საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების („მარიხუანის“) მოხმარებისთვის.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/12/785 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 15:05 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 29 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე და გიორგი შავლიაშვილი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №785). კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2016 წლის 30 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 ოქტომბერს.
2. №785 კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით – „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. №785 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის პირველი ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გურამ რეხვიაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვით, გურამ რეხვიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი - ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლსი მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, გურამ რეხვიაშვილს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით 2015 წლის პირველი ივნისის განაჩენი შეიცვალა და მსჯავრდებულ გურამ რეხვიაშვილის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. 2015 წლის 6 ნოემბერს გურამ რეხვიაშვილმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების საფუძველზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის პირველი ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განაჩენები. გურამ რეხვიაშვილი გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან და მოსახდელად განესაზღვრა ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად - 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გურამ რეხვიაშვილმა დამოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელისაგან გათავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
8. №785 კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
9. №785 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი პასუხისმგებლობა - თავისუფლების აღკვეთა, შესაძლოა იწვევდეს გაუმართლებელ ჩარევას პირის თავისუფლებაში.
10. საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
11. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად საქართველოს უზენაესი სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
3. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის N1221-რს კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა რიგი ცვლილებები, მათ შორის, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №785 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია.
4. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, №785 კონსტიტუციურ წარდგინებაზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს №785 კონსტიტუციურ წარდგინებაზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი