„საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) წინააღმდეგ“.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/226 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 18 მარტი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე)
2. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ”საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) წინააღმდეგ”.
დავის საგანი: “ელექროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) 2003 წლის 11 თებერვლის №1 დადგენილების იმ ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით, რომელიც შეეხება მოსახლეობისათვის ელეტროენერგიის შესასყიდ ტარიფებს.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები – ბადრი ნიაური და გიორგი გუგავა.
მოქალაქე შალვა ნათელაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 2003 წლის 24 თებერვალს მიმართა (რეგისტრაციის №226). კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით 28 თებერვალს გადმოეცა. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა ამ საკითხზე 2003 წლის 10 მარტს გაიმართა.
სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის პირველი მუხლის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის პირველი მუხლის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის საფუძველზე.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებთან დაკავშირებით მოქალაქე შალვა ნათელაშვილმა სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ კიდევ 2000 წლის 19 ივლისს შემოიტანა (სარჩელის რეგისტრაციის №136). იგი ითხოვდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) 1999 წლის 31 მაისის №1 დადგენილებით განსაზღვრული სამომხმარებლო ტარიფების გაუქმებას. მაგრამ ამ აქტმა ძალა დაკარგა და ტარიფი კიდევ უფრო გაიზარდა იმ კონსტიტუციური სარჩელის როგორც არსებითად განსახილველად მიღებამდე, ისე მიღების შემდეგ ამის გამო მოსარჩელემ მაშინ მოითხოვა იმ დროისათვის მოქმედი აქტის – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2002 წლის 15 ოქტომბრის №12 დადგენილების გაუქმება მოსახლეობისათვის განსაზღვრული სამომხმარებლო ტარიფის ნაწილში.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2002 წლის 30 დეკემბრის №1/3/136 გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით ”ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) 2002 წლის 15 ოქტომბრის №12 დადგენილება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფების ნაწილში და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ”ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელეტროენერგიის საფასურის გადახდის წესი”. ისინი ძალადაკარგულად გამოცხადდა გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ-ს) ეთხოვა 2003 წლის 1 მარტამდე დაედგინა ახალი ტარიფი სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღნიშნული სათანადო გარემოებების გათვალისწინებით.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-მა) 2003 წლის 11 თებერვალს მიიღო დადგენილება №1 ”ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ”, რომელიც, მოსარჩელის აზრით, მოსახლეობისათვის ელეტროენერგიის შესასყიდი ტარიფების ნაწილში ასევე არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. მოსარჩლე მიუთითებს ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტზე. ამ პუნქტის შესაბამისად, ”საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი”. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ტარიფის დაწევა მოხდა სიმბოლურად, სადავო აქტი მიღებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებით, მასში მითითებული გარემოებების გაუთვალისწინებლად, უხეში გათვლებით. მოსარჩელის წარმომადგენლის გ. გუგავას თქმით, სრულყოფილად არ მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რამაც გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლებების შელახვა.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებას და სადავო აქტის შესაბამისი ნაწილის გაუქმებას, ”რათა რეალურად მოხდეს ტარიფის დაწევა და ისეთი ტარიფის დადგენა, რომლის გადახდასაც შეძლებს მომხმარებელი”, იმათთვის კი, ვისაც ”საერთოდ არ შეუძლია გადასახადის გადახდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ... უფასოდ ელექტროენერგიის მიწოდება”.
ამავე დროს, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ამ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვისას სასამართლო კოლეგიამ არ უნდა გაიმეოროს წინა – 136-ე ნომრით რეგისტრირებული ანალოგიური სარჩელის პროცესზე ჩატარებული პროცედურები, მოწმეთა დაკითხვა და სპეციალისტთა დასკვნების მოსმენა, არამედ ”უფრო მარტივი დებულებები ჩაწეროს გადაწყვეტილებაში”, რათა მათ, ვისაც აღსრულება ევალება, ”გაიგონ, მათ გონებაში შევიდეს, რომ ტარიფმა უნდა დაიწიოს”.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარე, ”მოქალაქეს ეკისრება მოვალეობა აღასრულოს კონსტიტუციით დადგენილი ნორმები და აგრეთვე ენიჭება უფლება მოითხოვოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან კონსტიტუციით დადგენილი პრინციპებისა და ნორმების უპირობო აღსრულება”.
კონსტიტუციურ სარჩელში მოპასუხეთა შორის დასახელებულია საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პრეზიდენტი. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა მოპასუხედ მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია მიიჩნევს.
მოსარჩელის წარმომადგენლებმა გამწესრიგებელ სხდომაზე დააზუსტეს აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებთანაც მიმართებითაც, მათი აზრით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი სადავოდ დასახელებული ნორმატიული აქტის ნაწილი. კონსტიტუციურობა უნდა შეამოწმოს საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით (გამორიცხეს კონსტიტუციის მე-15, მე-16, მე-17, მე-20, 22-ე, 23-ე, 24-ე, 31-ე, 32-ე, 34-ე, 36-ე და 37-ე მუხლები, რომლებიც მითითებულია კონსტიტუციურ სარჩელში).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გააანალიზა მოქალაქე შალვა ნათელაშვილის 226-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, თანდართული მასალები, მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებები განმწესრიგებელ სხდომაზე და ამის საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, არ არსებობს მოქალაქე შალვა ნათელაშვილის 226-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების კანონიერი საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, სასარჩელო მოთხოვნა არც საჭიროებს შემდგომ განხილვას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დასმული სადავო საკითხი მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში არსებითად უკვე გადაჭრილია კოლეგიის ადრე მიღებულ შესაბამის გადაწყვეტილებაში და წარმოდგენილ სარჩელში ფაქტობრივად საქმე აღსრულებას შეეხება.
სასარჩელო მოთხოვნის მიღება არსებითი განხილვისათვის გამოირიცხება კანონით განსაზღვრული გარემოებების არსებობის გამო.
1. მოსარჩელე ძირითადად უკმაყოფილებას გამოხატავს და უმთავრესად მსჯელობს იმის თაობაზე, რომ მისი აზრი, ჯეროვნად არ აღსრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ახალი ტარიფების დადგენის შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მისი გაგებით ნამდვილად არსებულ ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა, კერძოდ, ახალი ტარიფის უხეში გათვლებითა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იგნორირებით, მომხმარებლის გადახდისუნარიანობის გაუთვალისწინებლად დადგენა, ძველი ტარიფის ოდენობის სიმბოლურად შემცირება და სხვ.
უდავოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, ”სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ”საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით”.
მიუხედავად ამისა, საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხის არსებითად განხილვა არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში. ეს საკითხი არ ექვემდებარება სასამართლო პროცესზე გადაწყვეტას. მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ იმას ითვალისწინებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის ზომებს იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. იგი თვეში ერთხელ მოახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილებების აღსრულების მიმდინაროების თაობაზე (იხ. ორგანული კანონი ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტი).
აქედან გამომდინარე, მოქალაქე შ. ნათელაშვილის სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლო კოლეგიამ უნდა იხელმძღვანელოს ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის ”გ” პუნქტით, რომლის მიხედვითაც ”კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ... მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი”.
2. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოქალაქე შალვა ნათელაშვილის 226-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივაც არ ექვემდებარება და არც საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განხილვას.
საქმე ის არის, რომ სადავო სამართლებრივი აქტების სხვადასხვაობის მიუხედავად ეს სარჩელი თავისი შინაარსით ფაქტობრივად იდენტურია თვით შ. ნათელაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ადრე შემოტანილი და 136-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელისა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებს. აღნიშნული საკითხი კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უკვე განიხილა არსებითად და 2002 წლის 30 დეკემბერს მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (№1/3/136).
ეს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება და ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან, ანუ 2002 წლის 30 დეკემბრიდან. გადაწყვეტილება სრული სახით გამოქვეყნდა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” (6.01.2003,№1). გადაწყვეტილების ტექსტი სრულად დაიბეჭდა აგრეთვე პრესაში (იხ. საქართველოს რესპუბლიკა”, 10.01.2003,№7).
მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფების საკითხი სასამართლო კოლეგიამ განიხილა 136-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის მონაცემების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლების, მოწმეთა ჩვენებების, სპეციალისტთა დასკვნებისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლომ ტარიფებთან მიმართებით განსაზღვრა სათანადო გარემოებანი და თხოვა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ-ს), რომ მათი გათვალისწინებით დაედგინა შესაფერისის ტარიფები.
ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლომ თხოვა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს, რომ მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობის პირობებში ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებთან დაკავშირებით შეიმუშაონ და განახორციელონ მყარად გარანტირებული და სტაბილური გონივრული საკომპენსაციო ღონისძიებები.
ასე რომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფების საკითხის განხილვასთან მიმართებით უკვე შეასრულა კანონმდებლობის მოთხოვნები და სრულად განახორციელა თავისი ფუნქცია.
ეს ფაქტობრივად აღიარა მოსარჩელის წარმომადგენელმაც, როდესაც გამწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ 226-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის დროს სასამართლომ არ უნდა გაიმეოროს 136-ე ნომრით რეგისტრირებული ანალოგიური სარჩელის პროცესზე ჩატარებული პროცედურები, მოწმეთა დაკითხვა, სპეციალისტთა დასკვნების მოსმენა და სხვ. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სათანადო პროცედურების გარეშე საქმის არსებითად განხილვა ვერ შეასრულებს თავის დანიშნულებას და გაუმართლებელია.
ამგვარად, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ 226-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკვე გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამარლომ 136-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის შედეგად. ასეთ შემთხვევაში კი, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის ”დ” პუნქტის ძალით, 226-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი ”ვ” ქვეპუნქტით, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის ”გ” და ”დ” პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30 და 31 მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის შალვა ნათელაშვილის კონსტიტუციური სარჩელი ”ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) 2003 წლის 11 თებერვლის №1 დადგენილების იმ ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით, რომელიც შეეხება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებს;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. ეს განჩინება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” და პრესაში.
1. ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
2. ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
3. ნ. შაშკინი.