საქართველოს მოქალაქე - გიორგი ზედაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/10/376 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 5 მაისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე – გიორგი ზედაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით (1) მე-5 მუხლი ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს 2002 წლის 5 დეკემბრის კანონის დანართისა - ,,ზოგადი შენიშვნები საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების I, II, III, IV და V სიებზე”, (2) საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული ,,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის” ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში ბუპრენორფინის შეტანა (№28) და (3) ამავე ნუსხისათვის საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ტრამადოლის დამატება (ანბანური თანმიმდევრობით).
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები – ლევან ჩხეიძე და ლალი აფციაური.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2006 წლის 13 აპრილს გადმოეცა გიორგი ზედაშიძის 376-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2006 წლის 26 აპრილს.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია 2006 წლის 7 აპრილს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2006 წლის 21 თებერვალს იგი დააკავეს იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა. პირადი ჩხრეკის შედეგად მას ამოუღეს 2 ნატეხი ,,ნარკოტიკული” საშუალება – ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი ,,სუბოტექს” ბ-8 და 20 კაფსულა ტრამადოლის ჰიდროქლორიდის შემცველი პრეპარატი ,,ტრამადოლი”. აღნიშნულის გამო მას 2006 წლის 23 თებერვალს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის ბრძანებით დაპატიმრებული იქნა 2 თვის ვადით.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, ვინაიდან ისინი არ შეესაბამებიან ,,ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ” გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციისა და ,,ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ” გაეროს 1971 წლის კონვენციის დებულებებს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული ,,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებითYდიდი ოდენობის ნუსხაში” ბუპრენორფინისა და ტრამადოლის მოხსენიება ნარკოტიკული საშუალებების სახით ეწინააღმდეგება გაეროს ერთიანი კონვენციით ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ნუსხას.
მოსარჩელის განცხადებით, გაეროს წევრი ქვეყნები, რომელთაც რატიფიცირებული აქვთ ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან პრეკურსორების ბრუნვის მარეგულირებელი საერთაშორისო აქტები, მათ კონტროლსა და სანქციებს უქვემდებარებენ მხოლოდ შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებში გათვალისწინებულ პროცედურებს. მიუხედავად აღნიშნულისა, გაეროს დასახელებული კონვენციების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა დამტკიცებულ ნივთიერებათა ნუსხაში შეიტანა ტრამადოლი და ბუპრენორფინი.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა მოითხოვეს სადავო აქტების კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის არა მარტო 39-ე მუხლთან (როგორც ეს არის კონსტიტუციურ სარჩელში), არამედ აგრეთვე მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წამომადგენლების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,კონსტიტუციური სარჩელი . . . დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში . . . აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის . . . აზრით ადასტურებენ სარჩელის . . . საფუძვლიანობას”. ანალოგიურ დებულებას შეიცავს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი. კანონმდებლობის აღნიშნულ მოთხოვნაში, სხვა გარემოებებთან ერთად, იგულისხმება სადავო ნორმების მართებული (საგნობრივი) მიმართება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომლებთან დაკავშირებითაც უნდა შემოწმდეს მათი კონსტიტუციურობა. არც სარჩელიდან არ ჩანს და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთეს მოსარჩელის წარმომადგენლებმა საკმარისი დამაჯერებლობით სადავო აქტების ამგვარი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის ვერც 39-ე მუხლთან (გამოკვეთილად ვერ გამოჩნდა საქართველოს კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი უფლების შინაარსი) და ვერც მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან.
მოსარჩელის წარმომადგენლები სადავო აქტების არაკონსტიტუციურობის მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევენ მათ წინააღმდეგობას საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან, კერძოდ, გაეროს კონვენციებთან. სასამართლო კოლეგია ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამ ნიადაგზე სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებს. საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამისი კატეგორიის ნორმათა ურთიერთმიმართების თაობაზე სამართალში დამტკიცებული პრინციპების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის ,,ა” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის გიორგი ზედაშიძის 376-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით (1) მე-5 მუხლი ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს 2002 წლის 5 დეკემბრის კანონის დანართისა - ,,ზოგადი შენიშვნები საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების I, II, III, IV და V სიებზე”, (2) საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული ,,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის” ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში ბუპრენორფინის შეტანა (№28) და (3) ამავე ნუსხისათვის საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ტრამადოლის დამატება (ანბანური თანმიმდევრობით) და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)