შპს "შრომა" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/1514 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 15:26 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: შპს „შრომა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
ბ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1514) მომართა შპს „შრომამ“. №1514 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2020 წლის 26 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1514 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, „გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი“. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დასახელებული თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით კი განმტკიცებულია სასამართლოსთვის მიმართვის კონსტიტუციური უფლება.
5. №1514 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, შპს „შრომა“ ვალდებულია, გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადებასთან ერთად, სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს 5 000 ლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში საწარმოს რეაბილიტაციის შესაძლებლობა იმდენად, რამდენადაც იგი იძულებული ხდება, განცხადებით მოითხოვოს გაკოტრება. ამ უკანასკნელი წარმოების დროს კი მას არ გააჩნია შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საწარმო და, მაგალითად, იდაოს დავალიანებათა ოდენობაზე.
6. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს გააჩნია უძრავი ქონება, თუმცა არ შეუძლია 5 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა, სადავო ნორმებით ივარაუდება, რომ საწარმოს არ გააჩნია კრედიტორთა დაკმაყოფილების პოტენციალი. მისი პოზიციით, მსგავსი მიდგომა თავად კანონის მიზანს ეწინააღმდეგება, რომელსაც, მათ შორის, მოვალისა და კრედიტორ(ებ)ის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისთვის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5 000 ლარის განთავსების დავალდებულება ზღუდავს სასამართლოსთვის მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას. ამავდროულად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასახელებული თანხის არარსებობის გამო, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას რეაბილიტაციის პროცედურის წარმართვის შესაძლებლობის შეზღუდვა განაპირობებს დისკრიმინაციულ მოპყრობას მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ.
8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
9. მოსარჩელე შუამდგომლობს საქმეზე სპეციალისტის მოწვევასა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1514 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. აგრეთვე, სადავოა ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2020 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმადაც, ამ კანონის სრულად ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი კი, მისი 123-ე მუხლის თანახმად, სრულად ამოქმედდა 2021 წლის 1 აპრილს. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა ნორმის ძველი კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1514 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ძალადაკარგულია.
5. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
6. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1514 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1514 კონსტიტუციურ სარჩელზე („შპს „შრომა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი