ა(ა)იპ „საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგა“ თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/715 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 17 ივნისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ივნისი 2016 18:11 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგა“ თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის N27.25.838 განკარგულებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის- „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ წესდების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტების სიტყვების „ან/და შერჩევითის“ და „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 19 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N715) მომართა ა(ა)იპ „საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგამ“. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2016 წლის პირველ თებერვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2016 წლის 17 ივნისს.
2. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის N27.25.838 განკარგულებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ წესდების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს მონიტორინგის სამსახურის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე ფუნქციებს, მათ შორის, სადავო ნორმების „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება, ჩაატაროს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ჰიგიენის, კვების, აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის, აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვის და შენობის არსებული სტანდარტების შესაბამისად მოწყობის, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის, სტანდარტების, ინკლუზიური მიდგომების დანერგვის და განხორციელების, ასევე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ფინანსური საქმიანობის, განხორციელებული და დაგეგმილი შესყიდვების გეგმიური ან/და შერჩევითი მონიტორინგი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამსახურში შემოსულ განცხადება/საჩივრებს და ამზადებს საპასუხო გადაწყვეტილების/წერილის პროექტებს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ხოლო, რაც შეეხება ამავე მუხლის მე-2 პუნქტს, მის საფუძველზე დაუშვებლად არის გამოცხადებული ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არავის არ აქვს უფლება, შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში, მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
6. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, რადგან „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მონიტორინგის სამსახურს საშუალებას აძლევს, შერჩევითობის პრინციპით, საკუთარი ნება-სურვილით სხვა პირთა მფლობელობაში არსებულ ობიექტში შევიდეს ამ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, სასამართლოს ნებართვის გარეშე და ჩაატაროს ჩხრეკა. მოსარჩელის განმარტებით, ამგვარი ჩხრეკის კანონიერება ეჭვის ქვეშ დგება, რადგანაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლს, ხოლო ამ არაკანონიერი ჩხრეკის შედეგად გამოვლენილი ე.წ. დარღვევებით ილახება კონსტიტუციის მე–17 მუხლით გარანტირებული პატივისა და ღირსების უფლება.
8. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტსაც, რადგან დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომლის არსებობასაც ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის ეს დანაწესი და რომელიც უშუალოდ დაარეგულირებდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს.
9. საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. მოსარჩელე ასევე შუამდგომლობს, პარლამენტმა მიიღოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონი“. სარჩელის შუამდგომლობების გრაფაში ასევე მითითებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესამუშავებელ სტრატეგიებსა და ნაბიჯებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/5/517 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ თავართქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. N715 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ დასახელებულია ა(ა)იპ „საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგა“, რომელიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 25 მაისს N01/01-374 წერილით მიმართა ა(ა)იპ „სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის“ თავმჯდომარეს მზია ფაილოძეს მათ მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის N715-ის დამატებითი და დაზუსტებული არგუმენტაციის წარმოდგენის შესახებ. პასუხად გამოგზავნილი 2016 წლის 13 ივნისის N01/07-40 წერილით ირკვევა, რომ ა(ა)იპ „საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგა“ არ მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს ან დაარღვევს უშუალოდ მათ უფლებებს, არამედ ის დავობს საკუთარი ორგანიზაციის ბენეფიციარების უფლებების შესახებ.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება იურიდიულ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის განსახილველად მისაღებად აუცილებელია იურიდიული პირი საკუთარ უფლებებზე დავობდეს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N715 შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №715 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგა“ თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი