საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა დაიწყო
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. სკოლის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, მაჰან მურადიანმა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.
სკოლის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში მოისმენენ ლექციებს კონსტიტუციური სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების მოდელებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებზე აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში, ციფრულ სამყაროში გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებზე, ასევე, სოციალური პლატფორმის პასუხისმგებლობისა და Facebook-ის საზედამხედველო საბჭოს შესახებ.
ამასთანავე, საზაფხულო სკოლის მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო, საზაფხულო სკოლა დისტანციური ფორმით ტარდება.
საზაფხულო სკოლის ლექციებს უძღვებიან: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლადო ჭანტურია; The New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტი და იურისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის და ნიუ-ორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული პროფესორი დევიდ მაქროუ; Facebook-ის საზედამხედველო საბჭოს თანათავმჯდომარე, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ჯამალ გრინი; ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი ჯეისონ დესანტო; ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) სამართლის სკოლის პროფესორი მათიას მოშელი; კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი ლევან მაისურაძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, კონკურსის შედეგად, შეირჩა იურიდიული ფაკულტეტის 22 საუკეთესო სტუდენტი და კურსდამთავრებული საქართველოს უნივერსიტეტებიდან. ნიშანდობლივია, რომ სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, განაგრძონ საკუთარი საქმიანობა საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირებისა და შემდგომში, დასაქმების გზით.
წელს, საკონსტიტუციო სასამართლო საზაფხულო სკოლის მე-13 ნაკადს მასპინძლობს. საზაფხულო სკოლა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) მხარდაჭერით იმართება.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში, რაც პროექტის წარმატების მაჩვენებელია.
საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა 22 ივლისს დასრულდება.