ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ააიპ „აპრიორი“ და ააიპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/3/1297 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 21 ოქტომბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ნოემბერი 2021 18:46 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ააიპ „აპრიორი“ და ააიპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 45-ე მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; გ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1297) მომართა ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ააიპ „აპრიორმა“ და ააიპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრმა“. №1297 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2018 წლის 5 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 21 ოქტომბერს.
2. №1297 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-40 მუხლი განსაზღვრავს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის წესს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, რეგისტრაციაში გატარების მიზნით, ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს დამკვირვებლის უფლებებს, მათ შორის, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვირვებელი უფლებამოსილია, კენჭისყრის დღეს, ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდებოდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვირვებელს ენიჭება უფლება, დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად.
4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება, ამ კანონით დადგენილ ვადაში, აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება, ხოლო 39-ე მუხლის თანახმად კი, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფდა ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში პირდაპირ არ იყო მოხსენიებული, მაგრამ, თავისთავად, გამომდინარეობდა კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, 45-ე მუხლი კი განსაზღვრავდა, რომ კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდებოდა აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
6. კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–40 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა, არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დანიშვნამდე, არასაარჩევნო პერიოდში კრძალავს არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მიმართვის, დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი რგოლის საქმიანობაზე დაკვირვების შესაძლებლობას. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კომისია არის საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც საქმიანობას ახორციელებს როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში. მოსარჩელის მითითებით, კომისიის საქმიანობაზე დაკვირვება ხელს უწყობს მის გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის, ნების თავისუფალი გამოვლენის რეალიზებას. შესაბამისად, არასაარჩევნო პერიოდში კომისიის საქმიანობაზე დაკვირვების გამორიცხვით, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლებას.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, არჩევნებზე დაკვირვების უფლება აგრეთვე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლითაც, რადგანაც არჩევნებზე დაკვირვების პროცესი გულისხმობს საარჩევნო პროცედურებსა და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არჩევნებზე დაკვირვების უფლების შეზღუდვით, სადამკვირვებლო ორგანიზაციას ასევე ეზღუდება სასამართლოსთვის მიმართვისა და გასაჩივრების უფლებაც, რაც სადავო ნორმატიულ შინაარს არაკონსტიტუციურს ხდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებითაც. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ იურიდიული პირის მიერ არჩევნებზე დაკვირვების უფლება გამომდინარეობს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 45-ე მუხლიდან.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებს. მოსარჩელის მოსაზრებით, ხსენებული ნორმები კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორი წევრისა) აძლევს შესაძლებლობას, წვდომა ჰქონდეს საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორი წევრისათვის გადაცემულ ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაზე. მოსარჩელის განმარტებით, საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი სამაგიდო სია არ არის საჯარო ინფორმაცია და, შესაბამისად, მესამე პირისთვის, მიუხედავად მათი ინტერესებისა, ის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამის საპირისპიროდ, სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი, პარტიის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს აძლევს შესაძლებლობას, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ სიაზე წვდომის შედეგად, ამოიღონ და დაამუშაონ სასურველი ინფორმაცია. თავის მხრივ, ასეთი სიიდან მიღებული ინფორმაცია ქმნის ამომრჩევლის ნების კონტროლის შესაძლებლობას, რამდენადაც დამკვირვებლებს საშუალება აქვთ, მოახდინონ გამოცხადებული ან არ გამოცხადებული ამომრჩევლის იდენტიფიცირება და, მათი აღრიცხვით, შეზღუდონ ამომრჩეველთა ნების თავისუფლება. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ნორმა არ მოიაზრებს დამკვირვებლის მიერ ერთიანი სამაგიდო სიის კონტროლის უფლებას, არაკეთილსინდისიერად განმარტებამ პრაქტიკაში დაამკვიდრა სადავო რეგულირების ამგვარი გამოყენების შესაძლებლობა.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება, მათ შორის, მოიაზრებს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას, რაც გულისხმობს, როგორც არჩევნებზე გამოცხადებას, ასევე არ გამოცხადების უფლებას. ამდენად, სადავოდ გამხდარი ნორმა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
10. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-6 პუნქტი. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული ნორმით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ, გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის ფორმირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა მათში არ მოიაზრება ის კანდიდატი, რომელიც არ იქნა არჩეული კომისიის წევრად. მოსარჩელის განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის კონკურსში მონაწილე პირს, რომელიც არ იქნა არჩეული, არ აქვს უფლება, მის არჩევაზე უართან დაკავშირებით მიღებული საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოში და შემდგომში სასამართლოში, რადგან მისი კანდიდატურის არჩევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, არ გამოიცემა სამართლებრივი აქტი და არც კანონმდებლობა ადგენს ამ საკითხზე დავის დაწყების ალტერნატიულ წესს. შესაბამისად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა გაუმართლებლად და არათანაზომიერად ზღუდავს იმ კანდიდატების სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომლებიც არ აირჩნენ საარჩევნო კომისიის წევრად.
11. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
12. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–40 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დანიშვნამდე, არასაარჩევნო პერიოდში კრძალავს არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მიმართვის, დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი რგოლის საქმიანობაზე დაკვირვების შესაძლებლობას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო რეგულაციის შეუჩერებლობის შემთხვევაში, დადგება გამოუსწორებელი ზიანი, რამდენადაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე არაკომერციული იურიდიული პირები ვერ განახორციელებენ დამკვირვებლობით საქმიანობას. ამ პროცესის უარყოფითი შედეგი კი განგრძობადია და გავლენას ახდენს როგორც პარტიებზე, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნება დამდგარი შედეგის გამოსწორება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ააიპ „აპრიორი“ და ააიპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“. 2018 წლის 12 მარტს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ივანე პეტრიაშვილმა მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1297 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1297 კონსტიტუციურ სარჩელზე („ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ააიპ „აპრიორი“ და ააიპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში