საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/5/853 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 16 ნოემბერი 2016 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის N3/5/853 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 16 ნოემბრის №3/5/853 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, რომლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – „კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამგვარად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8).
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ადგენს ყველა პირისათვის ერთნაირი შესაძლებლობის მინიჭების ვალდებულებას. მის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია, თანასწორად მოეპყროს მხოლოდ არსებითად თანასწორ პირებს. გარკვეულ შემთხვევაში დიფერენცირების დაწესება შეიძლება აუცილებელიც იყოს, მათ შორის კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების მოთხოვნებიდანაც კი გამომდინარეობდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბებული მიდგომიდან გამომდინარე, არსებითად უთანასწორო პირებისათვის ერთნაირი უფლების ან/და ვალდებულების დაწესება, შესაძლოა, კონსტიტუციის მე-14 მუხლს არღვევდეს კიდეც (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკე აღებული დიფერენცირების ფაქტის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების დაცულ სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად. დიფერენცირება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას ზღუდავს იმ შემთხვევაში, თუ იგი არსებითად თანასწორ პირებს შორის ხორციელდება.
6. სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის „მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).
7. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა განსაზღვრავს პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტებს შორის გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესს. საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მიზნებისათვის გადაუნაწილებლად მიიჩნევა მანდატები, რომლებიც რჩება 77 მანდატის პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გაყოფისა და მცირე მანდატიანი პოლიტიკური სუბიექტებისათვის პარლამენტის წევრთა მანდატების რაოდენობის ექვსამდე შევსების შემდეგ. სადავო წესის თანახმად, გადაუნაწილებელი მანდატები რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 პარლამენტის წევრის მანდატისა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მან იმავე წესით უნდა მიიღოს გადაუნაწილებელი მანდატები, როგორც სხვა პარტიამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, მანდატების განაწილების მიზნებისათვის, სხვადასხვა რაოდენობის ამომრჩევლის მხარდაჭერის მქონე საარჩევნო სუბიექტები არიან თუ არა არსებითად თანასწორნი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლი იცავს თანაბარ სასტარტო პირობებს, შანსების თანასწორობას თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის. „...თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. თანაბარი შანსები იქნება თუ არა თანაბრად გამოყენებული, დამოკიდებულია კონკრეტული პირების უნარებზე. უნარების სახელმწიფოს ძალისხმევით გათანაბრების მცდელობა კი, უმეტესწილად, თავად იწვევს დისკრიმინაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
9. აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანია თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის უზრუნველყოს არჩევნებში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ სუბიექტი, რომელიც შესაძლებლობას უკეთესად გამოიყენებს, არჩევნებში უკეთეს შედეგებს აჩვენებს, უფრო მეტ მანდატს მოიპოვებს საქართველოს პარლამენტში.
10. ამავე სულისკვეთებას იზიარებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროპორციული საარჩევნო სისტემა, კერძოდ, კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც“. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საარჩევნო სუბიექტების მიერ მანდატების მიღებულ ხმათა პროპორციულად და არა მორიგეობით (თანაბრად) გადანაწილებას. ზოგადად, არც მოსარჩლე არ დავობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად უნდა გადანაწილდეს.
11. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან დაკავშირებით სასამართლოს პრაქტიკა არაორაზროვნად მიუთითებს ამომრჩევლების ხმათა თანასწორობის დაცვაზე. „კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ არსებულმა საარჩევნო მოდელმა უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირების პროცესში ... საარჩევნო უფლების რეალიზაცია გულისხმობს, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, აქტიური საარჩევნო უფლება მნიშვნელოვნად იზღუდება ამომრჩევლის ხმის გავლენის დამცრობით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4,5). „საარჩევნო უფლება შინაარსს დაკარგავს მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობის არარსებობისას. არჩევნების მიზანი სწორედ მოქალაქეთა ნების შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაა, აქედან გამომდინარე - არჩევნებმა უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა თავისუფალი, ნამდვილი ნების შესაბამისი წარმომადგენლობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირებისას. მოქალაქეთა ნამდვილი ნების შესაბამისი ფორმაციის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების ადეკვატურ ასახვას არჩევნების შედეგებზე“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
12. აშკარაა, რომ სასამართლოს პრაქტიკა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ამომრჩევლების ხმათა თანასწორობის დაცვის კონსტიტუციურ გარანტიაზე, რაც თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მიერ განსხვავებული რაოდენობის მანდატების მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაადგენს სისტემას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიები ერთი და იმავე რაოდენობის მანდატებს მიიღებენ, იგი დაუშვებს სხვადასხვა რაოდენობის ამომრჩევლის ხმის ერთი და იმავე რაოდენობით მანდატებში ასახვას, რაც ხმათა თანასწორობიდან გადახრის ტოლფასი იქნება.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია საქართველოს კონსტიტუციის ერთმნიშვნელოვანი ნება, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში სხვადასხვა მხარდაჭერის მქონე საარჩევნო სუბიექტებმა სხვადასხვა რაოდენობის მანდატები მიიღონ (გარკვეულ შემთხვევაში კონსტიტუციით დაშვებულია გამონაკლისები, მაგალითად, „იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე“). შესაბამისად, თავად ამ საარჩევნო სუბიექტების კონსტიტუციური სტატუსი, მათი უფლება მანდატების მიღებაზე განსხვავებულია, რაც მანდატების განაწილების დამდგენი წესის მიზნებისათვის მათ არსებითად თანასწორ სუბიექტთა განხილვას გამორიცხავს. ვინაიდან სხვადასხვა შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, შესაბამისად, მათ მიმართ დადგენილი დიფერენცირების ფაქტზე მითითება ვერ გამოდგება სათანადო არგუმენტად კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის დასაბუთებისათვის.
14. ზემოთ ხსენებულ მსჯელობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მოსარჩელე მხარის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დაადგინა გადაუნაწილებელი მანდატების რიგითობით განაწილების წესი, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლიდან გამომდინარე, მანდატები უნდა გადანაწილდეს ყველა ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტზე.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს მასში რეგლამენტირებული უფლების შინაარსსა და მოცულობას. კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც კონსტიტუციური უფლების აღსაწერად გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, თუ როგორ ხდება კანონმდებლობით მათი რეგლამენტაცია. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კანონი შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს და არა კონსტიტუციური სტანდარტების განმსაზღვრელ ინსტრუმენტს. კონსტიტუციური ტერმინის განმარტებისას სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს უფლების არსით, რომელთან მიმართებაშიც არის გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, კონსტიტუციური ნორმ(ებ)ის სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა ნორმებში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით და სხვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის თანასწორობის უფლების შინაარსი დგინდება თავად კონსტიტუციის განმარტების შედეგად და არ არის დამოკიდებული საკანონმდებლო დეფინიციებზე.
16. შესაბამისად, იმისათვის რომ არსებობდეს თანასწორობის უფლებაში ჩარევა, დიფერენცირება უნდა ხდებოდეს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის (და არა კანონის მიზნებისათვის) არსებითად თანასწორ პირებს შორის. აღნიშნული ფასდება თავად ამ პირთა სტატუსისა და სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განიხილავს მას კანონმდებელი. კანონმდებელი გაუნაწილებელ მანდატებს რიგითობით ანაწილებს იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომელთაც შევსების გარეშე მიიღეს 6 მანდატი და ეს მანდატები არ ნაწილდება საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. ამდენად, კანონმდებელი არსებითად უთანასწორო პირთა გარკვეულ წრეს ერთნაირად ექცევა. თუმცა ეს ფაქტი კონსტიტუციის მე-14 მუხლის საფუძველზე იმავე მოპყრობის მოთხოვნის უფლებას ვერ გაუჩენს სხვა არსებითად უთანასწორო პირს. როგორც უკვე აღინიშნა არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ კანონმდებლის მიერ ერთნაირი მოპყრობის გამოყენება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას, ანუ კონსტიტუციის მე-14 მუხლი არსებითად უთანასწორო პირების მიმართ ერთნაირ მოპყრობას კრძალავს და, შესაბამისად, ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოდგება ასეთი პირების მიმართ ერთნაირი მოპყრობის მოთხოვნის საფუძვლად.
17. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს არჩევნებში სხვადასხვა შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტების მიმართ ერთნაირი მოპყრობის გამოყენებას. მოსარჩელე არ ითხოვს არც საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის შესაბამისად პარლამენტის წევრთა მანდატების საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციულად გადანაწილებას, არც ამომრჩევლების ხმათა თანასწორობის დაცვას და თანაბარი საარჩევნო მხარდაჭერის მქონე სუბიექტების მიერ თანაბარი რაოდენობის მანდატების მიღებას. ამის საპირისპიროდ, მისი მოთხოვნაა, რომ კანონმდებელი თანაბრად მოეპყროს იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა და იმ სუბიექტებს, რომლებსაც 6 მანდატის მოსაპოვებლად შევსება დასჭირდათ. ამგვარი რეგულირება წარმოადგენს არსებითად უთანასწორო საარჩევნო სუბიექტების გათანაბრებას და არა თანასწორად მოპყრობას, რადგან, როგორც აღინიშნა, განსხვავებული საარჩევნო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტები არ არიან არსებითად თანასწორები. აღნიშნულიდან გამომდინარე მივიჩნევ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფეროდან, არ არის დასაბუთებული ამ მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა და, შესაბამისად, არსებობს №853 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
თეიმურაზ ტუღუში