• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 24 ივნისის №3/9/1954 განჩინება საქმეზე „ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 (1) მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1 (1) პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 (1) მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1 (1) პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/9/1954
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 24 ივნისი 2026
გამოქვეყნების თარიღი 30 ივნისი 2026 11:31

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 23 მარტს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1954) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ვლადიმერ ხუჭუა). №1954 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2026 წლის 23 მარტს. №1954 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2026 წლის 24 ივნისს.

2. №1954 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილის თანახმად, პირს, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს“. თავის მხრივ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45​​​1 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს - 5 წლის ვადით.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.

5. კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკვევა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო პირის მიმართ განიხილავს საქმეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, ან/და გადაგზავნის ჩადენის ფაქტზე. წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, პირს, ამავე მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, ჯარიმის - 500 ლარის შეფარდების გარდა, სავალდებულო წესით ჩამოართვას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლება, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები - 5 წლის ვადით.

6. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შენახვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მინიმალური საფრთხის მატარებელია, მიუხედავად ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სასამართლო სამართალდამრღვევს 3 და 5 წლის ვადით ჩამოართმევს ისეთ უფლებებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებაზე. წარდგინების ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევაზე. მისი განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა მნიშვნელოვანი საბაზისო, სოციალური/პროფესიული უფლების ჩამორთმევას უტოლდება, რაც ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნებიდან მომდინარე უმნიშვნელო საფრთხის გათვალისწინებით, აშკარად არაპროპორციულ სასჯელად უნდა იქნეს მიჩნეული, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის.

7. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, ასეთი ტიპის ღონისძიების ლეგიტიმაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ემსახურება მნიშვნელოვანი სადამსჯელო მიზნების მიღწევას და პასუხობს სერიოზული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ ქმედებას. წარდგინებების ავტორის არგუმენტაცია მიემართება არა აღნიშნული ზოგადი პრინციპის უარყოფას, არამედ იმის დადასტურებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, თავისი ხასიათითა და სიმძიმით, არ შეიცავს ისეთი ინტენსივობის საზოგადოებრივ საშიშროებას, რომელიც გაამართლებდა გასაჩივრებული მოწესრიგებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.

8. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სანქცია (მხედველობაშია სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებების ჩამორთმევა) არის აბსოლუტურად განსაზღვრული, იგი გამოიყენება ავტომატურად, მხოლოდ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის საფუძველზე და მოსამართლე მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, თუნდაც საპროცესო შეთანხმების დადების გზით, მოკლებულია. როგორც კონსტიტუციურ წარდგინებაშია აღნიშნული, სისხლის სამართლის კანონმდებლობისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, სამართალდარღვევის საქმეებთან მიმართებით, საპროცესო შეთანხმების დადებას არ ითვალისწინებს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით, პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლის ვადით სავალდებულო წესით ჩამორთმევას, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

10. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. №1954 კონსტიტუციური წარდგინების ფარგლებში სადავოა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, პირს სავალდებულო წესით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, ასევე, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება 5 წლის ვადით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

3. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის №3/1/1914, 1920, 1921, 1922, 1928, 1938 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“.

4. №3/1/1914, 1920, 1921, 1922, 1928, 1938 გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ღონისძიებებით მისაღწევი ლეგიტიმური მიზნები ემსახურება სხვადასხვა სფეროში არსებულ და განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებული კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვა მიმართულია მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება მომეტებული საფრთხის წყაროა და მოითხოვს მუდმივ სიფხიზლესა და სამართლებრივი წესების მკაცრ დაცვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ემსახურება ძალადობის პრევენციასა და იარაღის ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებართვის საფუძველზე განხორციელებადი სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველყოფას. პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა უკავშირდება განათლების სივრცის დაცვას ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო გავრცელებისა და გავლენის რისკისგან, ასევე საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საჯარო ინტერესის დაცულობას. საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების შეზღუდვა მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების, საჯარო მმართველობისადმი საზოგადოების ნდობისა და საჯარო ფუნქციის განხორციელებისას სამართლებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისკენ. შესაბამისად, სადავო რეგულაციებით დადგენილი ღონისძიებები, მათი შინაარსისა და მოქმედების სფეროს გათვალისწინებით, ემსახურება არა ერთწახნაგოვან, არამედ მრავალგანზომილებიან ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც საბოლოოდ გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ინსტიტუციური სტაბილურობისა და სამართლებრივი წესრიგის დაცვის კონსტიტუციურ პრიზმაში. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის №3/1/1914, 1920, 1921, 1922, 1928, 1938 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“ II – 35).

5. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ღონისძიებები იმავდროულად რაციონალურ კავშირშია დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ზრდის რისკს ისეთ სფეროებში, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, პასუხისმგებლობასა და სანდოობას, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვისას, პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისას, საჯარო სამსახურში საქმიანობისას და იარაღთან დაკავშირებული უფლებებით სარგებლობის დროს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის №3/1/1914, 1920, 1921, 1922, 1928, 1938 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“ II-42).

6. პროპორციულობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროა, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. ამ სფეროში სახელმწიფო სარგებლობს ფართო რეგულირების დისკრეციით და უფლებამოსილია, საკუთარი შეფასების საფუძველზე, განსაზღვროს შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი, მათ შორის როგორც ლიბერალიზაციის, ისე გამკაცრების მიმართულებით. ამასთან, რეგულირების ცვლილება დასაშვებია იმ პირობით, რომ იგი ემსახურება ლეგიტიმური მიზნების ეფექტიან მიღწევას.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მაშინ, როდესაც პირის ქცევა ქმნის რეალურ და აშკარა რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი სფეროს რეგულირების დროს, ეძლევა მიხედულობის/დისკრეციის უფრო ფართო ფარგლები. სასამართლოს როლი არ არის განსაზღვროს, არის თუ არა არჩეული მოდელი ყველაზე რბილი ან ყველაზე ეფექტიანი გზა, სასამართლოს ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც დადგენილია აშკარა და მკვეთრი დისპროპორცია ქმედებასა და სამართლებრივ შედეგს შორის.

8. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა შეზღუდვის ინტენსივობა და მისი გავლენა პირის თვითრეალიზაციასა და პროფესიულ საქმიანობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ის ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესები, რომელთა დაცვასაც ემსახურება გასაჩივრებული რეგულაციებით გათვალისწინებული დანაწესი. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც სამართალდარღვევა უკავშირდება მომეტებული საფრთხის წყაროებს, სოციალურ რისკებსა და მოწყვლად ჯგუფებს, კანონმდებლის მიერ უფლებათა ჩამორთმევის სავალდებულოობის განსაზღვრა შეიძლება გამართლებული იყოს იმ მოსაზრებით, რომ ასეთ შემთხვევებში ერთგვაროვანი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყოფს საჯარო წესრიგის, სტაბილურობისა და ინდივიდთა უფლებების დაცვის ეფექტიანობას. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული რეგულაციით შეზღუდული საქმიანობები მოითხოვს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რის გამოც უფლებების წინასწარ განსაზღვრული ვადით შეზღუდვა ამცირებს რისკს, რომ სამართალდამრღვევმა განახორციელოს მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობა ან მონაწილეობდეს შესაბამის სფეროებში. ამასთან, შეზღუდვა დაბალანსებულია მისი დროებითობით, ვინაიდან იგი არ იწვევს უფლებების საბოლოო დაკარგვას და გულისხმობს მხოლოდ მათი განხორციელების შეჩერებას განსაზღვრული ვადით. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული შეზღუდვები არ ზღუდავს პირის მიმოსვლის თავისუფლებას ან ზოგადად შრომითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას და შეეხება მხოლოდ იმ სფეროებს, რომლებიც მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტს მოითხოვს; ამასთან, მათი გავლენა პირის ცხოვრებაზე შეიძლება იყოს განსხვავებული და მართვის უფლების შემთხვევაში შედარებით უფრო ინტენსიურიც, თუმცა შეზღუდვის ვადაც უფრო მოკლეა. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის №3/1/1914, 1920, 1921, 1922, 1928, 1938 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“ II-43).

9. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აცილებული საფრთხისა და პოტენციური ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების სავალდებულო წესით და წინასწარგანსაზღვრული ვადით ჩამორთმევა, არ წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სანქციას, არ ლახავს ადამიანის ღირსებას და, შესაბამისად, არ შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ ან დამამცირებელ სასჯელად საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის გადაწყვეტილება №3/1/1914, 1920, 1921, 1922, 1928, 1938 საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“ II-46).

10. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №1954 კონსტიტუციურ წარდგინებაში სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი და მისი კონსტიტუციური შემოწმების საფუძველი არსებითად იდენტურია იმ საკითხებისა, რომლებიც უკვე შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის №3/1/1914, 1920, 1921, 1922, 1928, 1938 გადაწყვეტილებაში. კონსტიტუციურ წარდგინებაში არ არის იდენტიფიცირებული რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი, ორივე შემთხვევაში სადავოა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი უფლებების სავალდებულო წესით ჩამორთმევას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის №3/1/1914, 1920, 1921, 1922, 1928, 1938 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის გამოყენების საჭიროება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, №1954 კონსტიტუციური წარდგინება არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე, 43-ე და 47-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1954 კონსტიტუციური წარდგინება.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინებას დაერთოს მოსამართლეების: გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

4. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ