1) მოქალაქეები: ცანავა გიორგი, ფიფია მარიანა, ქარდავა ვლადიმერი და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ; 2) მოქალაქე თამაზ (დათო) ხოშტარია საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის წინააღდეგ; 3) მოქალე მამუკა პიტავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/121,127,145/2 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 14 თებერვალი 2002 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი მელაშვილი.
საქმის დასახელება: 1) მოქალაქეები: ცანავა გიორგი, ფიფია მარიანა, ქარდავა ვლადიმერი და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ; 2) მოქალაქე თამაზ (დათო) ხოშტარია საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის წინააღდეგ; 3) მოქალე მამუკა პიტავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღდეგ.
დავის საგანი: 1) (ა) საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3 დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“; (ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილება „წალენჯიხის №68 საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“; 2) ცენტრალური საარჩვნო კომისიის 1999 წლის 7 ნოემბრის №187/1999 დადგენილება „აბაშის №63 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ“; 3) (ა) საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3-1 დადგენილების „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ ის ნაწილი, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის წევრად სამსონ (სოსო) ჭანტურიას უფლებამოსილების დადგენას; (ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიღემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მეხუთე პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება აბაშიძის №63 საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრად არჩეულ სამსონ (სოსო) ჭანტურიას ცნობას“.
საქმის განხილვის მონაწილენი: 1) მოსარჩელე – გიორგი ცანავა; 2) მოსარჩელე – თამაზ (დათო) ხოშტარია; 3) მოსარჩელე – მამუკა პიტავას რწმუნებული – მარინა კანდელაკი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 29 იანვრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით დაევალა დადგენილი წესით განეხილა 121-ე (მოსარჩელეები – ცანავა გიორგი, ფიფია მარინა და სხვა; მოპასუხეები – საქართველოს პარლამენტი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია). 127-ე (მოსარჩელე – თამაზ ხოშტარია; მოპასუხე – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია), და 145-ე (მოსარჩელე – მამუკა პიტავა; მოპასუხე – საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია) ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების გაერთიანებისა და არსებითად განხილვის საკითხი.
სასამართლო კოლეგიამ ცალ-ცალკე იმსჯელა განმწესრიგებელ სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელების შესახებ და
გამოარკვია
1. 1999 წლის 3 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 121-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით მიმართეს მოქალაქეებმა, მათ შორის გიორგი ცანავამ, მარინა ფიფიამ, ვლადიმერ ქარდავამ და მოითხოვეს საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3 დადგენილების „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილების „წალენჯიხის №68 საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“ არაკონსტიტუციურად ცნობა.
მოქალაქეები სარჩელში მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით „საქართველოს ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ამავე მუხლით სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება, ანუ არავის არა აქვს უფლება შეზღუდოს ან ხელი შეუშალოს არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელების უფლებას. სარჩელში აღნიშნულია, რომ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 21-ე მუხლის მესამე პუნქტით აღიარებულია, რომ „ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომელიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით და სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას“. ამავე შინაარსის ნორმაა დადგენილი „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის“ 25-ე მუხლით.
1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ წალენჯიხის №68 ოლქში გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტური დაინიშნა №13 სოფელ ობუჯის საარჩევნო უბანში, მაგრამ მოსარჩელე თვლის, რომ 14 ნოემბერს ხმის მიცემა არ განხორციელებულა საუბნო საარჩევნო კომისიის შეგნებული მოქმედებების მიზეზით. ასევე სახელმწიფო ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების არაკანონიერი მოქმედების შედეგად, რაც იმაში გამოიხატა, რომ არჩევნების დღეს სოფელ ობუჯში თავი მოუყარეს ყველა პოლიციურ სტრუქტურას, შექმნეს „ბლოკ-პოსტები“ და შემოიყვანეს შეიარაღებული სპეცრაზმი, რომლებიც ჩააყენეს სოფლის გასასვლელ-შემოსასვლელებში, საუბნო კომისიის მისასვლელებთან და შემოღებულ იქნა საშვთა სისტემა სოფლის შიგნით გადაადგილებისათვის.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ფაქტიურად არჩევნების დღეს შემოიღო საგანგებო წესები ყოველგვარი კანონის თუ სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილების გარეშე, რამაც არ მისცა სოფლის ამომრჩევლებს უფლება თავისუფლად განეხორციელებინათ ხმის მიცემა, რადგან სოფლის ვერცერთმა ამომრჩეველმა ვერ შეაღწია საარჩევნო უბნის შენობაში, ვერ მიიღო ბიულეტენი და ვერ განახორციელა კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური უფლება.
ამდენად, მოსარჩელეები თვლიან, რომ 1999 წლის 14 ნოემბრის ხელახალი ხმის მიცემის დროს წალენჯიხის №68 მაჟორიტარული ოლქის სოფელ ობუჯის №13 საარჩევნო უბანში არჩევნები არ შედგა, რითაც დაირღვა მათი კონსტიტუციური პოლიტიკური უფლება, რომელიც მინიჭებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეთა პოლიტიკური უფლების დარღვევის იურიდიული გაფორმება განხორციელდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილებით და საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის შესაბამისი დადგენილებით, კერძოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სადაო დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 სოფელ ობუჯის საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიღემის შედეგები, მაშინ როდესაც ხელახალი ხმის მიცემა არ შემდგარა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ნაცვლად იმისა რომ დაეყენებინა დამნაშავე პირების დასჯის საკითხი და უზრუნველყო ხმის მიცემა დამატებითი ტურის მეშვეობით, ფაქტიურად ბათილად ცნო არშემდგარი და არარსებული ხმის მიცემა და უგულვებელყო მათი პოლიტიკური უფლებების კონსტიტუციური გარანტიები, აქედან გამომდინარე, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დადგენილი პოლიტიკური საარჩევნო უფლების უზრუნველყოფას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ გაუქმებულ იქნას ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილება, როგორც ანტიკონსტიტუციური ნორმატიული აქტი და ასევე ნაწილობრივ ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“, ვინაიდან ამ დადგენილებას საფუძვლად დაედო ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილება და წალენჯიხის №68 ოლქში ჩატარებულად ჩაითვალა 1999 წლის 14 ნოემბრის არჩევნები, რითაც დადასტურებულ იქნა ბატონ ვ. ჭანტურიას პარლამენტის წევრად უფლებამოსილების ცნობა, მაშინ როდესაც უფლებამოსილების ცნობა განხორიელად ამომრჩეველთა ნების საწინაამღდეგოდ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეთა მიერ სადაოდ მიჩნეული სამართლებრივი აქტების ნორმატიულობა დადასტურებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ მე-11 მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებები ნორმატიულ აქტებს მიეკუთვნებიან, ასევე საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-4 მუხლით, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის დადგენილება შედის ნორმატიული აქტების ჩამონათვალში.
მოსარჩელეთა მოთხოვნა ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილება №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ დადგენილების მე-2 პუნქტის დანართის 197-ე რიგითი ნომრის პარლამენტის წევრის გვარის ამოღებით. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადაო ნორმატიული აქტები პირდაპირ არღვევენ მათი, როგორც ამომრჩევლების საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 21-ე და გაეროს „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა საერთაშორისო პაქტის“ 25-ე მუხლით დადგენილ, დაცულ და გარანტირებულ საარჩევნო უფლებებს.
მოსარჩელეებს კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი აქვთ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ვ“ პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტის და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის საფუძველზე.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს კონსტიტუციურ სარჩელზე და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.
2. 2000 წლის 3 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 127-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით მიმართა მოქალაქე თამაზ (დათო) ხოშტარიამ და მოითხოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 7 ნოემბრის №187/1999 დადგენილება „აბაშის №63 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ“, რომელიც მოსარჩელის აზრით არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 28-ე მუხლით მინიჭებულ მის უფლებას.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აბაშის №63 საარჩევნო ოლქში. 1999 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიხედვით გავიდა მეორე ადგილზე, ხოლო პირველ ადგილზე გავიდა თენგიზ კალანდაძე და საჭირო იყო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, რაც დადასტურებულია აბაშის №63 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 1999 წლის 2 ნოემბერს გაცემული საოლქო მაჟორიტარული ოქმით (ფორმა №22/99).
მოსარჩელის თქმით მეორე ტურში მონაწილეობა უნდა მიეღოთ მას და თ. კალანდაძეს, როგორც საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, თანახმად არჩევნების შესახებ ორგანული კანონის 54-ე მუხლის მეორე ნაწილისა. მიუხედავად ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე დაადგინა, რომ აბაშის №63 საარჩევნო ოლქში დანიშნულიყო არჩევნების მეორე ტური კანდიდატ თენგიზ კალანდაძესა და კანდიდატ სამსონ ჭანტურიას შორის. ეს უკანასკნელი გასული იყო მესამე ადგილზე.
მოსარჩელის აზრით, ყოველივე ზემოაღიშნული მოხდა უკანონოდ, რაც გამოიხატა იმაში, რომ აბაშის №63 საარჩევნო საოლქო კომისიამ შემოსული საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გადამოწმების მიზნით გახსნა ტყვირის №17 საუბნო საარჩევნო კომისის მიერ წარმოდგენილი პაკეტი, რომელსაც ლუქი არ ჰქონდა და საერთოდ აბაშის არცერთი საარჩევნო უბნის პაკეტი არ დალუქულა, რის შემდეგაც კომისიამ თითქოს დათვალა კანდიდატ სამსონ ჭანტურიას სასარგებლოდ მიცემული ხმები და აღმოაჩინა 20 ხმით მეტი, რაც ასახულია №63 საარჩევნო საოლქო კომისიის №19 და №20 ეგრეთწოდებულ სხდომის ოქმებში, რის საფუძველზეც ჭანტურია აღმოჩნდა მეორე ადგილზე, რადგანაც მოსარჩელე მას უსწრებდა 4 ხმით. მოსარჩელემ მიიღო 4141 ხმა, ს. ჭანტურიამ კი 4337 ხმა.
მოსარჩელე თვლის, რომ №19 და №20 ოქმები ყალბია, რასაც ადასტურებს ტყვირის №17 საარჩევნო საუბნო კომისიის მიერ მიღებული ოქმი, სადაც დაფიქსირებულია რომ არჩევნეში მონაწილეთა რაოდენობა არის 770, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა არის 42.
სარჩელში მოცემულია კანდიდატთათვის მიცემული ხმების რაოდენობის შემდეგი მონაცემები: სამსონ ჭანტურია 270, დავით ხოშტარია 156, იური ჭანტურია 160, ბადრი ჩაჩავა 3, თენგიზ კალანდაძე 139.
მოსარჩელის მიერ მოცემული მონაცემებით ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატების ბიულეტენებისა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ჯამი გვაძლევს 770, ესე იგი იმდენივე, რამდენი ბიულეტენიც აღმოჩნდა ყუთში საერთოდ და რამდენმა ამომრჩეველმაც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ამდენად მოსარჩელე თვლის, რომ შეუძლებელი იყო კანდიდატ სამსონ ჭანტურიას ტყვირის №17 საარჩევნო უბანში მიეღო 20 ხმით მეტი და შესაბამისად შეუძლებელი იყო წარმოდგენილ პაკეტში ყოფილიყო ს. ჭანტურიას სასარგებლოდ მიღემული 290 ბიულეტენი, ნაცვლად 270 ბიულეტენისა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული 20 ბიულეტენი ჰაერში რჩება.
მოსარჩელის აზრით, ამის მიუხედავად საარჩევნო საოლქო კომისიას არანაირი უფლება არ მოეპოვება, თუნდაც შემოსული საჩივრის საფუძველზე გახსნას და გადაამოწმოს სარჩევნო უბნიდან შემოსული პაკეტი ხმების დათვლის სისწორის გადასამოწმებლად, რადგანაც ასეთი წესი არა აქვს განსაზღვრული და ასეთ უფლებას არც საოლქო საარჩევნო კომისიას და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ანიჭებს ორგანული კანონი „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“, მითუმეტეს, რომ საარჩევნო საოლქო კომისიას აღნიშნული კანონის შესაბამისად ეკრძალება არჩევნების მეორე დღის (1 ნოემბრის) 18 საათის შემდეგ, ნებისმიერი საჩივრის მიღება. მოსარჩელის თქმით ამ შემთხვევაში №19 სხდომის ოქმში მითითებული ეგრეთწოდებული, ვითომდა შემოტანილი საჩივარი საოლქო კომისიას მიღებული აქვს 2 ნოემბერს, რადგანაც ასეთი საჩივარი 2 ნოემბერს, როცა საოლქო კომისიამ განიხილა არჩევნების შედეგები, შეაჯამა იგი და მიიღო ოქმი, სადაც დაფიქსირდა ნამდვილი შედეგები, რომლის მიხედვითაც მეორე ადგილზე გავიდა მოსარჩელე, პირველზე თ. კალანდაძე, ხოლო ს. ჭანტურია მესამეზე, არ არსებობდა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მოსარჩელის მიერ ამ საკითხზე შეტანილი საჩივარი საერთოდ განუხილველად დატოვა და უკანონოდ 20 ხმა მიაკუთვნა ს. ჭანტურიას და აბაშის №63 ოლქში არჩევნების მეორე ტური დანიშნა კანდიდატებს – თ. კალანდაძესა და ს. ჭანტურიას შორის, რითაც, მოსარჩელის აზრით, დაირღვა მისი, როგორც მოქალაქის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 28-ე მუხლით მინიჭებული უფლება. ამდენად იგი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 7 ნოემბრის №187/199 დადგენილება აბაშის №63 საარჩევნო ოლქში, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის ნაწილში.
მოსარჩელემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის და 89-ე მუხლის „ვ“ პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტის და 39-ე მუხლის, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა კონსტიტუციურ სარჩელზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
3. 2000 წლის 11 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 145-ე ნომრით რეგისტრირებული სარჩელით მიმართა მოქალაქე მამუკა პიტავამ და მოითხოვა არაკონსტიტუციურად ცნობა 1) საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის 3-1 დადგენილების „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ იმ ნაწილის, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის წევრად სამსონ (სოსო) ჭანტურიას უფლებამოსილების დადგენას. 2) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №63 აბაშის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრად არჩეულ სამსონ (სოსო) ჭანტურიას ცნობას.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადაო ნორმატიული აქტებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 44-ე, 49-ე და 50-ე მუხლების პირველი ნაწილის მოთხოვნები.
მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენა.
საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ დადგენილი ნორმების შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა რგოლს ევალებოდა შეექმნა სათანადო პირობები არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობის მისაღებად, რაც დადასტურებულია ადამიანთა უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 25-ე მუხლით საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით კი გარანტირებულია, რომ ყველა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ამავდროულად შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიული აქტების მიმართ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა.
მოსარჩელის აზრით, მიუხედავად ზემოაღნიშნული კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლებისა, №63-ე აბაშის რაიონის საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებმა ვერ განახორციელებს თავიანთი საარჩევნო უფლება საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში ხელახალი ხმის მიცემის დროს აბაშის №63-ე საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის მიზანმიმართული, წინასწარგანზრახული და უკანონო ქმედებათა გამო.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გარდამავალი დებულებების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ: „1999 წლის არჩევნებისათვის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები: „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის დროს ბიულეტენის გაცემისას, ამომრჩეველთა სიაში შეიტანა პირადობის მოწმობის ნომერი“, შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო დევნილთათვის, აგრეთვე, დევნილის მოწმობის წარდეგისას“. მოსარჩელის აზრით, აბაშის №63-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარისა და წევრების მიერ არ შესრულდა ორგანული კანონის ეს მოთხოვნა და საარჩევნო კომისიის სხდომის 1999 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №21), ამომრჩევლებს აეკრძალათ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა სახელმწიფო თვითმართველობის ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი იმ სურათიანი მოწმობებით, რითაც მონაწილეობა უკვე მიღებული ჰქონდათ არჩევნების პირველ ტურში 1999 წლის 31 ოქტომბერს. მისი აზრით, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა რაიონის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 20%, ამის გამო სადაო ნორმატიული აქტებით დაირღვა ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლება, რომლებმაც ვერ გამოხატეს თავიანთი ნება გაეკეთებინათ არჩევანი და თვლის, რომ ვერ მიიღო მონაწილეობა საკანონმდებლო ხელისუფლების ფორმირებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ მოხდა მისი კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი უფლებების შეზღუდვა და მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის 3-1 დადგენილების „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის წევრად სამსონ (სოსო) ჭანტურიას უფლებამოსილების დადასტურებას და საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბრის ჩატარებული არჩევნების მე-2 ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მე-5 პუნქტის„ იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ეხება №63 აბაშის რაიონის საარჩევნო ოლქში პარალმენტის წევრად არჩეულ სამსონ (სოსო) ჭანტურიას უფლებამოსილების ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 44-ე, 49-ე და 50-ე მუხლებთან მიმართებაში.
მოსარჩელემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს 89-ე მუხლის „ვ“ პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების შესახებ“ პირველი მუხლის მეორე პუნქტის, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მარინა კანდელაკმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ სარჩელს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია თვლის, რომ კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაზე, 121-ე და 127-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების ავტორებმა უარი განაცხადეს თავიანთ სასარჩელო მოთხოვნაზე და სთხოვეს სასამართლო კოლეგიას საქმეზე სამართალწარმოების შეწყვეტა. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. 145-ე ნომრით რეგისტრირებული მოქალაქე მამუკა პიტავას, კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3 დადგენილების „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრად აბაშის საარჩევნო ოლქიდან სამოსონ (სოსო) ჭანტურიას უფლებამოსილების ცნობას.
საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ზ“ პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვას, მაგრამ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 40-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია სუბიექტთა მტკიცედ განსაზღვრული წრე, რომელთაც ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ – სახელდობრ, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლება ერთ მეხუთედს და იმ მოქალაქეს, ვისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა. ამ მუხლების დეფინიცია ცალსახად მიუთითებს, რომ იგი შეეხება უკვე არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას ან ვადამდე შეწყვეტას პარლამენტის მიერ, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ეძლევა მხოლოდ იმ მოქალაქეს რომლის, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო პარლამენტმა, ესე იგი პარლამენტმა იმჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
მოსარჩელე მ. პიტავა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეული არ ყოფილა და ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტს მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხი არ განუხილავს, რის გამოც სასამართლო კოლეგია მას ვერ მიიჩნევს „სააქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ზ“ პუნქტით და 40-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავებზე უფლებამოსილ სუბიექტად: „საკონსტიტუციო სამართაწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს განსახილველად, თუ იგი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
3. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წევრად ს. ჭანტურიას უფლებამოსილების საქართველოს პარლამენტის მიერ დადსტურების არაკონსტიტუციურად ცნობის გარდა, მოითხოვს საქართველოს ცენტარლური საარჩევნო კომისისიის 1999 წლის 19 ნოემბრის დადგენილების იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც შეეხება №63 აბაშის რაიონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრად სამსონ ჭანტურიას უფლებამოსილების ცნობას.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქარველოს ორგანულის კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ აბაშის №63 ოლქის კომისიამ თავისი გადაწყვეტილებით ამომრჩევლებს აუკრძალა პარლამენტის არჩევნების მერე ტურში ხმის მიცემა პირადობის დამადასტურებელი იმ სურათიანი მოწმობებით, რომლითაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული პირველ ტურში, რის გამოც მეორე ტურში მონაწილეობა ვერ შესძლო მოსარჩელემ და ამომრჩეველთა დიდმა რაოდენობამ.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საკითხს აყენებს და შესაძლებელი იქნებოდა მისი არსებითად განსახილველად მიღება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით მიმართებაში, მაგრამ არ შეიძლება მისი წარმოებაში მიღება, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის №6/134-139-140 და გადაწვეტილებით აბაშის №63-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნები და მათ შორის, საქართველოს ცენტარლური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის დადგენილება, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოსარჩელე მოითხოვს, უკვე მიჩნეულია არაკონსტიტუციურად და ცნობილია ბათილად, ხოლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
იხელმძღვნელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „დ“, „ვ“, „ზ“” პუნქტებით, 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 37-ე მუხლით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, მე-18 მუხლის „ბ“ და „დ“ პუნქტებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე – 1) „მოქალაქეები-ცანავა გიორგი, ფიფია მარინა, ქარდავა ვლადიმერი და სხვები საქართველოს პარლამენტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ; 2) „მოქალაქე თამაზ (დათო) ხოშტარია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ“.
2. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე მამუკა პიტავას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაამღდეგ;
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან დაგასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე).
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი)
3. ლამარა ჩორგოლაშივლი (მომხსენებელი მოსამართლე)
4. ზაურ ჯინჯოლავა (წევრი).