ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/5/1528 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ივლისი 2021 18:42 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1528) მომართა საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ფიფიამ. №1528 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 25 ივლისს. №1528 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს.
2. №1528 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას, თუ განათლება უცხოეთში დისტანციური ფორმითაა მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისტანციური ფორმით განათლება მიღებულია შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის (შემდგომში - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით კი, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ–მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
5. №1528 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ფლობს საქართველოში მიღებულ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ხოლო გერმანიაში მიღებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მოსარჩელის მითითებით, მას სურვილი გააჩნია, უცხოეთში კვლავ მიიღოს უმაღლესი განათლება დისტანციური ფორმით (მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში), მაგრამ სადავო ნორმების საფუძველზე, მის მიერ დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება საქართველოში არ მოხდება.
6. მოსარჩელის განმარტებით, უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, ზოგადად, დასაშვებად მიიჩნევს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას დისტანციური ფორმით. შესაბამისად, დისტანციური ფორმით საქართველოში განათლების მიმღებ პირებს არ გააჩნიათ თავიანთი კვალიფიკაციის ცნობის, მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების პრობლემა. საპირისპიროდ, დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიმღებ პირებს საქართველოს კანონმდებლობა დისკრიმინაციულად ყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამა თუ იმ ქვეყნისათვის კუთვნილების ნიშნით და პირები, რომლებმაც იმავე დისტანციური ფორმის განათლება მიიღეს უცხოეთში, მათ შორის, საქართველოდან უცხოეთში, მოკლებული არიან მიღებული განათლების საქართველოში აღიარების შესაძლებლობას. ამგვარად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უცხოეთში დისტანციური ფორმით განათლებამიღებულ პირებს სახელმწიფო ეპყრობა დიფერენცირებულად, ერთი მხრივ, საქართველოში დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიმღებ პირებთან და, მეორე მხრივ, უცხოეთში არადისტანციური ფორმებით უმაღლესი განათლების მიმღებ პირებთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამგვარი განსხვავებული მოპყრობის მიმართ სახელმწიფოებრივი ინტერესი და მას დისკრიმინაციული ხასიათი გააჩნია.
7. მოსარჩელის არგუმენტაციით, დისტანციური სწავლება საქართველოში დღესდღეობით გავრცელებულ უმაღლესი განათლების სწავლების ფორმათაგან ერთ-ერთია, აუდიტორულ სწავლებასთან ერთად. ამასთან, მსოფლიოში დისტანციური სწავლება განათლების მიღების ერთ-ერთ თანამედროვე ფორმას განეკუთვნება. დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარებასთან (კვალიფიკაციის ცნობასთან) ან კრედიტების დაგროვებასთან (აღიარებასთან) დაკავშირებით კი, არ არსებობს რაიმე განსხვავებული მოწესრიგება. საპირისპიროდ, სადავო ნორმების საფუძველზე, შეუძლებელია უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება, მაშინაც კი, როდესაც დაკმაყოფილებულია პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკანონმდებლო წინაპირობები (მაგ., საგანმანათლებლო დოკუმენტი გაცემულია იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში; აღნიშნული დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც დოკუმენტის გამცემი დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას; დადგენილია უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობა). ამგვარად, სადავო ნორმები გამორიცხავს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესაძლებლობას, რომელიც საქართველოში დასაშვებად, საერთაშორისოდ აღიარებულად და პერსპექტიულადაა მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება განათლების ფორმის არჩევის უფლებას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №1528 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. გასაჩივრებული ნორმებით დადგენილია, რომ ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისტანციური ფორმით განათლება მიღებულია შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ერთი მხრივ, იმ პირებს შორის, რომლებმაც უცხოეთში დისტანციური ფორმით მიიღეს განათლება და, მეორე მხრივ, საქართველოში დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიმღებ პირებთან ან/და უცხოეთში არადისტანციური ფორმებით უმაღლესი განათლების მიმღებ პირებთან მიმართებით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
6. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას. სხვაგვარად, გასაჩივრებული რეგულაცია უნდა მიემართებოდეს და გამოკვეთდეს პირთა იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად წრეს და ადგენდეს შესადარებელ პირებს ან პირთა ჯგუფებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის №2/3/795 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად იქნება მიჩნეული.
7. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები წარმოადგენს უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების წესის ნაწილს, რომელიც მხოლოდ იმ ფაქტის დეკლარირებით ამოიწურება, რომ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება სახელმწიფოს მხრიდან არ აღიარდება. გასაჩივრებული ნორმები საქართველოში განათლების აღიარებას არ უკავშირებს თავად ამ განათლების მიმღები პირის სტატუსს, მას გააჩნია გენერალური მოქმედების ეფექტი ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს, რომ უცხოეთში მიიღოს დისტანციური ფორმით განათლება. სადავო ნორმით დადგენილი სამართლებრივი შედეგები უკავშირდება თავად განათლების ტიპს და არა განათლების მიმღებ პირებს.
8. თითოეულ პირს გააჩნია თავისუფალი არჩევანი, გადაწყვიტოს, სად და რა ფორმით მიიღებს სასურველ განათლებას. კერძოდ, ნებისმიერ პირს გააჩნია შესაძლებლობა, თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოში მიიღებს განათლებას თუ უცხოეთში, დისტანციური თუ აუდიტორული სწავლების ფორმით. ამავე დროს, ხსენებული არჩევანის სამართლებრივი შედეგები ერთნაირია ნებისმიერი პირის მიმართ.
9. ხსენებულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადავო კანონმდებლობა წარმოშობს განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს, პირთა თავისუფალი არჩევანით განპირობებულ, სხვადასხვა სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ქმედებების განხორციელებისათვის. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი სამომავლოდ გეგმავს საზღვარგარეთ დისტანციური განათლების მიღებას. ნებისმიერ პირი, რომელიც მსგავს არჩევანს გააკეთებს, აღმოჩნდება მოსარჩელის მსგავს უფლებრივ რეჟიმში. შესაბამისად, არ არსებობს მყარად იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი პირთა რომელიმე ჯგუფი, რომელთან მიმართაც განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებაზეც მიუთითებდა მოსარჩელე. ამგვარად, სადავო ნორმებით დადგენილი წესი ნეიტრალური შინაარსისაა პირთა ნებისმიერი წრის მიმართ და მათ საფუძველზე ადგილი არ აქვს პირთა მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას.
10. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, სხვადასხვა ფორმით მისაღები უმაღლესი განათლების აღიარების მიმართ სხვდასხვა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა რაიმე ფორმით, თუნდაც ირიბად, მიმართულია გარკვეული კატეგორიის პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებისკენ. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოჩენილი ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და სამართლის თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას შორის.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, №1528 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1528 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1528 კონსტიტუციური სარჩელი („ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებულ არსებითად განსახილველად №1528 კონსტიტუციური სარჩელი („ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი