აჰტშამ ულფატ, ადილ უსმან და ჰამზა ულფატ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/26/1449 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2020 18:44 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: აჰტშამ ულფატ, ადილ უსმან და ჰამზა ულფატ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1449) მიმართეს აჰტშამ ულფატმა, ადილ უსმანმა და ჰამზა ულფატმა. №1449 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2019 წლის 24 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 დეკემბერს.
2. №1449 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები ხორციელდება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში და, როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და განსაზღვრავს ამ უფლებათა შეზღუდვის ფორმალურ და მატერიალურ საფუძვლებს.
5. მოსარჩელე მხარის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ პირადი სივრცისა და კომუნიკაციის შეზღუდვა განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის მიხედვით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დასახელებულ დებულებას.
6. ამის გარდა, მოსარჩელე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის მიხედვით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გარდა ელექტრონული თვალთვალის და საფოსტო კორესპონდენციის კონტროლის ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ამგვარი გამონაკლისის დადგენა ეწინააღმდეგება პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებას.
3. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც, ელექტრონული თვალთვალის და საფოსტო კორესპონდენციის კონტროლის გარდა, მოიცავს ფარულ ვიდეო და აუდიოჩაწერას, ფარულ კინო და ფოტოგადაღებას, სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას, სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებას.
4. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია, თუ რომელი ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს პრობლემურად. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყველა სახის ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების ჩატარება უნდა განხორციელდეს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, მან კონსტიტუციურ სარჩელში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი არგუმენტაცია თითოეული ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ახსნას, რა ტიპის ღონისძიებებია მოაზრებული სადავო ნორმით, რა მიმართება აქვთ მათ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლების სფეროსთან და დაასაბუთოს, რომ ამგვარი ღონისძიებების გამოყენებისთვის აუცილებელია სასამართლო კონტროლი. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციურ სარჩელში, იმ დასკვნის გარდა, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც პირადი სივრცისა და კომუნიკაციის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის მოითხოვს სასამართლო ნებართვას, ფაქტობრივად არანაირი დასაბუთება არ არის გადმოცემული.
5. ამგვარად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე სადავო ნორმით გათვალისწინებულ რეგულირებას არაკონსტიტუციურად და რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს გასაჩივრებულ ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს შორის.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1449 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1449 კონსტიტუციური სარჩელი („აჰტშამ ულფატ, ადილ უსმან და ჰამზა ულფატ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი