მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N853 |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს პატრიოტთა ალიანსი |
თარიღი | 18 ოქტომბერი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს იურიდიული პირი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. საქართველოს ორგანული კანონის საქართვეკის საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება სადავო ნორმების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ ძირითად უფლებებთან. ამასთან, სადავო ნორმა, პირდაპირ და უშუალოდ ხელყოფს ადამიანის ძირითად უფლებებს, (რომლებიც თავისი შინაარსისა დაბუნების გათვალისწინებით ასევე ვრცელდება იურიდიულ პირებზეც) მათ შორის მოსარჩელეთა ძირითად უფლებებს, ვინაიდან სადავო ნორმის გამოყენებისას დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება -კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა: არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნაწილი (ნორმატიული შინაარსი), რომელიც გამორიცხავს პროპორციული საარჩევნო სისტემით გამართულ არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატების იმ საარჩევნო სუბიექტებისთვის გადანაწილებას, რომელთაც საქართველოს პარლამენტის წევრის 6 მანდატზე ნაკლები მიიღეს. დასაბუთება: საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები განსაზღვრავენ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად საპარლამენტო მანდატების განაწილების ზოგად პრინციპებს. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლებიც გადალახავენ საარჩევნო ბარიერს - მიიღებენ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმათა არანაკლებ 5 პროცენტს. ამ ზოგადი პრინციპის მიღმა, კონსტიტუცია თავად არ განსაზღვრავს მანდატების განაწილების კონკრეტულ წესს და, შესაბამისად, მის გადაწყვეტას ანდობს მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობას. თუმცა იგულისხმება, რომ ეს საკითხი საარჩევნო კანონმდებლობით უნდა გადაწყდეს თანასწორობის (დისკრიმინაციის აკრძალვის) კონსტიტუციური პრინციპის დაცვით (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატების განაწილების წესი საერთო, არადისკრიმინაციული უნდა იყოს ყველა ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტისათვის. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება წარმოადგენს ერთგვარ გადახვევას ამ ზოგადი პრინციპიდან. კერძოდ, იგი შეიცავს საგამონაკლისო, საშეღავათო წესს იმ საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ, რომელთაც, მართალია, გადალახეს საარჩევნო ბარიერი, თუმცა მანდატების განაწილების საერთო წესის მიხედვით ვერ მოიპოვეს ფრაქციის შექმნისათვის აუცილებელი 6 მანდატი (შემდგომში: „მცირემანდატიანი საარჩევნო სუბიექტი“). ასეთ შემთხვევაში მათ მანდატები უნდა შეევსოთ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ ოდენობამდე - ანუ ექვსამდე. ამდენად, 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების არსი და მიზანი მდგომარეობა იმაში, რომ მცირემანდატიან საარჩევნო სუბიექტებს მიანიჭოს იმაზე მეტი უფლება (მანდატი), ვიდრე მათ ეკუთვნით მანდატების განაწილების საერთო წესის მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს პოზიტიური დისკრიმინაციის დამდგენს წესს, პოლტიკური პლურალიზმისა და კვალიფიციური, თუმცა მცირემანდატიანი სუბიექტების მხარდასაჭერად. მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატების განაწილების წესი არ ასახავს და, უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ ნორმებში ასახულ პრინციპებს. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლი არეგულირებს ცესკოში არჩევნების, მათ შორის, პროპორციული სიტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამებას. აღნიშნული მუხლის მე-6-მე-7 პუნქტები შეიცავენ წესებს, რომელთა მიხედვით, მცირემანდატიან საარჩევნო სუბიექტებს მანდატები უნდა შეევსოთ ფრაქციის შექმნისათვის აუცილებელ მინიმალურ ოდენობამდე. კერძოდ, მე-6 პუნქტის თანახმად, მცირემანდატიან საარჩევნო სუბიექტებს მანდატები ექვსამდე შეევსებათ გაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე. ხოლო თუ ასეთი მანდატები საკმარისი არ არის, მაშინ - რიგითობით იმ საარჩევნო სუბიექტების ხარჯზე, რომელთაც 6-ზე მეტი მანდატი მიიღეს (იმ პირობით, თუ მანდატის მოკლების შედეგად საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობა 7-ზე მეტად არ მცირდება). ზემოაღნიშნული დანაწესები თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. თუმცა, 125-ე მუხლის მე-8 პუნქტი შეიცავს შემდეგ ნორმას: „თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით განაწილების შემდეგ კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომელთაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა“. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გაუნაწილებელი მანდატების იმ საარჩევნო სუბიექტებისთვის განაწილებას, რომელთაც 6 მანდატზე ნაკლები მიიღეს, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 50-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებიდან გამომდინარეობს პრინციპი, რომლის თანახმად, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად მანდატების განაწილების წესი უნდა იყოს საერთო, არადისკრიმინაციული ყველა ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტისათვის. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება ზემოაღნიშნული პრინციპიდან გამონაკლისს უშვებს მცირემანდატიანი სუბიექტების სასარგებლოდ და ითვალისწინებს მათთვის მანდატების დამატებას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალურ ოდენობამდე. ამდენად, აღნიშნული ნორმა, პრინციპის დონეზე მიმართულია მცირემანდატიანი საარჩევნო სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების და არა გაუარესებისაკენ. შესაბამისად, მცირემანდატიანობა, როგორც ფაქტობრივი მოცემულობა, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის უფლებების შესაზღუდად. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 152-ე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს გაუნაწილებელი მანდატების რიგითობით განაწილების ზოგად წესს ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის. ამასთან, განსაზღვრავს საგამონაკლისო, შემზღუდველ წესს მცირემანდატიანი საარჩევნო სუბიექტებისათვის. კერძოდ, გამორიცხავს მათ მონაწილეობას ასეთი წესით გაუნაწილებელი მანდატების განაწილებაში. გაუნაწილებელი მანდატების განაწილებაში მცირემანდატიანი სუბიექტების გამორიცხვა მათ აყენებს იმაზე უარეს მდგომარეობაში, რომელშიც იქნებოდნენ საერთოდ რომ არ არსებულიყო კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების სახით მცირემანდატიანი სუბიექტებისათვის პრივილეგიების დამდგენი ნორმა, ასევე საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც ითვალისწინებენ ასეთი სუბიექტებისათვის მანდატების 6-მდე შევსებას. იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული დებულება უფრო თვალსაჩინო გავხადოთ, განვიხილოთ 2016 წლის 08 ოქტომბრის მორიგი საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემით მანდატების განაწილების მოსალოდნელი შედეგები. როგორც ცნობილია, ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი გადალახა სამმა საარჩევნო სუბიექტმა შემდეგი პროცენტული მონაცემებით: 1. ქართული ოცნება - 48.68%; 2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27.11%; 3. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 5.01%. ზემოაღნიშნული პროცენტული მონაცემებით, მითითებულ საარჩევნო სუბიექტებს ეკუთვნით შემდეგი რაოდენობის მანდატები: 1. ქართული ოცნება - 37.48 მანდატი; 2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 20.87 მანდატი; 3. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3.85 მანდატი. ამდენად, მანდატების პირველადი (მიღებული ხმების პროპორციულად) განაწილების შედეგად 77 მანდატიდან ბარიერგადალახულ პარტიებზე განაწილდება 60 მანდატი, ხოლო გასანაწილებელი დარჩება - 17 მანდატი. ასეთ მოცემულობის პირობებში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს გაუნაწილებელი 17 მანდატიდან მიეკუთვნება 3 მანდატი, შევსების წესით, ხოლო დარჩენილი 14 მანდატი, იმავე მუხლის მე-8 (სადავო) პუნქტის შესაბამისად, მიეკუთვნება მხოლოდ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას, გადანაწილების წესით, თანაბრად, 7-7 მანდატის ოდენობით. სავარაუდოა, რომ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტით, მცირემანდატიანი სუბიექტები გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების პროცესიდან კანონმდებელმა გამორიცხა იმ მოსაზრებით, რომ მათ უკვე მიღებული აქვთ დამატებითი მანდატები ე.წ. შევსების წესით. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რეგულირების სხვა უფრო ობიექტური და გონივრული საფუძველი შეუძლებელია არსებობდეს. თუმცა ამგვარ რეგილირებას არაკონსტიტუციურ შედეგებამდე მივყავართ. თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს საშეღავათო ნორმებს მცირემანდატიანი სუბიექტებისათვის. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, ყველა ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტზე უგამონაკლისოდ გავრცელდებოდა გაუნაწილებელი მანდატების განაწილების საერთო წესი, რადგან არ იარსებებდა ამ პროცესიდან მცირემანდატიანი სუბიექტების გამორიცხვის რაიმე საფუძველი (შევსების წესით მათ დამატებითი მანდატები მიღებული არ ექნებოდათ). ასეთ ვითარებაში, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მონაწილეობას მიიღებდა რა გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილებაში, მას დამატებით მიეკუთვნებოდა 5 ან 6 მანდატი. შესაბამისად, მისი მანდატების საერთო რაოდენობა იქნებოდა 8 ან 9. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის სადავო ნაწილის (შინაარსის) შესაბამისად კი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კუთვნილი მანდატების რაოდენობა 6-ზე მეტი არ შეიძლება იყოს. ამდენად, მცირემანდატიანი სუბიექტებისათვის პრივილეგიების დამდგენი ინსტიტუტის - ე.წ. შევსების წესის არარსებობის პირობებში, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მიიღებდა უფრო მეტ მანდატს, ვიდრე ის მიიღებს ამ ინსტიტუტის არსებობის პირობებში, ოღონდ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის სადავო ნაწილის (შინაარსის) გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს მცირემანდატიანი საარჩევნო სუბიექტების მდგომარეობის გაუმჯობესებას (პოლიტიკური პლურალიზმის მარდჭერას), საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლში, კერძოდ, მის მე-8 პუნქტში იმპლემენტირებულია (ასახულია) იმგვარად, რომ არა თუ აუმჯობესებს, არამედ პირიქით - აუარესებს მცირემანდატიანი საარჩევნო სუბიექტების მდგომარეობას - ე.ი. ეწინააღმდეგება მითითებული კონსტიტუციური ნორმის არსსა და მიზანს. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გაუნაწილებელი მანდატების იმ საარჩევნო სუბიექტებისთვის გადანაწილებას, რომელთაც 6 მანდატზე ნაკლები მიიღეს, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 50-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი