ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირი "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი"-ს დირექტორის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1573 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლევან ალაფიშვილი |
თარიღი | 25 თებერვალი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“
ბ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული თანდართული „აკრედიტაციის წესები და პროცედურები“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 97-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრს“ ანიჭებს უფლებამოსილებას დაადგინოს აკრედიტაციის მიღება მხოლოდ იურიდიული პირებისათვის და აკრედიტაციის მიმღები სუბიექტების წრიდან გამორიცხოს ფიზიკური პირი. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი |
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 97-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრს“ ანიჭებს უფლებამოსილებას დაადგინოს საკანონმდებლო აქტისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების წესები, რეგისტრაციაში არ გაატაროს გაინტერესებული პირის განცხადება და არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება | საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული თანდართული „აკრედიტაციის წესები და პროცედურები“-ს შემადგენელი ნაწილი „საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები“-ს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი. | საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული თანდართული „აკრედიტაციის წესები და პროცედურები“-ს შემადგენელი ნაწილი „საკ1.5:2020 – წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4.„ა“ მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39.1.„ა“ მუხლი, 19.1.„ე“, 31-ე და 311 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის, იმ ფიზიკური პირის მიერ რომელმაც აკრედიტაციის მოსაპოვებლად სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო- აკრედიტაციის ცენტრს“ 2021 წლის 16 თებერვალს წარუდგინა აკრედიტაციის განაცხადი და ითხოვა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვთი/აზომვითი სამუშაოების/შესრულებაზე უფლებამოსილი პირის სერტიფიცირების სამუშაოთა/ბიზნესის წარმოებისსთვის მისთვის აკრედიტაციის მინიჭება. სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრმა“ 2021 წლის 19 თებერვლის წერილობითი პასუხით აცნობა რომ წარდგენილ განაცხადს არ დაარეგისტრირებს, შესაბამისად არ დაიწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას რადგან თვითონ მის მიერვე დადგენილი ნორმატიული აქტის გასაჩივრებული ნორმით (საკ 1.5:2020-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი) აკრედიტაციას ექვემდებარება მხოლოდ იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი. არც გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტში და არც აკრედიტაციის ცენტრის 2021 წლის 19 თებერვლის წერილში/გადაწყვეტილებაში არ არის მოცემული სამართლებრივი საფუძველი და ლეგიტიმური მიზანი რომლითაც ფიზიკური პირი გამორიცხა აკრედიტაციის მიღებისა და თანასწორობის უფლების სფეროდან.
ამდენად, მოსარჩელე ლევან ალაფიშვილი გამორიცხულია რა დაცული უფლების სფეროდან (საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი) და მას უარი ეთქვა წარდგენილი განცხადების რეგისტრაციაზე და ადმინისტრაციულ წარმოებაზე (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი) არის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენაზე უფლებამოსილი სუბიექტი, რომლის უფლებებიც დარღვეულია.
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვილია გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სამართლლის წინაშე თანასწორობისა და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებებთან შესაბამისობის შემოწმება.
ამდენად სახეზეა გასაჩივრებული ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანისთვის კანონით არ არის დადგენილი რაიმე ვადა, შესაბამისად მისი შეტანის ვადა არ არის დარღვეული.
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის ნორმებიც, შესაბამისად არ არის საჭირო ნორმატიული აქტების იერარქიაში ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“ (შემდგომში მოკლედ მოხსენიებულია როგორც ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც კანონით (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი,მუხლი 96.4. და 97.1.) მინიჭებული/დელეგირებული აქვს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დადგენის ნორმატიული აქტით უფლებამოსილება, აგრეთვე თავის მიერვე დადგენილი ამ წესებისა და პროცედურების დაცვით დაინტერესებული პირების აკრედიტაცია სამეწარმეო საქმიანობის რამდენიმე სფეროში, მათ შორის პერსონალის სერტიფიკაციის სფეროში.
2. ცენტრის ნორმატიული აქტით, გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებულია „აკრედიტაციის წესები და პროცედურები“, რომლის შემადგენელი ნაწილია საკ 1.5:2020 – „წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“. ეს უკანასკნელი შეეხება ჩვენი ინტერესის სფეროს, პესონალის სერტიფიკაციას, კერძოდ, უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვთი/აზომვითი სამუშაოების/შესრულებაზე უფლებამოსილი პირის სერტიფიკაციის საქმიანობის დაწყებას.
3. უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვთი/აზომვითი სამუშაოების/შესრულებაზე უფლებამოსილი პირის სერტიფიცირებას ახორციელებს დაინტერესებული პირი (განსახილველ შემთხვევაში ამის მსურველი გახლავთ ლევან ალაფიშვილი) რომელიც ცენტრში გაივლის აკრედიტაციას და მოიპოვებს აკრედიტაციის მოწმობას. აკრედიტებული პირის მიერ ამ კატეგორიის პერსონალის სერტიფიცირების უფლებამოსილების საკითხი დადგენილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით („მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“).
4. აკრედიტაციის მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა წარადგინოს ცენტრში. დაინტერესებული ვიყავი რა, საწყის ეტაპზე იურიდიული პირის ფორმირების გარეშე, როგორც ფიზიკურ პირს დამეწყო უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვთი/აზომვითი სამუშაოების/შესრულებაზე უფლებამოსილი პირის სერტიფიცირების ბიზნესი, ცენტრს 2021 წლის 16 თებერვალს წარვუდგინე მის მიერ დადგენილი აკრედიტაციის განაცხადი და დოკუმენტაცია .
5. ცენტრმა ჩემი 2021 წლის 16 თებერვლის განაცხადზე 19 თებერვალს წერილობითი პასუხით უარი თქვა არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, არამედ რეგისტრაციაზეც კი. აღნიშნულის საფუძველი კი გახლავთ ის გარემოება, რომ აკრედიტაცია გაიცემა მხოლოდ იურიდიულ პირებზე. არც ცენტრის ნორმატიულ აქტში (საკ 1.5:2020-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი) და არც ჩემს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ არის მოცემული აკრედიტაციის მაძიებელთა დიფერენციაციის და აკრედიტაციის მიღებიდან ფიზიკურ პირთა გამორიცხვის საფუძველი და ლეგიტიმური მიზანი, რაც დისკრიმინაციის ნიშნების ვარაუდს სააფუძვლიანს ხდის.
6. შედარებისთვის, ეკონიმიკის და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს რეგულირებისთვის სახელმწიფოს, კანონით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ დადგენილი აქვს საქმიანობისა და უფლებების ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვების ვალდებულება. ამ კანონით (იხ.: მე-3 მუხლის ზ, თ, პ, ჟ, ტ პუნქტები) ლიცენზიისა და ნებართვის მოპოვების უფლება აქვს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს ან გაერთიანებას რომელიც არ არის იურიდიული პირი. კანონმდებელს ამ სფეროში დაცული აქვს უფლებრივი სტატუსი და უზრუნველყოფილია სამართლის წინაშე თანასწორობა.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირთან დაკავშირებული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ნიშნავს, პირის გარანტირებულ უფლებას მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით რომელიც დარეგისტრირდება და დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება, საქმის სამართლიანად განხილვა. ამ შინაარსის გარეშე, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება არ არსებობს.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება რეალიზებულია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, რომლის 76-ე და 79-ე მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადება ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას და ამასთანავე, ამ განცხადების რეგისტრაციის შემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში სავალდებულო წესით იწყება ადმინისტრაციული წარმოება, საქმის განხილვა.
9. გასაჩივრებული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტით საკანონმდებლო ორგანომ აკრედიტაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის დადგენის სრულად, ყოველგვარი ფარგლების, სტანდარტის, კრიტერიუმის თუ პრინციპის განსაზღვრის გარეშე დელეგირება მოახდინა აკრედიტაციის ცენტრზე. ამ უკანასკნელმა კი, ამ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაადგინა ის ნორმები რომლებიც აკრედიტაციის ცენტრს ანიჭებს უფლებამოსილებას არ დაარეგისტრიროს განცხადება და არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსისა და ცენტრის მიერ დადგენილი ნორმების კოლიზია ვერ გადაწყდება კონსტიტუციურობის შემოწმების გარეშე, რადგან ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება საკანონმდებლო აქტით მიღებული აქვს პარლამენტს. ამასთან, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უფრო გვიან არის მიღებული, ვიდრე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. შეუძლებელია დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობის კონტროლიც, ასეთი კანონის, კანონით დადგენილი შეზღუდვების არარსებობის გამო.
10. უფლებამოსილების სრული და შეუზღუდავი დელეგირების პირობებში აკრედიტაციის ცენტრს მიეცა შესაძლებლობა დაედგინა დისკრიმინაციული მოთხოვნები და პირობები აკრედიტაციის მსურველი/მაძიებელი ფიზიკური პირებისათვის. არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი რომელიც გაამართლებდა ფიზიკური პირების სრულად გამორიცხვას აკრედიტაციის მიღების უფლებისგან. სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში.
11. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტმა მოახდინა აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების, ადმინისტრაციული წარმოების წესების დადგენის უფლებამოსილების სრულად დელეგირება აკრედიტაციის ცენტრზე ყოველგვარი პირობისა თუ ჩარჩოს გარეშე, ეს განიხილება როგორც პარლამენტის მიერ უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმად რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ხოლო კანონის ნორმა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმები ანტიკონსტიტუციურია ისე, რომ საჭირო არ არის კონსტიტუციურობის შემოწმების რომელიმე ტესტის გამოყენება.
12. განსახილველი შემთხვევა და ნორმები წინააღმდეგობაშია დელეგირების უფლებასა და მის ფარგლებთან დაკავშირებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკასთან.
დამატებით არგუმენტაციას წარმოგიდგენთ სხდომაზე საქმის განხილვისას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა