მოქმედი მოსამართლეები

მანანა კობახიძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მეორე კოლეგიის თავმჯდომარე

დაიბადა 1968 წლის 3 თებერვალს ქ. თბილისში.

წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაციით (1990 წ ).

1991-2001 წლებში მუშაობდა ისტორიის, საზოგადოებათმცოდნეობის, სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლებისა და ადამიანის უფლებების პედაგოგად თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში.

1995-96 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის განათლების სამმართველოს პედაგოგიურ ინოვაციათა ცენტრში წამყვან სპეციალისტად.

2001-2002 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იურიდიული კლინიკის პროგრამის სტაჟიორი.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი, იურისტის კვალიფიკაციით. სადიპლომო ნაშრომი დაიცვა კონსტიტუციურ სამართალში.

2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2003 წელს იყო შპს „დარაკას“ საადვოკატო ბიუროს ადვოკატი.

2003 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროფესიული საქმიანობა გააგრძელა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“.

2004-2009 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“- ის გამგეობის თავმჯდომარე.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2005-2012 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი, კითხულობდა ლექციებს სამართალმცოდნეობის შესავალ კურსში, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.

2007 წელს იყო მომხსენებელი საჯარო სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე „საკონსტიტუციო რეფორმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, რომელიც გაიმართა საბერძნეთში.

2009-2011 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“-ის აღმასრულებელი დირექტორი.

2009-2011 წლებში იყო შპს ”დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სასამართლოს” დამფუძნებელი პარტნიორი.

2009 - 2012 წლამდე იყო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

2011-2012 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი.

2011-2012 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი დამცველი“ _ აღმასრულებელ დირექტორად.

2012 წლამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.

სხვადასხვა კონფერენციებსა და სემინარებზე იყო მიწვეული, როგორც ტრენერი და ექსპერტი ადამიანის უფლებებში.

2012 წლის 21 აპრილიდან 2013 წლის 16 თებერვლამდე იყო არჩეული მ.პ.გ. „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საჩხერის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, იყო სხვადასხვა მუდმივმოქმედი დელეგაციების, მეგობრობის ჯგუფების, საბჭოებისა (გენდერული თანასწორობის საბჭო და ხაზინადართა საბჭო) და კომისიების ხელმძღვანელი და წევრი.

2012-2016 წლებში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიების თავმჯდომარე.

2013-2016 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ადამიანის უფლებებისა და სასამართლოსა და პროკურატურის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი,

2016 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრად.

2016-2017 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

2017 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 15 თებერვლიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. 

2018 წლის 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

2021 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

არის სხვადასხვა პუბლიკაციების რედაქტორი და თანაავტორი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.