შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/1/1581 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 5 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 აპრილი 2021 17:59 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №125-IVმს-Xმპ დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1581) მომართა შალვა ნათელაშვილმა. №1581 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2021 წლის 24 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 5 აპრილს.
2. №1581 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
4. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი დადგენილება, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელე შალვა ნათელაშვილს ვადამდე არ შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც იგი ითხოვდა პირადი განცხადების საფუძველზე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრავს მის პირად განცხადებას, საქართველოს პარლამენტს ავალდებულებს, პარლამენტის წევრის მიერ შესაბამისი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღოს ფორმალური პროცედურით, პოლიტიკური მიზანშეწონილობის შეფასების გარეშე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც საქართველოს პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების ნამდვილობის მიუხედავად, არ შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება.
5. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის, ფუნქციური მნიშვნელობისა და უმაღლესი ლეგიტიმაციის წყაროს გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის წევრთა უფლებების დაცვის კონკრეტულ საშუალებებს. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ექსკლუზიურად და ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობაც იწვევს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და მინიმუმამდე ამცირებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეციის ფარგლებს. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, თუკი წარმოშობილია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, მათ შორის, სუბიექტური მიზეზით, აუცილებელია, პარლამენტის წევრს შეუწყდეს მანდატი, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეექმნას პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, არ შეილახოს პარლამენტის, როგორც სახალხო სუვერენიტეტის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს საზოგადოებისადმი ნდობა.
6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი პარლამენტის წევრს აკისრებს მთელ რიგ ვალდებულებებს - მაგალითად, მას ეკრძალება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. ამავდროულად, იგი ვალდებულია, წარადგინოს ქონებრივი დეკლარაცია, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, პარლამენტის წევრს დაეკისროს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ, თუკი პარლამენტს ექნება უფლებამოსილება, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე არ შეუწყვიტოს პარლამენტის წევრს უფლებამოსილება, იგი პარლამენტის სავალდებულო წევრობის ბერკეტით საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევს. ამასთან, ამგვარი მიდგომა ზღუდავს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ იმ პირის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო თანამდებობის დაკავების თავისუფლების, პიროვნული განვითარების უფლებებს, რომელსაც აღარ სურს იყოს პარლამენტის წევრი. ამავდროულად, ამგვარი მიდგომით, პარლამენტის წევრი იძულებული ხდება, დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია (კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტი), რათა სხვა საფუძვლით შეუწყდეს მას უფლებამოსილება. აღნიშნული კი აზიანებს და აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მექანიზმს.
7. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №125-IVმს-Xმპ დადგენილება არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ არასაპატიო მიზეზით დარღვეულია მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ამავე კანონით განსაზღვრულია კონსტიტუციურ დავებზე მიმართვის ვადები საკონსტიტუციო სასამართლოს რიგ კომპეტენციებთან მიმართებით. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან. შესაბამისად, აღნიშნული ვადის დარღვევით წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №1581 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს პარლამენტის დადგენილებას მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე არ შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა 2021 წლის 2 თებერვალს და ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, იგი ამოქმედდა მიღებისთანავე. შესაბამისად, სადავოდ ქცეული დადგენილება ამოქმედდა 2021 წლის 2 თებერვლიდან და მისი კანონით დადგენილი ორკვირიანი გასაჩვრების ვადის ათვლაც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მომენტიდან დაიწყო. მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა 2021 წლის 23 მარტს, ზემოაღნიშნული დადგენილების კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. ამავდროულად, კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება რაიმე ისეთი გარემოება, რაც გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიო გარემოების არსებობაზე მიუთითებდა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მოსარჩელისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე არშეწყვეტის შესახებ სადავო დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე.
3. ამდენად, №1581 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 212 მუხლის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-40 მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1581 კონსტიტუციური სარჩელი („შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი