• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 24 ივნისის №3/10/1964 განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

შორენა წიკლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/10/1964
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 24 ივნისი 2026
გამოქვეყნების თარიღი 30 ივნისი 2026 11:40

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

გიორგი მოდებაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: შორენა წიკლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 11 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1964) მომართა შორენა წიკლაურმა. №1964 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2026 წლის 20 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 24 ივნისს.

2. №1964 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის მომენტსა და წესს. კერძოდ, სადავო ნორმის შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას.

4. №1964 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის პრობლემურობა გამოიხატება იმაში, რომ იგი საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაადგინოს არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმის ძალადაკარგულად ცნობის გვიანდელი ვადა. კერძოდ, მოსარჩელის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინებით საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავდა მეორე განმეორებით აუქციონზე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 5%-ად გაყიდვის შესაძლებლობას. იმავე განჩინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციური სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2026 წლის პირველ ივლისამდე.

5. მოსარჩელის განცხადებით, ვინაიდან კონსტიტუციურ ნორმებს აქვთ პირდაპირი მოქმედების ძალა, გაუმართლებელია მათი მოქმედების შეჩერება. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ, გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, დაუშვა, რომ ნორმას, რომელსაც არ გააჩნდა უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი და არაკონსტიტუციურად იყო ცნობილი, კვლავაც ემოქმედა არაკონსტიტუციურად ცნობიდან სამი თვის განმავლობაში, რითაც, ფაქტობრივად, აღნიშნული დროით, შეჩერდა კონსტიტუციის მოქმედება კონკრეტულ სფეროში.

6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საკითხის მსგავსი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. ამავდროულად, „აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად, რაც არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

2. №1964 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

3. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს და კონსტიტუციის მოქმედების პირდაპირ ხასიათს, ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად ცნობის გვიანდელი ვადის დადგენით, ჩერდება კონსტიტუციის მოქმედება და მის ნაცვლად, გარკვეული დროის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა გამოიყენება.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი არ შეიცავს ძირითადი უფლებების დამდგენ დებულებებს. იგი არ განსაზღვრავს კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას, ცალკეული უფლების ნორმატიულ შინაარსსა თუ ფარგლებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/24/1508 განჩინება საქმეზე „დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი ადგენს ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს აღნიშნული ნორმის სახელწოდებაც. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.

5. მაშასადამე, „საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულება ახდენს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის ზოგადი პრინციპის დეკლარირებას და იგი არ ადგენს ძირითად უფლებას. აღნიშნული გარანტია, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდანაც. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპის კონტექსტში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).

6. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დასახელებული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმას, რომელიც ადგენს ზოგად პრინციპს და არ განსაზღვრავს კონკრეტულ ძირითად უფლებას, სადავო ნორმის კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, განცალკევებულად ვერ განხორციელდება (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).

7. ამდენად, №1964 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1964 კონსტიტუციური სარჩელი („შორენა წიკლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ