საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარებისათვის
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/14/805 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 14:45 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარებისათვის.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარებისათვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 20 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე და გიორგი შავლიაშვილი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №805). კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2016 წლის 21 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 ოქტომბერს.
2. №805 კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. №805 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ლევან ენდელაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვით, ლევან ენდელაძეცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე, 64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარი, ხოლო ამავე კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 საათით. აგრეთვე მსჯავრდებულს ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6. 2016 წლის 4 მარტს მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც ლევან ენდელაძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება, ასევე მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელისაგან გათავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
7. №805 კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
8. №805 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი პასუხისმგებლობა - თავისუფლების აღკვეთა, შესაძლოა იწვევდეს გაუმართლებელ ჩარევას პირის თავისუფლებაში.
9. საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
10. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად საქართველოს უზენაესი სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს განხორციელდა რიგი ცვლილებები, მათ შორის, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №805 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია.
4. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, №805 კონსტიტუციურ წარდგინებაზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს №805 კონსტიტუციურ წარდგინებაზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი