შპს „ჩემპიონები111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/1465 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 11 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2020 19:26 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1465) მომართა „შპს ჩემპიონები 111-მა“. №1465 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 9 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს.
2. №1465 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, „ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საჯარო ინტერესებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი კი აწესრიგებს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებისა და არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის შემთხვევებს.
5. №1465 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის სარჩელის შემოტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია ჩამოყალიბდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის №97-Iს კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ამოქმედდა 2017 წლის პირველი იანვრიდან. აღნიშნული ცვლილებით, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის განაკვეთი გაიზარდა 5 პროცენტიდან 7 პროცენტამდე, დაბეგვრის ობიექტი, ნაცვლად ერთობლივი შემოსავლისა, გახდა ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, ამასთან, შეიცვალა გადასახადის ადმინისტრირების წესი და მოსარჩელეს გადასახადის გადახდა დაევალა ყოველთვიურად.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი ტოტალიზატორისათვის დადგენილი გადასახადი მოქცეულია მოგების გადასახადის მარეგულირებელ ნორმებში, მისი დაბეგვრის რეჟიმი სრულიად განსხვავდება მოგების გადასახადისაგან. ამ განსხვავებაზე, პირველ რიგში, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში ხდება რეზიდენტი საწარმოს დაბეგვრა საწარმოს ფსონების ჯამიდან და არ გაითვალისწინება გამოქვითვები, მეტიც, ამ შემთხვევაში საერთოდ არ ხდება მხედველობაში იმის მიღება, აქვს თუ არა საწარმოს გასანაწილებელი მოგება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ დაბეგვრის ობიექტად ფსონების ჯამის განსაზღვრით, გადასახადი გადაიხდება ამ საქმიანობის ფარგლებში დადებითი ბალანსის არქონის შემთხვევაშიც კი, კერძოდ, როდესაც მოთამაშეთა მიერ მიღებული ჯამური მოგება დადებული ჯამური ფსონების სიდიდეს გადააჭარბებს ტოტალიზატორი მიიღებს ზარალს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მას მაინც მოუწევს მოგების გადასახადის გადახდა მიღებული ფსონების ჯამის 7 პროცენტის სახით, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოგების გადასახადის არსთან და ნათლად მიუთითებს ამ გადასახადის განსხვავებულ ბუნებაზე.
7. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოცემული გადასახადი წარმოადგენს მოგების გადასახადის ალტერნატიულ/ჩამნაცვლებელ ბრუნვის გადასახადს, რომლის ზღვრული განაკვეთი 2016 წლის 16 დეკემბრის №97-Iს საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებულ ცვლილებამდე შეადგენდა 5 პროცენტს. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, გადასახადის განაკვეთის 5 პროცენტიდან 7 პროცენტამდე გაზრდით, მოხდა ამ გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვრის ცვლილება, ამასთან, აღნიშნულმა ცვლილებამ და გადასახადის ადმინისტრირების განსხვავებული წესის შემოღებამ გაზარდა გადამხდელის საგადასახადო ტვირთი.
8. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ არსებული ფორმით სადავო ნორმა ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის პირობებში. კონსტიტუციის აღნიშნული რედაქციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვრისა და საგადასახადო ტვირთის გაზრდის შესაძლებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ფარგლებში ანალოგიურ მოთხოვნას ადგენს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი, შესაბამისად, ვინაიდან სადავო ნორმა რეფერენდუმის გარეშე იქნა მიღებული, მოსარჩელე მხარე აპელირებს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნის დარღვევაზე.
9. რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებული კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნის დარღვევასთან ერთად, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გადასახადის განაკვეთის გაზრდით, ასევე დაბეგვრის ობიექტის და გადასახადის ადმინისტრირების წესის ცვლილებით, რამაც, საბოლოო ჯამში, მოსარჩელის საგადასახადო ტვირთის რამდენიმე მილიონი ლარით დამძიმება გამოიწვია, დაირღვა სამართლიანი ბალანსი სადავო ნორმით მისაღწევ საჯარო ინტერესებსა და მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის საკუთრების უფლების დაცვის კერძო ინტერესს შორის.
10. ამასთან, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გაზრდილ საგადასახადო ვალდებულებასთან ერთად, გადასახადის ადმინისტრირების წესის ცვლილების შედეგად, გადასახადის გადახდის ვადის დროში ადრე დადგენით, გადამხდელს შეეზღუდა უფლება, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში თავისუფლად განკარგოს ფულადი სახსრები დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით. მაგალითად, განათავსოს თანხა დეპოზიტზე და მიიღოს შესაბამისი სარგებელი.
11. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
12. 2020 წლის 24 იანვარს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოადგინა საგადასახადო სამართლის სპეციალისტის, ზვიად როგავას საექსპერტო დასკვნა №1465 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
13. საექსპერტო დასკვნის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილი კონკრეტული საქმიანობისათვის ადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-13 თავით განსაზღვრულ მოგების გადასახადს, თუმცა განსხვავებულად აწესრიგებს აღნიშნული გადასახადის დაბეგვრის ობიექტსა და განაკვეთს.
14. საექსპერტო დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი კონკრეტულ გადამხდელებთან მიმართებით, განსხვავებული დაბეგვრის ობიექტებიდან გამომდინარე განსაზღვრავს მოგების გადასახადის განაკვეთის კონკრეტულ ზღვრულ ოდენობებს, რომლებიც განსხვავდება, ზოგადად, მოგების გადასახადისათვის დაწესებული 15 პროცენტიანი განაკვეთისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 16 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებამდე, განსახილველი საქმიანობის მიზნებისათვის 5 პროცენტი წარმოადგენდა მოგების გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვარს და მისი 7 პროცენტამდე გაზრდა საჭიროებდა რეფერენდუმის გამართვას.
15. საგადასახადო ვალდებულების მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნაში ნათქვამია, რომ საგადასახადო ტვირთის დამძიმება განაპირობა გადასახადის განაკვეთის გაზრდამ, ხოლო დაბეგვრის ობიექტის ცვლილებას, კერძოდ, ერთობლივი შემოსავლის ნაცვლად საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამის დაბეგვრას, საგადასახადო ტვირთზე გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან ამ ცვლილებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა თავად დაბეგვრის ობიექტის მოცულობა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. №1465 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე არის იურიდიული პირი, რომელიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
3. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
4. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მე-2 თავში, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1465 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის კონსტიტუციურობას „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №1465 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1465 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1465 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ჩემპიონები 111“საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის კონსტიტუციურობას „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი