასწორობაზე კანონის წინაშე. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის ზოგად ვალდებულებას, რაც ვერ გახდება მოსარჩელეთა მხრიდან მარტოხელა მშობლის სტატუსისა და მასთან დაკავშირებული პრივილეგიების მოთხოვნის საფუძველი. ამგვარად, სადავო ნორმები არ ზღუდავს მოსარჩელეთა კონსტიტუციურ უფლებებს და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. მათი პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმები იდენტურ მოთხოვნებს ადგენს მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსის მოსაპოვებლად, მარტოხელა მამებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ სტატუსის მიღების შესაძლებლობა, რადგან ბავშვის დაბადებისას მისი დაბადების აქტის ჩანაწერში ყოველთვის მიეთითება ინფორმაცია დედის შესახებ, რაც, თავისთავად, ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხავს ბავშვის მამის მიერ მარტოხელა მამის სტატუსის მიღების შესაძლებლობას მომავალში. ამდენად, ადგილი აქვს სქესის ნიშნით უთანასწორო მოპყრობას.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება აკვალიფიცირებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების მოქმედებას სახელმწიფოს მიერ მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებთან მიმართებით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი სახელმწიფოს უდგენს ვალდებულებას, კონკრეტული სქესის წარმომადგენელთა სპეციალური საჭიროებების მხედველობაში მიღებით, მიიღოს განსაკუთრებული ზომები სქესის ნიშნით პირთა შორის არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
4. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელე მხარის მოთხოვნა შეეხება არა რომელიმე სქესის წარმომადგენელთა მიმართ, განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალური სამართლებრივი რეჟიმისა და რაიმე პრივილეგიის მიღების აუცილებლობას, არამედ სადავო ნორმებით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში სქესის ნიშნით დადგენილი შესაძლო განსხვავებული მოპყრობის აღმოფხვრას. აღნიშნული უფლებრივი ასპექტი დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული თანასწორობის უფლებით და სადავო რეგულირების კონსტიტუციასთან შესაბამისობა შეფასებადია სწორედ აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით. ამდენად, სადავო რეგულირებას არ აქვს შემხებლობა და არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1320 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელეები - ირმა გინტური და ელგა მაისურაძე ასევე ითხოვენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების თანახმად, „დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით“. მოსარჩელეთა მითითებით, დასახელებული კონსტიტუციური ჩანაწერი სახელმწიფოს აკისრებს დედათა და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის ვალდებულებას, რაც უნდა გამოიხატებოდეს მარტოხელა მშობლების დასაქმებაში ხელშეწყობასა და აუცილებელი სოციალური დახმარების მიღებაში.
7. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ დედათა და ბავშვთა უფლებების კანონით დაცვის ვალდებულებას უკავშირებს სახელმწიფოს მიერ გარკვეულ პირთა მიმართ კონკრეტული სოციალური სტატუსისა და მისგან მომდინარე სოციალური დახმარების მიღებასა და აღნიშნულ პირთა დასაქმებაში ხელშეწყობას. მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენა იმის დასასაბუთებლად, რომ დასახელებული კონსტიტუციური დებულება კანონმდებლობით განსაზღვრული რაიმე სტატუსის მოპოვების ან გარკვეულ სოციალურ პროგრამებში მონაწილეობის მიღების გარანტიას ქმნის.
8. მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ არგუმენტაცია იმის შესახებ, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს მარტოხელა დედის სტატუსსა და ზემოხსენებულ კონსტიტუციურ ჩანაწერს შორის ან იგი რატომ შეიძლება გულისხმობდეს გარკვეული კატეგორიის პირთა მიმართ სოციალური დახმარების გაცემის ან დასაქმებაში დახმარების ვალდებულებას. სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ დებულებას შორის ცხადი შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად საკმარისად ვერ ჩაითვლება მათ შორის აბსტრაქტული და ჰიპოთეტური შესაძლო კავშირის არსებობაზე ზოგადი მითითება. მოსარჩელე მხარეს, არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე, არ წარმოუდგენია რაიმე ხელშესახები და კონკრეტული არგუმენტაცია სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ დებულებას შორის არსებული შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1320 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1320 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1320 კონსტიტუციური სარჩელი („ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1320 კონსტიტუციური სარჩელი („ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი