საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ კირვალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/488 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 3 დეკემბერი 2010 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ კირვალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 529-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №488) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ კირვალიძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2010 წლის 28 ივნისის საოქმო ჩანაწერით, №488 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 529-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის გარეშე მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით“.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2009 წლის 4 მარტის განაჩენით, ბრალდებულ ნიკოლოზ კირვალიძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს ეს განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ნ. კირვალიძე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 543-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვდა სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით განხილვას და კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ოდენობის დანიშვნას. ამასთანავე, მოსარჩელემ წერილობითი განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საჩივრის მისი უშუალო მონაწილეობით განხილვა. ასევე, მან აცნობა სასამართლოს, რომ პროკურატურას სთხოვდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
2009 წლის 5 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 529-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სააპელაციო საჩივარი და რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა.
4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით, მას დაერღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობასაც მოიცავს.
მოსარჩელის აზრით, აღნიშნული კონსტიტუციური უფლება არ გულისხმობს სასამართლოსათვის მხოლოდ მიმართვას. მიმართვის უფლება არსებითად მოიცავს ახალი სასამართლო გამოძიების უფლებას და პროცესის სხვა სტადიების გავლას. სამართლიანი სასამართლოს უფლება, სასამართლო პროცესის შემადგენელი სტადიებისგან (მოსამზადებელი სტადია, სასამართლო გამოძიება, მხარეთა კამათი, საბოლოო სიტყვა ... ) მოწყვეტით, ვერ იარსებებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის რეალიზებისთვის საჭიროა, საქმემ გაიაროს პროცესით გათვალისწინებული ყველა სტადია, რაც აპელანტს მისცემს უფლებას, სრულად და ყველა ეტაპზე ისარგებლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საშუალებებით და უფლებებით (მათ შორის, დაცვის უფლებით). მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის დასაბუთებისათვის მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის №2/6/264 გადაწყვეტილებაზე („შ.პ.ს. „უნისერვისი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გამო, მას წაერთვა შესაძლებლობა, გააკეთოს განცხადებები, დააყენოს აცილების საკითხი, წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები და ახალი არგუმენტები, გაზარდოს საჩივრის მოთხოვნა, გამოვიდეს დაცვითი და საბოლოო სიტყვებით და ისარგებლოს დამცველის მომსახურებით. შესაბამისად, მას შეეზღუდა სააპელაციო საჩივრის განხილვის უფლება და სააპელაციო განხილვა (სასამართლოსადმი მიმართვა) გახდა ფორმალური.
6. სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
მოსარჩელის აზრით, დაცვის უფლება არ უკავშირდება პროცესის რომელიმე ცალკეულ სტადიას და დასაცავი პირის სტატუსს. დაცვის უფლება, განმარტებული უნდა იქნეს ერთი დონის შესაძლებლობად პროცესის ყველა სტადიაზე. ის თანაბრად სჭირდება როგორც განსასჯელს, ისე - აპელანტს.
ნიკოლოზ კირვალიძე თვლის, რომ სადავო ნორმის მოქმედების გამო, მას არ მიეცა გონივრული, საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა ესარგებლა დამცველის მომსახურებით, მიეღო მისგან კონსულტაცია, მოემზადებინა დაცვა, სასამართლოსთვის წარედგინა დაცვისთვის საჭირო მტკიცებულებები და არგუმენტაცია, დაეცვა თავი თვითონ ან/და ადვოკატის მეშვეობით. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გამო, მას აგრეთვე არ მიეცა შესაძლებლობა, დაედო საპროცესო შეთანხმება ბრალდების მხარესთან, მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი წინა პირობები არსებობდა. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის №2/3/182,185,191 გადაწყვეტილებაზე („საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშერიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უხეშ დარღვევას წარმოადგენს აგრეთვე სადავო ნორმის ის დებულება, რომელიც ზღუდავს სააპელაციო სასამართლოს, შეამციროს სასჯელი ერთ მეოთხედზე მეტი ვადით და გაამართლოს პირი.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ კანონიერი მიზნის არსებობისა და უფლებაში თანაზომიერი ჩარევის შემთხვევაში, რასაც სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №488 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო აქტს წარმოადგენს 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს კანონის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 529-ე მუხლის მე-6 ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების დროს, სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა.
1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მათ შორის, მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმა 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 329-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან.
შესაბამისად, საქმის არსებითად განხილვის დროისთვის, სადავო ნორმა გაუქმებულია და ძალა აქვს დაკარგული.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №488 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე №488 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ კირვალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე