საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/17/809 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ნოემბერი 2016 18:21 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი- სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე- წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მერვე პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №809) მიმართა საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 22 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს.
2. №809 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს. ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განისაზღვრება პროკურორის უფლებამოსილება, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან დოკუმენტის შენახვის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში გამოძიების ადგილის მიხედვით მიმართოს სასამართლოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ხოლო იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება , რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“ .
5. №809 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2015 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელე ტიტიკო ჩორგოლიანის ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა ახალციხის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოფაილების გამოთხოვის თაობაზე. სარჩელზე თანდართული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსის 2015 წლის 30 სექტემბრის №შ/3309-15წ წერილიდან ირკვევა, რომ სასამართლომ არც კი იმსჯელა დაცვის მხარის შუამდგომლობის თაობაზე. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ პროკურორია ამგვარი შუამდგომლობის დაყენებისათვის უფლებამოსილი პირი.
6. მოსარჩელის მითითებით, დაცვის მხარე უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საპროცესო მოქმედების - ჩხრეკა/ამოღების ჩატარების შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე და ამ გზით მოიპოვოს სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი დაცვის მხარეს ავალდებულებს, მისი შუამდგომლობით ამოღებული მტკიცებულება პირველადი გამოკვლევისთვის გადასცეს ბრალდების მხარეს. მათ შორის საკუთარი თავის საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც. აღნიშნული დებულება კი პოტენციურ საფრთხეს შეიცავს, დაარღვიოს მომჩივნის თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული სასამართლოს განჩინება პროკურორს აძლევს შესაძლებლობას, მათ შორის, მომსახურების მომწოდებლისგან, გამოითხოვოს კომპიუტერულ სისტემაში შენახული სისხლის სამართლის საქმისთვის მნშვნელოვანი ინფორმაცია/დოკუმენტი. თუმცა მომსახურების მომწოდებლის გარდა სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია შესაძლებელია ინახებოდეს კერძო პირების კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერული მონაცემების შესანახ საშუალებაში, რომლებიც ასევე ექცევიან სადავო ნორმის რეგულირების სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ არ უზრუნველყოფენ მომხმარებლებს შესაძლებლობით, ურთიერთობა განახორციელონ კომპიუტერული სისტემის საშუალებით. ასევე, არ ამუშავებენ ან არ ინახავენ კომპიუტერულ მონაცემებს ამგვარი საკომუნიკაციო მომსახურების ან ასეთი მომსახურების მომხმარებლის სახელით. ისინი, უბრალოდ, კომპიუტერულ სისტემაში (მაგალითად, პერსონალურ კომპიუტერში) ინახავენ სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ასეთ შემთხვევაში სადავო ნორმის რეგულირების სფეროს ობიექტია ინფორმაციის/დოკუმენტის ელექტრონული ფორმა. ამასთანავე, თუკი სადავო ნორმას საპროცესო კოდექსის სხვა ნორმებთან შედარებით კონტექსტში განვიხილავთ, სასამართლოს მიერ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული განჩინება მიემართება მხოლოდ მომსახურების მომწოდებელს და მხოლოდ მისთვის არის სავალდებულო შესასრულებლად.
8. მოსარჩელის განმარტებით, ნორმის გამოყენების განვითარებული პრაქტიკის მიხედვით, თუ დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მისი პოზიციისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერული მონაცემის შესანახ საშუალებაში, მან შუამდგომლობით უნდა მიმართოს პროკურორს. მოსარჩელის მტკიცებით, ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია ის საკანონმდებლო რეგულირება, როდესაც ბრალდების მხარის კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის საფუძვლიანობას ამოწმებს სასამართლო, იმავე შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების უფლებამოსილება გააჩნდეს პროკურორს და ეს უკანასკნელი წყვეტდეს, მიმართავს თუ არა სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობით. აღნიშნული ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან პრინციპებს. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ ჩხრეკისა და ამოღების შემთხვევაში კანონი პირდაპირ ადგენს დაცვის მხარის უფლებამოსილებას, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვა, საგამოძიებო მოქმედება კი ამოღების კერძო შემთხვევად უნდა განვიხილოთ.
9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამგვარი პრაქტიკა უხეშად არღვევს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, ვინაიდან პროკურორი გვევლინება დაცვის მხარის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძვლიანობის შემფასებლად და, საბოლოოდ, მისი გადასაწყვეტია, მიმართავს თუ არა სასამართლოს შუამდგომლობით, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის პროცესში მხარეები სარგებლობენ, მინიმუმ თნაბარი, ფორმალური უფლებამოსილებით, ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედება, მოიპოვონ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.
10. სარჩელის თანახმად, გარდა ეფექტური გამოძიების განხორიცელებისა, დაწესებული შეზღუდვის მიზნად შესაძლოა ასევე განვიხილოთ მესამე პირთა უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის პრევენციაც, თუმცა შეზღუდვის დაწესების გამამართლებელი ლეგიტიმური მიზნის არსებობის მიუხედავად, სადავო ნორმა არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. კერძოდ, უფლების შეზღუდვის ინტესივობა არ არის მიზნის მიღწევის პროპორციული. მოცემულ შემთხვევაში ბლანკეტური, აბსოლუტური ხასიათის აკრძალვა არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლისს, გარდა პრაქტიკით დადგენილისა. ამასთან შეზღუდვა არ არის დაბალანსებული კანონმდებლობით პირდაპირ გაწერილი რაიმე საპირწონე უფლებით, რომელიც გაამართლებდა დაწესებულ შეზღუდვას და მთლიან სამართალწარმოებას გახდიდა სამართლიანს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
12. მოსარჩელის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, დაცვის მხარეს ევალება, ბრალდების მხარეს პირველადი გამოკვლევისთვის გადასცეს მისი შუამდგომლობით ამოღებული, მისივე ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კერძოდ, ის არღვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებით გარანტირებულ უფლებრივ კომპონენტებს: შეჯიბრებითობის და თანასწორობის, ასევე ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრინციპებს.
13. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტი უფრო ფართოდ უნდა განიმარტოს და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების გარდა, მის დაცვის სფეროში უნდა მოექცეს ბრალდების მხარისთვის საკუთარი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა სახის მტკიცებულების გადაცემისგან თავის შეკავების უფლებაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა სისხლის სამართლის პროცესი აღარ არის ინკვიზიციური და მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, გადაწყვიტოს რომელ მტკიცებულებას წარადგენს სასამართლოში და დააფუძნებს საკუთარ სტრატეგიას.
14. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ბრალდების მხარისთვის დაცვის მხარის შუამდგომლობით მოპოვებული მტკიცებულების პირველადი გამოკვლევის უფლების დაკანონებამ წარმოშვა ახალი უთანასწორობა და ბრალდების მხარეს მიანიჭა დაუსაბუთებელი პრივილეგია. სადავო ნორმა კი ახდენს დაცვის მხარის უფლების ბლანკეტურ შეზღუდვას, მხოლოდ ბრალდების მხარეს ანიჭებს რა მეორე მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების პირველადი გამოკვლევის უფლებას.
15. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა იწვევს მხარეთა არსებით უთანასწორობას, გაუმართლებელი იქნება მხარეთა თანასწორობის აღდგენა დაცვის მხარისთვის ანალოგიური უფლების მინიჭების გზით, რადგან, თავის მხრივ, შეჯიბრებითობის პრინციპის განმტკიცების მიზნის მიღწევის საშუალება (სადავო ნორმა) გვევლინება სხვა ფუნდამენტური პრინციპის მზღუდავ გარემოებად, რაც გულისხმობს იმას, რომ დაცვის მხარესაც რომ მიეცეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების პირველადი გამოკვლევის უფლება, მიუხედავად მხარეთა თანასწორობის აღდგენისა, დარჩება თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრინციპის დარღვევის საფრთხე. დაცვის მხარე მაინც იქნება ვალდებული ბრალდებას გადასცეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-8 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №809 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №809 („საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა