თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1587 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | თბილისის სააპელაციო სასამართლო |
თარიღი | 7 აპრილი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა (მხოლოდ 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენებისას, აღმჭურველი აქტის ნაწილში) და 31-ე მუხლის (მხოლოდ კერძო სამართლის სუბიექტთა ინტერესების ურთიერთდაპირისპირებისას) ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც არ დაიშვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესის გამოყენების შესაძლებლობა. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი. „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი. „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო წარდგინება აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 313 -ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:
წარდგინება ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან გასაჩივრებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ორი ნორმა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია
წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით
არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მანანა მარსაგიშვილის წარმომადგენლის გია დარჩიას მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ლიზა ქირიკაშვილს დაევალა მანანა მარსაგიშვილისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა და ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,თიბისი ბანკში’’, ანგარიშის №GE07TB7563236020100006 GEL შეიტანოს მანანა მარსაგიშვილის ზარალის უზრუნველყოფის მიზნით - 1 480 000 ლარი ან ამ ოდენობის ფასიანი ქაღალდის შეტანის გზით ან წარმოადგინოს საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, გასწორდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,მოსარჩელე ლიზა ქირიკაშვილს დაევალოს მანანა მარსაგიშვილისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა და ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,თიბისი ბანკში’’, ანგარიშის №GE07TB7563236020100006 GEL განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეიტანოს მანანა მარსაგიშვილის ზარალის უზრუნველყოფის მიზნით - 1 480 000 ლარი ან ამ ოდენობის ფასიანი ქაღალდის შეტანის გზით ან წარმოადგინოს საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 და 18 დეკემბრის განჩინებები, შესაბამისად კერძო საჩივრით და საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ლიზა ქირიკაშვილის წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.
საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საჭიროება წარმოშვა საკითხმა, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, ადმინისტრაციული საპროცესო უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებისას, სარჩელის უზრუნველყოფის გარანტიის ან/და უზრუნველყოფის შებრუნების წესის გამოყენებასთან დაკავშირებით.
სადავოდ გამხდარი ნორმების შინაარსი და სასამართლოს მიერ მათი გამოყენების პრაქტიკა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებით, ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ორ შესაძლებლობას. პირველი, ესაა, 29-ე მუხლით რეგლამენტირებული, გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება და მეორე, 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, რომლითაც ხდება სადავო ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგება.
29-ე მუხლთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მისი 1-ლი ნაწილი გულისხმობს გასაჩივრების სუსპენზიურ ეფექტს, როდესაც სარჩელის შეტანით გასაჩივრებული აქტი ავტომატურად, სასამართლოს მსჯელობის გარეშე ჩერდება, რაც თავისი ბუნებით უზრუნველყოფის ღონისძიებად არც განიხილება. მე-2 ნაწილში ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც აქტი ავტომატურად არ ჩერდება, ხოლო მე-3 ნაწილი კი ითვალისწინებს მე-2 ნაწილში ჩამოთვლილ შემთხვევებში სასამართლოს მიერ აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
29-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოცემულია ამ მუხლის მე-3 ნაწილში.
რაც შეეხება 31-ე მუხლს, სასამართლოს შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განსაზღვრული არ არის უზრუნველყოფის გარანტია ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესი. აღნიშნულის გამო, მოცემულ დავაში პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით რეგლამენტირებული შესაბამისი დებულებები და მოსარჩელეს მოსთხოვა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც შეიძლება განიცადოს მოპასუხემ (მოცემულ შემთხვევაში მესამე პირმა), თუ უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა.
აღნიშნულ პროცესუალურ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა (თუნდაც 2019 წლის 9 იანვრის განჩინება #ბს-1562(უს-18), რომლის თანახმადაც, უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ დავაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, არ დაიშვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით რეგლამენტირებული უზრუნველყოფის გარანტია ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესი. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი რეგულაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში. ამავე განჩინებით უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უპირატესად გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამდენად, უზენაესმა სასამართლომ, ერთი მხრივ მიუთითა რა, რომ ადმინისტრაციულ დავაში უმეტესწილად გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო წესები უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მეორე მხრივ, გამორიცხა ამ ნორმებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გამოყენების შესაძლებლობა.
ნორმათა ამგვარი განმარტება, საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის, მართალია, სახელმძღვანელო ხასიათისაა, თუმცა დამკვიდრებული ტენდენციის, პრეცედენტული სამართლის მზარდი გავლენის გათვალისწინებით, მოსამართლეთა უდიდესი უმრავლესობა (ვისთვისაც ცნობილია კონკრეტული სასამართლო პრაქტიკა) საკითხს წყვეტს უზენაესი სასამართლოს განმარტებების შესაბამისად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმების სასამართლოს მიერ გამოყენების პრაქტიკა, გამორიცხავს ამ ნორმებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გამოყენების შესაძლებლობას.
აქვე, აღსანიშნავია, რომ გერმანიის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი შესაძლებლად მიიჩნევს უზრუნველყოფის შებრუნების გამოყენებას 123-ე მუხლით რეგულირებულ შემთხვევებში; თავის მხრის 123-ე მუხლის ანალოგიურია საქართველოს ადმინისტრაციული საპრცესო კოდექსის 31-ე მუხლი.
ურთიერთდაპირისპირებული ორივე კერძო ინტერესის დაცვის აუცილებლობა
ადმინისტრაციულ დავაში, როგორც წესი, ერთმანეთს უპირისპირდება საჯარო და კერძო ინტერესი. როგორც ჩანს, საერთო სასამართლოების ზემოაღნიშნული პრაქტიკა ჩამოყალიბდა მხოლოდ ამ ინტერესთა დაპირისპირების კვალობაზე.
თუმცა, ადმინისტრაციულ დავათა არც თუ მცირე ნაწილში, საჯარო ინტერესის პარალელურად, ერთმანეთს უპირისპირდებიან კერძო ინტერესებიც. მაგალითად, სამშენებლო დავებში მენაშენე და მშენებლობის შეჩერებით დაინტერესებული მესამე პირი (როგორც წესი მეზობელი); ასევე, მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე მიწის „გადაფარვასთან“ დაკავშირებულ დავებში ორი (ან მეტი) სუბიექტი, რომლებიც ერთი და იგივე მიწის ნაკვეთზე აცხადებენ პრეტენზიას და სხვა.
ამდენად, ადმინისტრაციულ დავაში არსებობს არა მხოლოდ ინტერესთა ვერტიკალური კონფლიქტი (კერძო და საჯარო ინტერესების დაპირისპირება), არამედ არსებობს ასევე ინტერესთა ჰორიზონტალური კონფლიქტიც (კერძო ინტერესთა ურთიერთდაპირისპირება).
საკითხის სრულყოფილად წარმოჩენის მიზნით მიზანშეწონილია გააზრებული იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შინაარსი. როგორც აღინიშნა, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გულისხმობს გასაჩივრების სუსპენზიურ ეფექტს, როდესაც სარჩელის შეტანით გასაჩივრებული აქტი ავტომატურად ჩერდება. მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:
ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან;
ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას;
გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;
ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.
როგორც ვხედავთ, ზემოაღნიშნული მუხლის „ე“ ქვეპუნქტი არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კერძო ინტერესს შესაძლებელია დაუპირისპირდეს სხვა კერძო ინტერესი. ჩამოთვლილთაგან დანარჩენი შემთხვევები მიუთითებენ მხოლოდ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთდაპირისპირებაზე.
რაც შეეხება 31-ე მუხლს, აქ გამოკვეთილი არ არის მისი გამოყენების შემზღუდველი საფუძვლები; იგი უაღრესად ფართო არეალის შემცველია, მისი გამოყენება შესაძლებელია დავათა უდიდეს ნაწილში და აქაც, მსგავსად 29-ე მუხლისა, ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს კერძო ინტერესები.
ამდენად, რადგან ადმინისტრაციულ დავაში სახეზეა ორი კერძო ინტერესის ურთიერთდაპირისპირება, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო მიდგომა და სტანდარტი.
საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმებში ამოკითხული ნორმატიული შინაარსი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების და საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულ სამართლიანი სასამართლო უფლების შეჯიბრებითობის კომპონენტს.
საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული შეჯიბრებითობა დაცვას საჭიროებს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული ორივე კონფლიქტის (ვერტიკალური და ჰორიზონტალური) არსებობისას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება, ხოლო 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. მოცემულ ნორმაში, საპროცესო მნიშვნელობით, სამართლიანობა ნიშნავს შეჯიბრებითობის უზრუნველყოფასაც. თუ დაირღვა შეჯიბრებითობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, დაირღვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებაც.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში #2/6/746 მითითებულია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, მოსარჩელის უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის უფლების მზღუდავ საშუალებას. ზემოაღნიშნული ღონისძიების გამოყენებით მოსარჩელის ინტერესების დაცვამ შეიძლება გამოიწვიოს მოპასუხისათვის ქონებრივი ზარალის მიყენება, შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას მოპასუხის ინტერესების დაცვისათვის საჭირო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს ხსენებული ინტერესების გონივრულად დაბალანსების მექანიზმს და ემსახურება მოპასუხის უფლებების დაცვას.
ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. „შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“. მხარის უფლებას, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, უპირისპირდება მოპასუხის ინტერესი - თავი დაიცვას ზიანის მომტანი უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელისა და მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესები, რომელთა გონივრული დაბალანსებაც კანონმდებლისადმი წაყენებული უპირველესი კონსტიტუციური მოთხოვნაა. დადგენილი შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს პროცესის მონაწილე ორივე მხარის ინტერესებს - მოპასუხეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააზღვიოს უზრუნველყოფის ღონისძიებიდან მომდინარე ქონებრივი ზიანი, ხოლო მოსარჩელისათვის დადგენილი ვადა უნდა იყოს გონივრული და მას აძლევდეს რეალურ შესაძლებლობას მოახდინოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა.
ეს მსჯელობა თანაბრადაა რელევანტური ადმინისტრაციულ დავაში არსებული ურთიერთდაპირისპირებული კერძო ინტერესების მიმართაც, რადგან კერძო ინტერესი სათანადო დაცვას საჭიროებს იმის მიუხედავად, თუ რომელი ტიპის სამართალწარმოებაში (სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული) იკვეთება ამ ინტერესებისათვის ზიანის მიყენების საფრთხე.
ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს #1/5/675,681 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კანონი უნდა ითვალისწინებდეს საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას, შეაფასოს, აწონ-დაწონოს სავარაუდო ზიანი, რომელიც მხარეებს ასეთი გადაწყვეტილების მიღების ან მიუღებლობის შედეგად შეიძლება მიადგეს. მართალია, განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება არა დაუყოვნებლივ აღსრულებას, არამედ უზრუნველყოფის შებრუნებას, თუმცა პრინციპული ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სადავო საკითხზე მსჯელობისას ინტერესების ურთიერთშეპირისპირებას და გადაწყვეტილების ამგვარად მიღებას.
ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს რა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ლეგიტიმურ მიზნებზე, იქვე აღნიშნავს ამ გზით მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობის აუცილებლობაზე, რომლის არარსებობაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. აქვე საუბარია შემდეგზეც: სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძვლები ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ არ უთითებს მოპასუხის ან სხვა კერძო ან საჯარო ინტერესების გათვალისწინებაზე. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ემყარება ვარაუდს, რომ, თუკი არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლად გახდომის, ან შეუქცევადი ზიანის საფრთხე, მოსარჩელის დაცვის ინტერესი ყოველთვის აღემატება მოპასუხის საკუთრების უფლების დაცვის ინტერესებს ან სხვა კერძო თუ საჯარო ინტერესებს, რომლებიც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და, ამდენად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ეს სტანდარტიც თანაბრადაა რელევანტური ადმინისტრაციულ დავაში არსებული ურთიერთდაპირისპირებული კერძო ინტერესების მიმართაც, როდესაც საკითხი ეხება უზრუნველყოფის შებრუნებას.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგი) მდიდარი პრაქტიკა კონვენციის მე-6 მუხლთან და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ თუკი ნორმის შემფარდებლის მიერ არ ხდება ურთიერთდაპირისპირებული ინტერესების აწონ-დაწონა და დაბალანსება საკუთრების უფლების ჭრილში, ამით ირღვევა კონვენციის ორივე ზემოაღნიშნული უფლება.
გაუმართლებელი უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად წარმოშობილი ზიანის შემდგომ ანაზღაურების პრობლემურობა
ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუკი გამოყენებულმა უზრუნველყოფის ღონისძიებამ ზიანი მიაყენა მხარეს, რომლის მიმართაც იყო იგი გამოყენებული, მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საერთო სასარჩელო წესით იმ პირისაგან, ვისი ინიციატივითაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (აღსანიშნავია, რომ გერმანიის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი კრძალავს ზიანის ამგვარ ანაზღაურებას აქტის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებში).
მოსარჩელის შიში შესაძლო ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე კიდევ უფრო იზრდება იმით, რომ მოსარჩელეს შეიძლება მოეთხოვოს ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
საყურადღებოა, რომ შვეიცარიის კანონმდებლობის განმარტებით, უზრუნველყოფის გარანტია ასრულებს „დაშინების“, „გარანტორის“ როლს, რადგან განმცხადებელს აფერხებს დააყენოს დაუდევარი, დაუსაბუთებელი შუამდგომლობა უზრუნველყოფის შესახებ.
მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ასევე საქმეში მონაწილე სხვა კერძო პირთა პოზიციიდან.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, მოსარჩელის უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის ან მესამე პირის, უფლების მზღუდავ საშუალებას. ზემოაღნიშნული ღონისძიების გამოყენებით მოსარჩელის ინტერესების დაცვამ შეიძლება გამოიწვიოს მოპასუხისათვის ან მესამე პირისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება, ამდენად, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას დაპირისპირებულ ინტერესთა დაცვისთვის საჭირო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს ხსენებული ინტერესების გონივრულად დაბალანსების მექანიზმს და ემსახურება მათ დაცვას.
კვლავ აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული #1/5/675,681 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარის შელახული ინტერესი ყოველთვის არ გამოითვლება ფულადი ფორმით, იგი შეიძლება უკავშირდებოდეს რეპუტაციის რისკებს, მძიმე ფსიქოლოგიურ განცდებს და ა.შ. გაურკვეველია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მოსამართლეს ვალდებულება ან მიეცეს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს, რამდენად არის ზარალის უზრუნველყოფა სამოქალაქო პროცესის მონაწილის ინტერესების დაბალანსებისათვის საკმარისი. კანონმდებელი სამოქალაქო საქმის განმხილველ სასამართლოს შესაძლებლობას ართმევს, გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობის შეფასების სხვა კრიტერიუმი, გარდა „აუცილებლობის“ ტესტისა. აშკარაა, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, მოსამართლე იმ შემთხვევაშიც კი ვალდებულია გამოიყენოს აღნიშნული ღონისძიება, თუ მივა დასკვნამდე, რომ შეუძლებელია სავარაუდო ზარალის იდენტიფიცირება, ან ზარალის უზრუნველყოფის მიუხედავად, უზრუნველყოფის ღონისძიება მაინც უფლების მომეტებული შეზღუდვის წყაროს წარმოადგენს.
ამდენად, რადგან ადმინისტრაციულ დავაში, მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ჭრილში, ერთმანეთს ასევე უპირისპირდებიან კერძო ინტერესებიც, ხოლო სადავო ნორმები არ შეიცავენ მითითებას მათი შეპირისპირების ვალდებულების შესახებ და საერთო სასამართლოების პრაქტიკაც გამორიცხავს უზრუნველყოფის გარანტიის ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესის გამოყენების შესაძლებლობას, ასევე, ვინაიდან ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში კერძო ინტერესთა ურთიერთდაპირისპირების საფუძვლები მოცემულია 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტსა და 31-ე მუხლში, საკონსტიტუციო სასამართლოს ეთხოვოს დაადგინოს, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ელ და 31-ე მუხლის 1-ელ ნაწილებთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის (მხოლოდ 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენებისას, აღმჭურველი აქტის ნაწილში) და 31-ე მუხლის (მხოლოდ კერძო სამართლის სუბიექტთა ინტერესების ურთიერთდაპირისპირებისას) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ნორმებით სარგებლობისას არ გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტია ან/და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა