ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/6/1320 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 18:13 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 1 ივლისი 2022 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – სალომე მეზურნიშვილი და ნინო ანდრიაშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, რუსუდან მუმლაური და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1320) მომართეს ელგა მაისურაძემ, ირმა გინტურმა და ლერი თოდაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 5 ივნისის №1/7/1320 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 22 სექტემბერს.
2. №1320 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ირმა გინტური არის ფაქტობრივად მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი რეგისტრირებული ქორწინებიდან. დღეს არსებული მდგომარეობით, მოსარჩელე განქორწინებულია და დამოუკიდებლად ზრდის საკუთარ არასრულწლოვან შვილს, თუმცა ის ვერ იღებს მარტოხელა დედის სტატუსს სადავო ნორმაში არსებული ორი წინაპირობის გამო - მისი შვილი დაიბადა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და, ამავე დროს, ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილია ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ. აღნიშნული წინაპირობებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაშიც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს მარტოხელა დედის სტატუსი.
6. მოსარჩელე ელგა მაისურაძე ასევე წარმოადგენს ფაქტობრივად მარტოხელა დედას. მასაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც გაუჩნდა რეგისტრირებული ქორწინების გარეშე, თუმცა მისი შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში ასევე შეტანილია ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მარტოხელა დედის სტატუსის მიღებას. მოსარჩელე ლერი თოდაძე ფაქტობრივად მარტოხელა მამაა, რომელსაც არარეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძინა ორი შვილი. მოგვიანებით, იგი მიატოვა ყოფილმა პარტნიორმა, რომელსაც შეზღუდული აქვს მშობლის უფლება და მას შემდეგ ლერი თოდაძე დამოუკიდებლად ზრდის ორ არასრულწლოვან შვილს, თუმცა იმის გამო, რომ მისი შვილების დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილია ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, სადავო ნორმა ართმევს მას შესაძლებლობას, მიიღოს მარტოხელა მამის სტატუსი.
7. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმებით დადგენილი მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების წინაპირობები არ პასუხობს შესაბამის პირთა რეალურ საჭიროებებს და გაუმართლებლად ზღუდავს მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის უფლებას. კერძოდ, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრისას სადავო ნორმები არ ეყრდნობა აღნიშნულ პირთა რეალურ საჭიროებებს და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე ადგენს, მარტოხელა მშობელი იმსახურებს თუ არა შესაბამის სტატუსს.
8. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა მარტოხელა მამებთან მიმართებით, რადგან ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში თითქმის ყოველთვის მიეთითება დედის შესახებ ჩანაწერი, რაც მარტოხელა მამას სრულად ართმევს მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების შესაძლებლობას. გარდა ამისა, რეგულირება პრობლემურია მარტოხელა დედებთან მიმართებითაც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებთან შედარებით მათ უფრო მეტად აქვთ სტატუსის მიღების შესაძლებლობა, ამგვარი კრიტერიუმის არსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ყველა შემთხვევაში. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში, ერთ-ერთი მშობლის შესახებ ბავშვის დაბადების აქტში ჩანაწერის არსებობა ატარებს ფორმალურ ხასიათს და, რეალურად, არანაირი კავშირი არ აქვს აწმყოში ბავშვისა და მისი მშობლების რეალური მდგომარეობის აღწერასთან, რადგან შეუძლებელია, აღნიშნული კრიტერიუმის საშუალებით შეფასდეს მშობლის მარტოხელად ყოფნის რეალურობა.
9. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მარტოხელა დედის სტატუსის განსაზღვრის სადავო ნორმით გათვალისწინებულ კიდევ ერთ კრიტერიუმს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა წინაპირობების დაკმაყოფილებასთან ერთად, მას ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას შვილი შეეძინა რეგისტრირებული ქორწინებიდან, თუმცა განქორწინების შემდგომ ის დამოუკიდებლად ზრდის საკუთარ შვილს და მის მიმართაც მოქმედებს ყველა ის საჭიროება, რომელიც მარტოხელა მშობლებს გააჩნიათ. შესაბამისად, გაუგებარია, კანონმდებლობა რატომ უნდა უკავშირებდეს ბავშვის დაბადების მომენტში რეგისტრირებული ქორწინების არსებობის ფაქტს აწმყოში მშობლისა და მისი შვილის რეალურ მდგომარეობასა და მათ საჭიროებებს.
10. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო რეგულირება რეალურად მარტოხელა მშობლებს ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლონ აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებული შეღავათებით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მოსარჩელეები ვერ იღებენ გორის მუნიციპალიტეტის მიერ მარტოხელა მშობლებისათვის დაწესებულ სოციალურ დახმარებას. მსგავს პირობებში კი ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს განსაკუთრებით ურთულდებათ საკუთარი შვილების სრულფასოვანი განვითარებისათვის საჭირო სახსრების მოძიება. ამასთან, სოციალური დახმარების ალტერნატივად ვერ ჩაითვლება ალიმენტის დაკისრება მეორე მშობლისათვის, რადგან აღნიშნული პირების ადგილსამყოფელი ხშირ შემთხვევაში დაუდგენელია ან მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. გარდა ამისა, საალიმენტო თანხა, როგორც წესი, მნიშვნელოვნად ნაკლებია მარტოხელა მშობლისათვის გაცემულ სოციალურ დახმარებაზე.
11. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსი, გარდა სოციალური დახმარებებისა, დაკავშირებულია ბევრ სხვა შესაძლებლობასთან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ასევე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, არასრულწლოვანი პირის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება, მხოლოდ მისი ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში.
12. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მარტოხელა მშობლები, რომელთაც სადავო ნორმების საფუძველზე მიენიჭათ აღნიშნული სტატუსი, ხოლო, მეორე მხრივ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომელთაც ვერ შეძლეს შესაბამისი სტატუსის მიღება კანონმდებლობით დადგენილი სადავო კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო. მოსარჩელეთა პოზიციით, დასახელებული შესადარებელი პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს, რადგან არც ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში ერთ-ერთი მშობლის შესახებ ჩანაწერის არსებობა და არც ბავშვის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენა არ განსაზღვრავს იმას, დღეს არსებული მდგომარეობით, რეალურად წარმოადგენენ თუ არა ისინი მარტოხელა მშობლებს. შესადარებელ პირებს შესაძლოა, სრულიად იდენტური ფაქტობრივი ოჯახური მდგომარეობა ჰქონდეთ, შესაბამისად, გაუმართლებელია შესადარებელ პირთა დიფერენცირება ხელოვნური და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე.
13. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შვილის ყოლა და, მეორე მხრივ, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემების არარსებობა. ამასთან, სახეზე არ არის დიფერენცირების ლეგიტიმური ინტერესი, რაც, თავისთავად, მიუთითებს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სასამართლომ განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობა უნდა შეაფასოს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით, რადგან უფლებაში ჩარევა ხორციელდება მაღალი ინტენსივობით - ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმების მოთხოვნებს, სრულად ერთმევათ აღნიშნული სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა.
14. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, ასევე ხორციელდება დისკრიმინაცია სქესის ნიშნით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმები იდენტურ მოთხოვნებს ადგენს მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსის მოსაპოვებლად, მარტოხელა მამებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ სტატუსის მიღების შესაძლებლობა, რადგან ბავშვის დაბადებისას, მისი დაბადების აქტის ჩანაწერში ყოველთვის მიეთითება ინფორმაცია დედის შესახებ, რაც, თავისთავად, გამორიცხავს ბავშვის მამის მიერ მარტოხელა მამის სტატუსის მიღების შესაძლებლობას მომავალში. ამდენად, ადგილი აქვს სქესის ნიშნით უთანასწორო მოპყრობას და ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი.
15. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრულ პირთა წრეში უნდა მოექცეს ყველა ფაქტობრივად მარტოხელა მშობელი. პირისათვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს იმ გარემოების შეფასება, რეალურად და ფაქტობრივად რამდენად დამოუკიდებლად ზრდის პირი საკუთარ არასრულწლოვან შვილს.
16. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმების მიზანია იმ პირთა კატეგორიის განსაზღვრა, რომლებიც როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად მარტოხელა მშობლები არიან და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ სახელმწიფოსთვის არის მინდობილი. მოსარჩელის მიერ დასახელებული შესადარებელი პირები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, რადგან ისეთ შემთხვევაში, როდესაც ერთი მშობელი იღებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, მაგრამ სახეზეა მეორე მშობელიც, ამ უკანასკნელს სამართლებრივად გააჩნია ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება და, თუნდაც ფაქტობრივად, ვერ სრულდებოდეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების აღსრულება, ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია, აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგალითად, ალიმენტის დაკისრების კუთხით. ხოლო სადავო ნორმების მიერ განსაზღვრული სტატუსის მქონე პირები მოკლებულნი არიან როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ შესაძლებლობას, ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მეორე მშობელმა.
17. მოპასუხე მხარის მითითებით, თავდაპირველად, სადავო ნორმის შემოღების მიზანი იყო, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის ქვეშ მოქცეულიყვნენ ისეთი მშობლები, რომელთაც საწყისი ეტაპიდანვე უწევდათ შვილის მარტო გაზრდა. სწორედ ამ მიზეზით იქნა შემოღებული დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის არარსებობა, როგორც მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების ერთ-ერთი კრიტერიუმი. თუმცა სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენებამ ცხადი გახადა, რომ სადავო რეგულირებას გარკვეული პრობლემური შინაარსი გააჩნია, მაგალითად, მარტოხელა მამებთან მიმართებით, რომლებიც თითქმის სრულად მოკლებული არიან ხსენებული სტატუსის მიღების შესაძლებლობას.
18. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ზოგადად, მარტოხელა მშობლის არსი გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი პირი როგორც მატერიალურად, ასევე არამატერიალურად, მარტო ზრდის შვილს და მეორე მშობელი არ იღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროცესში. პირი მარტოხელა მშობლად უნდა იქნეს მიჩნეული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე მშობელი ბავშვის აღზრდაში არ მონაწილეობს არც მატერიალური და არც სხვაგვარი მზრუნველობითი ფორმით. ამასთან, მეორე მშობლის გარკვეული ფრაგმენტული მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში, რა თქმა უნდა, გავლენას ვერ მოახდენს სტატუსის მიღებაზე. შესაბამისად, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, მეორე მშობელი რამდენად არსებით მონაწილეობას იღებს ბავშვის აღზრდაში და სწორედ ამის მიხედვით უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
19. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ, თუკი პირი მარტო ზრდის ბავშვს და მეორე მშობელი არანაირი ფორმით არ მონაწილეობს აღზრდის პროცესში, მაგრამ იგი ვერ ახერხებს სტატუსის მიღებას სწორედ სადავო ნორმებით განსაზღვრული წინაპირობების გამო, ადგილი აქვს არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობას. ასევე, თუკი ერთ-ერთი მშობელი გარკვეული ფორმით, მინიმალური დონით იღებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაშიც, გამორიცხული არ უნდა იყოს ამ პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება. ამრიგად, სადავო რეგულირება უნდა ითვალისწინებდეს ზემოხსენებულ შემთხვევებში სტატუსის მიღების შესაძლებლობას, რაც გამორიცხულია სადავო ნორმის პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა ცნო კონსტიტუციური სარჩელი.
20. №1320 კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველმა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადავო ნორმების საფუძველზე, ხელოვნურად არის დავიწროებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრე, რაც იწვევს უამრავი ფაქტობრივად მარტოხელა მშობლის აღნიშნულ სტატუსს მიღმა დატოვებას. საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია მარტოხელა მშობლების სამართლებრივი ბაზის შექმნა, თუმცა სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო რეგულირება გამორიცხავს სტატუსის მიღების შესაძლებლობას იმ პირთათვის, რომელთაც სტატუსის მიღების რეალური საჭიროება გააჩნიათ. ამრიგად, სადავო ნორმები ვერ ჩაითვლება მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად, რაც მათ არაკონსტიტუციურობას განაპირობებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. დაცული სფერო
1. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. ამასთან, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა არსებითად თანასწორ პირებს უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით ან არსებითად უთანასწოროთა მიმართ გაავრცელებს ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმს.
4. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვეთოს შესადარებელი პირები.
2. შეზღუდვის იდენტიფიცირება
2.1. შესადარებელ პირთა დიფერენცირება
5. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირთა დიფერენცირება ხორციელდება ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში ერთ-ერთი მშობლის შესახებ ჩანაწერის არსებობის, ასევე ბავშვის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში დაბადების მიხედვით. სწორედ ამ ორი წინაპირობის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც იწვევს იმ მარტოხელა მშობელთა დისკრიმინაციას, რომლებიც რეალურად მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, მაგრამ ზემოაღნიშნული სტატუსი არ ენიჭებათ იმ გარემოების გამო, რომ მათი შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულია მეორე მშობელი ან/და ბავშვი გაჩენილია რეგისტრირებული ქორწინების პირობებში.
6. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ცნო №1320 კონსტიტუციური სარჩელი. მისი მითითებით, სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენებამ ცხადი გახადა, რომ მას გარკვეული პრობლემური შინაარსი გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული სტატუსის მიღების შესაძლებლობას ყველა იმ პირის მიერ, რომლებიც რეალურად ამ სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის მარტოხელა მშობლებად უნდა ითვლებოდნენ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს კონსტიტუციური სარჩელი. იმავდროულად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ავტომატურად დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, ... საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, გააგრძელოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება და გადაწყვიტოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/505 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე და დაადგინოს, ადგილი აქვს თუ არა განსხვავებულ მოპყრობას.
7. სადავო ნორმები განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის ცნებას და ადგენს სავალდებულო კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი შეძლებს შესაბამისი სტატუსის მიღებას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული წინაპირობების დაუკმაყოფილებლობა მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. გარდა დასახელებული წინაპირობებისა, „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემთა წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის №79/№01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების წინაპირობად ასევე განსაზღვრავს სტატუსის მაძიებელი პირის ქორწინებაში არყოფნის ფაქტს. ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, გამონაკლისის სახით, მარტოხელა დედისათვის სტატუსის მინიჭებას, თუკი ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემების მითითება მოხდა დედის განცხადებით (ბავშვის მამის სახელი განისაზღვრა დედის განცხადებით და მამის გვარად განისაზღვრა დედის გვარი).
8. ამრიგად, სადავო ნორმები ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭებას პირთათვის იმისდა მიხედვით, ბავშვი დაბადებულია თუ არა მშობლების რეგისტრირებული ქორწინების პირობებში/იმყოფება თუ არა მშობელი ქორწინებაში და მისი დაბადების აქტის ჩანაწერში არის თუ არა მითითებული მეორე მშობლის შესახებ ინფორმაცია.
9. თავის მხრივ, მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონა დაკავშირებულია რიგ სოციალურ სიკეთეებთან. მაგალითისთვის, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი მარტოხელა მშობელს მიაკუთვნებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ჯგუფს. ამასთან, ამავე კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტი საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე ატარებს სოციალურ მუშაობას, რაც გულისხმობს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. აგრეთვე, ბავშვის უფლებათა კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირის მხარდაჭერის პროგრამებს მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მიზნით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი კი დამხმარე სოციალური სერვისის ერთ-ერთ სახედ ადგენს მარტოხელა მშობლის სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას.
10. ზემოაღნიშნულის გარდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან ათავისუფლებს მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ დასაბეგრ შემოსავალს 3000 ლარამდე. აგრეთვე, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის №4964-Iს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდა მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინა და რომლის მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. გარდა ზემოაღნიშნულისა, არაერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია სხვადასხვაგვარი სოციალური დახმარებები მარტოხელა მშობლებისათვის. მაგალითად, „გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის დადგენილების მე-16 მუხლი ეთმობა მარტოხელა მშობლისათვის განსაზღვრულ გარკვეულ სოციალურ დახმარებებს. ანალოგიური მიდგომა გავრცელებულია სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ერთპიროვნულად მონაწილეობენ ბავშვის აღზრდაში, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმებით დადგენილ ფორმალურ წინაპირობებს შესაბამისი სტატუსის მისაღებად, მოკლებული არიან სხვადასხვაგვარ სამართლებრივ სიკეთეებს, რითაც სარგებლობენ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები. ამდენად, სახეზეა განსხვავებული მოპყრობა შესადარებელ პირებს შორის.
2.2. შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობა
12. თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისას, დიფერენცირების არსებობასთან ერთად, აუცილებელია, დადგინდეს, რამდენად წარმოადგენენ შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ სუბიექტებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
13. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში შესადარებელ პირებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, მეორე მხრივ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ერთპიროვნულად იღებენ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, მაგრამ იმის გამო, რომ ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული არასრულწლოვანი შვილი/იმყოფებიან ქორწინებაში ან ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არსებობს ჩანაწერი მეორე მშობლის შესახებ, ვერ იღებენ მარტოხელა მშობლის სტატუსს. იმის დასადგენად, შესადარებელ პირებს რამდენად გააჩნიათ მარტოხელა მშობლის სტატუსით სარგებლობის თანაბარი ინტერესი, პირველ რიგში, დასადგენია აღნიშნული სტატუსის მიზანი, მისი სოციალური დატვირთვა.
14. მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებული სიკეთეებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ აღნიშნულ სტატუსს, ძირითადად, სხვადასხვაგვარი სოციალური დანიშნულების მქონე სარგებლის მიღება უკავშირდება. თუმცა აღნიშნული სტატუსის მიზანი დაკავშირებული არ არის სტატუსის მფლობელ პირთა სოციალურ სიდუხჭირესთან. ზოგადად, სახელმწიფოს მიერ მარტოხელა მშობლის სტატუსის შემოღება და მის მფლობელ პირთათვის გარკვეული სოციალური სარგებლის განსაზღვრა გამოწვეული არ არის აღნიშნულ პირთა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით. აღნიშნული სამართალურთიერთობის პირველადი მიზანია იმ ნეგატიური ფაქტორების განეიტრალება, რაც უკავშირდება ბავშვის მხოლოდ ერთი მშობლის მიერ აღზრდას. აღნიშნული ნეგატიური ფაქტორები შეიძლება გამოხატული იყოს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური ფორმით. ბავშვის მხოლოდ ერთი მშობლის მიერ აღზრდა მატერიალურზე მეტად, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა პრობლემური იყოს ბავშვის სრულფასოვანი ფსიქოლოგიური განვითარების კუთხით. ამასთან, ბავშვის სრულფასოვან განვითარებაში მშობლების განსაკუთრებულ როლთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „არასრულწლოვანი პირების ზედამხედველობისა და აღზრდის კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია მშობლების როლი. როგორც წესი, არასრულწლოვანი პირები თავისთავად არ ფლობენ საკუთარი თავის მოვლის სათანადო უნარებსა და შესაძლებლობებს. ისინი ექვემდებარებიან მშობლების მიერ ზედამხედველობას და მზრუნველობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-9).
15. თავისთავად ცხადია, რომ ბავშვის ორივე მშობლის მიერ აღზრდა განსაკუთრებულ როლს თამაშობს მისი ფსიქოლოგიური განვითარების კუთხით, რადგან იგი იღებს შესაბამის ყურადღებასა და მზრუნველობას ორივე მშობლისგან, ნაცვლად მხოლოდ ერთისა. ისმენს განსხვავებულ მოსაზრებებს მისთვის ყველაზე ავტორიტეტული და ახლოს მყოფი ადამიანებისგან სხვადასხვა საკითხზე, რაც ბავშვის უფრო მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, თავისთავად, ორი მშობლის ურთიერთობაზე დაკვირვებით, ბავშვს უვითარდება უამრავი სოციალური თვისება, რომლებიც ზრდასრული ასაკის მიღწევისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის მიერ გარესამყაროს სწორად აღქმაში. შესაბამისად, მარტოხელა მშობელს უწევს დამატებითი და მნიშვნელოვნად მეტი პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევა, რათა სრულად დააკმაყოფილოს ბავშვის ყველა ის მატერიალური თუ არამატერიალური მოთხოვნილება, რაც გამოწვეულია მეორე მშობლის მიერ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის არმიღებით. ამასთანავე, ყველა ზემოთ აღწერილ ფაქტორს ასევე ემატება ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც შესაძლოა, გამოწვეული იყოს ბავშვის მიერ მეორე მშობლის არარსებობის გამძაფრებული ემოციური აღქმით. საზოგადოებაში დამკვიდრებული ზოგადი და საერთო ნორმებიდან განსხვავებული მოცემულობის არსებობა განსაკუთრებით ემოციურად აღიქმება ბავშვების მხრიდან, შესაბამისად, ასეთი ემოციური ფონის განეიტრალება განსაკუთრებულ ძალისხმევასა და ყურადღებას მოითხოვს.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მარტოხელა მშობლის მიერ ბავშვის აღზრდა, გარდა მატერიალური სირთულეებისა, უფრო მეტად შეიძლება იყოს დაკავშირებული არაერთ პრობლემურ საკითხთან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის სრულფასოვან განვითარებას. ამდენად, მარტოხელა მშობლის სტატუსის პირველად მიზნად ვერ ჩაითვლება მშობლის მატერიალური დახმარება ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამომდინარე. აღნიშნული სამართალურთიერთობის ბუნება ბევრად უფრო კომპლექსურია და მიზნად ისახავს ყველა იმ დანაკლისის კომპენსირებას, რაც ზემოთ იქნა აღწერილი.
17. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე შესადარებელ პირებად განიხილავს, ერთი მხრივ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, მეორე მხრივ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს, რომელთაც შესაბამისი სტატუსი არ გააჩნიათ. ამასთან, მოსარჩელეები ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა კატეგორიას მიაკუთვნებენ ყველა იმ მშობელს, რომელთა შვილის მეორე მშობელიც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას საერთოდ არ იღებს ან უმნიშვნელო წვლილი შეაქვს. შესაბამისად, ამ განმარტების თანახმად, ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა კატეგორია მოიცავს პირთა ფართო წრეს. აღნიშნულ კატეგორიაში ექცევიან პირები, რომლებიც, რეალურად, მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს, მეორე მშობელი კი სახეზეა, მაგრამ ფაქტობრივად არ იღებს/არასაკმარისად იღებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას. ასევე, ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა კატეგორიაში მოიაზრებიან მშობლები, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს და ამავე დროს, ბავშვის მეორე მშობელი სახეზე არ არის, გარდაცვლილია ან სხვა ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, ფიზიკურად შეუძლებელია მის მიერ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღება როგორც აწმყოში, ისე განჭვრეტად მომავალში. დასახელებული ორი კატეგორიის მარტოხელა მშობელთა არსებითად თანასწორობის საკითხი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებთან შედარებით, ერთმანეთისგან განსხვავებულ შეფასებას საჭიროებს. ამდენად, აღნიშნულ საკითხებს საკონსტიტუციო სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს.
18. როგორც უკვე აღინიშნა, მარტოხელა მშობლის სტატუსის საკანონმდებლო დეფინიციის შემოღების მიზანია იმ ნეგატიური ფაქტორების განეიტრალება, რაც თან ახლავს ბავშვის მხოლოდ ერთი მშობლის მიერ აღზრდას. ხსენებული ნეგატიური ფაქტორები კი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ბავშვის სრულფასოვანი ფსიქოლოგიური განვითარების კუთხით არსებულ გამოწვევებთან. აღსანიშნავია, რომ, თუკი არასრულწლოვან პირს სახეზე ჰყავს ორივე მშობელი, მაგრამ მის აღზრდაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი მათგანი, ბავშვის სრულფასოვანი განვითარების კუთხით არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ. ორივე მშობლის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა ბავშვი მხოლოდ ერთი მშობლისგან იღებდეს როგორც მატერიალურ, ისე აღმზრდელობით მზრუნველობას, მაგრამ გარკვეულ ადამიანურ ურთიერთობას ინარჩუნებდეს მეორე მშობელთან. ბავშვის მიერ თუნდაც იმის განცდა, რომ ჰყავს ორივე მშობელი, არსებითად განსხვავებულ მოცემულობას ქმნის იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ და მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ფაქტთან შეგუება და თანაცხოვრება უწევთ.
19. ამ კუთხით, აღსანიშნავია ისიც, რომ, ზოგადად, ნებისმიერ მშობელს აკისრია საკუთარ შვილზე ზრუნვის მორალური და კანონისმიერი მოვალეობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ „მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით“. შესაბამისად, თუკი ბავშვს ჰყავს ორივე მშობელი, არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ გარკვეულ დონეზე ორივე მათგანი შეიტანს წვლილს მისი აღზრდის პროცესში. თუნდაც რომელიმე მშობელი თავს არიდებდეს აღნიშნულ მოვალეობას, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დაევალოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება და ამოქმედდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმები. ამდენად, ორივე მშობლის არსებობის შემთხვევა შედარებადი ვერ იქნება ისეთ შემთხვევებთან, როდესაც ბავშვს მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს. თანასწორობის უფლება სახელმწიფოს არ ავალდებულებს, იდენტური სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს ხსენებულ ორივე კატეგორიას მიკუთვნებულ მშობლებს. სახელმწიფოს ვერ მოეთხოვება, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეამოწმოს მშობლის ფაქტობრივი მდგომარეობა და გადაწყვიტოს, ორივე მშობლის არსებობის შემთხვევაში, ბავშვის აღზრდის პროცესში რომელიმე მათგანის არასაკმარისი მონაწილეობით შექმნილი რეალობა ხომ არ უთანაბრდება მხოლოდ ერთი მშობლის არსებობით გამოწვეულ საჭიროებებს.
20. გასათვალისწინებელია ისიც, რა ნეგატიური ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვზე მისი ერთ-ერთი მშობლისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭებამ, როდესაც მას ორივე მშობელი სახეზე ჰყავს. ასეთ პირობებში სახელმწიფოს მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს თავად ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე და არათუ ხელი შეუწყოს მის სრულფასოვან განვითარებას, პირიქით, გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქციოს იგი. საკონსტიტუციო სასამართლომ, არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ცალსახად მიუთითა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო არ ხერხდება მშობლების მხრიდან არასრულწლოვანი პირის მზრუნველობა, სახელმწიფო მისი ინტერესების დასაცავად, ნორმალური განვითარების ხელშესაწყობად, სათანადო მექანიზმებით უზრუნველყოფს მშობლის როლის ჩანაცვლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-9). აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის ორივე მშობლის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მშობლისა და არასრულწლოვანი შვილის ურთიერთობაში ისეთი ფორმით ჩარევამ, როგორიც არის ბავშვის ერთ-ერთი მშობლის მარტოხელა მშობლად აღიარება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამგვარი საფრთხე არ არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც, რეალურად, ბავშვის მხოლოდ ერთი მშობელია სახეზე ან მის ერთ-ერთ მშობელს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს შესადარებელ პირთა ერთმანეთისგან განსხვავებულ ფაქტობრივ მოცემულობასა და სამართლებრივ ინტერესებზე.
21. ამრიგად, მარტოხელა მშობლის სტატუსის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა მიმართულია არა მხოლოდ მარტოხელა მშობლების დასახმარებლად, არამედ მათი არასრულწლოვანი შვილების სრულფასოვანი განვითარების უზრუნველყოფასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იმ ბავშვების საჭიროებები, რომელთაც სახეზე ჰყავთ მხოლოდ ერთი მშობელი, არსებითად განსხვავდება იმ საჭიროებებისგან, რომელიც შეიძლება გააჩნდეთ ბავშვებს, რომელთაც ორივე მშობელი ჰყავთ, მაგრამ, რეალურად, მხოლოდ ერთი მათგანი იღებს მონაწილეობას მათ აღზრდაში. მარტოხელა მშობლის სტატუსი აშკარად მიმართულია იმ მარტოხელა მშობელთათვის დაკისრებული დამატებითი პასუხისმგებლობისა და ტვირთის შემსუბუქებაზე, რომელთაც მეორე მშობლის ფიზიკურად არარსებობის გამო უწევთ იმ სპეციფიკურ გამოწვევებთან გამკლავება, რაც გამოწვეულია ბავშვის შესაძლებლობის არქონით, ოდესმე რაიმე სახის ურთიერთობა დაამყაროს ორივე მშობელთან. ამრიგად, ამ კონკრეტული სამართალურთიერთობის მიზნებისთვის არსებითად თანასწორ პირებად ვერ ჩაითვლებიან, ერთი მხრივ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, მეორე მხრივ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ერთპიროვნულად იღებენ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, თუმცა ბავშვის მეორე მშობელი სახეზეა.
22. რაც შეეხება ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა იმ კატეგორიას, რომლებიც ასევე მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს და, ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა, აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებული პირები არსებითად ისეთივე საჭიროებების წინაშე არიან ბავშვის აღზრდის კუთხით, როგორც მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები. ორივე შემთხვევაში, სახეზეა არსებითად მსგავსი ფაქტობრივი მოცემულობა და, შესაბამისად, არსებითად მსგავსი სამართლებრივი ინტერესი. ამრიგად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის დასახელებული პირები არსებითად თანასწორნი არიან მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლებთან შედარებით და აშკარაა, რომ ამ ნაწილში სადავო ნორმა იწვევს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვას.
3. შეზღუდვის კონსტიტუციურობა
23. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი არ არის აბსოლუტური ხასიათის და დემოკრატიულ სახელმწიფოში შესაძლებელია მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
24. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას ... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).
25. ამასთან, „მიუხედავად იმისა, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შერჩეულ უნდა იქნეს რაციონალური დიფერენცირებისა თუ მკაცრი შეფასების ტესტი, ორივე მათგანის ფარგლებში, აუცილებელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება იყოს დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში. დიფერენცირებული მოპყრობის გამომწვევი ღონისძიება, რომელიც დასახელებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ჩაითვლება თვითმიზნურად და დისკრიმინაციულად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც აშკარაა, რომ დიფერენცირება არ პასუხობს რაციონალური ტესტის მოთხოვნებს, სასამართლო სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად ცნობს დიფერენცირების ტესტის შერჩევის გარეშე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/2/767,1272 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
26. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ სადავო რეგულირების ლეგიტიმური მიზანი იყო მარტოხელა მშობელთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული მოპყრობის გამართლების დასასაბუთებლად, მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს საჯარო ინტერესი, რომელიც საფუძვლად დაედო უშუალოდ დიფერენცირებას და არა ზოგადად სადავო ნორმის შემოღებას. დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს კავშირი არ აქვს უშუალოდ განსხვავებულ მოპყრობასთან, ამდენად, იგი ვერ ჩაითვლება ღირებულ ლეგიტიმურ მიზნად.
27. დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო რესურსის ოპტიმალური ხარჯვის ინტერესი მოცემულ შემთხვევაში ვერ გაამართლებს განსხვავებულ მოპყრობას, რადგან „არსებითად თანასწორ პირთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვით, კონსტიტუცია გამორიცხავს საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის დიფერენცირების გამართლებისათვის თვითკმარ არგუმენტად მიჩნევას. დიფერენცირების გამართლებისათვის უნდა დასაბუთდეს არა მხოლოდ ის, რომ რესურსი არასაკმარისია ყველასათვის, არამედ ასევე უნდა წარმოჩნდეს, თავად დიფერენცირების რაციონალურობა, რომელიმე პირთა წრის სარგებლის მიმღებთაგან გამორიცხვა უნდა ეფუძნებოდეს რაციონალურ დასაბუთებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-24). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს საერთოდ არ დაუსახელებია აღნიშნული ინტერესი დიფერენცირების გასამართლებლად, ამდენად, იგი ვერ იქნება განხილული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად.
28. ამრიგად, არ იკვეთება სადავო ნორმის საფუძველზე არსებითად თანასწორ პირთა შორის დადგენილი განსხვავებული მოპყრობის რაიმე რაციონალური საფუძველი. შესაბამისად, სადავო რეგულირება არ პასუხობს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
4. გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება
29. სადავო ნორმების დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, ძალადაკარგულად ცნობის შედეგად, აღარ იარსებებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების საკანონმდებლო საფუძველი, რაც გამოიწვევს იმ პირთა ინტერესების უგულებელყოფას, რომლებიც აკმაყოფილებენ სადავო რეგულირებით დადგენილ წინაპირობებს და აქვთ კანონისმიერი საფუძველი, მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი.
30. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადაავადოს დასახელებული სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება 2022 წლის პირველ ივლისამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოს არსებითად თანასწორ მარტოხელა მშობელთა უფლებრივი თანასწორობა.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს №1320 კონსტიტუციური სარჩელი („ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2022 წლის პირველი ივლისიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე