საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე, მამუკა ფაჩუაშვილი და ნინო დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/2/578 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 4 მარტი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე, მამუკა ფაჩუაშვილი და ნინო დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტების და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია), ასევე ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების (2013 წლის 12 ივლისის რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (2013 წლის 12 ივლისის რედაქცია) და ,,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №578) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - დავით კანდელაკმა, ნატალია დვალმა, ზურაბ დავითაშვილმა, ემზარ გოგუაძემ, გიორგი მელაძემ, მამუკა ფაჩუაშვილმა და ნინო დანელიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 25 თებერვალს.
2. №578 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. მოსარჩელე სადავოდ ხდის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (20.11.2013 რედაქცია) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (12.07.2013 რედაქცია) მე-2 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. სადავო ნორმებით ყალიბდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 25 ნოემბერს. ცვლილების თანახმად, სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან (მეურვისგან), რომელთაგან, საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს 2 წევრს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით 3 წევრს, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით 3 წევრს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ერთ წევრს.
5. აღნიშნული ცვლილების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარულ დღეში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს კონკურსს სამეურვეო საბჭოს წევრების ასარჩევად. ახალი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევისთანავე, რის შედეგადაც, უფლებამოსილება უწყდებათ მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრებს. ამასთან, მოქმედი სამეურვეო საბჭო ახალი საბჭოს უფლებამოსილების დაწყებამდე შეზღუდულია, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, გარდა სარეკომენდაციო გადაწყვეტილებისა.
6. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ისინი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები, უფლებამოსილი არიან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით იდავონ საკონსტიტუციო სასამართლოში. მათი განმარტებით, მართალია, კანონმდებლობის მიხედვით, მაუწყებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით გენერალური დირექტორია აღჭურვილი, მაგრამ არსებული პრაქტიკული და ნორმატიული სინამდვილიდან გამომდინარე, ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ მაუწყებლის სახელით მოდავე სუბიექტებად. ამასთან, მოსარჩელეების აზრით, მათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს და როგორც სპეციალური სტატუსის მქონე პირებს, შეუძლიათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით, იდავონ საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მიიღოს არსებითად განსახილველად.
7. გარდა ამისა, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ მოვალეობას. თუმცა, ვინაიდან მოქმედმა სამეურვეო საბჭომ დაკარგა გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო კვორუმი, მას არ აქვს შესაძლებლობა, გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება მათ უფლებას აძლევს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით იდავონ საკონსტიტუციო სასამართლოში.
8. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეების მიერ ფინანსდება. შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქე არის საკონსტიტუციო სამართალწარმოების სუბიექტი და უფლება აქვს, დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესი.
9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების გარანტს წარმოადგენს მაუწყებლის ფინანსური, პროგრამული და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. სადავო ნორმებით კი პარლამენტმა დაარღვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, ვინაიდან ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ტელევიზიას არ მიეცა საშუალება, შეენარჩუნებინა ინსტიტუციური განგრძობადობა. მათი განმარტებით, სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური მოტივით მოხდა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებს აქვს „მსუსხავი ეფექტი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი ფუნქციონირებისთვის, ვინაიდან იარსებებს სახელმწიფოს მხრიდან „აგრესიული ჩარევის“ საფრთხე, რაც შორეულ პერსპექტივაში, სამაუწყებლო საშუალების პოლიტიკურ მონოპოლიზაციაში აისახება. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმების მოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები. კერძოდ, საფრთხე ექმნება მათი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით და 29-ე მუხლით დაცულ უფლებებს, ვინაიდან სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების შემთხვევაში, დაირღვევა როგორც ახლად არჩეული, ისე მოქმედი საბჭოს წევრების თანამდებობის დაკავების უფლება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა - დავით კანდელაკმა, ნატალია დვალმა, ზურაბ დავითაშვილმა, ემზარ გოგუაძემ, გიორგი მელაძემ, მამუკა ფაჩუაშვილმა და ნინო დანელიამ 2014 წლის პირველ დეკემბერს წერილობითი განცხადებით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, უარი თქვეს სასარჩელო მოთხოვნაზე და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე, მამუკა ფაჩუაშვილი და ნინო დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №578) სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №578 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე, მამუკა ფაჩუაშვილი და ნინო დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი