სასამართლოს შესახებ

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციაში გამოხატულია დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობის განმტკიცების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ნება.

საქართველოს კონსტიტუცია ეფუძნება ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას. კონსტიტუციით განმტკიცებულია სახელმწიფო ხელისუფლების  განხორციელება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის, სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილებისა და მისი კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განხორციელების, კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, სახელმწიფოში სახელისუფლო სტაბილურობის განმტკიცებისათვის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა 1996 წელს. მისი შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი ბათუმი.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები

საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:

ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე;

გ) საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;

დ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის სარჩელის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხს;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იხილავს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს;

ზ) პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან შესაბამისი პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს;

თ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით;

კ) ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, კოლეგიალობის, საქვეყნოობის, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, უფლებამოსილებათა მთელი ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დამოუკიდებლობის, ხელშეუხებლობისა და შეუცვლელობის საწყისებზე.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა

საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს საქართველოს სამი უმაღლესი სახელმწიფო ორგანო - საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავისი მოვალეობების განხორციელებისას დამოუკიდებელია. იგი ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის საქმიანობაში ჩარევა. კონსტიტუციით უზრუნველყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხელშეუხებლობა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია სასამართლოს წევრის დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფის სხვა გარანტიები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტს და აპარატის დებულებას, დადგენილი წესით ანაწილებს საქმეებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომისთვის ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურებს, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს პლენუმს, უძღვება მის სხდომებს, ხელს აწერს პლენუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, განჩინებას, დასკვნას, საოქმო ჩანაწერსა და სხდომის ოქმს; ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში სტაჟირების გავლის წესს; საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის მოხელეებსა და სტაჟიორებს, შრომით ხელშეკრულებებს დებს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებთან, განსაზღვრავს სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას, განკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს საბიუჯეტო ასიგნებებს, ახორციელებს კანონმდებლობით და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორ მოადგილესა და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უძღვება კოლეგიის სხდომას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ ფუნქციებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას, თავმჯდომარის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, ასეთი დავალების არარსებობისას კი – უხუცესი მოადგილე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების გარდა, ახორციელებს პლენუმისა და კოლეგიების სხდომების მოსამზადებელ ღონისძიებებს, ორგანიზებას უწევს პლენუმისა და კოლეგიების სხდომათა ოქმების წარმოებასა და გაფორმებას, ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, იღებს ზომებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის და თვეში ერთხელ მოახსენებს პლენუმს მათი აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე, ხელს უწყობს საჭირო ინფორმაციის კომპიუტერული წესით დამუშავების სისტემის ჩამოყალიბებას, ორგანიზებას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაციის დაგზავნას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან. პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი. კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი. კოლეგიის შემადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პლენუმი. საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ, საკადრო, საკომუნიკაციო, საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურა აერთიანებს შემდეგ დანაყოფებს: სასამართლოს სამდივნო, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი, საორგანიზაციო დეპარტამენტი, ეკონომიკური დეპარტამენტი, მანდატურის სამსახური.