საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/3/763 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 1 ივნისი 2016 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 110-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 1101 მუხლის მე-3 - 42-ე პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 50-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 1-ელ ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №763) მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფმა (სულ 42 დეპუტატმა).
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, №763 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2016 წლის 1-ელ ივნისს.
3. №763 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 1-ელ ივნისს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციურ ნორმას, ხოლო 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან“. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საპარლამენტო არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
6. სადავო ნორმები განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს და მათი შექმნის წესს.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმების მიზანია არა ამომრჩეველთა თანასწორი გადანაწილება, არამედ ოპოზიციური პარტიებისთვის მაღალი მხარდაჭერის მქონე საარჩევნო უბნების გაბნევა იმგვარად, რომ შემცირდეს არასახელისუფლო პარტიების მხარდაჭერა (მოსარჩელეს მაგალითად მოჰყავს ვანისა და ხონის, ყვარლის, მთაწმინდის, საბურთალოს და სხვა ოლქები). მოსარჩელის აზრით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების ამგვარი განაწილება ვერ პასუხობს თანასწორი საარჩევნო გეოგრაფიის მოთხოვნებს და განაპირობებს ხმათა თანაბრობიდან გონივრული გამართლების გარეშე გადახვევას, რაც არღვევს პოლიტიკური პარტიების თანასწორობის უფლებას.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საარჩევნო გეოგრაფია და საარჩევნო ოლქების საზღვრები სადავო ნორმებით დადგენილია იმგვარად, რომ არ აღიკვეთა საარჩევნო საზღვრებით მანიპულირების შესაძლებლობა, სადავო ნორმებით არ შეიქმნა მითითებული პრევენციისათვის საკმარისი საკანონმდებლო გარანტიები.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები არ ითვალისწინებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს შორის ხმების თანაბრად განაწილებიდან დასაშვებ გადახრასა და საგამონაკლისო შემთხვევებს. ასევე არ განსაზღვრავს ობიექტურ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა შეცვლილიყო ოლქების საზღვრები (გეოგრაფიული, უმცირესობების წარმომადგენლობის დაცვა და სხვა). მოსარჩელის განმარტებით, ჩანაწერი „გადანაწილება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“ არასაკმარისია, ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება კანონის განჭვრეტადობის პრინციპს. კანონმა ვერ უზრუნველყო დაედგინა, რა მიიჩნევა სტანდარტის გადახვევის საგამონაკლისო შემთხვევად და რა ლეგიტიმური დასაბუთებისას არის დასაშვები გადახრა. აღნიშნული მომავალში ქმნის საფრთხეს, რომ ცესკომ ლეგიტიმური გადახრის სტანდარტი გაზარდოს.
10. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ერთი ნაწილის საზღვრები განსაზღვრულია კანონით - საქართველოს საარჩევნო კოდექსით, ხოლო დარჩენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები დგინდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანია, თუ რა ლეგიტიმური მიზანი გააჩნია ნორმატიულ მოწესრიგებას დაქვემდებარებული ერთი საკითხის გადაწყვეტას ცალკეულ შემთხვევაში კანონით, ხოლო სხვა შემთხვევაში ცესკოს ადმინისტრაციული აქტით.
11. მოსარჩელე მხარის აზრით, საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები დაადგინოს არა მხოლოდ ამომრჩეველთა ოდენობის მიხედვით, არამედ სხვადასხვა, მათ შორის სოციალური და ტერიტორიული ასპექტების გათვალისწინებით. ამავდროულად, მოსარჩელეები მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე და აღნიშნავენ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები უნდა განსაზღვროს დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც იმოქმედებს კანონით მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად.
12. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის #1/3/547 გადაწყვეტილებისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ვალდებულებას წარმოადგენდა, შეძლებისდაგვარად უზრუნველეყო ამომრჩეველთა თანასწორი გადანაწილება საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო, თუ კანონით ამომწურავად ვერ უზრუნველყოფდა ასეთ გადანაწილებას, კანონით უნდა განესაზღვრა თანასწორობიდან გადახვევის ნათელი და განჭვრეტადი წესები, თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი გადახვევა და როგორი პროცედურა და ობიექტური კრიტერიუმები უნდა იყოს გათვალისწინებული საზღვრების დადგენის პროცესში იმისათვის, რომ ამომრჩევლის თანასწორი საარჩევნო უფლება გარანტირებული იყოს.
13. სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები შესაძლებლობას იძლევა, ე.წ. „ჯერიმენდერინგის“ გზით მოხდეს მანიპულაცია არჩევნების შედეგზე, რაც ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენას და, რეალურად, ხდება არჩევნების შედეგზე მანიპულაცია კანონის სახელით.
14. სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები არჩევნების ჩატარებისას ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლში მითითებულ საყოველთაობის და თანასწორობის იდეას და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევას უთანასწორო საკანონმდებლო ნორმების დადგენით.
15. სარჩელის თანახმად, სარჩელის მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს კონსტიტუციის 50-ე მუხლით დაცული უფლების ჭრილში, გასაჩივრებული ნორმები არ ქმნის თანასწორ საწყისებზე არჩევნებში პარტიის მონაწილეობის უფლებას და მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობას განსაზღვრავს უსამართლოდ, დროებითი მიზნისათვის და სადავო ნორმებს არ გააჩნია გამართლებადი, გონივრული და კეთილსინდისიერი ლეგიტიმური მიზანი.
16. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
17. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებს არავითარი სამართლებრივი თუ ფაქტობრივი შესაძლებლობა სადავო ნორმებით ჩატარებული არჩევნების შედეგების კორექტირება-შეცვლისათვის, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, შესაძლოა, წამოჭრას ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხი და დადგეს ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები საფრთხეს უქმნის არჩევნების განჭვრეტად გარემოში ჩატარებას და საარჩევნო კამპანიის დაგეგმვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმების მოქმედებამ მას შეიძლება მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის N2/2/438 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”.). ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში გამოკვეთილი უნდა იყოს „აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს საარჩევნოო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 50-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს საარჩევნოო კოდექსის მითითებული ნორმა ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს, რომლებიც იწვევს დასახელებული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას.
4. საქართველოს საარჩევნოო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები იქმნება, მათი საზღვრები და ნომრები განისაზღვრება ამ კანონის 110-ე და 1101 მუხლების საფუძველზე და 1101 მუხლით“.
5. საქართველოს საარჩევნოო კოდექსის განსახილველი ნორმა წარმოადგენს მითითებით ნორმას, რომელიც მიუთითებს საქართველოს საარჩევნოო კოდექსის 110-ე და 1101 მუხლებით განსაზღვრულ წესზე. საქართველოს საარჩევნოო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი არ ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის, საზღვრების დადგენის და ნორმების მინიჭების დამოუკიდებელ წესს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია მიემართება საქართველოს საარჩევნოო კოდექსის 110-ე და 1101 მუხლებით დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების და მათი განსაზღვრის წესის არაკონსტიტუციურობის მტკიცებას. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, რომელიც წარმოაჩენდა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს უშუალოდ, 110-ე და 1101 მუხლებისგან დამოუკიდებლად, გააჩნია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემური ნორმატიული შინაარსი.
7. ამდენად, №763 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნოო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 50-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №763 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებს აქვთ იგივე შინაარსი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2015 წლის 28 მაისის N1/3/547 გადაწყვეტილებით.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 4¹ პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
11. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად აქვს სადავო ნორმებს იგივე ნორმატიული შინაარსი, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 მაისის N1/3/547 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეში არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საქართველოს საარჩევნოო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც ადგენდა, რომ 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან 10 იქმნება თბილისში, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ოლქების საზღვრები ემთხვევა თვითმმართველ ერთეულებს - მუნიციპალიტეტებს.
12. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევ ნორმად“ მიჩნევისას, ის ითვალისწინებს კონკრეტული საქმის გარემოებებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, იმეორებს თუ არა ახალი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
13. ზემოაღნიშნული წესის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძვლად საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებაზე: „ტერიტორიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დაუკავშირა მუნიციპალიტეტებს იქ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინების გარეშე, რამაც ხმათა თანაბრობიდან მნიშვნელოვანი ხარისხის გადახრა გამოიწვია, არსებითად შეამცირა ამომრჩეველთა ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესზე.“ ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა ერთი ნაწილის ხმის „წონა“ მრავალჯერ აღემატება მეორე ნაწილის ხმის „წონას“, ეს იწვევს მაღალი ხარისხის დისპროპორციას. ცალკეულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინებით, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესებზე იმდენად შემცირებულია, რომ განაპირობებს საარჩევნო უფლების გაუმართლებელ, დაუსაბუთებელ შეზღუდვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის N1/3/547 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. II-26, 30).
14. დასახელებული მითითებებიდან ცხადია, რომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა ეფუძნებოდა ორ ძირითად გარემოებას - ტერიტორიულ ასპექტს, კერძოდ, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები ემთხვეოდა ადმინისტრაციულ ერთეულებს (აგრეთვე 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის არსებობა თბილისის მასშტაბით), ხოლო შემდეგ გარემოებას წარმოადგენდა საარჩევნო გეოგრაფიის ამგვარი განაწილებიდან მომდინარე მაღალი ინტენსივობის დისპროპორცია ამომრჩეველთა ხმებს შორის.
15. N763 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები თავად განსაზღვრავს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებისგან დამოუკიდებლად, ასევე, საქართველოს საარჩევნოო კოდექსის 1101 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმებით საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო ოლქების საზღვრები, მათი გეოგრაფია არსებითად განსხვავებულად იქნა დადგენილი. ამასთან განსხავებულია საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი არსებითად განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის N1/3/547 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულირებისგან.
16. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ არსებობს სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
17. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
18. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, „თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საკითხი იმის თაობაზე, სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა, ისევე, როგორც, რაში გამოიხატება „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
20. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან“. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დასახელებული კონსტიტუციური სარჩელი უნდა განიხილოს შემჭიდროებულ ვადებში, კერძოდ, მისი რეგისტრაციიდან 30 დღის განმავლობაში.
21. ამდენად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედება მოსარჩელე მხარეს ვერ მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაუსაბუთებელია.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 36-ე მუხლის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №763 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 110-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 1101 მუხლის მე-3 - 42-ე პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 50-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული №763 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 50-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი