მაია გაიხარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1662 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | მაია გაიხარაშვილი |
თარიღი | 1 დეკემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი | კონსტიტუციის მე-11, მე-19, 30-ე მუხლების პირველი პუნქტები |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი | კონსტიტუციის მე-15, მე-16 მუხლის პირველი პუნქტები |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; 31-ე მუხლი, 31-ე პრიმამუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოსარჩელის უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით დარღვეულია ვინაიდან ის თავისმა მეუღლემ გამოაძევა სახლიდან და დატოვა უსახლკაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მათი თანაცხოვრების პერიოდი დიდი ხანია მიმდინარეობს, სახლი, რომელიც მათ ერთობლივად შეიძენეს დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ისინი თანაცხოვრობდნენ, ასევე მათ დაწერილი ჰქონდათ ჯვარი, თუმცა არ ჰქონდათ ოფიციალურად ხელი მოწერილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. აღნიშნული ფაქტი, ნებაყოფლობითი თანაცხოვრება, თუნდაც ეს გრძელდებოდეს 10 წელი, განსაკუთრებით ჯვრის წერის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური),“ მიხედვით არ არის ქორწინება, შესაბამისად, ასეთი ნებაყოფლობითი ურთიერთობის დროს შეძენილი ერთობლივი ქონება ზემოაღნიშნული კოდექსის მიხედვით არ იყოფა ქალსა და მამაკაცს შორის. ამასთან, არაკონსტიტუციურია სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი, რომელიც ლახავს რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას და ოჯახისა და პირადი ცხოვრების მცნებას, ვინაიდან ჯვრის წერის მოწმობას სასამართლოსთვის არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო დავის შემთხვევაში სასამართლო არ აღიარებს ქალისა და კაცის თანაცხოვრების პერიოდში წარმოქნილ უფლებებსა და მოვალეობებს თუ არ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დარეგისტრირებული ოფიციალური ქორწინება. აღნიშნული მიდგომა ეფუძნება არაკონსტიტუციურ მუხლს, რაც არის სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი, ასევე 1151-ე მუხლი, რომელიც გამორიცხავს თანაცხოვრების პერიოდის კანონიერებას თუ ასეთი თანაცხოვრება არ არის სსიპ სახლემწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში რეგისტრირებული. შესაბამისად, წარმოდგენილი მუხლები, რომლებიც თანხვედრაში უნდა იყვნენ კონსტიტუციასთან თანასწორობის, საკუთრებისა და ქორწინების უფლების გარანტიების თვალსაზრისით, ასევე რელიგიისა და რწმენის, პირადი და ოჯახური ცხოვრების კუთხით, ლახავს რა ადამიანის (ძირითადად ქალთა) უფლებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დადგენილ ნორმებს, ასევე არ არის თანხვედრაში ცივილიზირებული სამყაროს დღის წესრიგთან.
გამომდინარე აქედან, კონსტიტუციური სარჩელი საფუძვლიანია და სრულ თანხვედრაშია საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის 18-ე, 16-ე მუხლებთან. ამასთან სარჩელი თანხვედრაშია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართელოს ორგანული კანონის 311 - ე მუხლთან, ასევე 313 -ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლითაც განისაზღვრება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის სხვა საფუძვლები.
სარჩელში წარმოდგენილი პრობლემა სისტემური ხასიათისაა და ემყარება საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვილ მანკიერ პრაქტიკას, რაც უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს გენდერული თანასწორობის, საკუთრებისა და ქორწინების უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით. სარჩელი არის აქტუალური, მოიცავს რა მოკლე მიმოხილვას თუ რაოდენ დაჩაგრულია ადამიანი, როდესაც მას ძლიერი სქესის წარმომადგენელი აძევებს სახლიდან და არ აქვს არანაირი სხვა წასასვლელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელს აქვს სრულფასოვანი მონაწილეობა თავის მეუღლესთან ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თვალსაზრისით.
ნაკლებ სავარაუდოა საკონსტიტუციო სასამართლოს წარსულში ჰქონდეს განხილული მსგავსი პრობლემა, ვინაიდან ამ საყოველთაო პრობლემატიკის განხილვის პირობებში საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად განახორციელებდა ცვლილებებს ან არაკონსტიტუციურად სცნობდა ისეთ მუხლებს, რომლებიც პირდაპირ არღვევენ ადამიანის (განსახილველ შემთხვევაში სუსტი სქესის წარმომადგენლის) საყოველთაოდ აღიარებულ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა ქორწინების კანონიერების აღიარება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში რეგისტრაციის გარეშე თუ თანაცხოვრება დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, მაგალითად ჯვრის წერის მოწმობით ან მოწმეთა ახსნა-განმარტებით, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქალისა და მამაკაცის უფლებრივ თანასწორობასა და თანაცხოვრების შეწყვეტის შემთხვევაში საერთო ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესაძლებლობას.
ყოველივე აღნიშნულის განხილვა და საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება იძლევა რა სამომავლოდ ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას. სარჩელში მოცემული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა, ასევე მისი ცვლილება და კორექტირება, თანხვედრაში აქცევს სამოქალაქო კოდექსს არამხოლოდ ჩვენს კონსტიტუციასთან არამედ ჩვენს რელიგიასთან და ევროპულ სამართალთანაც.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოში დადგენილი მანკიერი პრაქტიკიდან და ეხება როგორც მოსარჩელის საკუთრების უფლების სამართლიანად გადაწყვეტას, ისე საყოველთაოდ ქალთა უფლებების დაცვის სამომავლო გარნატიასა და კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლების რეალიზაციას. გამომდინარე აქედან, მოსარჩელის მოთხვნოვნაა არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი იმ ნორმატიული აქტის მუხლი, ასევე სიტყვები და წინადადებები, რომლებიც ეწინააღმდგებიან ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის შესაძლებლობას და უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში რეგისტრირებულ ქორწინებას.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ, სსკ-ს 1106-ე და 1151-ე მუხლებში ცვლილებების შეტანასა და შემდეგნაირად ჩამოყალიბებას:
„ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და მიმდინარეობს თანაცხოვრება ერთ წელზე მეტი ვადით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით ან რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
„მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება, ჯვრის წერის მოწმობა ანდა სხვა უტყუარი მტკიცებულებები მეუღლეთა ნებაყოფლობითი თანაცხოვრების შესახებ“.
მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ არაკონსტიტუციურად სცნოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე და 1151-ე მუხლები, რომლებიც ქორწინების კანონიერებასა და ქალისა და მამაკაცის უფლებრივ თანასწორობას გამორიცხავს მათი ნებაყოფლობითი თანაცხოვრების პერიოდში, თუ ასეთი კავშირი არ არის რეგისტრირებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ასევე ვთხოვთ აღნიშნულ მუხლში ზემოაღნიშნული ცვლილებების შეტანას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა