ქეთევან ყაჭეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N2/26/1916 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 25 დეკემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 8 იანვარი 2026 17:21 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი მოდებაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ქეთევან ყაჭეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1916) მომართა ქეთევან ყაჭეიშვილმა. №1916 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 10 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 25 დეკემბერს.
2. №1916 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილების (შემდგომში – „საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილება“) პირველი მუხლის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობად განსაზღვრულია, ჯამურად, არა უმეტეს, 2000 (ორი ათასი) ლარი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე“, ხოლო მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.
5. №1916 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად დასაქმების სექტორისა, გააჩნდეს თანაბარი წვდომა ფუნდამენტურ სოციალურ გარანტიებზე, მათ შორის, ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, შვებულების ანაზღაურების უფლებაზე. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობლის შვებულების მიზანს წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ ქალმა, განურჩევლად მისი დასაქმების სექტორისა, შეძლოს საკუთარი თავისა და ახალშობილისთვის ჯანმრთელობის და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის შენარჩუნება.
6. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებთან შედარებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ნორმა, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან შედარებით, აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს ანაზღაურებად შვებულებას 183-200 დღის ოდენობით და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, პროფესიულ საჯარო მოხელეს სრულად უნაზღაურებს თანამდებობრივ სარგოს მაშინ, როდესაც კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება შემოიფარგლება, სადავოდ გამხდარი ნორმით განსაზღვრული 2000 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმიდან გამომდინარე, სახელმწიფო ამცირებს საკუთარ პასუხისმგებლობას და კერძო სექტორზე ახდენს დასაქმებული პირების სოციალური უფლებების დაცვის დელეგირებას. მოსარჩელის პოზიციით, დასახელებული სექტორი, თავის მხრივ, გამოირჩევა არასტაბილური დამოკიდებულებით სოციალური უფლებების დაცვის მიმართ.
7. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, შრომით ურთიერთობებში აუცილებელია ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გათვალისწინება, რათა მას შეეძლოს, ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის დაბალანსება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აუნაზღაურებადი ან მინიმალური ოდენობით ანაზღაურებადი შვებულება ქალებს აიძულებს, არჩევანი გააკეთონ სამუშაოსა და ოჯახს შორის, რაც წარმოადგენს სისტემური უთანასწორობის მაგალითს. მშობიარობის შემდგომ ანაზღაურების არქონა ან სიმცირე, ხშირად, უარყოფითად მოქმედებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, მათ შორის, მარტოხელა დედებზე, ახალგაზრდა ქალებსა და დაბალი შემოსავლის მქონე დასაქმებულებზე.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ქალებისათვის, კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებთან შედარებით, მაღალი ანაზღაურების გარანტირება ქმნის არათანაბარ და დისკრიმინაციულ პრაქტიკას. იმავდროულად, ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება სოციალური სოლიდარობის პრინციპს, რომლის თანახმადაც, სოციალური მხარდაჭერა არ უნდა განსხვავდებოდეს დასაქმების სექტორის მიხედვით, მით უფრო მაშინ, როდესაც საკითხი შეეხება მშობიარობასა და ბავშვის მოვლას, რაც საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების სისტემაში არსებული ამგვარი მოპყრობა, არღვევს ქალთა უფლებას, ზღუდავს რა სოციალურ დაცვაზე თანასწორ ხელმისაწვდომობას და, შედეგად, აძლიერებს სოციალურ უთანასწორობას მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, გაატაროს აქტიური ზომები, მათ შორის, რეგულაციების მიღების გზით, ისევე, როგორც უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა მშობლისთვის, რაც არა მხოლოდ ქალთა შრომითი უფლებების დაცვას, არამედ დემოგრაფიული და სოციალური პოლიტიკის გონივრულ წარმართვასაც ემსახურება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი და საქართველოს მთავრობას დაევალოს, აღნიშნულ მუხლში შეიტანოს იმდაგვარი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საშვებულებო ანაზღაურება ყოველთვიურად გაიცემა შვებულების მთელ პერიოდზე, დასაქმებულის შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. №1916 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის №1/2/541 განჩინება საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. განსახილველ შემთხვევაში, №1916 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომელიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. თავის მხრივ, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან მიმართებით.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1916 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რის გამოც არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
7. №1916 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილების პირველი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმა უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებთან შედარებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს ანაზღაურებად შვებულებას 183-200 დღის ოდენობით და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, პროფესიულ საჯარო მოხელეს სრულად უნაზღაურებს თანამდებობრივ სარგოს მაშინ, როდესაც კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა მიმართ, სახელმწიფოს ვალდებულება შემოიფარგლება სადავოდ გამხდარი ნორმით განსაზღვრული, მაქსიმუმ, 2000 ლარით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსაც, დეკრეტული შვებულების დროს, ხელფასი უნდა მიეცეთ სრულად.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
9. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით, მიუთითებს სადავო ნორმის დისკრიმინაციულობაზე (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
10. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, პირები წარმოადგენენ შესადარებელ სუბიექტებს და შესადარებელ ჯგუფებს შორის განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს გონივრული, რაციონალური ახსნა.
11. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სამსახურში, სახელმწიფო ადგენს დეკრეტული შვებულების ხელფასის სრული ოდენობით ანაზღაურების წესს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში სახელმწიფო არ შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი ნორმატიული წესების დადგენით, არამედ გამოდის უშუალოდ დამსაქმებლად. შესაბამისად, იგი, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია, განსაზღვროს საკუთარი დასაქმებულებისათვის, სამუშაოსა და სოციალური დაცვის პირობები. საჯარო სამსახურისთვის დაწესებული ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სტანდარტი წარმოადგენს საჯარო მმართველობის ეფექტიანობის, კადრების სტაბილურობისა და ინსტიტუციური უწყვეტობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან მექანიზმს. საჯარო სექტორი არის სპეციფიკური სფერო, სადაც თითოეული პოზიცია უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო ფუნქციების განხორციელებას, საჯარო სერვისების უწყვეტობას და მმართველობითი პროცესების საიმედოობას, რაც განაპირობებს სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს, შექმნას განსაკუთრებული სოციალური გარანტიები. კერძოდ, სოციალური დაცვის მექანიზმები ხელს უწყობს როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვას, ისევე კადრების გადინების შემცირებას, რაც, საბოლოოდ, აძლიერებს სახელმწიფო მმართველობის ხარისხს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სახელმწიფოს მიერ საჯარო სამსახურში დადგენილი დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მოდელი, ეფუძნება თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპს და ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, ვინც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ წინაპირობებს, ერთნაირად გააჩნია მისი მიღების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, საჯარო სექტორში არსებული შრომითი და სხვა სოციალური გარანტიები, რომელთაც სახელმწიფო ადგენს, როგორც დამსაქმებელი, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, თანასწორობის უფლების ფარგლებში, prima facie ვერ იქნება შედარებადი, კერძო სექტორში არსებულ შრომით გარანტიებთან. ამ პირობებში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მიზნებისათვის, რატომ უნდა ჩაითვალოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირები არსებითად თანასწორ სუბიექტებად.
12. იმავდროულად, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს, დეკრეტული შვებულება აუნაზღაურდეთ ხელფასის სრული ოდენობით, მსგავსად საჯარო სექტორისა. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში სახელფასო ანაზღაურება ეფუძნება მხარეთა ავტონომიას და თავისუფალია ნებისმიერი საკანონმდებლო ჩარჩოსგან. კერძო სექტორის შიდა დინამიკა, ბიზნესსუბიექტების ზომა და ეკონომიკური შესაძლებლობები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რის გამოც, ბუნებრივია, მოსარჩელე მხარის მოთხოვნის გაზიარება და მთლიან კერძო სექტორზე სრული ხელფასის დაფინანსების სავალდებულო მოდელის დაწესება გამოიწვევდა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მნიშვნელოვან რისკებს. განსხვავებით აღნიშნულისა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების ოდენობა წინასწარ არის დადგენილი და გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც უზრუნველყოფს, სახელმწიფოს მხრიდან, გასაცემი დეკრეტული შვებულების ოდენობის პროგნოზირებადობას. ამდენად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, საჯარო და კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების ანაზღაურების არსებული მოდელის დისკრიმინაციულ ბუნებას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1916 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 იანვრის №33 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1916 კონსტიტუციური სარჩელი („ქეთევან ყაჭეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
თეიმურაზ ტუღუში