გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1653 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ქებურია |
თარიღი | 7 ოქტომბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო თანამშრომლისგან (კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების მტკიცებულებად გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე, ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა, სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი |
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო თანამშრომლისგან (კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ისეთი ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც არ ექცევა ამავე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული „უკანონო ნივთის“ დეფინიციაში, მაშინაც კი, როდესაც მისი პირის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებით. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი |
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო თანამშრომლისგან (კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად დადებას, იმ შემთხვევაშიც, როდესაც უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, დასტურდება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებით, თუ სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
მოსარჩელე არის გიორგი ქებურია, რომელსაც 2017 წლის 7 ივნისს, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო თანამშრომლისგან (კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩაუტარდა პირადი, ბინისა და მანქანის ჩხრეკა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერება. გიორგი ქებურია აღნიშნული ნივთიერების სამართალდამცავთა მხრიდან ჩადებაზე აპელირებდა. ამასთან მის მფლობელობაში ნარკოტიკული საშუალების ქონა პოლიციელთა ჩვენებების გარდა არ დასტურდებოდა სხვა რაიმე ნეიტრალური მტკიცებულებით. თუმცა, სწორედ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და პოლიციელთა ჩვენებები გახდა გიორგი ქებურიას დაკავებისა და მისი ბრალდებულად ცნობის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი ქებურიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება, რადგან მიიჩნევდა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის მტკიცებულებად გამოყენება, მაშინ როდესაც მისი პირის მფლობელობაში ყოფნა დასტურდებოდა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებით, ვერ აკმაყოფილებდა კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს. გიორგი ქებურიას სარჩელის განხილვის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებდა ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად. წინამდებარე სარჩელში სადაოდ გამხდარი ნორმა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 28 ივნისს მიიღო, დიდწილად იმეორებს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 წინადადების ძალადაკარგულად გამოცხადებულ ნორმატიულ შინაარსს და წარმოშობს იდენტურ პრობლემებს, რომელთა გადასაწყვეტადაც მიღებულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელე გიორგი ქებურია, კვლავ რჩება კონსტიტუციური სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ სუბიექტად.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, „რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებსშეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.“ ზემოაღნიშნული ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის 1-ლი ივლისიდან.
2021 წლის 28 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, „თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო თანამშრომლისგან (კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის (შემდგომში ოპერატიული ინფორმაციის) საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ან მე-5 ნაწილით დადგენილი წესით ჩატარდა და ამოღებულ იქნა უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე, ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებისოქმის გარდა, სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება. ეს წესი არ გამოიყენება, როდესაც სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.“
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსი მიემართება ნებისმიერი საფუძლით ჩატარებულ ჩხრეკას. სადაონორმა კი, ვრცელდება მხოლოდ ოპერატრიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებულ ჩხრეკა/ამოღებაზე და აღნიშნულთან მიმართებით წარმოშობს იდენტურ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტასაც ემსახურებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლო ტერმინ „იმავე შინაარსის ნორმა“-ში არ მოიაზრებს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის არსებობას. „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
„შინაარსობრივი მსგავსება, სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო ნორმით დადგენილი სამართლებრივი მოწესრიგების არაკონსტიტუციურობა უკვე დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და არ არსებობს სხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახლა შეფასების საჭიროებას/საფუძველს შექმნიდა. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N3/10/1267,1268 განჩინება საქმეზე საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4).
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად მიღებული ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე” (2013 წლის 4 აპრილის №1/2/534 საოქმო ჩანაწერი საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები ტრისტან მამაგულაშვილი და ფირუზ ვანიევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-22). მაშასადამე, სასამართლო წყვეტს პრობლემას და თუ ის სხვა ნორმებშიც მეორდება, ამ ნორმებს სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ეცლება ნორმატიული შინაარსი. შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური შინაარსის და პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
მოსარჩელე გიორგი ქებურია, რომლის N1276 კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებითაც იქნა მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისა და სადავო ნორმების განმწესრიგებელ სხდომაზე არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე.
სადაო ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოს N1276 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად მიჩნევის საფუძვლები:
1. ნეიტრალური მტკიცებულება
საკონსტიტუციო სასამართლოს N2/2/1276 გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენებას, თუკი ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადაო ნორმა ვერ უზრუნველყოფდა არასანდო მტკიცებულების გამოყენებით პირის მსჯავრდების რისკების დაზღვევას, და შესაბამისად ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მხოლოდ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთი და სამართალდამცავთა ჩვენებები არ არის საკმარისი ნივთის პირის მფლობელობაში ყოფნის დასადასტურებლად და ჩხრეკის სანდოობის ფაქტს დამატებით უნდა ადასტურებდეს ნეიტრალური მტკიცებულება.
გასაჩივრებული ნორმის თანახმად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის/ამოღების შედეგად ამოღებული უკანონო ნივთი პირის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს, თუ მისი პირის მფლობელობაში ყოფნა, ჩხრეკის/ამოღების ჩამტარებელი/მასში მონაწილე გამომძიებლის ჩვენების, ჩხრეკაში/ამოღებაში მონაწილე, ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე პირის ჩვენებისა და საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა, სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება. შესაბამისად, ერთის მხრივ სადაო ნორმა ავიწროებს იმ სამართალდამცავ პირთა წრეს, რომელთა ჩვენებები საჭიროებს დამატებითი მტკიცებულებებით გამყარებას, მეორეს მხრიც კი, დამატებით მტკიცებულებაში მოიაზრებს ნებისმიერ სხვა მტკიცებულებას, და უგულებელყოფს ნეიტრალურობის სავალდებულო კრიტერიუმს.
სადაო ნორმით იმ სამართალდამცავ პირთა ამომწურავი წრის განსაზღვრა, რომელთა ჩვენებებიც არ იქნება საკმარისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის პირის მფლობელობაში ყოფნის ფაქტის დასადასტურებლად, ქმნის იმის საფრთხეს, რომ განსაზღვრულ პირთა წრის მიღმა სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომელთა ჩვენებები საკმარისად ჩაითვალოს ამოღებული ნივთის პირის მფლობელობაში ყოფნის დასადასტურებლად. ამასთან, სადაო ნორმით, სამართალდამცავთა განსაზღვრული წრის ჩვენებების გარდა, ნივთის პირის მფლობელობაში ყოფნა შესაძლოა დადასტურდეს ნებისმიერი სხვა მტკიცებულებით, რაც ასევე ტოვებს თვითნებური განმარტების შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებაში საერთო სასამართლოების პრაქტიკის შეფასების საფუძველზე დაასკვნა, რომ რიგ შემთხვევებში, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოიტანა ეყრდნობა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთს, ამ ჩხრეკის თანამონაწილე/დამსწრე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, ჩხრეკისა და დაკავების ოქმებსა და ქიმიურ ექპერტიზას (რომელიც აღწერს ამოღებული ნივთის სახეობას/რაობას და ოდენობას) (II-98). სასამართლო, გამოარკვია, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკის თანახმად, პოლიციელთა ჩვენებებს ბრალდებულის ჩვენებასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბრალდებული ნივთის „ჩადებაზე“ აპელირებს და ამოღებულ ნივთზე ჩატარებული ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა არ ადასტურებს ნივთზე პირის დნმ-ის კონცენტრაციის ან/და ხელის თითის ანაბეჭდების არსებობას (II-104).
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პოლიციელთა ჩვენებები თავისთავად არასანდო მტკიცებულებას არ წარმოადგენს, კონკრეტული გარემოებები შეიძლება იძლეოდეს მათში ეჭვის შეტანის საფუძველს (II-103). საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, როდესაც პირის მფლობელობაში აღმოჩენილი ნივთი მისი ბრალდების მთავარი საფუძველია, პრეზუმფცია, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნის, პოლიციელთა ჩვენებების გარდა გამყარებულ უნდა იქნეს ნეიტრალური მტკიცებულებებით. ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირს, რომელიც ნივთის „ჩადებაზე“ აპელირებს, ჰქონდეს სიმართლის მტკიცების ბერკეტი პოლიციელთა ჩვენებების საპირისპიროდ (II-104). მსგავსი პრაქტიკა აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომლის თანახმადაც, როდესაც ეჭქვეშ დგება მტკიცებულების კონკრეტული წყაროს სანდოობა, შესაბამისად იზრდება მისი სხვა წყაროებით გამყარების აუცილებლობა (ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, 2019 წლის 14 მარტი, no. 36416/06, §72).
ამის მიუხედავად, სადაო ნორმა კვლავ უშვებს, შესაძლებლობას, რომ პირის მიმართ გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ საქმეში ჩხრეკის/ამოღების ჩამტარებელი/მასში მონაწილე გამომძიებლის ჩვენების, ჩხრეკაში/ამოღებაში მონაწილე, ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე პირის ჩვენების გარდა არსებობს სხვა მტკიცებულება, რაც შესაძლოა მოიცავდეს ასევე ისეთი პოლიციელის ჩვენებას, რომელიც არ არის გამომძიებელი ან ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციების მატარებელი, ან/და იყო ჩხრეკის/ამოღების დამსწრე/თვითმხილველი პოლიციელი, თუმცა უშუალოდ არ მონაწილეობდა მისი ჩატარების პროცესში. ასევე, სადაო ნორმის საფუძველზე, ჩხრეკის სანდოობის გასამყარებლად საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი სხვა ისეთი პირის ჩვენება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ნეიტრალურობის კრიტერიუმს. აღნიშნული კი პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ექსპლიციტიურ მითითებას, ჩხრეკის სანდოობის გასამყარებლად ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების აუცილებლობაზე.
ამრიგად, სადაო ნორმის სამართალდამცავთა კონრკეტული წრით შემოფარგვლითა და მტკიცებულების ნეიტრალურობის მოთხოვნის უგულებელყოფით, სადაო ნორმით გათვალისწინებული დებულება საკმარისად ვერ უზრუნველყოფს პოლიციელთა მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მიზნის მიღწევასა და მართლმსაჯულების ინტერესების დაცვას. სადაო ნორმა უშვებსპრაქტიკაში ისეთივე პრობლემის წარმოშობის შესაძლებლობას, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და მიუთითა, რომ ჩხრეკის სანდოობის დასადასტურებლად, სამართალდამცავი ორგანოს ნებისმიერი თანამშრომლის (მათ შორისჩხრეკის დამსწრე/თვითმხილველი პოლიციელის)ჩვენება საჭიროებს დამატებით, ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სადაო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მხოლოდ სამართალდამცავთა შეზღუდული კატეგორიის ჩვენებებზე აკეთებს მითითებას, და უშვებს მათი ჩვენებების სხვა ნებისმიერი მტკიცებულებით გამყარების შესაძლებლობას, წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას და არაკონსტიტუციურად უნდა იცნეს ცნობილი.
1. უკანონო ნივთი, საგანი ან ნივთიერება
სადაო ნორმა ითვალისწინებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის ჩამტარებელ/ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებების სხვა მტკიცებულებით გამყარების საჭიროებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამოღებულია უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება. ამასთან, სადაო ნორმაში მოცემულია უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერების ვიწრო განმარტება, რომელიც მოიცავს მხოლოდ იმ, ასაფეთქებელ მოწყობილობას, ფეთქებად ნივთიერებას, იარაღს, საბრძოლო მასალას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას ან/და იმ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რომლის ფლობა, შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა ან ტარება დანაშაულია.
პოლიციელთა ჩვენებების დამატებითი მტკიცებულებებით გამყარების აუცილებლობის მხოლოდ უკანონო ნივთის ამოღების შემთხვევაზე დავიწროება შინაარსს აცლის იმ მიზანს, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემსახურება, კერძოდ, ბრალდებულის უკანონო მსჯავრდებისაგან დაცვასა და პოლიციელთა თვითნებობის რისკების თავიდან აცილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც ჩხრეკის შედეგად აღმოსაჩენი ნივთი პირის ბრალდების მთავარი საფუძველია, მისი პირის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი პოლიციელთა ჩვენებების გარდა უნდა გამყარდეს ნეიტრალური მტკიცებულებებით. ჩხრეკის სანდოობის ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე დავის საგანი ამოღებული ნივთის არქონაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-104). ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაგდენილი სტანდარტის თანახმად, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნებისმიერი ნივთის პირის მფლობელობაში ყოფნა უნდა დადასტურდეს ნეიტრალური მტკიცებულებით, თუ იგი გადამწყვეტ როლს ასრულებს პირის ბრალდებაში.
სადაო ნორმა წარმოშობს იდენტურ პრობლემას, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად უკვე იმსჯელა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამართალდამცავთა ჩვენებებისა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის მტკიცებულებებად გამოყენება პირის უსაფუძვლო მსჯავრდებისა და სამართალდამცავთა თვითნებობის რისკებს წარმოშობს კანონიერი ნივთის ამოღების შემთხვევაშიც, სადაო ნორმა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულებას ითალისწინებს მხოლოდ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ უკანონო ნივთთან მიმართებით. აღნიშნული კი განაპირობებს სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნასთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის დანერგვას. გაუმართლებელია, რომ საკითხი - უნდა დაედოს თუ არა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთი საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს - დამოკიდებული იყოს მხოლოდ იმაზე, ექცევა თუ არა ამოღებული საგანი სადაო ნორმით განსაზღვრულ უკანონო ნივთის დეფინიციაში.
მაგალითად, ჩხრეკის სანდოობის დასადასტურებლად პოლიციელთა ჩვენებების გარდა დამატებითი მტკიცებულები მოპოვება იქნება საჭირო, თუ პირის მფლობელობიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. პირის მფლობელობიდან დანაშაულის საგნის/იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ამოღების დროს კი ასეთი მოთხოვნა გათვალისწინებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ, ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე, ბრალდებულს ამ შემთხვევაშიც ერთმევა ყოველგვარი ბერკეტი იმის სამტკიცებლად, რომ ნივთი მას არ ეკუთვნის. იმის მიუხედავად, კანონიერია თუ უკანონო ამოღებული ნივთი, მისი პირის მფლობელობაში ყოფნა უნდა დადასტურდეს ნეიტრალური მტკიცებულებით, თუ ბრალდებული მის „ჩადებაზე აპელირებს“ და იგი პირის ბრალდების მთავარი საფუძველია.
ამრიგად, სადაო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული კანონიერი ნივთის მტკიცებულებად გამოყენებას მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევი ნორმაა და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
2. ობიექტური შეუძლებლობა
მოსარჩელის N1276 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა კანონმდებლობაში არსებული მექანიზმები რამდენად აძლევდა სისხლის სამართლის საქმის განმხილველ სასამართლოს სათანადო ინსტრუქციას, შეეფასებინა ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტკიცებულების სანდოობა და გამოერიცხა ისეთი მტკიცებულების გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად გამოყენება, რომლის უტყუარობასთან დაკავშირებით, ეჭვები არ იყო გამორიცხული. საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა საკმარის გარანტიას ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტკიცებულების სანდოობის უზრუნველყოფისა და სამართალდამცავთა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკების თავიდან ასაცილებლად.
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „გამოძიებისთვის რეალურად ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოუყენებლობა, რაც დაადასტურებდა/გაამყარებდა პირის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ქმნის შეცდომის, თვითნებობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს. აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს სამართალდამცავის ვალდებულებას, მოიპოვოს ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი ნეიტრალური მტკიცებულებები მაშინაც კი, როდესაც ეს პოლიციელის უსაფრთხოების ან/და მტკიცებულების განადგურების/გადამალვის საფრთხის შექმნის გარეშე, გონივრულ ფარგლებში მოქმედების შედეგად, შესაძლებელია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-104).
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ თვითნებობის რისკების შესამცირებლად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სამართალდამცავთა ცალსახა ვალდებულება, მოიპოვონ ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი ნეიტრალური მტკიცებულებები, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, არასანდო მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის რისკების დასაზღვევად, საჭიროა მტკიცებულების მოპოვების იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც, „ერთი მხრივ, სამართალდამცავებს აღჭურავს ჩხრეკის სანდოობის უზრუნველყოფისათვის ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობით, მეორე მხრივ კი, შეამცირებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-104). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დაცვის მხარესთან შედარებით ბრალდების მხარის ბუნებრივი უპირატესობა უნდა დაბალანსდეს ზედმიწევნით განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმებით, რათა ბრალდებულს მიეცეს საკუთარი ინტერესების დაცვის სრულყოფილი შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე.“ „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
ამრიგად, 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებები ვერ ჩაითვლება საკმარისად ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის პირის მფლობელობაში დასადასტურებლად, მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად. საკონსტიტუციო სასამართლო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობის ხარისხის განმსაზღვრელად მიიჩნევს, იმას, თუ რამ გამოიწვია პოლიციელთა მხრიდან ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობა. მაგალითად, როდესაც პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეო გადაღების ან/და ნეიტრალური მოწმის დასწრების შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა, თავისთავად ჩნდება მტკიცებულების სანდოობისადმი ეჭვის შეტანის საფუძველი. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-104).
სადაო ნორმა, უშვებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩრეკის შედეგად ამოღებული ნივთის მტკიცებულებად გამოყენებას მაშინაც კი, როდესაც ჩხრეკის სანდოობა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებით დასტურდება იმ შემთხვევაში, როდესაც დამატებითი მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შეუძლებელია. იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამართალდამცავთა ვალდებულებას ჩხრეკის ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების თაობაზე, არ ადგენს ნეიტრალური მტკიცებულების დეფინიციასა და მისი მოპოვების პროცედურებს, არსებითად ბუნდოვანი რჩება, თუ რა იგულისხმება მტკიცებულების მოპოვების ობიექტურ შეუძლებლობაში.
ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლება ისეთი ფართო და ბუნდოვანი საფუძვლით, როგორიცაა ობიექტური შეუძლებლობა, ვერ უზრუინველყოფს სამართალდამცავთა მხრიდან თვითნებობისა და არასანდო მტკიცებულების გამოყენების რისკების თავიდან აცილებას. შესაბამისი საკანონმდებლო ინსტრუქციების არარსებობის პირობებში, გაურკვეველია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან სამართალდამცავებმა ჩხრეკის სანდოობის გასამყარებლად ნეიტრალური მტკიცებულების მოსაპოვებლად და რა ზომების ამოწურვის შემდეგ მიიჩნევა ასეთი მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შეუძლებლად. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცავებმა შესაძლოა ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობა გაამართლონ გადაუდებელი აუცილებლობის არგუმენტით. მსგავსი პრაქტიკა იკვეთება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სახელმწიფომ იმ დროისათვის არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევა ჩხრეკის ჩატარებისას ნეიტრალური მოწმის დასწრების თაობაზე გაამართლა სწორედ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გარემოებებითა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხით. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, ამგვარი აბსტრაქტული არგუმენტი მთლიანად უკარგავს აზრს ნეიტრალური მოწმის დასწრების პროცედურულ გარანტიას (ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, 2020 წლის 7 მაისი, no. 30364/09, 7 May 2020, §33). აბსტრაქტული არგუმენტით სამართალდამცავთა მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებაზე უარის თქმის რისკი განსაკუთრებით იზრდება, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პოლიციელთა ვალდებულებას ჩხრეკის დროს ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, სამართალდამცავთა თვითნებობის რისკებს დააზღვევდა მკაფიო საკანონმდებლო მითითებები ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების ვალდებულებასთან დაკავშირებით, რაც, შესაძლოა მოიცავდეს უფლებამოსილი პირების მხრიდან ჩხრეკის ვიდეოგადაღების მოთხოვნასა და სამართალდამცავთა სათანადო ტექნიკურ აღჭურვას. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან/და ტექნიკური აღჭურვილობის არარსებობის/გაუმართაობის პირობებშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით.ამგვარი საკანონმდებლო რეგულირების პირობებში კი, მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი პოლიციელთა თვითნებობის რისკები.
ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო ზედმიწევნით დეტალურად უთითებს იმ აუცილებელ გარანტიებზე, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება პოლიციელთა ჩვენებების სანდო მტკიცებულებად მიჩნევა. აღნიშნულ გარანტიებში იგულისხმება ჩხრეკის ჩატარების ისეთი სისტემის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს სამართალდამცავთა ვალდებულებას ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით, და რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ამ ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებშიც კი.
სადაო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „ობიექტური შეუძლებლობა“ ზედმეტად ფართო და ბუნდოვანია, იმისთვის, რომ სამართალდამცავები და სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი სახელმძღვანელო მითითებით, თუ რა ზომების მიღება ევალებათ ჩხრეკის ჩატარებისას და რა შემთხვევაში იქნება გამართლებული ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლება. მტკიცებულების მოპოვების მხოლოდ „ობიექტურ შეუძლებლობაზე“ მითითება, სამართალდამცავ პირთათვის დამატებითი ინსტრუქციებისა და ვალდებულებების განსაზღვრის გარეშე, ვერ გამორიცხავს მათ თვითნებობას და წარმოშობს არასანდო მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირის მსჯავრდების რისკებს.
შესაბამისად, სადაო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთისა და პოლიციელთა ჩვენებების მტკიცებულებად გამოყენებას, თუკი „ობიექტურად შეუძლებელი“ იყო სხვა მტკიცებულების მოპოვება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევი ნორმაა და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი