საქართველოს მოქალაქეები - დავით სილაგაძე, ლიანა დარსანია და ეკატერინე წოწონავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/3/301 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 23 მარტი 2003 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 1 იანვარი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძის (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
ვახტანგ გვარამია;
იაკობ ფუტკარაძე;
ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ: მოსარჩელეები – დავით სილაგაძე, ლიანა დარსანია და ეკატერინე წოწონავა, მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი იოსებ ლომაშვილი და მოწმეები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები - ნაზი ვეკუა და მურთაზ ქავზინაძე,
განიხილა საქმე: ,,საქართველოს მოქალაქეები - დავით სილაგაძე, ლიანა დარსანია და ეკატერინე წოწონავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
დავის საგანი: ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე" 2003 წლის 31 დეკემბრის საქართველოს კანონის (კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალში 47-ე მუხლის გამორიცხვით) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს მოქალაქეების – დავით სილაგაძის, ლიანა დარსანიასა და ეკატერინე წოწონავას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2004 წლის 20 აგვისტოს (რეგისტრაციის №301). კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტს, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტს და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტს, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, მე-10 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-15 მუხლს.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მუშაობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს კონსულტანტებად. ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონით მოხდა ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების ლიკვიდაცია და ისინი დაექვემდებარნენ განთავისუფლებას.
მოსარჩელეთა აზრით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე” 2003 წლის 31 დეკემბრის კანონით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 32-ე მუხლით გარანტირებული მათი შრომითი უფლებები. ისინი თვლიან, რომ სადავო ნორმატიული აქტით დადგენილმა წესმა მოუსპო როგორც კუთვნილი დანამატების, ისე ადრინდელი სახელფასო დავალიანებების მიღების უფლება. უფრო მეტიც, მათ ვერ მიიღეს სამსახურიდან განთავისუფლების გამო კუთვნილი ორთვიანი გამოსასვლელი დახმარება, რაც ადამიანის არსებობის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა. ამას კი ადგილი აქვს იმ ვითარებაში, როცა შეიმჩნევა საბიუჯეტო სახსრების ზრდის ტენდენცია. სახელმწიფო მათი განთავისუფლების ხარჯზე ხელფასებს უზრდის საჯარო სამსახურის ცალკეულ მოხელეებს. შრომითი უფლებებისადმი ასეთი დამოკიდებულებით ირღვევა შრომის ანაზღაურების სამართლიანობის პრინციპი, რომლის შესრულებასაც ითვალისწინებს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ არ ჰქონდათ იმედი, 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ნორმები, რომელთა ჩამონათვალსაც შეიცავს სადავო კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, ამოქმედდებოდა დათქმულ ვადაში, კერძოდ, 2005 წლის პირველი იანვრიდან (მისი ამოქმედება მანამდეც ბევრჯერ გადადებულა). სწორედ ამის გამო მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავიანთი უფლებების დასაცავად. ვინაიდან გამართლდა მათი ვარაუდი, ისინი თვლიან, რომ სადავო კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს არა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, არამედ 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის ანალოგიური შინაარსის მქონე ნორმის, კერძოდ, მისი პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე.
აღნიშნულ გარემოებათა გამო, მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს.
მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და სადავო ნორმები არ უნდა ცნოს სასამართლომ არაკონსტიტუციურად. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვები დროებით ხასიათს ატარებს და მოსარჩელეთა უფლებების გაუქმება კანონმდებლის მიზნებში არ შედის. ვინაიდან მიმდინარე წლის ბიუჯეტში ვერ მოხერხდა სათანადო თანხების მობილიზება, კიდევ ერთი წლით გადაიდო მოსარჩელეების მიერ კუთვნილი თანხების მიღება. კონსტიტუციურ სარჩელში ისინი არსად არ აღნიშნავენ, რომ მათ არ ჰქონდათ სამართლიანი ხელფასი, ანდა მათი შრომის ანაზღაურება იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ამას ადგილი აქვს სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიმართ. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენლის აზრით, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომელიც ადგენს შრომითი უფლებების დაცვას, შრომის სამართლიან ანაზღაურებას. რაც შეეხება კონსტიტუციის 32-ე მუხლს, იგი უზრუნველყოფს უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, რაც ცალკე კანონმდებლობით წესრიგდება და უშუალო კავშირში არ არის სასარჩელო მოთხოვნასთან.
მოწმეებმა სასამართლოს მოახსენეს, რომ მოსარჩელეთა უფლებების დაკმაყოფილების გადავადება არ არის სახელმწიფოს სწორი გადაწყვეტილება. უფლება, რომელიც მინიჭებული აქვს ადამიანს, დაცულია კონსტიტუციით და უნდა შესრულდეს. მაგრამ რადგანაც 2005 წლისათვის აღნიშნული უფლებების დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო რამდენიმე ათეულობით მილიონი ლარი, ამიტომ მოხდა ამ თანხების გაცემის გადავადება მომავალი წლისათვის. არსებული მონაცემებით, ყოველი წლის განმავლობაში ხდება მოსარჩელეების უფლებათა დაკმაყოფილების გადავადება. სახელმწიფოს შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება 2006 წლის ბიუჯეტის განსაზღვრაც და თუ როგორ გადანაწილდება თანხები, ამაზე პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. მათი აზრით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, რადგან დიდ თანხებზეა საუბარი, დასაფარი იქნება წინა წლით გათვალისწინებული თანხებიც, რომელთა გაცემა შეჩერებულია. ეს კი სერიოზულად შეუშლის ხელს ეკონომიკის განვითარებას, ბიუჯეტში იქნება სერიოზული გარღვევა, რადგან ყველა თანხა უკვე გაწერილია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის შედეგად გააანალიზა კონსტიტუციური სარჩელის მონაცემები, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლები, მოწმეთა ჩვენებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამის შედეგად დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
I. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის პროცესში გაჩნდა დავის საგნის დაზუსტების აუცილებლობა. დავის საგანს კი საოქმო ჩანაწერის თანახმად წარმოადგენს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე" 2003 წლის 31 დეკემბრის საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა (კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალში 47-ე მუხლის გამორიცხვით) საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით. კერძოდ, სადავოა აღნიშნული კანონის (ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი, რომლის საფუძველზეც 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის 134¹ მუხლი: '2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კონპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად" და (ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 137-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: 'ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე და 47-ე მუხლების, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა (გარდა 'საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2005 წლის 1 იანვრამდე".
სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 2004 წლის 29 დეკემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მისი ამოქმედება გადაიდო 2006 წლის 1 იანვრამდე. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა იხელმძღვანელეს რა 'საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, შეცვალეს დავის საგანი 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით და დაზუსტებული სახით მოითხოვეს 2004 წლის 29 დეკემბრის აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის – ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 137 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მის ჩამონათვალში 47-ე მუხლისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზუსტებული სახით, სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს (ა) 'საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე" 2003 წლის 31 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის – ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 134¹ მუხლის და (ბ) 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის – ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა (ამ პუნქტის ჩამონათვალიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით) საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით.
II. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა (ა) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე 2003 წლის 31 დეკემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის – ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1341 მუხლის და (ბ) 'საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალში ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითების არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში. საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარუდგინეს სასამართლოს ჯეროვანი მტკიცებულებანი მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, კერძოდ, ვერ აჩვენეს ის, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1341 მუხლით მათი უფლებები. მოსარჩელეებმა სასამართლოს ვერ აუხსნეს, თუ რას ნიშნავს 'საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი", რომელთან კავშირშიც განიხილავენ ისინი თავიანთ უფლებებს. ასეთ ვითარებაში ლოგიკას მოკლებული უნდა იყოს მოსარჩელეთა მხრიდან მათი უფლებების შელახვის დაკავშირება აღნიშნულ ნორმასთან. ყოველივე ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ კონსტიტუციური სარჩელი აღნიშნულ დავის საგანთან დაკავშირებით მოკლებულია სათანადო დასაბუთებას (მტკიცებულებას). იგივე უნდა ითქვას ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალში ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებასთან დაკავშირებითაც. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის წერილობითი დოკუმენტებით) არ დასტურდება, რომ ამ პუნქტთან მიმართებით დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მათი უფლებები.
III. 1. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი _ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამ პუნქტის ჩამონათვალიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 47-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს. შრომითი უფლებების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება კონსტიტუციის ერთ-ერთი პრინციპული მოთხოვნაა. სადავო აქტი უსამართლოდ უჭიანურებს და ამ გზით ფაქტობრივად ართმევს მოქალაქეებს იმ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც აუცილებელია, მათი, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრების არსებობისათვის. სადავო აქტი, სხვა უფლებებთან ერთად, მათ არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სამსახურიდან გათავისუფლებისას მიიღონ კუთვნილი ორი თვის თანამდებობრივი სარგო. მოსარჩელეთა უფლებებისადმი ასეთი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის, შრომითი უფლებები. პროცესზე მოწვეულ მოწმეთა ჩვენებებიდანაც გამოჩნდა, რომ 'სახელმწიფო ბიუჯეტის" შედგენისას შრომის ანაზღაურებისადმი ამგვარი დამოკიდებულება სახელმწიფოს მნიშნელოვან მოვალეობას წარმოადგენს.
სადავო აქტის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ის, რომ შრომითი უფლებების დაცვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების განსაკუთრებული ყურადღების საგანს შეადგენს. ადამიანის უფლებათა საყოვლთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, შრომითი უფლებების დაცვა და სამართლიანი გასამრჯელოს მიღების უფლება ყოველი ადამიანის ღირსეული არსებობის მნიშნელოვანი პირობაა. "ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი" შრომის სამართლიან ანაზღაურებას მიიჩნევს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობების სერიოზულ გამოვლინებად.
2. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ, როგორც საქმეში არსებული მასალებიდან ჩანს, 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედება მისი მიღებიდან დღემდე ცხრაჯერ გადადებულა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტისათვის სადაო აქტის ამოქმედებამდე, დიდი დრო აღარ იყო დარჩენილი, მოსარჩელეებს მაინც საეჭვოდ მიაჩნდათ 2005 წლის 1 იანვრიდან მისი ამოქმედება, რაც მართლაც გამართლდა და 2006 წლის 1 იანვრისათვის გადაიდო იგი.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მართალია კანონმდებელს უფლება აქვს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით შეაჩეროს ნორმატიული აქტის მოქმედება, მაგრამ ეს არ უნდა ღებულობდეს უსასრულოდ პერმანენტულ ხასიათს და არ უნდა იქცეს კანონის ამოქმედების პრინციპად. კანონის მოქმედებისადმი ასეთი დამოკიდებულება მოსარჩელეებს აყენებს უსასრულოდ გაურკვეველ მდგომარეობაში, უარყოფითად აისახება კანონის ავტორიტეტზე და ხელს უწყობს მოქალაქეთა მხრიდან მის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ამგვარი მიდგომით ეჭვის ქვეშ დგება არა მარტო უფლების რეალიზაცია, არამედ თვით ამ უფლების არსებობაც. ასეთ ვითარებაში უფლებები ფიქტიურ ხასიათს იძენენ და შინაარსგამოცლილი ხდებიან. გარდა ამისა, როგორც შენიშნავენ მოსარჩელეები, ნებისმიერი კანონის მოქმედების უსაფუძვლოდ გაუთავებელი შეჩერება-გადავადება ბღალავს კანონის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებაში ამკვიდრებს განუკითხაობის შეგრძნებას. მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ მოსარჩელეთა უფლებებისადმი ასეთი მიდგომა არ არის სახელმწიფოს სწორი გადაწყვეტილება.
3. ყოველივე აღნიშნული მიგვანიშნებს იმაზე, რომ ნორმატიული აქტის მიღებისას კანონმდებელი ვალდებულია სწორად განსაზღვროს მისი მოქმედების სავარაუდო შედეგები. კანონმდებლის პროგნოზი ამ თვალსაზრისით უნდა იყოს დასაბუთებული და გამართლებული, რათა ადგილი არ ჰქონდეს კანონის ამოქმდების ხშირად გადავადებას და ადამიანის უფლებათა მარტოოდენ დეკლარირებას. კანონმდებლის მხრიდან საკანონმდებლო პროცესისადმი ასეთი დამოკიდებულება მიჩნეული უნდა იქნეს მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ვალდებულებად. ამ პროცესში ნორმატიული აქტის ფინანსური დასაბუთება საკანონმდებლო საქმიანობის ერთ-ერთი სერიოზული გარემოებაა. 'ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 30-ე მუხლის თანახმად, 'ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება... იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა)". ამდენად, კანონი ფინანსური კუთხითაც შესრულებადი უნდა იყოს. სადავო ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით ისეთი სურათი იქმნება, რომ ფინანსური შედეგების კუთხით იგი შეცნობადი ხდება არა მისი ამოქმედების ვადის განსაზღვრისას, არამედ ამოქმედების ვადის მოახლოებისას. ეს კიდეც დადასტურდა მოწმის ჩვენებით. სასამართლოს შეკითხვაზე, ამოქმედდება თუ არა 2006 წლიდან სადავო აქტი, მოწმემ აღნიშნა: 'ამის პასუხს ვერ მოგცემთ ვერც მე და ვერც ფინანსთა სამინისტოს ნებისმიერი თანამშრომელი, რადგან წინანსწარ თანხები როგორ გადანაწილდება არავინ იცის".
4. მოსარჩელეები უსამართლოდ მიიჩნევენ იმ ვითარებას, რომ სადავო აქტის ამოქმედების გადავადება მოხდა მაშინ, როცა შეიმჩნევა საბიუჯეტო სახსრების მატების ტენდენცია. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა ხელფასების ზრდის საერთო ფონზე მიუღებელია ის ვითარება, როცა მოსარჩელეები და მათი კატეგორიის ადამიანები, სამუშაოდან გათავისუფლებისას გამოსასვლელ დახმარებასაც კი ვერ ღებულობენ. ადამიანის უფლებებისადმი ასეთი მიდგომა არ შეესაბამება სახელმწიფოს სოციალურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ნებისმიერი მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. 'სოციალური პოლიტიკის მიზნებისა და ნორმების შესახებ" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 117-ე კონვენციის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია: 'ნებისმიერი პოლიტიკა უწინარეს ყოვლისა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მიღწეულ იქნეს მოსახლეობის კეთილდღეობა და განვითარება, აგრეთვე ხელი შეუწყოს მის სწრაფვას სოციალური პროგრესისაკენ". ამ პოლიტიკის მნიშნელოვანი გამოხატულებაა ადამიანის შრომითი უფლებების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება.
5. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო აქტით ასევე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლიც. ამ მუხლის პრინციპული დებულებაა ის, რომ 'სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში". ეს კი გულისმხობს არა მარტო უმუშევრის სტატუსის განსაზღვრა-მოწესრიგებასა და სამუშაოს პოვნაში რეალურ დახმარებას, არამედ სამუშაოდან დათხოვნის დროიდან კუთვნილი კომპენსაციის, კერძოდ, 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოსასვლელი დახმარების _ ორთვიანი თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებასაც. ეს დახმარება წარმოადგენს მოქალაქეთა დასაქმების, ანუ სამუშაოს პოვნის ერთ-ერთ წინაპირობას იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანმა თავი გაიტანოს და არსებობა შეინარჩუნოს. მოსარჩელის სიტყვებით რომ ვთქვათ, აღნიშნული დახმარება უმუშევრად დარჩენილი მოხელის დასაქმებაში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის პირველადი ღონისძიებაა, ვინაიდან უმუშევრის სატატუსის მიღებასა და შესაბამისი შემწეობის დანიშვნას საკმაო დრო სჭირდება.
6. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების ვადის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მოპასუხის წარმომადგენლისა და მოწმის აზრი, რომ თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელეთა მოთხოვნას, მის აღსრულებას გარკვეული დრო დასჭირდება, ვინაიდან მიმდინარე წლის ბიუჯეტში ხარჯები უკვე გაწერილია.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლივად გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
I. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების _ დავით სილაგაძის, ლიანა დარსანიასა და ეკატერინე წოწონავას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი _ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამ პუნქტის ჩამონათვალიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით).
II. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი _ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამ პუნქტის ჩამონათვალიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 47-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით) იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
III. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის I და II პუნქტები აღსრულდეს არა უგვიანეს 2006 წლის 1 იანვრისა.
IV. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების _ დავით სილაგაძის, ლიანა დარსანიასა და ეკატერინე წოწონავას სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე" 2003 წლის 31 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის – ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1341 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით.
V. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
VI. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
VII. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
VIII. გადაწყვეტილება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის შემადგენლობა
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი