საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/9/772 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 14:39 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 17 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე და გიორგი შავლიაშვილი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №772). კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2016 წლის 17 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 ოქტომბერს.
2. №772 კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. №772 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და თორნიკე ყველაიძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვით, თორნიკე ყველაიძეცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 11 ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად - 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის განაჩენით თორნიკე ყველაიძეცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, თორნიკე ყველაიძეს განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. 2015 წლის 2 ნოემბერს მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების საფუძველზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც თორნიკე ყველაიძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ასევე მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული საპატიმრო სასჯელის შეცვლა არასაპატიმრო სასჯელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 30 მაისს შეაჩერა საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება და წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
8. №772 კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
9. №772 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი პასუხისმგებლობა - თავისუფლების აღკვეთა, შესაძლოა იწვევდეს გაუმართლებელ ჩარევას პირის თავისუფლებაში.
10. საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
11. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად საქართველოს უზენაესი სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2007 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს განხორციელდა რიგი ცვლილებები, მათ შორის, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ახლებურად მოწესრიგდა მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გასაღების ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების დისპოზიცია და სასჯელი.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №772 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია.
5. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, №772 კონსტიტუციურ წარდგინებაზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს №772 კონსტიტუციურ წარდგინებაზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი