• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 24 ივნისის №1/3/1947 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „გურამ დევიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

გურამ დევიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/3/1947
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 24 ივნისი 2026
გამოქვეყნების თარიღი 26 ივნისი 2026 17:57

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გურამ დევიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 2 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1947) მომართა გურამ დევიძემ. №1947 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2026 წლის 6 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2026 წლის 24 ივნისს.

2. №1947 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელი უნდა შეიცავდეს იმ ფაქტებისა და გარემოებების მითითებას, რომლებზეც მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ამყარებს. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, მიუთითოს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელში უნდა იყოს ჩამოყალიბებული მოსარჩელის მოთხოვნა.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებებს.

5. №1947 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ 2025 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელემ სამოქალაქო სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს. 2025 წლის 10 ოქტომბერს გურჯაანის რაიონული სასამართლოს №2/1048–25 განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობებს. 2025 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, კერძო საჩივრით გაასაჩივრა აღნიშნული განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე სარჩელის დასაშვებად ცნობა. 2025 წლის 5 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/6231-25 განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა და უცვლელად დატოვა განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ საერთო სასამართლოების სისტემაში ერთი სარჩელის ფარგლებში ორი ალტერნატიული მოთხოვნა წარმოადგინა. კერძოდ, პირველადი მოთხოვნით იგი ითხოვდა მოძრავი ნივთის – ფოტოაპარატის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, ხოლო ალტერნატიული სუბსიდიური მოთხოვნით – მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებასა და იმავე ნივთის დაბრუნებას მის საკუთრებაში. მოსარჩელის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნები ემყარებოდა ერთსა და იმავე სამართლებრივ ურთიერთობასა და ერთმანეთთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა განსხვავდებოდა სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით. მისი მითითებით, პირველადი მოთხოვნა ეფუძნებოდა პოზიციას, რომლის თანახმადაც ნივთი მოპასუხეს თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა გადაცემული, ხოლო სუბსიდიური მოთხოვნა – იმ ალტერნატიულ შემთხვევას, თუ სასამართლო ურთიერთობას ჩუქების ხელშეკრულებად შეაფასებდა (რაზედაც აპელირებდა მოპასუხე მხარე) და დამატებით დაადგენდა დიდი უმადურობის გამოვლინების ფაქტს, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია.

7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნებს შორის განსაზღვრა განხილვის რიგითობის პრიორიტეტი და მიუთითა, რომ სუბსიდიური მოთხოვნა (ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება) სასამართლოს მიერ განხილვას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაქვემდებარებოდა, თუ პირველადი მოთხოვნა (ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა) არ დაკმაყოფილდებოდა. მიუხედავად ამისა, საერთო სასამართლოებმა უარი თქვეს აღნიშნული ფორმით შედგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. მათვე მიუთითეს, რომ ერთ სარჩელში ურთიერთგამომრიცხავი და ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნების გაერთიანება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას. სასამართლოებმა ყურადღება გაამახვილეს, იმავე ნორმის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებზეც, რომელთა თანახმადაც, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, ასევე მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმათა ამგვარი ნორმატიული შინაარსი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიან სასამართლო განხილვის უფლებას, კერძოდ, საქმის დროული განხილვის კომპონენტს. მისი განმარტებით, საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა აიძულებს მხარეს, ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნები წარადგინოს არა ერთი, არამედ ორი დამოუკიდებელი სამართალწარმოების ფარგლებში, რაც ავტომატურად იწვევს დავის განხილვის გაჭიანურებას.

8. მოსარჩელის პოზიციით, სასარჩელო მოთხოვნების განცალკევებით განხილვა აგრეთვე საფრთხეს უქმნის მტკიცებულებების სრულყოფილად წარმოდგენის შესაძლებლობას. მისი განმარტებით, იმ ფაქტობრივი გარემოებების ნაწილი, რომლებიც მნიშვნელობას მხოლოდ სუბსიდიური მოთხოვნის განხილვის შემთხვევაში იძენს, შესაძლოა, დროის გასვლის შედეგად რთულად დასამტკიცებელი გახდეს, მათ შორის, მოწმეთა მეხსიერების გაფერმკრთალებისა და მტკიცებულებათა დაკარგვის გამო. ამასთანავე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი უარყოფით გავლენას ახდენს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპზე, ვინაიდან ურთიერთდაკავშირებული სამართლებრივი საკითხების სასამართლოს მიერ ცალ-ცალკე განხილვა ზრდის დავის ხანგრძლივობას და მხარეებს განუსაზღვრელი დროით ტოვებს სამართლებრივი გაურკვევლობის მდგომარეობაში. გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ ალტერნატიული მოთხოვნების ცალკე სარჩელებად წარდგენის შემთხვევაში, იგი ვალდებულია, რამდენჯერმე გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და გასწიოს სხვა საპროცესო ხარჯი, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნები ერთსა და იმავე ეკონომიკური ინტერესის დაცვას ემსახურება.

9. მოსარჩელე არ ეთანხმება საერთო სასამართლოების მსჯელობას, რომლის მიხედვით, ალტერნატიული მოთხოვნების ერთ სარჩელში გაერთიანება არღვევს განსაზღვრულობისა და გადაწყვეტილების აღსრულებადობის მოთხოვნებს. მისი განმარტებით, თითოეული მოთხოვნა დამოუკიდებლად შეიცავს შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს, მტკიცებულებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთანავე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოთხოვნათა შორის პრიორიტეტების არსებობა სასამართლოს საშუალებას აძლევს, განსაზღვრული თანმიმდევრობით განიხილოს მოთხოვნები და შესაბამისი შედეგი ასახოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. კერძოდ, სასამართლოს შეუძლია დააკმაყოფილოს პირველადი მოთხოვნა; პირველადი მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში დააკმაყოფილოს სუბსიდიური მოთხოვნა; ან უარი თქვას ორივე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მისი განმარტებით, ასეთი ფორმით შედგენილი სარჩელი არ წარმოშობს აღსრულების შეუძლებლობის საფრთხეს და სრულად შეესაბამება განსაზღვრულობის მოთხოვნებს.

10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმათა გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი გაუმართლებლად ზღუდავს მისი უფლებების სასამართლო წესით ეფექტიანი და დროული დაცვის შესაძლებლობას, რის გამოც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებული კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. მოსარჩელე მხარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელის აზრით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს განხილვის რიგითობის განმსაზღვრელი პრიორიტეტებით აღჭურვილი ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნების ერთ სარჩელში გაერთიანების შესაძლებლობას.

3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას [...] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

4. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი თავისი არსით არ გამორიცხავს სასამართლოს მეშვეობით მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნების განხილვისა და დაცვის შესაძლებლობას. მაშასადამე, სადავო ნორმები არ წარმოადგენს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის შემზღუდველ ბარიერს საზოგადოდ, და პირს უნარჩუნებს შესაძლებლობას, საკუთარი მოთხოვნების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. გასაჩივრებული რეგულაციები ადგენს მხოლოდ იმ წინაპირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სადავოდ ქცეული უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის დასაცავად წარდგენილი სარჩელი. თავის მხრივ, აღნიშნული წინაპირობები უკავშირდება სარჩელის შინაარსობრივ სტრუქტურას, კერძოდ, მოთხოვნის ფორმულირების სიზუსტეს, ფაქტობრივი გარემოებების იდენტიფიცირებასა და მტკიცებულებათა წარმოდგენის წესს.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ისეთი რეგულირება, რომელიც ან პირდაპირ გამორიცხავს სასამართლოში სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას, ან ქმნის ისეთ გადაულახავ პროცესუალურ ბარიერს, რომელიც უფლების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნები ამგვარ ზღვარს არ აღწევს. კერძოდ, ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნების ერთ სარჩელში გაერთიანების დაუშვებლობა არ ართმევს პირს შესაძლებლობას, თითოეული მოთხოვნა ცალკე წარადგინოს სასამართლოში და არც ისეთ ვითარებას ქმნის, როდესაც პირი საერთოდ მოკლებულია სასამართლო დაცვის მექანიზმს. ამასთანავე, არც მოსარჩელე მხარეს წარმოუდგენია რელევანტური არგუმენტაცია, რომელიც სარწმუნოს გახდიდა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება მას უქმნის ისეთ დაბრკოლებას, რომლის შედეგადაც სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა გამოირიცხება ან უფლების სასამართლო წესით დაცვა მისთვის არაპროპორციულად მძიმე, პრაქტიკულად გადაულახავ ტვირთად იქცევა.

6. საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თავად მოსარჩელეც სადავო ნორმებიდან მომდინარე ძირითად პრობლემად არ მიიჩნევს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას. მისი არგუმენტაცია არ არის მიმართული იმის წარმოჩენისკენ, რომ გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი მოწესრიგება გამორიცხავს ან არსებითად აფერხებს უფლების სასამართლოს გზით დაცვას. პირიქით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნების ერთ სარჩელში გაერთიანების შეუძლებლობა (როდესაც განხილვის პრიორიტეტი განსაზღვრულია) უარყოფითად აისახება სასამართლო წარმოების ეფექტიანობასა და საქმის განხილვის დროულობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის პრეტენზია, თავისი შინაარსით, უკავშირდება საქმის გონივრულ ვადაში განხილვის და არა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შესაძლო დარღვევას.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1947 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

8. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს მოთხოვნას, რომ სარჩელში აღნიშნული იყოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, ხოლო იმავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი მიუთითებს იმ მტკიცებულებების თანდართვის სავალდებულოობაზე, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

9. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შინაარსიდან არ იკვეთება ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობის დასაშვებობასთან ან დაუშვებლობასთან დაკავშირებული რაიმე ნორმატიული წესი. კერძოდ, „ე“ ქვეპუნქტით დადგენილია სარჩელის სავალდებულო შინაარსობრივი სტრუქტურის ერთ-ერთი ელემენტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას. ანალოგიურად, „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებას, რომლის მიზანიც არის მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პროცესუალურად დასაბუთების უზრუნველყოფა. შესაბამისად, სადავო ნორმების შინაარსიდან არ იკვეთება ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნების დაყენების შესაძლებლობის შემზღუდველი მოწესრიგება. იმავდროულად, მოსარჩელის კონკრეტულ საქმეზე საერთო სასამართლოების მიერ ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნების დაუშვებლობის შესახებ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები უშუალოდ ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს. აღნიშნული ნორმის განმარტების საფუძველზე, საერთო სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული, რაც გამორიცხავს ერთსა და იმავე სარჩელში ალტერნატიული მოთხოვნების დაყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, თავისი არსით, უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილს წესს, რომელიც საერთო სასამართლოების მიერ გამოყენებულია ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნების დაუშვებლობის დასაბუთების სამართლებრივ საფუძვლად. სწორედ აღნიშნული ნორმის კონსტიტუციურობა ექვემდებარება შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ უფლებასთან მიმართებით.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1947 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1947 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1947 კონსტიტუციური სარჩელი („გურამ დევიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1947 კონსტიტუციური სარჩელი („გურამ დევიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ